"რეზონანსი "
# 34
პარასკევი, 8 თებერვალი, 2008 წელი

რისთვის იქმნება ორი ფონდი ბიუჯეტის ხარჯზე ? კოვზანაძე: "გარკვეული კითხვები მაქვს ფონდების მართვასთან დაკავშირებით"

რუსიკო მაჩაიძე

მთავრობა ბიუჯეტის ახალი პრინციპით დაგეგმარებასთან ერთად ფონდების შექმნის ინიციატივით გამოდის. მთავრობის მიერ მომზადებული კანონ-პროექტთა პაკეტი "საფინანსო სექტორის გლობალური კონკურენტუნარიანობის შესახებ" ორი ფონდის შექმნას ითვალისწინებს. აქედან ერთ-ერთი კონფლიქტური რეგიონების ეკონომიკური განვითარებისთვის იქნება გათვალისწინებული.

პოლიტოლოგები და კონფლიქტოლოგები ამ ინიციატივას კონფლიქტის მოგვარებისათვის წინგადადგმულ ნაბიჯად აფასებენ. თუმცა ეკონომიკის ექსპერტები აცხადებენ, რომ პრობლემა ამ ინიციატივის შესრულებასა და ფონდების რეალურ მართვაში იქნება.

მთავრობის ინიციატივით შემუშავებული ახალი ფისკალური პარადიგმა ითვალისწინებს ბიუჯეტის დაგეგმვაში გარკვეული კორექტივების შეტანას. აქედან უმთავრესია ბიუჯეტში სავალდებულო ფისკალური პროფიციტის არსებობა (ანუ ნაშთის მოცულობა უნდა იყოს მთლიანი შიდა პროდუქტის მინიმუმ 0,1%), ინფლაციის შემცირება და ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა.

სავალდებულო პროფიციტი კი შეავსებს საგანგებო ფოდებს.

გათვალისწინებულია ორი სპეციალური ფონდის - "მომავალი თაობების ფონდისა" და "სტაბილური განვითარების ფონდის" შექმნა, რომლებშიც მოხდება ფისკალური პროფიციტის და საპრივატიზაციო შემოსავლების აკუმულირება.

"მომავალი თაობების ფონდში" შევა ფისკალური პროფიციტის 30%-მდე, კაპიტალური შემოსავლების 75%. ასევე დაგეგმილია სახელმწიფო მფლობელობაში არსებული ძირითადი აქტივების გარკვეული წილების გადატანა ამ ფონდში.

პროექტის თანახმად, ფონდს მართავს ტენდერის გზით შერჩეული წამყვანი საერთაშორისო ბანკი.

ფონდის გამოყენების მიზნებია: საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ადღგენის შემეგ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიის სწრაფი ეკონომიკური რეაბილიტაცია-რეინტეგრაცია და სხვა მსგავსი ტიპის გამოწვევების მოგვარება.

"სტაბილური განვითარების ფონდში" შევა ფისკალური პროფიციტის 30%-მდე და კაპიტალური შემოსავლების 25%. პროექტის თანახმად, ეს ფონდი იმართება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ.

ფონდი შეიძლება გამოყენებულ იქნას საქართველოს დინამიკური განვითარებიდან გამომდინარე პერიოდულად წარმოქმნილ გამოწვევებზე ეფექტური რეაგირებისა და საბიუჯეტო ციკლურობის განეიტრალებისთვის.

აღსანიშნავია, რომ ბოლო წლების განმავლობაში, როდესაც წლის დასაწყისში დამტკიცებული ბიუჯეტი წელიწადში რამდენჯერმე იზრდება, ოპოზიცია მუდმივად აყენებს საკითხს, რომ ეს თანხები მიმდინარე წლის ბიუჯეტში კი არა, საგანგებო ფონდში უნდა ირიცხებოდეს.

ეს საკითხი სულ რამდენიმე თვის წინ უმრავლესობის ყოფილმა წევრმა ლადო პაპავამ კიდევ ერთხელ დააყენა. ცხადია, იმის გამო, რომ დაგეგმილის რამდენჯერმა გაზრდას თავისი პრობლემები ახლავს, თუნდაც ინფლაციის ზრდის საშიშროების თვალსაზრისით. სწორედ ამიტომ ექსპერტები ფონდის შექმნას ყველაზე მნიშვნელოვნად ასახელებენ, თუმცა, ორი-სამი თვის წინ მთავრობა მაინც ამის წინააღმდეგი წავიდა. ახლა კი აღმოჩნდა, რომ ეს პრინციპი არათუ მისაღებია, არამედ აუცილებელიც არის.

მთავრობის ამ პოზიციას განსაკუთრებით იმიტომაც აქვს მნიშვნელობა, რომ ერთ-ერთი ფონდი კონფლიქტური რეგიონების ეკონომიკური განვითარებისთვის იქმნება, ცხადია, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შემდეგ.

აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილი ამ ფოდის შექმნას სწორედ კონფლიქტების მოგვარებისადმი ხელისუფლების მიდგომის შეცვლას უკავშირებს.

"ამ ფონდის შექმნას ფისკალურ მნიშვნელობაზე გაცილებით მეტი მნიშვნელობა აქვს. ეს არის ძალიან კარგი, რადგან მარტო იმაზე კი არ უნდა ვილაპარაკოთ, რომ აი, ჩვენ დავიბრუნებთ და ა.შ, არამედ იმაზე, თუ ამისათვის და ამის შემდეგ რას გავაკეთებთ. ამ ხალხს უნდა ვანახოთ, რომ შესაბამისი ეკონომიკური რესურსი გაგვაჩნია და ეს უბრალო ლაპარაკი არ არის. უნდა დავანახოთ, რომ რეალური ფული არსებობს იმისათვის, რომ მოგვარდეს პრობლემა," - აცხადებს თემურ იაკობაშვილი.

რაც მთავარია, მისი თქმით, წესით, ეს ინიციატივა კონფლიქტის მეორე მხარისთვისაც მისაღები უნდა იყოს.

"საერთოდ ადამიანისთვის, როგორც წესი, მიუღებელი არის ის, რისიც ეშინია. ფონდის შექმნაში კი შესაშინებელი რა არის. შესაშინებული არის ის, როდესაც ტანკების და იარაღის ყიდვა ხდება. ეს ფული კი ისევ მათი კეთილდღეობისთვის უნდა დაგროვდეს.

"რაც შეეხება იმას, თუ ამას როგორ აღიქვამენ, აღქმა ცოტა ისეთი თემაა, რომ ამაზე აქცენტი არ უნდა კეთდებოდეს. ჩვენ რაღაცას ვაკეთებთ არა იმისათვის, რომ ვიღაცამ დაინახოს, არამედ იმისთვის, რომ ვალდებულნი ვართ მოსახლეობის წინაშე. მე ვფიქრობ, რომ ამას ყველანი ძალიან ადეკვატურად აღიქვამენ," - აცხადებს თემურ იაკობაშვილი.

ცხადია, მნიშვნელობა აქვს იმასაც, თუ ეს თანხა კონკრეტულად რაში დაიხარჯება და ეკონომიკურ რეაბილიტაციაში ზუსტად რა იგულისხმება. თუმცა, ამაზე მთავრობა ჯერ-ჯერობით ვერ საუბრობს.

"როგორც გითხარით, მთავარი არის ის, რომ ფონდი იქმნება. ეს ფონდი რომ იარსებებს და თანხა დაგროვდება, საქმე საქმეზე რომ მიდგება, კონკრეტული პროექტები მაშინ გაიწერება. ახლა შემიძლია გითხრათ, რომ ადამიანები რომ დაბრუნდებიან და ასევე იქ რომ დახვდებიან, ამ ადამიანებს მოხმარდებათ," - აცხადებს თემურ იაკობაშვილი.

ექსპერტები ეკონომიკურ და ფინანსურ საკითხებში ამ ინიციატივას ზოგადად დადებითად აფასებენ. თუმცა, მათი თქმით, გაურკვეველია, ამ ფონდების მართვა როგორ განხორციელდება.

"ცხადია, ფონდების შექმნა არის აპრობირებული მეთოდი. თუმცა, გარკვეული კითხვები გამაჩნია ამ ფონდების მართვასთან დაკავშირებით და ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი საკითხებია. ამ საკითხებს კარგად განხილვა ესაჭიროება და გადაწყვეტილება მხოლოდ ამის შემდეგ უნდა იქნას მიღებული," - აცხადებს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე.

როგორც ჩანს, ეს საკითხი მართლაც პრობლემურია, რადგან მთავრობა აპირებს, როცა დასჭირდება, ამ ფონდების თანხა გამოიყენოს. ყოველ შემთხვევაში, გუშინ, მთავრობის საპარლამენტო მდივანმა სწორედ ასეთი პასუხი გასცა ლადო პაპავას. პაპავა იმით დაინტერესდა, გლობალური უარყოფითი ეკონომიკური პროცესების განვითარების შემთხვევაში, პროფიციტულად დაგეგმილ ბიუჯეტს რა მოუვიდოდა და გია ხუროშვილმა უპასუხა - ფონდებში არსებულ თანხას გამოვიყენებთო.

სწორედ ამ პრობლემაზე საუბრობს ოპოზიციაც.

"საერთოდ მიმაჩნია, რომ მთლიანად ეს პაკეტი არასწორია, ვინაიდან მიდგომაა არასწორი. ამ პაკეტით პროფიციტული ბიუჯეტის არსებობას აკანონებენ. მაგრამ, მეც მაინტერესებს და ეს კითხვა ლადო პაპავამაც დასვა - ვთქვათ, ისე განვითარდა მოვლენები, რომ ვერ შესრულდა ასე ბიუჯეტი, მაშინ რას ვიზამთ.

"ხუროშვილმა გვიპასუხა, მაშინ კანონში ცვლილებას შევიტანთ და ფონდის თანხას გამოვიყენებთო. რატომ უნდა შევიდეს ცვლილება. ბიუჯეტის პროფიციტულობის თუ დეფიციტულობის, ასევე შემოსავლითი და ხარჯვითი ნაწილის განსაზღვრა ხდება მთავრობის მიერ წინა წლის განმავლობაში არსებული მონაცემების მიხედვით. ამის მიხედვით ვღებულობთ ყველაზე სერიოზულ და ყველაზე მნიშვნელოვან ორგანულ კანონს ბიუჯეტის შესახებ, რომელიც არის ყველაზე მნიშვნელოვანი ფინანსური კანონი ქვეყანაში. ამ კანონის მიღება ყოველწლიურად ხდება და აქ უნდა მოხდეს ცვლილების შეტანა. თუ საჭიროა, პროფიციტურის და, თუ კი საჭიროა, დეფიციტურის.

"მაგრამ დღეს ეს კეთდება იმიტომ, რომ ამის ავტორს უნდოდა, დაემტკიცებინა, თითქოს რაღაც ახალი შემოაქვს. ეს არის და ეს. ამიტომაც ეს ფონდებიც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას," - აცხადებს ფრაქცია "მრეწველების" თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძე.



(c) გაზეთი " რეზონანსი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი



2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com