"რეზონანსი "
# 34
პარასკევი, 8 თებერვალი, 2008 წელი

წინასაარჩევნოდ დასაქმების ახალი პროგრამა დაიწყება: ირაკლი გიორგობიანი: "წელს მიმდინარე პროგრამისთვის 47 მილიონი დაიხარჯება"

ეკა გულუა

ხელისუფლება საპარლამენტო არჩევნებამდე დასაქმების ახალი პროგრამის დაწყებას გეგმავს, რომელიც არა მხოლოდ თბილისს, არამედ რეგიონებსაც შეეხება. ოპონენტები აღნიშნულ ინიციატივას საპარლამენტო არჩევნებში მოსახლეობის გულის მოსაგებად გათვლილ პროექტს უწოდებენ და ხელისუფლებას ამომრჩეველთა ხმების ყიდვაში კიდევ ერთხელ ადანაშაულებენ.

ჯერჯერობით ახალი პროგრამის შესახებ ცნობილი მხოლოდ ისაა, რომ იგი ამჟამად მიმდინარე დასაქმების 3-თვიანი პროგრამის დასრულების შემდეგ დაიწყება. სხვა დეტალები კი, რომელიც პროგრამის ხანგძლივობასა და დასაქმებულთა ანაზღაურებას ეხება, უახლოეს მომავალში გამოცხადდება.

მიმდინარე დასაქმების პროგრამასთან და ახალ ინიციატივასთან დაკავშირებით "რეზონანსს" შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინიტრის პირველი მოადგილე ირაკლი გიორგობიანი ესაუბრა.

"რეზონანსი": დასაქმების მიმდინარე პროგრამაში რამდენმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, რა თანხა გაიცა და შემდეგი მე-2 ეტაპი როდის დასრულდება.

ირაკლი გიორგობიანი: პირველ თვეში პროგრამაში მონაწილეობა 110 000-მდე ადამიანმა მიიღო. შესაბამისად, თითოეულ ადამიანზე პირევლი ეტაპისთვის თვეში 200 ლარი გაიცა. რაც შეეხება მეორე ეტაპს, თანხის ასაღებად "სახალხო ბანკს" ამ წუთისათვის უკვე 35 000-მა ადამიანმა მიაკითხა. თანხის გაცემა მანამ გაგრძელდება, სანამ იმ რაოდენობის ადამიანები არ აიღებენ, რომლებმაც პროგრამაში მონაწილეობა გააგრძელეს. რაც შეეხება მესამე თვეს, თანხის გაცემა, სავარაუდოდ, მარტის მეორე ნახევრიდან დაიწყება.

"რ": პირველი თვის განმავლობაში რა სახის პრობლემები გამოიკვეთა. მაგალითად, ამ პროგრამაში მონაწილეობენ ადამიანები, რომლებიც არც გადამზადებას გადიან, არც არსად მუშაობენ, უბრალოდ, დამსაქმებლები ბეჭედს ურტყამენ და თანხას ღებულობენ. მსგავს ინფორმაციებს ფლობთ.

ი.გ: პროგრამის წარმატებაზე საუბარი მას შემდეგ შეგვეძლება, რაც პროგრამა დასრულდება და გავიგებთ, სამუშაო ადგილი რამდენმა ადამიანმა შეინარჩუნა. ეს ასევე დამოკიდებულია დამსაქმებლებზე, ანუ იმაზე, ამ ადამიანების კვალიფიკაცია მათ რამდენად დააკმაყოფილებთ.

ჩვენ ვვარაუდობთ, რომ შედეგი საკმაოდ წარმატებული იქნება, რადგანაც პროგრამა დაახლოებით 2 წლის წინ დაიწყო და მაშინ არსებული ხარვეზები მეტნაკლებად გამოსწორდა.

რაც შეეხება კითხვის მეორე ნაწილს, როცა პროგრამაში ჩართულები მხოლოდ თანხას იღებენ, მსგავსი ხმები არსებობს. არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ დაახლოებით 110 000 ადამიანზეა საუბარი და შესაბამისი ორგანოები ამას მაქსიმალურად გააკონტროლებენ. თავად დამსაქმებლებიც დაინტერესებულები არიან, რომ რაც შეიძლება მეტი მუშახელი მიიზიდონ. ამიტომ არც მათ ინტერესებში შედის, რომ პროგრამის მონაწილეს ბეჭედი ჩაურტყან და ამით თავიდან მოიცილონ.

"რ": ამ ერთი თვის განმავლობაში ჩადებული თანხა მთლიანად ათვისებულია.

ი.გ: 2007 წელს პროგრამისთვის გათვალისწინებული იყო 22 მილიონი ლარი, 2008 წელს კი - 47 მილიონო ლარი. ბუნებრივია, ერთი თვის განმავლობაში გასაცემი თანხა ათვისებულია.

"რ": იქნებ გვითხრათ, ერთი თვის გამოცდილებიდან გამომდინარე, პროგრამაში ჩართული რამდენი ადამიანი შეინარჩუნებს სამსახურს.

ი.გ. სამწუხაროდ, ამ ეტაპისთვის ძნელია პროგნოზი, რამდენი ადამიანი დასაქმდება ან შეინარჩუნებს სამსახურს. ამაზე საუბარი პროგრამის მესამე ეტაპის დასრულების შემდეგ იქნება შესაძლებელი.

"რ": აღნიშნული 3 - თვიანი პროგრამის დასრულების შემდეგ დასაქმების კიდევ ერთი ახალი პროგრამა უნდა დაიწყოს. იქნებ გვითხრათ, როდის დაიწყება, რა თანხა იქნება გამოყოფილი და კონკრეტულად რას ითვალისწინებს ეს პროგრამა.

ი.გ: ამ საკითხზე ამ ეტაპზე მთავრობა მუშაობს. მას პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს. ოფიციალური განცხადებები მხოლოდ მას შემდეგ გაკეთდება, რაც პროგრამის ყველა დეტალი ჩამოყალიბებული იქნება.

"რ": ახალი პროგრამა საპარლამენტო არჩევნებამდე დაიწყება.

ი.გ: დიახ, უახლოეს მომავალში.

"რ": ახალი პროგრამა მხოლოდ თბილისს შეეხება, თუ რეგიონებსაც.

ი.გ: რა თქმა უნდა, პროგრამა გაფართოვდება და მხოლოდ თბილისს არ მოიცავს. ის რეგიონებსაც შეეხება.

"რ": თანხა თუა განსაზღვრული, თვეში ისევ 200 ლარი დარჩება თუ მეტი.

ი.გ: არ ვიცი. ჯერჯერობით დაზუსტებული არ არის და ვერ გეტყვით.

"რ": ვადა ხომ არ არის განსაზღვრული, ეს პროგრამა რა პერიოდს მოიცავს - ერთთვიანი იქნება, თუ უფრო ხანგრძლივი.

ი.გ: ეს ჯერ განსაზღვრული არ არის. ჩამოყალიბებული იდეა უახლოეს მომავალში გაჟღერდება.



(c) გაზეთი " რეზონანსი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი



2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com