|
|
"რეზონანსი "
სზო: სააკაშვილმა "რუსთავი 2" მის მხარდამჭერ გასართობ არხად აქცია გიორგი ფუტკარაძე
"კრიტიკის მიმართ ქართული ხელისუფლების შეუწყნარებლობამ და სუსტმა სასამართლომ შეარყია "ვარდების რევოლუციის" მთავარი მონაპოვარი - პრესის თავისუფლება და მედიასთან ხანმოკლე "თაფლობის თვე" "ვარდების რევოლუციის" შემდეგ ამით დასრულდა", - ასე აფასებს ორგანიზაცია "ჟურნალისტთა დაცვის საერთაშორისო კომიტეტი" (სწტქშეეუუ ეწ ზკწეუსე ოწგკტფდშთეთ) მასმედიის მდგომარეობას საქართველოში. "თავდასხმები პრესაზე 2007 წელს" - ასე ჰქვია აღნიშნული კომიტეტის დასკვნას, რომელიც საზღვარგარეთ სამუშაოდ მყოფმა ამერიკელმა კორესპონდენტებმა მსოფლიოს მედისაშუალებათა პრობლემებზე შექმნეს. აღნიშნული მასალები ყოველწლიურად ავტორიტარული მთავრობებისა და სხვადასხვა სტრუქტურების მხრიდან უცხოელი ჟურნალისტების შევიწროების საპასუხოდ ქვეყნდება. დოკუმენტის ავტორები ვრცლად მიმოიხილავენ 2007 წელს მედიის მდგომარეობას საქართველოში და განსაკუთრებით ნოემბრის მოვლენებს აკრიტიკებენ. "გამძვინვარებულმა სააკაშვილმა, შურისძიების მიზნით, ტელეკომპანია "იმედი" და "კავკასია" დახურა იმ დროს, როცა დანარჩენ არხებზე ძირითადად ხელისუფლების მხარდამჭერი სიუჟეტები გადიოდა", - ვკითხულობთ დასკვნაში, რომლის არაოფიციალურ თარგმანს "მედია.გე" აქვეყნებს. ამასთან განსაკუთრებული ყურადღება გამახვილებულია ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ზე და როგორც დასკვნის ავტორები აცხადებენ, სააკაშვილის მთავრობამ ტელემაუწყებლობაზე გავლენის მოპოვების მიზნით არაერთი მედიასაშუალება და მათ შორის ტელეკომპანია "რუსთავი 2" წამყვანი ტელერხიდან, პრეზიდენტის მხარდამჭერ და გასართობ ტელეარხად აქცია. "მოვლენების განვითარებამ აპოგეას 2006 წელს მიაღწია, როდესაც "რუსთავი 2"-ის ხელმძღვანელობამ საკადრო ცვლილებებისას დაიქირავა ხელისუფლებისადმი ლოიალური ადამიანები, ტელეარხი ორ კომპანიასთან გაერთიანდა და გაიყიდა ნაკლებად ცნობილ ჰოლდინგზე - შპს "გეოტრანსზე". ამ ნაბიჯით არხი კიდევ უფრო დაშორდა საინფორმაციო მაუწყებლის კონცეფციას", - აღნიშნულია დასკვნაში. ჟურნალისტთა საერთასორისო კომიტეტი მიიჩნევს, რომ სახელისუფლებო სტრუქტურები მედიას ან მტრად ან მოკავშირეებად განიხილევენ. ამასთან, კომიტეტი ქართული რეგიონალური მასობრივი ინფორმაციის საშუალებების რთულ მდგომარეობასაც მიიმოიხილავს და აღნიშნავს, რომ ისინი ხელისუფლების კრიტიკის გამო ძალიან ხშირად დევნას განიცდიან. კომიტეტი ასევე საქართველოში პრესის კანონებსაც ეხება და მათ "პროგრესულს" უწოდებს, თუმცა აღნიშნავს, რომ კომუნიკაციების ეროვნული კომისია და ხელისუფლების მიმართ ლოიალურად განწყობილი "თავისუფლების ინსტიტუტი" მაუწყებელთა ქცევის კოდექსით ჟურნალისტების შემზღუდავი ნორმების დაწესებას ცდილობს. "ადგილობრივი პრესის ცნობით, ჟურნალისტებს უჭირთ სახელმწიფო ორგანოების მუშაობის შესახებ ელემენტარული ინფორმაციის მიღება, რადგან სახელმწიფო ჩინოვნიკები ფაქტიურად იგნორირებენ კანონით გარანტირებული ინფორმაციის თავისუფლებას, პრესასთან ურთიერთობის პასუხისმგებელი ჩინოვნიკები კი უარს ამბობენ პრესასთან თანამშრომლობაზე. ამ სირთულეების მიუხედავად, ჟურნალისტები ააშკარავებდნენ ხელისუფლების მხრიდან ძალაუფლების ბოროტად გამოყენების ფაქტებს, რითაც ხელს უწყობდნენ საზოგადოებრივი აზრის ფორმირებას", - აღნიშნულია დასკვნაში. "რადიო თავისუფლების" ერთ-ერთი წამყვანი ჟურნალისტი ია ანთაძე მთავარ პრობლემას მედიამფლობელების, კერძოდ კი ტელევიზიების მეპატრონეების ხელისუფლებასთან სიახლოვეში ხედავს. როგორც ჟურნალისტი მიიჩნევს, მედიამფლობელები არ არიან გამიჯნული აღმასრულებელი ხელისუფლებისაგან და არ არიან მოწოდებულნი ხალხს რეალური, ობიექტური ინფორმაცია მიაწოდონ, რადგან, როგორც ანთაძე თვლის, წინააღმდეგ შემთხვევაში ხელისუფლება მათ დაშანტაჟებას შეეცდება. "ტელევიზიების მეპატრონეები პრაქტიკულად ყველა იყო პოლიტიკურად ანგაჟირებული და შესაბამისად, მათი ტელევიზიებიც იყო ასეთი. ჩვენ 2007 წლის გაზაფხულზე ჩავატარეთ კვლევა, თუ როგორი მდგომარეობა იყო საინფორმაციო პროგრამებზე ბალანსის თვალსაზრისით და ასეთი შედეგი მივიღეთ: ყველაზე მეტად იყო დაბალანსებული "ქრონიკა", თუმცა ის თოქშოუები და "დროება", რაც "იმედზე" გადიოდა, უკვე შლიდა იმ ეფექტს, რაც "ქრონიკას" ჰქონდა, რადგან იყვნენ დაუბალანსებლები", - აღნიშნავს ანთაძე. ჟურნალისტი ასევე ყურადღებას საზოგადოებრივ მაუწყებელზე ამახვილებს და აღნიშნავს, რომ საზოგადოებრივი არხის საინფორმაციო პროგრამა "მოამბე", რომლის პირდაპირი მოვალეობა მოვლენათა კეთილსინდისიერი აღნუსხვა იყო, საკუთარ ფუნქციას არ ასრულებდა. "მაუწყებელი ვერ ასრულებდა თავის ფუნქციას, იყო პოლიტიკურად ანგაჟირებული და მივიღეთ ის, რომ დავრჩით ინფორმაციულ ვაკუუმში. ეს განსაკუთრებით იგრძნობოდა წინასაარჩევნო პერიოდში და უფრო მძაფრად უკვე არჩევნების შემდგომ. პრაქტიკულად არ იყო ინფორმაცია, ოპოზიცია აპროტესტესტებდა, ხელისუფლება უარყოფდა და ინფორმაციას არც ერთი ტელევიზია არ იძლეოდა", - აცხადებს ჟურნალისტი, რომელსაც ამ მდგომარეობიდან გამოსავლად ხელისუფების მიერ პოლიტიკური ნების გამოვლენა მიაჩნია. "საზოგადოებრივი მაუწყებელი უნდა იყოს კეთილსინდისიერი მოთამაშე და უნდა მიაწოდოს საზოგადოებას დაბალანსებული ინფორმაცია. რაც შეეხება კერძო ტელევიზიებს, ეს ბიზნესია და როგორც კი ბიზნესი გათავისუფლდება ხელისუფლების კლანჭებიდან, დარწმუნებული ვარ, შეიქმნება თავისუფალი და არააანგაჟირებული ტელევიზიები", - აღნიშნავს ჟურნალისტი, რომელიც ჟურნალისტთა დაცვის მექანიზმებზეც ამახვილებს ყურადღებას და მიიჩნევს, რომ უნდა ამოქმედდეს საკონტრაქტო სისტემა, განსაკუთრებით კი საზოგადოებრივ მაუწყებელთან მიმართებაში, რათა ჟურნალისტები დაცული იყვნენ რომელიმე ხელმძღვანელის ზეგავლენისგან. "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარე გიორგი ჩხეიძე დასკვნის გაცნობისას მის სწორ აქცენტებზე ამახვილებს ყურადღებას და აღნიშნავს, რომ პრობლემები ნამდვილად არსებობს და მათ მოგვარება აუცილებლად სჭირდებათ. "ერთია კარგი მედიაკანონმდებლობა და მეორე - ამის ცხოვრებაში გატარება. ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს ჟურნალისტის გამოხატვის თავისუფლება. ხშირია ამ მხრივ პრობლემები, რაც ნაწილობრივ იმითაცაა გამოწვეული, რომ მედიამფლობელების საკითხი ხშიურად გაუმჭვირვალეა", - აღნიშნავს ჩხეიძე. მისი თქმით, "საია"-მ კომუნიკაციების მარეგულირებელი სააგენტოდან ტელეარხების მფლობელებზე ინფორმაცია გამოითხოვა, თუმცა ამ დოკუმენტების მიხედვით, როგორც ჩხეიძე აცხადებს, შეუძლებელია იმის გარკვევა, თუ ვინ არის ამა თუ იმ ტელეარხის მფლობელი. "ძალიან დიდი პრობლემა არის ასევე რეგულირების საკითხი. გასულ წელს სერიოზულად იყო ამაზე საუბარი, თუმცა მე მიმაჩნია, რომ ეს თავად ჟურნალიტებმა უნდა განახორციელონ, წინააღმდეგ შემთხვევაში ამაში სახელმწიფო ჩაერევა", - აცხადება "საია"-ს თავმჯდომარე.
(c) გაზეთი " რეზონანსი "
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |