|
|
"რეზონანსი "
ეროვნულ ბანკს კანონპროექტით ემუქრებიან: პაპავას აზრით, სებ-ის რეორგანიზაცია სპეციალურადაა დაგეგმილი მარიამ ვარადაშვილი
ეროვნულ ბანკს გაუქმება ემუქრება. ექსპერტები მთავრობის მიერ შემუშავებულ ფინანსურ კანონპროექტში ამ საფრთხეს ხედავენ, ანუ ექსპერტების განცხადებით, ინფლაციის ერთნიშნა მაჩვენებლამდე დაწევა შეუძლებელია. ვინაიდან ბანკის პრეზიდენტი დაკისრებულ ვალდებულებას ვერ შეასრულებს მისი გათავისუფლებისა და ბანკის ლიკვიდაციის საკითხი კანონით უზრუნველყოფილი იქნება. საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი წევრი ლადო პაპავა "რევოლუციურ პაკეტად" წოდებულ საკანონმდებლო ინიციატივებში ეროვნული ბანკის, როგორც ინსტიტუტის, დანგრევის მცდელობას ხედავს. საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, პაპავას მიაჩნია, რომ საკანონმდებლო ინიციტივა, რომელიც ეროვნული ბანკის რეორგანიზაციას ითვალისწინებს, სპეციალურად არის ახლა ინიცირებული, ანუ მაშინ, როდესაც ბანკს პრეზიდენტი არ ჰყავს და პარლამენტის ვადის ამოწურვამდე ბანკის დანგრევა მოესწროს. ერთ-ერთ საფრთხედ ლადო პაპავა ბანკიდან საზედამხედველო ფუნქციის გატანას ასახელებს. რაც შეეხება კიდევ ერთ საფრთხეს - ინფლაციის კოეფიციენტის გაზრდის შემთხვევაში ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გადაყენების საკითხის დასმის უფლებამოსილების ფინანსთა მინისტრისთვის გადაცემას, ამ საკითხზე მთავრობის საპარლამენტო მდივანმა აღნიშნა, რომ ეს უკვე შეთანხმებულია და ჩანაწერი პროექტში გასწორდება. პაპავა ამ საკითხის არაკონსტიტუციურობაზეც საუბრობს. მისი თქმით, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კონსტიტუციური თანამდებობაა, ფინანსთა მინისტრის თანამდებობისგან განსხავავებით, შესაბამისად, მას ბანკის პრეზიდენტის უფლებამოსილების დაყენების შესაძლებლობა არ უნდა ჰქონდეს. დეპუტატი მიიჩნევს, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის პასუხისმგებლობის საკითხის დასმის უფლება პრემიერს უნდა ჰქონდეს. თავის მხრივ, მთავრობის პასუხისმგებლობის საკითხის დასმის შესაძლებლობა კი - ეროვნული ბანკის საბჭოს. კანონპროექტის მიხედვით, ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო პოლიტიკას პარლამენტი არ ამტკიცებს, ამასთან, პარლამენტი არ ისმენს და არ ამტკიცებს ეროვნული ბანკის ანგარიშს, ბანკს აღარ აქვს ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა მაშინ, როდესაც იგი არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი. ამავე პროექტში იმპერატიული ხდება ეროვნული ბანკის თანამშრომელთა ხელფასების გათანაბრება კომერციული ბანკის თანამშრომლებთან და ა.შ. ლადო პაპავა ამ კანონპროექტის მიღებას, რის შედეგადაც, მისი შეფასებით, ბანკი ფინანსთა სამინისტროს დეპარტამენტად გადაიქცევა, შეცდომად მიიჩნევს და აცხადებს, რომ ეს ის შემთხვევაა, როდესაც სიჩქარემ შეიძლება ქვეყანას ავნოს. გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს კანონპროექტი "საფინანსო სექტორის გლობალური კონკურენტუნარიანობის შესახებ" პარლამენტმა მთავრობას შენიშვნებით დაუბრუნა, მთავრობის კანცელარიის უფროსი, კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორი და ყოფილი სახელმწიფო მინისტრი კახა ბენდუქიძე უარყოფს. მისი განმარტებით, ძირითადად, საუბარია საპარლამენტო ოპოზიციისა და უმრავლესობის ზოგიერთი წევრის პრეტენზიებზე, რომ იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანაში ინფლაცია ორნიშნა მაჩვენებელს გადასცდება, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს. როგორც კახა ბენდუქიძემ აღნიშნა, ეროვნული ბანკის პრეზიდენტს უნდა დაეკისროს პასუხისმგებლობა, რადგან ახალი მოდელით, ეროვნული ბანკის პრეზიდენტს აქვს აბსოლუტურად ყველა ინსტრუმენტი, რათა მან ინფლაცია საჭირო დონეზე შეინარჩუნოს. "იმ ადამიანებს, რომლებიც პრეტენზიებს აცხადებენ კანონპროექტის ამ ნაწილზე, თუნდაც ისინი უმრავლესობის წევრები იყვენენ, როგორც ჩანს, არა აქვთ წაკითხული არც აღნიშნული კანონპროექტი და არც მაკროეკონომიკური საფუძვლები", - აღნიშნა ბენდუქიძემ. ყოფილი სახელმწიფო მინისტრის თქმით, მას კანონპროექტის უკან დაბრუნების შესახებ ინფორმაცია არ აქვს. "ლადო გურგენიძე შეხვდა კომიტეტის თავმჯდომარეებს და საუბარი იყო საკმაოდ კონსტრუქციული. შენიშვნების ნაწილი კანონპროექტში უკვე გათვალისწინებულია, გათვალისწინებული შეიძლება იყოს ის შენიშვნებიც, რომელებიც კანონპროექტის ძირითად შინაარსს არ შეცვლის", - აღნიშნა ბენდუქიძემ.
(c) გაზეთი " რეზონანსი "
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |