"რეზონანსი "
# 34
პარასკევი, 8 თებერვალი, 2008 წელი

გიორგი თარგამაძე ხელმოწერების შეგროვებით იწყებს

ლანა ბერიძე

დღეს "ქრისტაინ-დემოკრატიული მოძრაობის" დროშასა და გერბს პატრიარქი აკურთხებს, უახლოეს დღეებში კი მოძრაობის წევრები საქართველოს მასშტაბით ხელმოწერებს შეაგროვებენ იმ მოთხოვნით, რომ საქართველოს კონსტიტუციაში მართლმადიდებლობას ოფიციალური რელიგიის სტატუსი მიენიჭოს.

გიორგი თარგამაძის "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" პრეზენტაცია გუშინ ფალიაშვილის #63-ში მოძრაობის ცენტრალურ ოფისში გაიმართა. ჟურნალისტებს ოფისში ახალი მოძრაობის დროშები, გერბი, ჩოხაში გამოწყობილი ახლაგაზრდები და "იმედის" ყოფილი ჟურნალისტები დახვდნენ.

მოძრაობის პრეზენტაციას სტუმრის სტატუსით რამდენიმე ცნობილი სახეც დაესწრო, მაგალითად, მოდელი თაკო ჩხეიძე, ჟურნალისტი ინგა გრიგოლია. გადატვირთული გზების გამო კი პრეზენტაციაზე მოსვლა "ქრისტიან-დემოკრატიული ინსტიტუტის" ხელმძღვანელმა ზაზა აბაშიძემ ვერ მოასწრო.

ბრიფინგის შემდეგ გიორგი თარგამაძემ ოფისში შეკრებილი სტუმრები მაგიდასთნ მიიპატიჟა, სადაც ახალი პოლიტიკური ძალის სადღეგრძელო დალიეს, ეს ყველაფერი კი მრავალჟამიერით დასრულდა.

მოძრაობის დალოცვის შემდეგ ჩვეული სამუშაო გარემო შეიქმნა, სადაც ყოფილი ჟურნალისტები პოლიტიკოსების რანგში ყოფილ კოლეგებს კომენტარებს აძლევდნენ.

გიორგი თარგამაძის თქმით, საქართველოს მართავს რეჟიმი, რომელიც თავისი არსით ეწინააღმდეგება ქართველი ერის სასიცოცხლო ინტერესებს და სწორედ ამის გამო გადაწყვიტა პოლიტიკაში მოსვლა.

"სახელმწიფო მანქანა მომართულია იმისთვის, რომ თანმიმდევრულად დაასუსტოს და გააუქმოს თითქმის ყველა ტრადიციული და დემოკრატიული ინსტიტუტი: ეკლესია, მედია, არჩევნები და სასამართლო. იმისთვის, რომ სახელმწიფო ორგანიზმის სრულ დეგრადაციას წინ აღვუდგეთ, ვაყალიბებთ "ქრისტიან-დემოკრატიულ მოძარობას". ვიწყებთ ბრძოლას ხელისუფლების აშკარა იდეოლოგიის წანააღმდეგ, რომელიც ბოლო 4 წელია, მიზნად ისახავს მართლმადიდებლობის განდევნას.

"ქრისტიან-დემოკრატიული ბრძოლის მთავარ ამოცანად მივიჩნევთ საქართველოში მართლმადიდებლობისთვის ოფიციალური რელიგიის სტატუსის მინიჭებას. ეს უნდა აისახოს ჩვენი ქვეყნის ძირითად კანონში - საქართველოს კონსტიტუციაში", - განაცხადა გიორგი თარგამაძემ.

მისივე განცხადებით, ახალი მოძრაობა ითანამშრომელებს ყველა ოპოზიციურ პარტიასთან, მაგრამ რაიმე სახის გაერთიანებაზე ჯერ საუბარი ნაადრევად მიაჩნია.

რაც შეეხენა რელიგიური თემების წინა პლანზე წამოწევას, თარგამაძე აცხადებს, რომ არ შეიძლება ვინმემ მათი მოძრაობა რელიგიური თემით სპეკულირებაში დაადანაშაულოს, რადგან ეს არის პლიტიკური მოძრაობა და არა რელიგიური გაერთიანება, სადაც გაწევრიანება ნებისმიერი კონფესიის წარმომადგენელს შეეძლება. უბრალოდ, რელიგიური თემა ქვეყნის გადასარჩენად მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანია.

მისივე თქმით, ის უერთდება ოპოზიციის 17-პუნქტიან მემორანდუმს და მიაჩნია, რომ მოლაპარაკების წარმატებით დასრულებას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. ახალი მოძრაობა ასევე გაერთიანებული ოპოზიციის აქციებზეც მივა.

მოძრაობის პრეს-სპიკერი საინფორმაციო გამოშვება "ქრონიკის" წამყვანი მაგდა ანიკაშვილი გახდა. როგორც მან "რეზონანსს" განუცხადა, ამ პერიოდის განმავლობაში მას სხვადასხვა ტელეარხიდან ჰქონდა შეთავაზებები, მაგრამ მისთვის სხვა არხზე მუშაობა მიუღებელია. "ჩვენ დიდი სიმაოვნებით, სიყვარულით და მონდომებით ვმუშაობდით ჟურნალისტიკაში, მაგრამ არ მოგვეცა შესაძლებლობა ჩვენი საქმე გვეკეთებინა. ჟურნალისტებმა ყველაზე კარგად ვიცით, თუ რა პრობლემები იყო და არის. ჩვენ ამ პრობლემებზე ვსაუბრობდით ტელეეთერიდან, ახლა კი მოვდივართ პოლიტიკაში და ვიზრუნებთ, რომ ჩვენ თავად გადავჭრათ ეს პრობლემები", - განუცხადა "რეზონანსს" მაგდა ანიკაშვილმა.

მოძრაობის პრეზენტაციაზე მოსულმა ინგა გრიგოლიამ განაცხადა, რომ მხარს უჭერს გიორგი თარგამაძეს და მის პოლიტიკურ გუნდს.

"უბრალო პოლიტიკური პარტის პრეზენტაციაზე არ მოვსულვარ, მოვედი ჩემს მეგობრებთან და ეს ჩემთვის სულერთი ნამდვილად არ არის. გიორგი თარგამაძე არ იყო უბრალოდ ჟურნალისტი, ის ჩემთვის ყოველთვის იყო ჟურნალისტის გარდა ძალიან სერიოზული პოლიტიკოსი", - განაცხადა ინგა გრიგოლიამ.

"ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" ახალგაზრდულ ფრთას პარტია "თავისუფლების" ყოფილი ლიდერი ზაზა გაბუნია უხელმძღვანელებს, რომელმაც თარგამაძის პარტიაში "თავისუფლებიდან" 50-მდე თანამოაზრე წამოიყვანა.

ამას "თავისუფლებაში" დაუფარავი უკმაყოფილებით შეხვდნენ. პარტიის წარმომადგენელმა დავით ბარდაველიძემ გუშინ განაცხადა, რომ გაბუნია ორი თვის წინ გარიცხეს "თავისუფლებიდან".

გაბუნია ამას არ ადასტურებს და ყოფილ თანაპარტიელებს მისი დისკრედიტაციის მცდელობაში სდებს ბრალს.

"ჩემთვის გასაგებია, რომ პოლიტიკური მოძრაობა "თავისუფლების" დონის პარტია განიცდის ამ დანაკლის. ამ პარტიას არ აქვს ფუფუნება დაკარგოს აქტიური წევრი. მესმის, რომ ეს მტკივნეულია, მაგრამ მიუღებელია ის ფორმა, როგორითაც ამ წყენას გამოხატავენ", - განაცხადა ზაზა გაბუნიამ.

ახალდაფუძნებული მოძრაობის პრესსამსახურის ცნობით, მოქალაქეებმა უკვე მიმართეს ახალ პოლიტიკურ მოძრაობას გაწევრიანების სურვილით. მაგდა ანიკაშვილის თქმით, ეს პროცესი 2-3 დღეში აქტიურად დაიწყება.



(c) გაზეთი " რეზონანსი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი



2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com