|
|
"რეზონანსი "
კოკოითი თავის პრემიერს და შს მინისტრს დაუპირისპირდა? ნუცა ტრაპაიძე
4 თებერვალს ცხინვალის სეპარატისტული ხელისუფლების ლიდერმა თანამდებობიდან გადააყენა დე ფაქტო განათლების მინისტრი ალა ჯიოევა. მეორე დღეს მის წინააღმდეგ უკვე საქმე აღიძრა. ამის შესახებ ინფორმაცია ცხინვალის ინფორმაციისა და ბეჭდვითი სიტყვის დე ფაქტო კომიტეტმა, ცხინვალის დე ფაქტო გენერალურ პოკურატურაზე დაყრდნობით გაავრცელა. სამხრეთ ოსეთის დროებით ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ამ ნაბიჯით ედუარდ კოკოითი ღიად დაუპირისპირდა თავის შს მინისტრ მიხაილ მინძაევს, რადგანაც ჯიოევა სწორედ მინძაევთან დაახლოებულ პირად მოიაზრებოდა. მინძაევის შემდეგ კი მისი სამიზნე დე ფაქტო მთავრობის პრემიერი იური მოროზოვი გახდება. ალა ჯიოევას ოფიციალურად თანამდებობის ბოროტად გამოყენებაში ედება ბრალი. იგი ამჟამად შინაპატიმრობაშია და ცხინვალიდან გასვლის უფლება არ აქვს. "მიმდინარე წლის 5 თებერვალს გენერალური პროკურატურის შემოწმების შედეგად მიღებულ შედეგებზე დაყრდნობით, აღიძრა სისხლის სამართლის საქმე, ცხინვალის ყოფილი განათლების მინისტრის, ალა ჯიოევას წინააღმდეგ. ცხინვალის სისხლის სამართლის კოდექსით, ყოფილი მინისტრისადმი წაყენებული ბრალდება კლასიფიცირდება, როგორც დაკავებული თანამდებობის ბოროტად გამოყენება", - ნათქვამია ცხინვალის დე ფაქტო გენერალური პროკურატურის ოფიციალურ განცხადებაში. ცხინვალის დე ფაქტო პროკურატურაში ასევე აღნიშნავენ, რომ ამ დროისათვის აღნიშნული სისხლის სამსრთლის საქმე წინასწარი გამოძიების სტადიაშია. ეჭვმიტანილ ალა ჯიოევას აღკვეთის ზომად რესპუბლიკიდან გაუსვლელობა შეეფარდა. ცხინვალის დე ფქტო პრეზიდენტმა ედუარდ კოკოითმა დე ფაქტო განათლების მინისტრი დაკავებული თანამდებობიდან 4 თებერვალს გაათავისუფლა. სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის წარმომადგენელი ვლადიტმერ სანაკოევი ჯიოევას დაკავებას კოკოითის შიშებით ხსნის. მისი თქმით, დე ფაქტო პრეზიდენტს სურს ალა ჯიოევა თავისი მეთვალყურეობის ქვეშ ჰყავდეს და სწორედ ამიტომ შეუფარდეს ჯიოევას აღკვეთის ზომად ცხინვალიდან გაუსვლელობა.
ვლადიმერ სანაკოევი: "ალა ჯიოევა გაათავისუფლეს არა იმიტომ, რომ მას ჰქონდა რაღაც დამატებითი შემოსავლები, როგორც ეს განაცხადეს დე ფაქტო გენერალურ პროკურატურაში, არამედ იმის გამო, რომ ალა ჯიოევა გახლავთ უაღრესად პატიოსანი და ძალიან კარგი პიროვნება, რომელიც დაუპირისპირდა კოკოითის კორუმპირებულ ხელისუფლებას. "ალა ჯიოევა ახლა იმყოფება ცხინვალის ტერიტორიაზე, მასზე საქმე მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ აღიძრა, რომ კოკოითს უნდა ჰყავდეს ის თავისი მეთვალყურეობის ქვეშ. მას ეშინია ჯიოევას ალაპარაკების, რომელსაც შეუძლია ნათელი მოჰფინოს კოკოითის ბინძურ საქმეებს და მის მიერ ჩადენილ უამრავ დანაშაულს. "ეს ფაქტი დაემთხვა ვაჟა კოკოევის დაკავებას, რომელიც გახლდათ ცხინვალის დე ფაქტო თავდაცვის მინისტრი. მას ბრალი დასდეს მილიონი რუბლის მითვისებაში. ამ ფაქტს ვლადიმერ ცხოვრებოვის მკვლელობაც დაემთხვა, რომელიც გახლდათ ცხინვალის დე ფაქტო მერი. "რ": თუ ეს უბრალო დამთხვევა არ არის, თქვენი აზრით, რამ გამოიწვია დე ფაქტო ხელისუფლების ამგვარი ქმედებები. ვ.ს: "ამგვარ ქმედებებს რამდენიმე მიზეზი აქვს. პირველი - ეს არის იმ ხალხის გაჩუმების მცდელობა, ვისაც არ მოსწონს კოკოითის დე ფაქტო ხელისუფლება და შეუძლიათ ალაპარაკდნენ მის ბინძურ საქმიანობაზე, გამოავლინონ მისი მრავალი დანაშაული; მეორე მხრივ, იმ მინისტრების დაშინება, რომლებიც წარმოადგენენ დღევანდელ დე ფაქტო ხელისუფლებას; მესამე მიზეზი კი ის გახლავთ, რომ კოკოითი ცდილობს დაანახოს ყველას, რომ სწორედ ის უდგას სათავეში კორუფციასთან ბრძოლას. "რ": როგორ ფიქრობთ, მოჰყვება თუ არა ჯიოევაზე საქმის აღძვრას სხვა თანამდებობის პირების გათავისუფლება. ვ.ს: "კოკოითის ეს ქმედებები მიმართულია სწორედ იქითკენ, რომ მოხდეს ახლანდელი დე ფაქტო შინაგან საქმეთა მინისტრის, მიხაელ მინძაევის მოშორება, ხოლო ამის შემდეგ პირდაპირ გადავლენ იური მოროზოვზე. "მინძაევი გახლავთ ის პიროვნება, რომელსაც კარგად ესმის კანონის უზენაესობა და რომელიც ეწინააღმდეგება კოკოითის ხელისუფლებას. რაც შეეხება მოროზოვს, ამ ბოლო პერიოდში ის გამოირჩევა იმით, რომ თავისი საქმიანობით გაემიჯნა კოკოითს, გახდა ძალიან დამოუკიდებელი, რაც არაფრით არ აწყობს დე ფაქტო პრეზიდენტს. "ედუარდ კოკოითი ასე მოქმედებს: მან ჯერ ვლადიმერ ცხოვრებოვი მოიშორა, დაიჭირა ყოფილი დე ფაქტო თავდაცვის მინისტრი, რასაც მოჰყვა სისხლის სამართლის საქმის აღძვრა ყოფილი დე ფაქტო განათლების მინისტრის, ალა ჯიოევას წინააღმდეგ. "შემდეგი მიხეილ მინძაევი იქნება, მას აუცილებლად მოიშორებს კოკოითი თავიდან და ამის შემდეგი ნაბიჯი დე ფაქტო ხელისუფლებიდან მოროზოვის მოშორება იქნება. სწორედ ამ გზით ცდილობს კოკოითი თავისი არსებობის შენარჩუნებას, იმისთვის, რომ ზუსტად ქალაქ ცხინვალში არ დაკარგოს ძალაუფლება. მისი ეს ქმედებები საბოლოოდ გამოიწვევს იმას, რომ კოკოითს აუცილებლად მოიშორებენ და სხვათა შორის, ეს არ იქნებიან ქართველები". "რ": ვინ ცდილობს ედურდ კოკოითის მოშორებას. ვ.ს: "მე ვფიქრობ, რომ ეს იქნებიან ის ადამიანები, რომლებიც მასთან ერთად არიან ჩართული ფინანსურ მაქინაციებში, მისივე სხვადასხვა კრიმინალური სტრუქტურები". ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე მიიჩნევს, რომ კოკოითის მთავრობაში ჯიოევას გადაყენების გამო რაიმე როტაცია მოსალოდნელი არ არის. მამუკა არეშიძე: "ეს პიროვნება, ალა ჯიოევა საკმაოდ ცნობილი პიროვნება გახლავთ. ცნობილი არა იმით, რომ განათლების სფეროში გაითქვა განსაკუთრებით სახელი, არამედ იმიტომ, რომ გახლართული იყო პოლიტიკურ ინტრიგებში. ცხინვალის საზოგადოება აღნიშნავს, რომ ის თანამდებობაზე სრულიად უსამართლოდ მოხვდა. "ძალიან რთული სათქმელია, მოხდება თუ არა სხვა პირების გათავისუფლებაც სხვადასხვა თანამდებობებიდან. არც ისაა ცნობილი, იგეგმება თუ არა რაიმე განსაკუთრებული როტაცია ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებაში. ალა ჯიოევა იყო ოდიოზული ფიგურა, თვითონ ცხინვალში ეძახდნენ "ვისკაჩკას". ვიმეორებ, რომ თანამდებობაზე ის სრულიად შემთხვევით მოხვდა, გარკვეული ინტრიგებისა და პირადი ინიციატივის გამო. "მე მაინც ვფიქრობ, რომ მისი გათავისუფლება პირად ქმედებებთან უფროა დაკავშირებული, ვიდრე რაიმე როტაციასთან დე ფაქტო ხელისუფლებაში. "ასეთი პროცესები ცხინვალში ბევრჯერ მომხდარა. მაგალითად, როდესაც დე ფაქტო ხელისუფლება გრძნობს, რომ პრობლემატიკას ვერ აუდის, ჩამოჰყავს მოსკოვიდან ვიღაც პიროვნება, რომელსაც ნიშნავს, ვთქვათ, პრემიერ-მინისტრად ან სხვა მაღალ თანამდებობებზე, როგორც მოხდა ეს სანაკოევის შემთხვევაში. მერე კი ხშირ შემთხვევაში იცვლება მთავრობის შემადგენლობა. "მეორე მიზეზი შეიძლება ისიც იყოს, თანამდებობაზე დანიშნული პირი არ ასრულებდეს თავის მოვალეობებს და უფრო მეტ ფულს იდებდეს ჯიბეში, ვიდრე გათვალისწინებულია "რეგლამენტით". არის შემთხვევა, როდესაც ეჭვი შეაქვთ მაღალი პირის ქარველების მიმართ ლოიალურობაში, როგორც მოხდა ალან პარასტაევის შემთხვევაში. ის იყო გენერალური პროკურორი, გახსოვთ ალბათ, რომ ის სასტიკად აწამეს. "მოკლედ, არსებობს მრავალი მიზეზი და ამ ფაქტის ცალსახად შეფასება ცოტა ძნელია", - აცხადებს არეშიძე.
(c) გაზეთი " რეზონანსი "
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |