|
|
"რეზონანსი "
ბაზრობების უმრავლესობა თბილისშია თავმოყრილი მაკა ხარაზიშვილი
ქართულ ეკონომიკაში ვაჭრობა ლიდერობს. ერთ დროს ქართველებისთვის უცხო და ნაწილობრივ მიუღებელი დარგი დღეს შემოსავლის წყაროდ იქცა. სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემებით, საქართველოში 388 ბაზრობაა. იყო დრო, როდესაც ქართველები ვაჭრობას თაკილობდნენ. საქართველოში ვაჭრობაში დახელოვნებული ადამიანები ძირითადად სომხები და ებრაელები იყვნენ. ბოლო დროს კი, ეკონომიკურ-სოციალური სიდუხჭირის პირობებში, ქართველები შიმშილისაგან სწორედ ვაჭრობამ იხსნა. ნახევარი საქართველო თბილისში ჩამოვიდა და არსებობისათვის ბრძოლა ამ სფეროს ათვისებით გააგრძელა. რევოლუციური მთავრობა მოსვლისთანავე მოვაჭრეებს დაერია. ჯერ გარე ვაჭრობა აკრძალა. ამის შემდეგ კი სოციალურად დაუცველი ფენებისთვის ყველაზე დიდ თავშესაფარს ცენტრალურ სუპერმარკეტს, ანუ "დეზერტირების ბაზარს" მიადგა. ობიექტი ბრიტანულმა კომპანია "ჰერალდ თრეიდ კომპანიმ" შეიძინა. მოვაჭრეები სუპერმარკეტიდან პოლიციის ძალით გამოიყვანეს. ისინი სხვადასხვა ბაზრებში გადანაწილდნენ. სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემებით, საქართველოში 338 ბაზარია. საცალო ვაჭრობით 59 675 ადამიანია დასაქმებული, ხოლო საბითუმო ვაჭრობაში - 3 263. ვაჭრობაში ერთ-ერთი წამყვანი მიმართულებაა ავტომობილებით ვაჭრობა. ავტომობილებით ვაჭრობით 3 075 ადამიანია დაკავებული. გამოკვლევების მიხედვით, საქართველოში 338 ბაზარი და ბაზრობაა (არაორგანიზებული ბაზრობების ჩათვლით), რომელთა 89,3% არასახელმწიფო საკუთრებაშია. საქართველოს ბაზრობების 35,5% თბილისში განლაგებულია, 22,5% - იმერეთის, 9,2% - სამეგრელო-ზემო სვანეთის, 8% - კახეთის, დანარჩენი აჭარის, ქვემო ქართლის, შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, მცხეთა-მთიანეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებში. საქართველოს რეგიონებში ბაზრობები საკუთრების ფორმების მიხედვით ასეთი სახით ნაწილდება: შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების ორგანიზაციულ - მართლებრივი ფორმა ბაზრობების 70,7%-ს გააჩნია, 22,3% - ინდივიდუალური საწარმოა, 3,5% - კოოპერატივი, 2,9% - სააქცო საზოგადოება, 0,6% - სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება. საქართველოს ტერიტორიაზე განთავსებულ ბაზრებზე და ბაზრობებზე და მათ მიმდებარე ტერიტორიაზე საშუალოდ ერთ დღეში სასურსათო, სამრეწველო (ავტომობილების გარეშე) და შერეული საქონლით 62,9 ათასი ფიზიკური პირი ვაჭრობდა, რომელთაგან 89,6% საცალოდ მოვაჭრეა, 4,8% - ვაჭრობს ბითუმად, 5,6% - ბაზრებისა და ბაზრობების მიმდებარე ტერიტორიაზე და არაორგანიზებულ ბაზრობებზე. 2007 წლის ოქტომბერში ავტომობილებით მოვაჭრე ეკონომიკური სუბიექტების მიერ 1965 ავტომობილია რეალიზებული, რომელთაგან 1752 იმპორტული წარმოებისაა, 213 - "საბჭოთა", ბაზრობებზე ავტომობილებით საცალო ვაჭრობის მოცულობა თვეში შეფასდა 23.6 მილიონი ლარის ოდენობით. ბაზრობებისა და ბაზრების მიხედვით პირველ ადგილზე თბილისი დგას. საერთოდ, არათუ საქართველოში, არამედ ამიერკავკასიაში ბაზრობების მიხედვით პირველ ადგილზე დგას. თუმცა ბოლო დროს არის ტენდენცია, როდესაც ბაზრობებს სავაჭრო ცენტრები ენაცვლება. ასე რომ, საქართველოში ბაზრობების მიხედვით პირველ ადგილზე თბილისი დგას - 38,5%, იმერეთი - 14,9%, სამეგრელო-ზემო სვანეთი - 10,4%, ქვემო ქართლი - 9,8%. ბაზრობებზე რეალიზებული საქონლის 19,2% - სასურსათო საქონელია; სასურსათო საქონლის - 36,4% ხილი და ბოსტნეულია, 34,7% - კვების პროდუქტები, სასმელები და თამბაქოს ნაწარმი, 13,8% - ხორცი და ხორცის პროდუქტები, 12,8 პროცენტი ფქვილოვანი და შაქრიანი საკონდიტრო ნაწარმია; ბაზრობებზე რეალიზებული არასასურსათო საქონლის 26,8% ტანსაცმელზე მოდის, 22,2% - სამშენებლო მასალების, საღებავების და ლითონის ნაწარმის სასაქონლო ჯგუფზე, 16,5% ავეჯი და გამანათებელი ხელსაწყოებია, 22,2% - სამშენებლო მასალებს, საღებავებს და ლითონის ნაწარმს უკავია.
(c) გაზეთი " რეზონანსი "
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |