|
|
"რეზონანსი "
"არჩევნების შემდეგ სადისტრიბუციო კომპანიები თავს გავიდნენ": ლეიბორისტები "თელასს", "ყაზტრანსგაზს" და "თბილისის წყალს" ერთად უჩივლებენ ნინო ალექსიძე
ელექტროენერგიის სფეროში დაფიქსირებულ კორუფციულ გარიგებებთან დაკავშირებით, "ლეიბორისტულმა პარტიამ" გუშინ საჩივრით გენერალურ პროკურატურას მიმართა. მათი მტკიცებით, გარდა სხვა სახის მაქინაციებისა, გაზრდილია ელექტროენერგიის ტარიფიც. "ლეიბორისტები" მოითხოვენ ენერგოსექტორში შექმნილი ვითარების გამოძიებას და ტარიფების უკანონოდ გაზრდის მიზეზების დადგენას. ოპოზიციური პარტია უახლოეს ხანებში შესაბამისი დოკუმენტაციის საფუძველზე, კომპანიებს - "ყაზტრანსგაზსა" და "თბილისის წყალსაც" უჩივლებს. "ლეიბორისტებს" საინტერესო ინფორმაცია აქვთ საქართველოში იმპორტირებულ აზერბაიჯანულ გაზთან დაკავშირებით. ეკონომიკური ექსპერტების უმრავლესობამ დღემდე ვერ გაარკვია, თუ რა ფასად ვიძენთ აზერბაიჯანულ გაზს. სამაგიეროდ, "ლეიბორისტულმა პარტიამ" გამოიძია, რომ 1000 კბ-მ აზერბაიჯანულ აირს 167 დოლარად ვყიდულობთ. თუმცა "ლეიბორისტული პარტიის" ერთ-ერთი ლიდერი გიორგი გუგავა "რეზონანსთან" საუბრისას იმაზეც ამახვილებს ყურადღებას, რომ ნავთობისა და გაზის კორპორაცია რამდენად ყიდულობს გაზს, უცნობია. კონკრეტულად რა დოკუმენტაცია აქვს "ლეიბორისტულ პარტიას" კომპანიების - "თელასის", "ყაზტრანსგაზისა" და "თბილისის წყლის" ქმედებების შესახებ, "რეზონანსი" პარტიის ერთ-ერთ ლიდერს, გიორგი გუგავას ესაუბრა. გიორგი გუგავა: "ელექტროენერგიის საკითხებთან დაკავშირებით გენპროკურატურას მივმართეთ საჩივრით. კონკრეტულად წარვადგინეთ მტკიცებულებები, თუ როგორ აწერენ ენერგოკომპანიები იმაზე მეტ თანხებს, ვიდრე მოსახლეობას რეალურად გახარჯული აქვს. ასევე, მასალებში მითითებულია, რომ "თელასი" უკმეხად ახდევინებს მოქალაქეებს ძველ დავალიენებებს ოთახების ფართის მიხედვით, რომელიც დიდი ხანია, გაუქმებული აქვს საკონსტიტუციო სასამართლოს. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების იგნორირება იწვევს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას. ასევე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის სფეროს განეკუთვნება ის საკითხები, რომელსაც ახორციელებს "თელასი" თბილისში, ხოლო "ენერგო პრო ჯორჯია" რეგიონებში. მოგეხსენებათ, ტარიფი საფეხურებრივია. 100 კვტ-მდე გახარჯული ელექტროენერგიის საფასური არის რეგიონებში 12 თეთრი და რამდენიმე მეასედი. პროკურატურაში წარვადგინეთ კონკრეტული ქვითრები, სადაც დაფიქსირებულია, რომ მოქალაქეს 100 კვტ-მდე ელექტროენერგია აქვს გახარჯული და მისადაგებული აქვს უფრო მაღალი საფეხურის ტარიფი - 16 თეთრი. თუ გავითვალისწინებთ, რომ "თელასს" თბილისში 400 ათასამდე ჰყავს, ხოლო რეგიონებში მთლიანად 800 ათასი აბონენტია, ეს იმას ნიშნავს რომ კომპანიები თვეში ათეულობით მილიონ ლარს აკეთებენ მოქალაქეების ხარჯზე. გარდა ამისა, ხშირ შემთხვევაში თითოეულ მოქალაქეზე მრიცხველის გარეთ დაკისრებულია 200-300 კვტ და ა.შ. არჩევნებამდე კომპანიებს გარკვეული თავშეკავება უბრძანეს, მაგრამ მოხდა გარკვეული გარიგება. პრეზიდენტი დაჰპირდა მოსახლეობას გარკვეული დავალიენებების ჩამოწერას, არჩევნების შემდეგ კი სრული "კარტბლანში" მიეცა სადისტრიბუციო კომპანიებს იმისათვის, რომ დავალიანებებიც ამოეღოთ, დამატებითი თანხებიც გაეწერათ და განეხორციელებინათ ახალი მანიპულაციები. ეს კი წარმოადგენს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას". რეზონანსი: რაც შეეხება "ყაზტრანსგაზსა" და "თბილისის წყალს", რამდენადაც ცნობილია, გეგმავთ გენპროკურატურას საჩივრით ამ კომპანიების ქმედებების შესახებაც მიმართოთ. გ.გ: ამ მიმართულებითაც ვმუშაობთ. დღეს ქვეყანაში არსებული გაზის შეწონილი რეალური ტარიფი არა 167 დოლარი, არამედ 100 დოლარია. "ბი-პის" პროექტიდან 1000 კბ-მ-ს 60 დოლარად ვიღებთ, ამას ემატება სომხეთის ტრანზიტიდან გაზის 10% უფასოდ და აზერბაიჯანული ენერგოკომპანიისაგან მიღებული აირი 167 დოლარად. დღევანდელი ტარიფით თითოეული ჩვენგანი 1000კბ-მ გაზში ვიხდით 510 ლარს, ანუ 51 თეთრს 1 კბ-მ-ში. რეალურად კი 1 კბ-მ-ში უნდა ვიხდიდეთ დაახლოებით 20 თეთრს. ბუნებრივია, ეს განსხვავება მიდის ჩინოვნიკების ჯიბეში. ახლა სპეციალურად შეიქმნა ნავთობისა და გაზის კორპორაცია, მინისტრის სპეციალური ბრძანება გამოქვეყნდა ამასთან დაკავშირებით. ამ კომპანიას სრული თავისუფლება აქვს და კაციშვილმა არ იცის, რამდენად ყიდულობს გაზს. "რ": გასხვისებული კომპანიის, "თბილისის წყლის" ამჟამინდელ თუ სამომავლო ქმედებებზე რა ინფორმაციას ფლობთ. გ.გ: "თბილისის წყალთან" დაკავშირებით გაურკვევლობაა. ვითომ გაყიდეს ეს კომპანია და ხელშეკრულება ჯერჯერობით გაფორმებული არ არის. მოგეხსენებათ, წყლის ტარიფს ადგენდა ქალაქის საკრებულო. ახლა ეს საკითხი გადააბარეს საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას. მარტში დაგეგმილია წყლის ტარიფის გაზრდა და ხელშეკრულება ამის შემდეგ გაფორმდება მთავრობასა და "თბილისის წყალის" მფლობელ კომპანიას შორის. თუ დღეისათვის წყლის ტარიფი ღირს 2.40 ლარი, მალე გახდება 10 ლარი. ამ გარიგების უკან ქვეყნის პრეზიდენტის ოჯახი დგას. ისინი ჩვენ ვამხილეთ. ამავე დროს მოხდება ბულაჩაურის წყლის დაფასოება და გაყიდვა. ჩვენ კი მოგვიწევს თბილისის ზღვის წყლის სმა".
(c) გაზეთი " რეზონანსი "
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |