|
|
"რეზონანსი "
რატომ არ უხდიან კომპენსაციას ღორის ჭირით დაზარალებულ ქართველ ფერმერებს: სომხეთის მთავრობამ მონტგომერის დაავადებით დაზარალებულებს 1,5 მილიონი დოლარი გამოუყო ნინო ფრანგიშვილი
სომხეთის მთავრობა, მონტგომერის ეპიდაფეთქების დროს მიყენებული ზარალისთვის ფერმერებს კომპენსაციებს გადაუხდის. სააგენტო "რეგნუმის" ცნობით, სომხეთში ღორის აფრიკული ჭირით 2007 წელს 18 805 სული ღორი დაეცა, სრული რაოდენობის დაახლოებით 12%. კომპენსაციის სახით კი დაზარალებული ფერმერებისათვის 479 მლნ დრამი (1,5 მილიონი დოლარი) გამოიყო, რაც დაახლოებით 2,4 მლნ ლარს შეადგენს. ყოველი დაცემული თუ განადგურებული ღორის 1 კგ-ზე დაზარალების მომენტში არსებული საბაზრო ღირებულების 75% ანაზღაურდება, რაც დაახლოებით 5,3 ლარს შეადგენს. მონტგომერის დაავადებამ სერიოზული ზარალი მიაყენა საქართველოს სოფლის მეურნეობასაც. სტატისტიკის დეპარტამენტიდან მიღებულ მონაცემებზე დაყრდნობით, ქვეყანაში, სავარაუდოდ 517 366 სული ღორი იყო აღრიცხული. მიმდინარე წელს ღორის აფრიკული ჭირის დაავადებით დაცემული და იძულებით დახოცილია 85 469 სული ღორი. თუმცა მეზობელი სომხეთისაგან განსხვავებით, ქართველი ფერმერებისათვის აფრიკული ჭირით დაცემული თუ იძულებით განადგურებული ღორებისათვის ზარალის თუნდაც ნაწილობრივ ანაზღაურებას საქართველოს მთავრობა არც კი ფიქრობს. "რეზონანსთან" საუბარში სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის უფროსი ლევან ორკოშნელი ამბობს, კომპენსაციის გაცემის საკითხები მისი სამსახურის კომპეტენციაში არ შედის. საერთაშორისო კანონმდებლობა, საქონლის იძულებით დახოცვის შემთხვევაში პატრონებისთვის კომპენსაციის გაცემას ითვალისწინებს. რამდენად დაირღვა საქართველოში იმ ფერმერებისა და მოსახლეობის უფლებები, ვისაც მთავრობამ პრევენციის მიზნით ღორები გაუნადგურა, კომპენსაციაზე კი საუბარიც არ ყოფილა. როგორც სახალხო დამცველი სოზარ სუბარი "რეზონანსთან" საუბარში აღნიშნავს, დაზარალებულებისთვის კომპენსაციის გადახდა არა მხოლოდ საერთაშორისო, არამედ საქართველოს კანონმდებლობაშიცაა გათვალისწინებული. "საქართველოს კანონმდებლობით, კომპენსაცია წინასწარ უნდა იყოს გადახდილი, სანამ სახელმწიფოს მხრიდან, რაიმე მიზეზის გამო, ქონების ექსპროპრიაცია მოხდება. ეს არა მხოლოდ პირუტყვის განადგურებას, არამედ საერთოდ მოქალაქეების ქონებასაც ეხება. ესაა "საზოგადოებრივი საჭიროებისას, გადაუდებელი აუცილებლობისას საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ ორგანული კანონი". ამის მიხედვით დაზარალებულებმა ანაზღაურება უნდა მიიღონ, რომელიც ამ საქონლის საბაზრო ფასის ადეკვატური ღირებულებას უნდა შეესაბამებოდეს. ეს უნდა იყოს სამართლიანი ფასი და საბაზრო ფასთან მიახლოებული. "ჩვენ ანალოგიურ შემთხვევებზე სერიოზული ხმაური ავტეხეთ, როდესაც აჭარაში, ქათმის გრიპის გამო მოსახლეობაში ქონების, ანუ ფრინველის განადგურება მოხდა. ძალიან დიდი ხნის მანძილზე კომპენსაცია გადახდილი არ იყო და ამაზე მაშინდელ პრემიერ-მინისტრს, ზურაბ ნოღაიდელს სპეციალური რეკომენდაციით მივმართეთ, რათა კომპენსაცია გადაეხადათ. სამწუხაროდ, მათ ეს კომპენსაცია ძალიან გვიან გადაიხადეს, რაც უკვე კანონდარღვევა იყო. "სამწუხაროდ, რეგიონებში ღორების განადგურებასთან დაკავშირებით კომპენსაციის შესახებ არავის მოუმართავს. არც მონიტორინი ჩაგვიტარებია, თუ რამხელა ზარალი მიადგა იგივე კახეთს. თუმცა ახლა, თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაციის შემდეგ, აუცილებლად დავინტერესდებით ამ საკითხით. ჩვენ შევისწავლით ვითარებას და რეკომენდაციას გავუწევთ მთავრობას, რათა ღორის აფრიკული ჭირით დაზარალებულ ოჯახზებზე კომპენსაციები გაიცეს," - ამბობს სუბარი.
(c) გაზეთი " რეზონანსი "
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |