"რეზონანსი "
# 34
პარასკევი, 8 თებერვალი, 2008 წელი

თურქებმა ფრანგები "ნაბუკოში" არ შეუშვეს: "გაზ დე ფრანსე", შესაძლოა, რუსულ-იტალიურ პროექტში ჩაერთოს

ნინო ალექსიძე

ფრანგებმა "ნაბუკოს" უგანეს და "სამხრეთ დინებას" მიეძალნენ. ამ გადაწყვეტილების მიზეზი თურქული შურისძიებაა. კერძოდ კი, თურქულმა "ბოტასმა" ვერ აიტანა საფრანგეთის პარლამენტის მხრიდან თურქების მიერ სომხების გენოციდის აღიარება და "ნაბუკოს" პროექტში ჩართვაზე თვეებით მომლოდინე ფრანგულ "გაზ დე ფრანსე" ცივი უარით გაისტუმრა. სამაგიეროდ, ევროკავშირის პროექტში გერმანული "კცუ" მეექვსე წევრად მიიღეს.

საპასუხოდ კი, ფრანგული საგაზო კომპანია "გაზ დე ფრანსე", შესაძლოა, "სამხრეთ დინებად" წოდებულ რუსულ-იტალიურ პროექტში ჩაერთოს. ფრანგული კომპანიის წარმომადგენელთა განცხადებით, "გაზ დე ფრანსემ" აღნიშნული გადაწყვეტილება "ნაბუკოს" კონსორციუმიდან ამ გაზსადენის მშენებლობაში მონაწილეობაზე უარის შემდეგ მიიღო.

"მივიღეთ წერილი, სადაც აღნიშნულია, რომ გაზსადენ "ნაბუკოს" კონსორციუმში ჩვენი კანდიდატურა არ დაუშვეს. ვგეგმავთ სხვა პროექტების განხილვასა და მონაწილეობას. განვიხილავთ პროექტ "სამხრეთ დინებაში" ჩვენი კომპანიის მონაწილეობას", - აღნიშნულია "გაზ დე ფრანსეს" ოციციალურ განცხადებაში.

ფრანგული გამოცემა "ფრანს პრესის" ცნობით, "ნაბუკოში" "გაზ დე ფრანსე" თურქეთმა არ შეუშვა. თურქული გადაწყვეტილების მოტივი საფრანგეთის პარლამენტის მხრიდან თურქების მიერ სომხების გენოციდის აღიარება იყო.

საგულისხმოა, რომ "ნაბუკოს" პროექტში გერმანული "კცუ" ჩაერთო და იგი ამ პროექტის კონსორციუმის მეექვსე წევრია. აქამდე, "ნაბუკოს" კონსორციუმი სულ ხუთი წევრისგან შედგებოდა. ესენია ავსტრიული "წქმ", უნგრული "ქწდ"-ი, რუმინული "ეკფტთპფჭ"-ი, ბულგარული "იგდპფკპფჭ"-ი და თურქული იწეფთ-ი.

ფრანგული კომპანიის მიერ "ნაბუკოს" სანაცვლოდ არჩეული "სამხრეთ დინება", რუსული "გაზპრომისა" და იტალიური "ენის" პროექტია. კომპანიებს შორის გაზსადენის მშენებლობაზე ხელშეკრულებას ხელი 2007 წლის ივნისში მოეწერა. 900 კილომეტრის მილსადენი რუსეთიდან, შავი ზღვის გავლით ბულგართამდე ჩააღწევს. საპასპორტო მონაცემების მიხედვით, გაზსადენი წელიწადში 30 მილიარდი კბ-მ აირის გატარებას შესძლებს. მისი ექსპლოატაციაში გაშვება 2013 წლისთვისაა დაგეგმილი.

საგულისხმოა, რომ "სამხრეთ დინებასთა"-ნ დაკავშირებით, მხარეთა შორის გაფორმებულ მემორანდუმზე გარკვეული დამატებები მოხდა, რომელსაც "გაზპრომმა" და "ენიმ" ხელი მოაწერეს 2007 წლის 22 ნოემბერს. ამ დამატებების მიხედვით, სპეციალურად "სამხრეთ დინებისათვის" პარიტეტულ საწყისებზე შექმნილი რუსულ-იტალიური კომპანია განახორციელებს პროექტთან დაკავშირებულ მარკეტინგულ და ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევებს.

ამავე დროს, გაზსადენ "ნაბუკოს" ამუშავება ერთი წლით გადაიდო. პროექტის კონსორციუმის წევრთა მიერ დათქმული 2012 წლის ნაცვლად, კასპიის რეგიონიდან ევროპაში რუსეთის გვერდის ავლით მიმავალი მილსადენი, ექსპლოატაციაში 2013 წელს შევა.

"ნაბუკოს" გაზსადენის მშენებლობას ევროკავშირი აფინანსებს. ტრანზიტული ქვეყნების მინისტრებმა (თურქეთი, რუმინეთი, ბულგარეთი, უნგრეთი და ავსტრია) და ევროპის ენერგეტიკის კომისარმა ანდრის ჰილბაქსმა აღნიშნულ პროექტს 2006 წლის 26 ივნისს მოაწერეს ხელი. 6 მილიარდი დოლარის ღირებულების, 1420 მმ-ნიანი, 3400 კმ სიგრძის "ნაბუკოს" გაზსადენის პირველი ფაზა ექსპლოატაციაში 2011 წელს უნდა შევიდეს და მას 25 ან 31 მილიარდი კბ.მ-წ ექნება. მეორე ფაზის დასრულება, რომელსაც 8 ან 13 მილიარდი კბ.მ-წ გამტარიანობა ექნება, 2020 წლისთვისაა დაგეგმილი. ამ მილსადენით კასპიური გაზი, აზერბაიჯანის, საქართველოს, თურქეთის, ბულგარეთის, რუმინეთისა და უნგრეთის გავლით, ავსტრიაში ჩავა.



(c) გაზეთი " რეზონანსი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი



2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com