"რეზონანსი "
# 34
პარასკევი, 8 თებერვალი, 2008 წელი

პროფესიული გადამზადების პროგრამის მეორე ეტაპი დაიწყო

(ინტერპრესნიუსი) სამუშაო ადგილზე პროფესიული გადამზადების პროგრამის მეორე ეტაპი დაიწყო. შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილის, ირაკლი გიორგობიანის თქმით, პროგრამის მეორე ეტაპი პროგრამაში მონაწილე 110 ათასი ადამიანისთვის 200 ლარის სტიპენდიის გაცემას ითვალისწინებს. ეს პროცესი სამი დღეა, რაც დაიწყო და "სახალხო ბანკის" ფილიალებში თანხა 25 ათასამდე ადამიანმა მიიღო. პროგრამაში მონაწილე დანარჩენმა პირებმა თანხის ასაღებად აღნიშნულ ბანკს უნდა მიაკითხონ.

გიორგობიანის განცხადებით, აღრიცხვაზე მყოფ პირებს დამატებით 200 ლარის მიღება პროგრამის ||| ეტაპზე, ერთი თვის შემდეგ შეეძლებათ. თანხების გაცემა გასული წლის ბოლოს დაიწყო და თითოეულ პირზე 600 ლარი გაიცემა. შარშანდელთან შედარებით, პროგრამის ბიუჯეტი წელს 25 მილიონით გაიზარდა და, მთლიანობაში, 47 მლნ ლარს შეადგენს.

პრესკონფერენციაზე გიორგობიანმა აღნიშნა, რომ სამუშაო ადგილზე პროფესიული გადამზადების პროგრამა მარტში დასრულდება. აღნიშნული პერიოდიდან კი ხელისუფლება პროგრამის გაფართოებას გეგმავს, რათა იგი რეგიონებსაც შეეხოს. იმ პირებს, რომლებსაც საშუალება არ ჰქონდათ გასული წლის პროგრამით დასაქმებულიყვნენ, მონაწილეობის მიღება ახალ პროგრამაშიც შეეძლებათ.



(c) გაზეთი " რეზონანსი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი



2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com