"რეზონანსი "
# 34
პარასკევი, 8 თებერვალი, 2008 წელი

გურჯაანელები თვეზე მეტია, უწყლოდ არიან: "წყალკანალი" პრობლემის მოგვარებას მოსახლეობას ავალდებულებს

ეკა გულუა

ახალ წლამდე დაახლოებით ერთი კვირით ადრე გურჯაანის რამდენიმე დასახლებას წყალი შეუწყდა. მას შემდეგ ყოველ დღე ონკანს ამოწმებენ, თუმცა წვეთი წყალი არ მოდის. მიუხედავად ამისა, წყლის საფასურს მაინც ახდევინებენ და თვენახევარია, შეკეთებას ჰპირდებიან. მოსახლეობა წყალს სხვადასხვა წყაროდან ეზიდება, რომელიც მათგან საკმაოდ შორსაა.

უწყლობა თავისუფლებისა და სანაპიროს ქუჩებისა და მიმდებარე ტერიტორიის მოსახლეობას აწუხებს. პრობლემებია კეცხოველისა და რუსთაველის ქუჩებზეც, სადაც მართალია წყალი მოდის, თუმცა, როგორც მოსახლეობა ამბობს, წყალში ფეკალური მასები ერევა და იწამლებიან. ასე გრძელდება დაახლოებით 10 თვეა.

უწყლოდ დარჩენილი გურჯაანლები

როგორც მოსახლეობა "რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, მიუხედავად იმისა, რომ თვეზე მეტია ონკანში წყალი არ მოდის, შპს "წყალკანალიდან" მათ მაინც აკითხავენ და თანხის გადახდას სთხოვენ: "ერთ სულ მოსახლეზე თვეში 1,50 ლარს ვიხდი, ზოგი კი 1 ლარს იხდის. გაუგებარია, ასეთი დიფერენციაცია რატომ ხდება. ფულს ვიხდით, მაგრამ ახალ წელს წყალი არ გვქონდა. წარმოიდგინეთ, ათასი საქმეა გასაკეთებელი და სახლში წვეთი წყალი არ გაქვს. მარტო დასალევ წყალს არ ვგულისხმობ. არც სარეცხი წყალი გვაქვს და არც დასაბანი. არადა, "წყალკანალთან" გაფორმებულ ხელშეკრულებაში წერია, რომ თუ რამე პრობლემა შეიქმნა, შეგვიძლია, ვუჩივლოთ.

სამწუხაროდ, პატრონი არავინ გვყავს. რამდენიმე დღის წინ წყლის თანხის შესაკრებად იყვნენ მოსულები. ვკითხე, თვეზე მეტია, წყალი არ გვაქვს და რა თანხას გვთხოვთ-მეთქი. გვიპასუხა, ძალიან გვიჭირს, რამდენის საშუალება გაქვთ იმდენი მაინც მოგვეცით, რომ აღვადგინოთო. რა უნდა გვექნა, თანხა გადავიხადეთ. მიუხედევად ამისა, წყალი მაინც არ გვაქვს. იცით, საიდან ვეზიდებით. ზოგი "ახტალის წყალზე" ადის, ზოგი კი "ვაშლების წყალზე". არადა, ვედროებით რამდენი წყალი უნდა მოიტანო, რომ ერთი დღე მაინც გეყოს." - ამბობენ თავისუფლების ქუჩის მაცხოვრებლები.

იგივე პრობლემა აწუხებთ სანაპიროს ქუჩაზე. იქაც თვეზე მეტია, ონკანში წყალი არ მოუშვიათ. ადრე კი წყალი გრაფიკით, კვირაში ორჯერ მიეწოდებოდათ: "ჯერ ერთი, არც იმით ვიყავით კმაყოფილები, რომ წყალი კვირაში ორჯერ გვქონდა. ახლა ეს სიამოვნებაც მოგვისპეს. არც იმას ამბობენ, რა პრობლემაა. მარტო ერთ კორპუსს თუ დასახლებას რომ აწუხებდეს უწყლობა, ვიფიქრებდით, რომ შიდა პრობლემაა, თუმცა წყალი რამდენიმე უბანს არ მიეწოდება. თანხას კი გვახდევინებენ. ვინმემ ხომ უნდა მოგვხედოს. როდემდე უნდა ვიყოთ წყლის გარეშე. ყველა ოჯახს მანქანა ნამდვილად არ ჰყავს, რომ წყაროზე ავიდეს და წყალი ავზებით ჩამოიტანოს".

პრობლემის მოგვარებას არავინ კისრულობს

არსებულ პრობლემასთან დაკავშირებით "რეზონანსი" ადგილობრივ თვითმმართველობას დაუკავშირდა. როგორც გამგეობის აპარატში გვითხრეს, ეს მათი პრობლემა არ არის და გვირჩიეს, "წყალკანალისთვის" მიგვემართა. "წყალკანალის" ხელმძღვანელობამ ჩვენთან შესახვედრად იმ მიზეზით ვერ მოიცალა, რომ გარკვეული პრობლემის გამო, წყლის სათავეზე უნდა ასულიყო. ბატონ გივი ლაზარიაშვილს ტელეფონზე გავესაუბრეთ, რომელმაც პრობლემა თავიდან აიცილა და აღნიშნა, რომ ის მოსახლეობამ თავად უნდა მოაგვაროს.

"რეზონანსი:" ბატონო გივი, გურჯაანის რამდენიმე დასახლებას თვეზე მეტია, წყალი არა აქვს. რატომ შეიქმნა პრობლემა.

გივი ლაზარიაშვილი, შპს "წყალკანალის" დირექტორი (სტილის დაცვით): თვეზე მეტი როგორ არის, კაცო. რაც ყინვები დაიწყო, მათთან შემსვლელი ხაზებია გაყინული. მაგისტრალზე წყალი არის და ჩვენგან პრობლემა არ არის. ჩვენ წყალი გვაქვს.

"რ:" ახლა გურჯაანში ვიმყოფები და ადგილობრივები ამბობენ, რომ წყალი ახალ წლამდე ათი კვირით ადრე შეუწყდათ.

გ.ლ: ახალი წლების შემდეგ გაიყინა, როცა რესპუბლიკაში საერთოდ დიდი ყინვები დაიწყო. ჩვენს მაგისტრალებზე წყალი არის. ესე იგი, თავიანთ ხაზებზეა გაყინული და ამას ყურადღება თავად უნდა მიაქციონ.

"რ:" ყურადღება ვინ უნდა უნდა მიაქციოს.

გ.ლ: თავად მოსახლეობამ და ორგანიზაციებმა. ჩვენ მარტო მაგისტრალები გვეხება.

"რ:" რომელ ორგანიზაციას გულისხმობთ.

გ.ლ: ვისაც წყალი გაეყინა და ვისაც წყალი არ მოსდის.

"რ:" როგორც მოსახლეობა ამბობს, "წყალკანალიდან" მათთან თანხის ასაკრებად მივიდნენ და სთხოვეს, რამე მაინც გადაეხადათ, რომ პრობლემა მოეგვარებინათ...

გ.ლ: თუ ჩვენი მაგისტრალის დაზიანებაა, ჩვენს მაგისტრალებს ჩვენ ვაკეთებთ, მაგრამ თუ მოსახლეობისა და ორგანიზაციის მილებია დაზიანებული, თავად უნდა გააკეთონ.

"რ:" რადგანაც წყალი რამდენიმე უბანს არ მიეწოდება, შეიძლება, ეს მოსახლეობის პრობლემა იყოს.

გ.ლ: უბნები გათიშული არ არის. გათიშულია მხოლოდ ის მოსახლე, რომლის მილი მაღლაა და ამ ყინვებმა გაყინა. საერთოდ, არის უბნები, რომლებსაც წყალი ჩვეულებრივ მიეწოდება.

"რ:" მაგალითად, თავისუფლებისა და სანაპიროს ქუჩებზე წყალი არ არის.

გ.ლ: როგორ არ არის, დღესაც იყო და გუშინაც.

"რ:" როგორ, გურჯაანში ვიმყოფები და სწორედ თავისუფლების ქუჩაზე ვარ. წყალი არ არის.

გ.ლ. წყალს დილის 7-8 საათზე ვუშვებთ. საერთოდ, წყალი დილის საათებშია.

"რ:" ესე იგი, მოსახლეობა ცრუობს.

გ.ლ: არა, ყველა არ იტყუება. წყალს ყველა ვერ იღებს, რადგან თავიანთი მილებია გაყინული. ჩვენს მაგისტრალებზე წყალი არის და როცა ვუშვებთ, მიდის კიდეც.

"რ:" თქვენი ნახვა სად შეიძლება.

გ.ლ: სათავეზე ვარ. სათავეც იყინება და ვერ შეგხვდებით.

"რ:" თქვენ ამბობთ, რომ მოსახლეობამ პრობლემა თავად უნდა მოაგვაროს. როგორ.

გ.ლ: თუ მის ბინაში შემსვლელი ხაზია დაზიანებული თავად რამენაირად უნდა მიხედოს. აბა, რა...

"რ:" მაშ რის თანხას აგროვებთ, როცა წყალი არ არის.

გ.ლ: ჩვენ თანხას არ ვკითხულობთ და არც მოვიკითხავთ. მაგათ რაც ეკუთვნით გადასახადი - სულზე 1,50 ლარი, უნდა გადაიხადონ.

"რ:" წყალი არ არის, თანხას იხდიან. რისთვის.

გ.ლ: როგორ არ არის, მაშ ამდენი წყალი სად მიდის. მოსახლეობის ნაწილი იტყუეება.



(c) გაზეთი " რეზონანსი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი



2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com