"რეზონანსი "
# 34
პარასკევი, 8 თებერვალი, 2008 წელი

ქრისტეგაცოცხლებული გულებით: გამოხმაურება როსტომ ჩხეიძის წიგნზე "ხანი უნდობარი"

ლალი დათაშვილი

როსტომ ჩხეიძის ლიტერატურულ-რელიგიური ცდა "ხანი უნდობარი" საქართველოს სულის უღრმეს შრეებთან კიდევ ერთხელ დაკავშირების მცდელობაა, იმ დედოზარის კიდევ ერთი დაგუგუნება, რომელსაც მამულის სიცოცხლის საყრდენი ჰქვია და ხან ჩუმად ბუბუნებს, ხან კი რაც ძალი და ღონე აქვს, ხმიანობს, თუმცა, რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, როცა ხმა იმაღლებს, მაშინ უფრო ნაკლებად ისმის, მის გასაგონად სწორედ მაშინ არ ჰყოფნის ერს მზაობა, რადგან "მძაფრი ქარტეხილების ეპოქაში" მის მოსასმენად "ხორციელი სმენა უღონოა", არცთუ "ხორციელ ხედვას" შეუძლია რაიმე, რადგან ირგვლივ ჩამომდგარი კვამლი "მართლჭვრეტას უშლის"... (ილია).

თუმცა ისევ გალაკტიონს რომ დავესესხოთ, ამ მონოგრაფიის ავტორივით, "შუქთა კამარას ვერაფერი ფარავს", "შეშლილი სახეების ჩონჩხიან ტყეებად" გარდაქმნილ ჩვენს ყოფაში - ამ თუ იმ ცხოვრებაში - და მუდამ რჩება ვიღაც, რომელიც ხან თვალს გაუსწორებს ამ საუფლო ნათელს, ხან კი იმედით თვალაპყრობილი დაელოდება "დღის მანათობელისა" და "ჩვენი განმანათლებლის" აღმობრწყინებას.

როსტომ ჩხეიძეს, როგორც მწერალსა და პიროვნებას, ვინც იცნობს, მოეხსენება, რომ იგი "მზევარის ბიჭივით" (რევაზ ინანიშვილი) ხან დამძახებელს ელოდება და ხან თვითონაა დამძახებელი. რეალურ თუ წარმოსახულ ზარებს არისხებს. ასე რომ, "ხანი უნდობარიც" ამ ცხოვრება-შემოქმედების ერთი გამოვლინებაა: აგრძელებს დაუმორჩილებელი გაუტეხელი ეროვნული სულის ძიებას და ხან უარყოფითის მხილებით, ხანაც დადებითის გამოკვეთით ქართულ დედოზარს აგუგუნებს... მერე კი ჩვენზეა დამოკიდებული: მადლი გაცემულია და უნდა ვცდილობდეთ, შემწირველებად გამოვდგეთ, თორემ ჩაივლის პროცესია და ქაშუეთის ზარების დამრისხებელი მწერალი გამწარებულ, კბილებახრჭიალებულ მზევარის ბიჭად დარჩება. ის კვლავაც ჯიუტად და შეუპოვრად დაელოდება "უნახავის დანახვას", კვლავ "ილაპარაკებს ღმერთთანა", ჩვენ ვიკითხოთ - თვალგულდაბრმავებულებმა...

"ალაია" - უფსკრული უზარმაზარი და პირღიაა, მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რომ პირიმზე - რჩეულთა დედა დასცქერის უფსკრულს "მოღერებულის ყელითა" და "ხანი უნდობარიც" კიდევ ერთხელ გვეკითხება, ქაშუეთის ზარი დავარისხოთ, დიდი მამულიშვილის ცხედარს მივყვეთ უკანასკნელი სალმის მისაგებლად თუ ჯვარი გადავღუნოთ და ტაძარი ავაფეთქოთ... "არჩევანი - შენა, არადანი - მეო".

წიგნში ორი პარალელური ხაზია: მამულისა და სარწმუნოების დევნით აღძრული ტკივილის წარმომჩენი. მამული გალაკტიონის ფიქრით, ხვედრითა თუ საწუხარითაა წარმოდგენილი. იმ ეპოქის შესაცნობად გულიანი მკითხველის გზამკვლევი მისი სტრიქონებია, ფარი და ხმალიც, ანუ ლოცვა და ბრძოლაც მისი სიტყვებით ჩანს, ხმით ნატირლად ან მოძახილად რომ გასდევს მთელ წიგნს. ერთი მხრივ, ლოცვად დაღვრა "მზეო თიბათვისაში", სათაურადვე გამოტანილი "ხანი უნდობარი", რომელიც მხურვალე სტრიქონებს გაახმაურებს ყურსა თუ გულში; გალაკტიონივით მუხლებზე დასცემს მკითხველს თავისი ბედშავი ქვეყნის "ალაიადან" უფლის ნებითა თუ შეწევნით გამოსაყვანად:

"მძაფრი ქარტეხილი მას ნუ შეეხება,

მზეო თიბათვისა, ამას გევედრები".

მეორე მხრივ კი აქტიურობის, გაუტეხელი სულით დაპირისპირების, ბრძოლის ჟინს აღუძრავს, ამირანს შეახსენებს, მისთვის მოალოდინებს, რადგან "უხმობენ ზარები ზარებს" და ტყეც, მთაც, ველიც, იქნებ ბალახიც უნდა აგუგუნდეს: "ამირანია!"

მეორე ხაზი სარწმუნოებრივი გადაგვარება, "ბარბარუსობა", მწერლის თქმითა და მკვახე შეძახილით: "არ არის კორექტურა, არა!" წიგნიც კათოლიკოს-პატრიარქ ამბროსი ხელაიათი იწყება და "ქარგის ბოლოში, წკიპზე" კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორით მთავრდება. ორივე მათგანი "ბედის მძაფრი ბრუნვა-ტრიალის" ანუ მძაფრი ქარტეხილების შუაგულშია და მწერალიც პრობლემის მარადიულობას მიგვანიშნებს.

დამთავრდა განა "რწმენასთან მელაობა" (ვაჟა), ღვთისა და სასულიერო პირთა დევნა, უარყოფა, აბუჩად აგდება... მწერლის აზრით, ძველებურად გრძელდება ეშმას ბოგინი თავისი "შვილებით" - ფერნაცვალებით, სხვადასხვა ეპოქის შესაფერისებით: ხან რა სახით რომ გვევლინებიან, ხან - რა, მაგრამ როსტომ ჩხეიძეს გულის გატეხა არ ჩვევია, აკი წიგნის ბოლო ფრაზაც ხმაურიანი და იმედიანია: "ისევ უხმობენ ზარები ზარებს"... მე კი, ჩემი მხრივ, პავლე მოციქულის სიტყვებს დავამატებდი: "უწყოდეთ, რამეთუ... უფალი ცათა შინა არს და თუალ-ღებაი არა არს მის თანა" (ეფეს. 6,9).

777

"ხანი უნდობარი" წინათქმისა და 11 თავისაგან შედგება და თითოეული ნაწილი ცალკე, დამოუკიდებელი ღირებულებისაა, თუმცა ამ თავებს შინაგანი ლოგიკა და ერთიანი ხაზი აკავშირებს, რასაც წუთისოფლის უკუღმართობასთან ბრძოლა, ბედის სიმწარე და ალაიაში გატარება ჰქვია.

"ალაიაში გატარებას" დღეს მხოლოდ ქართლურში თუ გაიგონებთ. ძველ ქართულში "ბერაში გატარებას" უფრო იტყოდნენ და დამარცხებული მტრის ზეაღმართულ თუ მოღერებულ ხმლებსა და შუბებში გატარებას ნიშნავდა. ქართლური ალაია წისქვილის ქვით დაფქვა-დანამცეცებას ნიშნავს. ჩემი აზრით, მწერალი ორივე მნიშვნელობას აერთიანებს - ძველსა თუ დიალექტურს და გვიჩვენებს, ბედი როგორ "ფქვავს" "სიდარბაისლითა და წმინდანის შეუდრეკლობით" გამორჩეულ, ანუ მისთვის სრულიად მიუღებელ ადამიანებს. ძველქართული მნიშვნელობით კი სიმწვავე პარადიგმას აჭარბებს - მტერი კი არა, მოყვარე გატარებს მოღერებულ ხმლებში და გაიძულებს, დამარცხებული მტრის როლი შეასრულო.

მწერალს ეს ორივე მნიშვნელობა პირველივე გვერდზე შეუერთებია: "აფურთხებდნენ და მუშტსაც არ იშურებდნენ, სადამდეც ხელს მიაწვდენდნენ, ჩანთქმას უპირებდნენ, ხორცს ხორცად გასვლეპდნენ, ძვლებს თითებზე გადაიმტვრევდნენ", - ანუ ხმლისა და შუბის ნაცვლად მუშტი და თოფი მოაღერებინა მწერალმა, ფქვილიჭამია წისქვილის ბორბალი კი კაციჭამიობად წარმოუდგენია. ალუდა ქეთელაურს ზარავდა "კაცის წვენ-ხორცი ძვლიანი", მეოცე საუკუნის კანიბალები კი ტკბებიან თანამოძმის დახრული ძვლების გემოთი.

მკითხველს ესმის, რომ არა მხოლოდ რომელიმე ქართველი, მთელი საქართველოა ამ ალაიაში მოყოლილი კრიტერიუმარეული ვაიშვილების მომრავლების გამო, "დაპყრობა გათავისუფლება რომ ეგონათ, ყაჩაღები კი - გმირები", ძალაც მათ მხარეს რომ იყო და "სამართალიც", რადგან "დიდმპყრობელთა სახელმწიფომ პატიება და სხვა ამისთანები არ იცოდა".

ამ სახელმწიფოს სიმბოლოდ მწერალს კბილებახრჭიალებული, პირდაღებული ვეშაპი შემოჰყავს. "ბალავარიანის" ცნობილი იგავი გამახსენდა - ვეშაპი ქვემოდან რომ შესცქერის უფსკრულში გადასაჩეხად (ანუ ხიდან ჩამოსავარდნად) გამზადებულ, წკიპზე დაკიდებულ მსხვერპლს, ზემოდან კი დამოკლეს მახვილი გადმოუკიდია მწერალს. ოღონდ იგავის გმირი თაფლის სიტკბოებით გაერთობა, ხორცის პრობლემები აწუხებს, პატრიარქი და სხვა ღირსეული ქრისტიანი კი უფალსა და საკუთარ კაცურ მოვალეობას იხსენებს, ამიტომ გენუის კონფერენციას საპროტესტო წერილს მისწერს - უფლის "საყვარელ და სუბუქ უღელს" დაიდგამს, კარგად იცის "გალურსულ, კულტურულ (რა სარკაზმია მწერლის ამ ფრაზაში) კაცობრიობას" ვერაფერს გააგებინებს, ვერ გამოაღვიძებს.

როსტომ ჩხეიძე ოთარ ჩხეიძის "ბორიაყს" იმოწმებს, "ცენზურის საცერში ვაივაგლახით გაღწეულს": "მოიცალეს თავიდანა ჩვენი წვლილიცა და ჩვენი ფართიფურთიცა". რას იზამ, "ქვეყნის დაუყუჩავი ტკივილი" უცხოელს ფართიფურთად ეჩვენება, ყურადღებასაც არ აქცევს...

უწმიდესი თავის ვალს იხდის და ალაიას იმძიმებს - მუშტები კიდევ უფრო გაავდებიან, თუმცა... კითხულობ წიგნს და თითქოს ჩაგესმის სტრიქონებს შორის ნაგულისხმევი ღაღადისი: "შენ, უფალო, ჩემთანა ხარ, რისა მეშინოდეს..." (ფსალმ.).

გრძელდება მოწამეობის თემა - მეხთატეხა კაცთა თავებზე. იცვლება მტერი და ბრძოლის ფორმა, მაგრამ უცვლელია უფლის რჩეულთა სულიერი მადლმოსილება. ახალი პატრიარქი ბოლშევიკურ "ალაიაში" მიაბიჯებს, როგორც წმიდა მოწამის განზოგადებული სახე. კითხულობ და ხვდები, მიმავალ პატრიარქს თუ შეხედავ, მხოლოდ საცერში დაინახავ ან შიგადაშიგ მოჰკრავ თვალს გავეშებულ ბრბოში. ამიტომ უნდა უსმინო ამ ნაბიჯებს, ყურით არა, გულით უსმინო, რადგან, ერთი ცნობილი ხატისა არ იყოს, უფალი გულის კარზე გვიკაკუნებს. ვისაც "ყურნი ასხედან სმენად", გულის კარი უნდა გააღოს, კათოლიკოსი ალაიაში მიაბიჯებს...

მთელი წიგნი როსტომ ჩხეიძისთვის დამახასიათებელი ექსპრესიულ-ემოციური სტილითაა დაწერილი, თუმცა წინათქმა აშკარად განსხვავდება წიგნის ძირითადი ნაწილისაგან. წინათქმაში მწერალი ჭარბობს - ერთი ამოსუნთქვით დაწერილი მხატვრული ხილვაა. შემდეგ კი მეცნიერი გვესაუბრება, ასე დეტალურად, პირველად და ახალი ასპექტით რომ იკვლევს \\ საუკუნის ქართული ლიტერატურის სულს - სწორედ სულს და არა უბრალოდ სასულიერო წოდების სახესა და მდგომარეობას ქვეყანაში, რადგან იმის მიხედვით, თუ როგორი დამოკიდებულება აქვს საზოგადოებას სასულიერო წოდებასთან, წარმოჩნდება მისი დამოკიდებულება უფალსა და სარწმუნოებასთან.

ესაა განსხვავება ბოკაჩოსა და საბას შორის, რადგან მორწმუნე ქრისტიანი არასოდეს გაეხუმრება, მით უფრო არ გააშარჟებს, კიდევ უარესი, ტაკიმასხარად არ წარმოადგენს სასულიერო პირს. ბოლშევიზმი კი - მკრეხელობა და ცინიზმი, ცხადია, "ძალისაებრ" ებრძოდა ყველაფერ ამაღლებულსა და ნაღდს, რათა საკუთარი უბადრუკობა შეენიღბა და მისაბაძ მაგალითად დაესახა.

როსტომ ჩხეიძე მიჰყვება ქართული ჩაკლული სულის მიმოხრას და ნამდვილად ღირებულ გამოკვლევას ქმნის ქართული მწერლობისა და ქართული კინოს მესვეურთა თუ მაყურებელთა სულიერ-ზნეობრივი მდგომარეობის შესახებ, თანაც გადმოგვცემს სასულიერო პირთა მხატვრული სახეების მიმოხილვას. მწერალთა და რეჟისორთა პოზიციის განსჯა, უამრავი ლიტერატურული თუ კინოგმირის დახასიათება-ანალიზი წიგნს მონოგრაფიის ღირებულებას სძენს.

მძაფრი ქარტეხილი და სულის მცირედ მოთქმა - ასეთია \\ საუკუნის საქართველო. ილეწებიან წლები ჩვენი ქვეყნის თავზე და თითო-ოროლა ნათელი წერტილი თუ გამოჩნდება. აკაკი ბაქრაძის თქმისა არ იყოს, "მოთვინიერებულია მწერლობა და ხელოვნებაც", უამრავი მწერალი მიზანმიმართულად თუ იძულებით ქადაგებს ყოველგვარ უარყოფითს: უღმერთობას, უკაცობას, უსიყვარულობას, მართლა "ისეთს, ბოკაჩოც რომ ინატრებდა". დადებითის (თანაც ვაი-ვიშით დაბეჭდილის) დასათვლელად კი ცალი ხელის თითები გვეზედმეტება, თუმცა ჩვენც ვიცით და უფალმაც, ამ ღირსეულთა მხრებზე დგას "სოფელი ესე".

მართლაც, ვინ წარმოიდგენდა, \\ საუკუნე \|\-ზე მწარე თუ გათენდებოდა ავი ბედისწერისა და ბარბარუსობის "წყალობით", "ანკი რა გადაგვარჩენდა.!" - კითხულობს მწერალი... და სასულიერო პირთან დამოკიდებულების ცვლილებით ერის ზნეობრივი ფერისცვალება აისახება.

თუ ადრე განადიდებდნენ ბერებს და მოიკვეთდნენ ყველას, ვინც მცირედ მაინც არცხვენდა ამ რჩეულობის ვალსა თუ დიდებას, რითაც კი არ კნინდებოდნენ, მაღლდებოდნენ, შემდეგში იმათ იკვეთდნენ, ვინც თავის მოვალეობას ღირსეულად ასრულებდა, ან კი როგორ იგუებდა წმ. გრიგოლ ხანძთელის სულიერ მემკვიდრეებსა და გზის გამგრძელებლებს "წითელი სამღვდელოება", ვისაც, მწერლის თქმით, "სრულიად არაფერი აკავშირებდა ამ წოდებასთან, თვითმარქვიობით რომ სცადა მიტმასნება".

ამიტომაც მწერლობასა თუ კინემატოგრაფიაში მეტად მცირეა ალექსანდრე ორბელიანივით გაოგნებულთა, ან კალმის გადამმტვრეველთა რიცხვი და ძალიან დიდი ის წილი, სასულიერო პირს ყოველგვარი უარყოფითი ეპითეტით რომ ახასიათებს.

რჩება მესამე ფენაც - მორევში ჩათრეული. იციან, ასე რომ არ უნდა იქცეოდნენ, სული სხვას კარნახობთ, მაგრამ "მთესვარის იგავისა" არ იყოს, უფლის მიერ ნაბოძებ კეთილ თესლს ვერ უფრთხილდებიან და ეკლებში შესაშთობად გაწირავენ, არც ღმერთი ახსოვთ, აღარც საქართველო, ვეღარ ასრულებენ ზეციური თუ მიწიერი მამის ანდერძ-ნამაგს.

"ყალბისმქმნელობა უფრო შორს ვეღარ წავაო", - ამბობს როსტომ ჩხეიძე და იმოწმებს ამ მოვლენების აკაკი ბაქრაძისეულ, არაჩვეულებრივად ზუსტ შეფასებას - "ქრისტოცენტრული შეხედულებების პოლიტიკაცენტრულით შეცვლა" ხდება ყოველგვარი უბედურების ბაზისი.

ქართველებს ჭკუას ასწავლიან, რუსეთის პატრიარქსა და ბოლშევიკურ რეჟიმს ჩვენი ქვეყნის სიძულვილი აერთიანებთ და, ვინ იცის, მერამდენედ გვისრულდება ანდაზიდან გაცნობიერებული ტკივილი: "ვაის გავეყარე, ვუის შევეყარე"...

აქ იქმნება ქართველ შემოქმედთა კიდევ ერთი ტიპი - რუსეთის სიძულვილით ქრისტიანობას რომ აღუდგნენ წინ და ამით ვითომდა რუსული სარწმუნოების წინააღმდეგ გაილაშქრეს. შედეგად კი ის მიიღეს, რომ ძალაუნებურად დაასხეს წყალი იმ სარეველასავით მოდებული კომკავშირლების წისქვილზე, ტაძარს რომ ანგრევდნენ და მის ადგილას ლენინის ძეგლს დგამდნენ, რაც იმ ეპოქისთვის ფრიად ნიშანდობლივია, სახელს რომ უტეხდნენ დიდ მოღვაწეებს - ქართული აზროვნების ნიშანსვეტებს, სიწმიდეებს რომ ბღალავდნენ, სასულიერო პირებს ხვრეტდნენ, მაგრამ, რაც უფრო იზრდება მოწამეთა რიცხვი, მით უფრო ძლიერდება მაცხოვრის შემწეობა, მისი მფარველი ხელის სითბო მით უფრო მკვეთრად შეიგრძნობა...

"ხანი უნდობარი" იმდენად ხელშესახებად, ცოცხლად წარმოგვიდგენს \\ საუკუნის საქართველოს ტკივილს, რომ მკითხველი დამთრგუნველი, საოცრად მძიმე შთაბეჭდილების ქვეშ ექცევა. \\| როგორიღააო, ეკითხები შენს თავს... და როსტომ ჩხეიძის სიტყვები გახსენდება, რომ შეუძლებელია "წუთისოფლის ტრაგიზმის გადალახვა, უსასტიკესი რეალობისა და ამაღლებული იდეალის ჰარმონიული შეთანხმება". ამ მარადი კითხვის, ამ დაწყევლილი წინააღმდეგობის ირგვლივ ამ სტრიქონების ავტორსაც მოუწევს ფიქრი... და კიდევ ერთხელ გაესმის ხაზი პრობლემის მარადიულობას, კაცობა, მამულიშვილობა თანაჯვარცმაა მაცხოვართან, მედგარი ჭიდილია წუთისოფლის მუხთლობასთან. ეს ყველას უნდა მოეხსენებოდეს. კაციც ისაა, ვისშიც "ცხოველ არს ქრისტე"...

თუ ქვეყანას გადარჩენა უწერია, მხოლოდ ქრისტეგაცოცხლებულ სულთა წყალობით. ამიტომ, მადლობა უფალს, რომ ამგვარი ადამიანების გულებში "ისევ უხმობენ ზარები ზარებს"... საქართველო ამ გულებზე დგას... მათი წყალობით ოდესმე მაინც შეძლებს უნახავის დანახვას და ნეტარებით გაბრწყინებული დაიგუგუნებს: "ამირანია!"



(c) გაზეთი " რეზონანსი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი



2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com