"რეზონანსი "
# 34
პარასკევი, 8 თებერვალი, 2008 წელი

თბილისი და სოხუმი ერთმანეთს სამხედრო წვრთნებში ადანაშაულებენ: სოხუმის მტკიცებით, ქართველები განმუხურთან არიან თავმოყრილი, თბილისის ინფორმაციით კი, 300 აფხაზი და 200 რუსი პრიმორსკთან "ქართული დესანტის განადგურებაში" ვარჯიშობს

ელზა წიკლაური

გალის რაიონის სოფელ პრიმორსკში აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება რუს ჯარისკაცებთან ერთად მორიგ სამხედრო წვრთნებს ატარებს. სამხედრო მომზადება, რომლის სცენარიც "აფხაზეთის ტერიტორიაზე ქართული დესანტის გადმოსხმის შემთხვევაში მის განადგურებას" ითვალისწინებს, ენგურს გაღმა ორი დღის წინ დაიწყო და დღესაც გრძელდება.

სოხუმის ხელისუფლების წარმომადგენლები ამ ინფორმაციას უარყოფენ და აცხადებენ, რომ ენგურის ნაპირას, სოფელ განმუხურთან მდებარე პატრიოტული ბანაკის მახლობლად სამხედრო წვრთნებს ქართული მხარე ატარებს.

სოფელ პრიმორსკში სამხედრო სწავლებების მიმდინარეობასთან დაკავშირებით ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსი" აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მედია-ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს. ამავე ინფორმაციით, სოფელ პრიმორსკში მიმდინარე სამხედრო სწავლებებში 300 აფხაზი და 200 რუსი ჯარისკაცი მონაწილეობს.

როგორც მედია-ცენტრი გალის რაიონში საკუთარ წყაროზე დაყრდნობით იუწყება, წვრთნებში გამოყენებულია რუსი სამხედროების მძიმე ტექნიკა. წვრთნებს დე ფაქტო თავდაცვის სამინისტროს სამხრეთის მიმართულების სარდალი, პოლკოვნიკი ვლადიმერ ანუა ხელმძღვანელობს.

პრიმორსკში სამხედრო წვრთნებს კატეგორიულად უარყოფს აფხაზური მხარე. მეტიც, როგორც დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი შამბა აცხადებს, წვრთნები არა პრიმორსკში, არამედ ქართული მხარის მიერ კონტროლირებად სოფელ განმუხურში მიმდინარეობს.

"ამ სოფლის ტერიტორიაზე აფხაზები და რუსები სწავლებას ვერანაირად ვერ ჩაატარებენ. ჩვენ გვაქვს მონაცემები, რომლებიც გაეროს მისიას გადავეცით და მათგან ინფორმაციის გადამოწმებას და შესაბამის რეაგირებას ველით", - განაცხადა სერგეი შამბამ.

წვრთნების გამართვაში ქართულ მხარეს ადანაშაულებს გალის რაიონში აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის წარმომადგენელი რუსლან ქიშმარიაც.

"ქართული მხარის მიერ წვრთნები უკვე ორი დღეა, მიმდინარეობს. აღნიშნულის შესახებ დსთ-ის კოლექტიური სამშვიდობო ძალების სარდლობასა და გაეროს მისიას შევატყობინეთ. სწავლებების ტერიტორია მკაცრად არის დაცული და იქ არავის უშვებენ. ზემოხსნებელი ქმედებებით კი ქართული მხარე არღვევს 1994 წლის 14 მაისის ხელშეკრულებას", - განუცხადა ქიშმარიამ გამოცემა "კავკაზსკი უზელს".

თავდაცვის სამინისტრო ქართული სამხედრო ნაწილების მიერ აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან რაიმე წვრთნების ჩატარებას კატეგორიულად უარყოფს. ამასთან, თავდაცვის სამინისტროში არ ფლობენ ინფორმაციას იმის შესახებ, ტარდება თუ არა რაიმე წვრთნები სოფელ პრიმორსკში.

აღსანიშნავის ისიც, რომ აფხაზური მხარე ასეთი სახის სამხედრო წვრთნებს წელიწადში რამდენჯერმე ატარებს და ძირითადად, სასწავლო პოლიგონად ე.წ. საზღვრის მიმდებარე ტერიტორიას ირჩევს. შესაბამისად, ამ წვრთნასაც ჩვეულებრივ მოვლენად აფასებენ ქართველი ექსპერტები.

"აფხაზების მხრიდან წამოწყებული წვრთნები უფრო მეტი ლაპარაკია, ვიდრე რეალურად წვრთნები. განსაკუთრებული იქ არაფერი ხდება, მასშტაბებიც გამუქებულია. უსაფრთხოების ზოლში წვრთნების ჩატარება კი მათი მხრიდან ჩვეულებრივი მოვლენაა. ისინი ამით ცდილობენ ისწავლონ, თუ როგორ იმოქმედებს სავარაუდო მოწინააღმდეგე.

"აფხაზურ მედიაში გაუთავებელი პროპაგანდა მიდის იმასთან დაკავშირებით, რომ ქართული მხარე თითქოს რაღაცისთვის ემზადება. აფხაზებიც ამ წვრთნებს სწორედ ამ მიზნით ატარებენ. თუმცა აქ არის მეორე მომენტიც, რომელიც კოსოვოს თემას ეხება. კერძოდ, მოგეხსენებათ, რომ კოსოვოს საკითხი დღეს თუ ხვალ გადაწყდება და აფხაზები ორჭოფულ მდგომარეობაში არიან. მათ არ იციან, თუ რა ნაბიჯს გადადგამს ამ შემთხვევაში ქართული მხარე. მეტიც, მათთვის უცნობია რუსეთის რეაქციაც. ამიტომაც სეპარატისტთა ზედა ეშელონებში გარკვეული ნერვული მდგომარეობა შეიმჩნევა, ეს წვრთნებიც ამ საერთო აფორიაქების ნაწილია", - განაცხადა "რეზონანსთან" საუბარში ექსპერტმა კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძემ.

რაც შეეხება აფხაზების ბრალდებას, მამუკა არეშიძისთვის ეს განცხადებაც მოულოდნელი არ ყოფილა. თუმცა პირადად მისთვის, ტარდება თუ არა სამხედრო წვრთნები ენგურს აქეთ, უცნობია.

"საკმარისია სენაკის სამხედრო ბაზაზე პატარა გადაადგილება მოხდეს, რომ აფხაზური მხრიდან ამას ყოველთვის შესაბამისი რეაქცია მოჰყვება. თავად სენაკის ბაზაც ისე ახლოა კონფლიქტის ზონასთან, ერთი ნაბიჯი რომ გადმოდგა, შესაძლოა, უსაფრთხოების ზონაში აღმოჩნდე. ვიცი მხოლოდ ის, რომ ბაზაზე გეგმიური სწავლების პროცესი მიმდინარეობს და არა წვრთნები", - დასძინა არეშიძემ.

"საერთოდ, აფხაზებს ამ ზონაში სამხედროები ყოველთვის მზადყოფნაში ჰყავთ. ცდილობენ, რომ შეიარაღებული ძალების კოორდინაცია მოახდინონ. ამბობენ, რომ ამით ისინი ქართული აგრესიის მოგერიებას ცდილობენ. ამიტომ, ეს წვრთნებიც ჩვეულებრივი მოვლენაა და რაიმე საფრთხის შექმნა არ შეუძლია", - განუცხადა "რეზონანსს" კონფლიქტოლოგმა პაატა ზაქარეიშვილმა.



(c) გაზეთი " რეზონანსი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი



2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com