|
|
"რეზონანსი "
თბილისში წელს უჩვეულოდ ცივი ზამთარია. უკვე თვეზე მეტია, ღამე ტემპერატურა ნულ გრადუსზე დაბალია ქეთი თოდუა
ყინვებს მარტო ტემპერატურის მხრივ არ გამოუწვევია მოსახლეობის დისკომფორტი. პრობლემები შეიქმნა გზებზეც. დაბალმა ტემპერატურამ გზების საფარი დააზიანა. მძღოლებისთვის ეს დიდი პრობლემაა, რადგან გარდა იმისა, რომ ქალაქში უფრო ძნელი გახდა გადაადგილება, გაფუჭებული გზები მანქანებსაც აზიანებს. გამომდინარე იქიდან, რომ დედაქალაქში ჯერ კიდევ ყინვებია, შეუძლებელია გზების შეკეთება. მათი რემონტი მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი, როცა ამინდები საბოლოოდ გაუმჯობესდება. თბილისის კეთილმოწყობის სამსახურში უკვე ზრუნავენ გზების პრობლემის მოგვარებაზე, თუმცა, ამინდების გამო, ჯერ გზების მასობრივი რემონტი არ დაუწყიათ. ჯერჯერობით, მხოლოდ დროებით ზრუნავენ გზების ხელდახელ შეკეთებაზე. როგორც თბილისის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა, ტიტე რუხაძემ "რეზონანს" განუცხადა, როგორც კი ამინდები გამოვა, მაშინვე დაიწყებენ გზების შეკეთებას: "რა თქმა უნდა, ვაპირებთ გზების შეკეთებას, მაგრამ ეს დამოკიდებულია ამინდზე. კარგად მოგეხსენებათ, რომ ღამე ძლიერი ყინვებია და ამ პირობებში გზის დაგება არ შეიძლება. დროებით, როგორც შეგვიძლია ვასწორებთ გზებს. სერიოზულად გზების დაგება დაიწყება მაშინ, როცა ამინდები გამოვა. დარწმუნებულები იყავით, ხვალაც რომ გაუმჯობესდეს ამინდი, ხვალიდანვე დავიწყებთ გზის დაგების სამუშაოებს". ყინვებისგან გაფუჭებული გზები მძღოლებისთვის დიდ პრობლემას წარმოადგენს. როგორც რამაზ პაიჭაძემ გვითხრა, ცუდი გზებისგან დაზიანებული მანქანა თითქმის, ყოველ მეორე დღეს პროფილაქტიკაში მიჰყავს. მას კარგად ესმის, რომ გზების დაგება ჯერ ვერ მოხერხდება, ამიტომ აპირებს ცოტა ხნით მანქანით სარგებლობაზე უარი თქვას. "რაც ყინვები დაიწყო, ქალაქში სიარული ძალიან გაძნელდა. ზოგიერთ ქუჩაზე ისეთი ორმოები გაჩნდა, იქ გავლა, ფაქტობრივად, შეუძლებელია. რაც ყინვები დაიწყო, მანქანა თითქმის ყოველ დღე მიმყავს შესაკეთებლად. გარდა იმისა, რომ ეს თანხებთან არის დაკავშირებული, შეიძლება მანქანა ისე დაზიანდეს, რომ შეკეთებამაც არ უშეველოს. მესმის, რომ ჯერ გზებს ვერ დააგებენ, სანამ ამინდები არ გამოვა, ეს შეუძლებელია. მგონია, რომ ამინდები ჯერ კიდევ დიდხანს არ შეგვიწყობს ხელს. ყინვები, როგორც ამბობენ, თებერვალშიც იქნება, მერე წვიმები დაიწყება და ალბათ, გაზაფხულის ბოლომდე არ მოხერხდება გზების დაგება. ახლა ვფიქრობ, მანქანით აღარ ვიარო, მოვუფრთხილდე, ცოტა ხანი მაინც. ზოგიერთ ქუჩაზე ჯერ ყინულიც კი არ არის გამდნარი და იქ გავლაც პრობლემაა. თუკი მანქანით აღარ ვივლი, ეს იქნება ყველაზე ჭკვიანური გამოსავალი. მანქანას გავუფრთხილდები და გზაშიც შედარებით ნაკლები დამეხარჯება", - აცხადებს თბილისელი რამაზ პაიჭაძე. სხვა მძღოლები კი უფრო იმის გამო სწუხან, რომ საცობებში უწევთ დიდხანს დგომა. გაფუჭებული გზების გამო ქალაქში მანქანით გადაადგილება ძნელი გახდა. გიორგი კუჭუხიძეს ყოველდღიურად საცობებში დგომა რამდენიმე საათის განმავლობაშიც კი უწევს, ამიტომ მანქანაზე უფრო მეტად, საკუთარ ნერვებზე წუხს: "მანქანაზე იმდენად არ ვწუხვარ, რამდენადაც საკუთარ ნერვებზე. წარმოიდგინეთ, ყოველ დღე საცობში რომ დგახარ. თბილისი ისედაც საცობების ქალაქი იყო და ახლა მდგომარეობა კიდევ უფრო მეტად დამძიმდა. გაფუჭებულ გზაზე სწრაფად ვერ ივლი, ამიტომ, ხანდახან, ერთი პატარა ქუჩის გავლას საათიც კი სჭირდება. მანქანის გაფუჭება ამ შემთხვევაში მეორე ხარისხოვანია. ადრე რაიმე ადგილას მისავლელად თუ ნახევარი საათი მჭირდებოდა, ახლა საათნახევარი მაინც მჭირდება. მალე, ალბათ, სამსახურშიც პრობლემები შემექმნება დაგვიანების გამო. ვეღარ გავიგე რამდენი საათი უნდა გავითვალისწინო დროზე მისასვლელად. ვიწრო ქუჩებზე, გარდა იმისა, რომ გაფუჭდა გზები, ყინულებიც არ დამდნარა და საცობებიც უფრო ხშირია. სხვათა შორის, ამ ქუჩებზე მანამდეც არ იყო ახალი გზა დაგებული და ახლა კიდევ უფრო მეტად გაფუჭდა. ამ ყველაფერს სხვა კუთხით რომ შევხედოთ, გამოდის, რომ ერთის მხრივ ზიანდება მანქანა და მეორეც - უფრო მეტი საწვავი გვეხარჯება. საცობების დროს კი, როცა მანქანებს ყოველ წუთში ძრავ, გარემო უფრო მეტად ბინძურდება. აქედან გამომდინარე, კარგი იქნება თუ ამინდები მალე გამოვა. ამითი რამდენიმე პრობლემა ერთად მოგვარდება - მანქანებსაც ეშველება, საცობებსაც, გარემოსაც და ჩვენს ბიუჯეტსაც", - ასკვნის გიორგი კუჭუხიძე. მარიამ გუნავა საჭეს მას შემდეგ აღარ მისჯდომია, რაც ყინვები დაიწყო. იგი გაფუჭებულ გზებზე მანქანით სიარულს მოერიდა და ამიტომ ბოლო დროს სამარშუტო ტაქსით სარგებლობს. "თავიდან თოვა რომ დაიწყო, მანქანით არ დავდიოდი, რადგან გზებზე მარილი არ ეყარა. მთელი იანვრის განმავლობაში საშინელი ყინვები იყო, გზები დაზიანდა და ამიტომ თავს ვიკავებ მანქანით მოძრაობისაგან. რამდენჯერმე გავედი ქალაქში მანქანით, მაგრამ ძალიან ვინანე. სანამ საჭირო ადგილამდე მივიდოდი, ორი საათი ვიყავი გზაში. ბოლო დროს საშინელი საცობებია მთელ თბილისში. ქალს საჭესთან ისედაც სახიფათოდ მიიჩნევენ და ასეთ სიტუაციაში ოჯახის წევრები უფლებას არც მაძლევენ მანქანა ვმართო. ძალიან ნერვიულობენ. ბოლო ერთი თვეა, რაც უფრო მეტად სამარშუტო ტაქსით უფრო ვსარგებლობ, ვიდრე საკუთარი ავტომობილით. საცობში დგომა მაინც მიწევს, მაგრამ საკუთარი მანქანით დგომა საცობში უფრო გამაღიზიანებელია. გზებს რომ ვუყურებ, ვხვდები, სანამ ახალ გზებს არ დააგებენ, საჭეს ვერ მივუჯდები. როგორც გვპირდებიან, თებერვალშიც ყინვები იქნება და გზების შეკეთებას როდის რას მოახერხებენ, ესეც საკითხავია. იმედი მაქვს, ზაფხულისთვის მაინც შევძლებ საკუთარი მანქანის მართვას". უახლოესი დღეების განმავლობაში, ღამით კვლავ ყინვებია მოსალოდნელი. გაზაფხულის დადგომასთან ერთად, წვიმების სეზონიც გაიხსნება და ასეთ კლიმატურ პირობებში როდის მოხერხდება გზების დაგება, ჯერჯერობით ძნელი სათქმელია.
(c) გაზეთი " რეზონანსი "
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |