|
|
"რეზონანსი "
ასეთი სტატისტიკა არავის სჭირდება: "ამ უწყებას თავისი საქმიანობის დამოუკიდებლად კეთების საშუალება უნდა ჰქონდეს" მაკა ხარაზიშვილი
ქვეყანას ასეთი სტატისტიკის დეპარტამენტი აღარ სჭირდება. მთავრობა მიხვდა, რომ ეს უწყება ან უნდა დახუროს (ეს განვითარებული ქვეყნის პრინციპებს ეწინააღმდეგება), ან სტრუქტურულად გარდაქმნას. სხვა მხრივ, ეკონომიკის სამინისტროზე მორგებული სამსახურის მიმართ ნდობა საერთოდ აღარ არსებობს. მთავრობის მიერ სტატისტიკის დეპარტამენტის მიმართ არსებული დამოკიდებულების გამო, ამ სამსახურის აუცილებლობის საკითხი საერთოდ ეჭვქვეშ დადგა. უფრო ზუსტად კი, ამ უწყებას ყველაზე მეტად სახელი იმ ადამიანებმა გაუტეხეს, რომლებიც მის განვითარება-გაძლიერებაზე უნდა ზრუნავდნენ. ქართულ ხელისუფლებაში ციფრებთან დაკავშირებით გარკვეული ნიჰილიზმი არსებობს. პრეზიდენტი ამბობს ერთს, პრემიერი - მეორეს, სტატისტიკა - მესამეს. საზოგადოებას კი ვერ გაუგია ვის დაუჯეროს. პრემიერ-მინისტრის ლადო გურგენიძის ინიციატივით, სტატისტიკის დეპარტამენტის რეფორმირება მოხდება. სტატისტიკის სამსახური ეკონომიკური განვითარების სამინისტროს დაქვემდებარებიდან გათავისუფლდება. განიხილება სამი ვარიანტი, იგი მთავრობას ან პრეზიდენტის ადმინისტრაციას დაექვემდებარება, ან სრულიად დამოუკიდებელი იქნება. ექსპერტები არ უარყოფენ, რომ საქართველოში ევროსტანდარტების დონის სტატისტიკამდე დიდი გზაა გასავლელი. "სტატისტიკურ მონაცემებს მოწიწებით უნდა მოეკიდნონ. ასევე იმ სამსახურისადმი, რომელიც ქვეყნის სოციალური-ეკონომიკურ სურათს ქმნის. თუმცა ასე არ არის, ამაში კი დამნაშავეები ყველაზე ნაკლებად სტატისტიკის დეპარტამენტის თანამშრომლები არიან. მიმაჩნია, რომ სტატისტიკისადმი დამოკიდებულება უნდა იყოს უფრო სერიოზული და სისტემური", - მიიჩნევენ ექსპერტები. მოქმედი კანონის ნაკლოვანება ძირითადად იმაში მდგომარეობს, რომ იგი სტატისტიკის მაწარმოებელთა განსაზღვრისთვის მკაფიო ინსტიტუციონალურ ჩარჩოს არ იძლევა. ანუ არ არსებობს პროფესიული დამოუკიდებლობა, რომელიც მომხმარებელთა ნდობას უნდა ითვალისწინებდეს. მეორე ასპექტია ინდივიდუალური ინფორმაციის კონფიდენციალობა, რომელიც ყველა მომხმარებელზე თანაბრად უნდა ვრცელდებოდეს. მესამე - ამჟამინდელ კანონში განსაზღვრული არ არის დეპარტამენტის, როგორც კოორდინატორის ფუნქცია. "ეკონომიკური განვითარების პროცესში სტატისტიკა განსაზღვრავს პროგრესის არსებობას ან არარსებობა. ინფლაციის მაჩვენებლების დადგენა, უმუშევრობა, სიღარიბე - ამ ყველაფრის მონიტორინგს სტატისტიკა ემსახურება. სტატისტიკა ასევე მთავრობისთვის იარაღია, რომ მან საკუთარ მოქალაქეებს ანგარიში წარუდგინოს. ამ მიმართულებით სტატისტიკა დემოკრატიული საზოგადოების საკმაოდ მნიშვნელოვანია ნაწილია", - განაცხადა "რეზონანსთან" საუბარში გ#უსუ (გაეროს ეკონომიკური კომისია ევროპისთვის) სტატისტიკური დეპარტამენტის დირექტორმა ჰანრიხ ბრუნგერიმ. ზოგიერთი ექსპერტის მოსაზრებით, დეპარტამენტი საჯარო სამართლის იურიდიულ პირს უნდა წარმოადგენდეს და ანგარიშვალდებული პრემიერ-მინისტრის წინაშე იყოს. ეს ანგარიშგებაც შეზღუდული იქნება. რაც შეეხება მის დამოუკიდებლობას, სპეციალისტების განცხადებით, ჯერ მსოფლიოში ისეთი სტატისტიკური სამსახური არ შექმნილა, რომელიც საკუთარი თავის დაფინანსებას გაყიდული პუბლიკაციებით მოახერხებს. ამიტომ მისთვის გარკვეული რესურსები ბიუჯეტიდან უნდა გამოინახოს. პრემიერ-მინისტრის მოვალეობაა, რომ სტატისტიკის დეპარტამენტს ჰქონდეს შესაბამისი რესურსები, რათა ეფექტურად წარმართოს თავისი საქმიანობა. ხოლო სხვა პროფესიულ საკითხში, როგორ შეაგროვებს, დაამუშავებს და გაავრცელებს ინფორმაციას სტატისტიკის დეპარტამენტი დამოუკიდებელი უნდა იყოს. ამაში მდგომარეობს ანგარიშვალდებულების შეზღუდულობა. სტატისტიკის დეპარტამენტის გადასხვაფერების პროცესი ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ დაიწყო. დაიწყო, მაგრამ ადგილიდან აღარ დაძრულა. უცხოელი ექსპერტების რეკომენდაციით მომზადებული კანონპროექტის მიხედვით, დეპარტამენტის 5 წლის ვადით არჩეული ხელმძღვანელი მხოლოდ პრემიერ-მინისტრის წინაშე უნდა ყოფილიყო ვალდებული. ეკონომიკის ექპერტის სოსო არჩვაძის განცხადებით, პრემიერის მიერ დასახელებული არსებული სამი ვარიანტის დეტალური განხილვა მოხდება, თუმცა ნებისმიერი ფორმა, უკეთესი, იმაზე ბევრად უკეთესი იქნება ამ სამსახურისთვის, ვიდრე დღეს არის. "სტატისტიკის დეპარტამენტი, იმ სამსახურის დაქვემდებარებაშია, რომლის მონიტორინგსაც უნდა აწარმოებდეს. იგი ეკონომიკური განვითარების სამინისტროს წინაშე ანგარიშვალდებული არ უნდა იყოს. დღეს საუბარი არ არის, დეპარტამენტში რამდენად კარგი ან ცუდი ხელმძღვანელია. ამ უწყებას თავისი საქმიანობის დამოუკიდებლად კეთების საშუალება უნდა ჰქონდეს. ამას კი შესაბამისი სამართლებრივი უზრუნველყოფა სჭირდება. ახალ კანონზე მუშაობა დიდი ხანია მიმდინარეობს, მაგრამ ფაქტობრივად არაფერი გაკეთებულა ამ მიმართულებით. საზოგადოება და ხელიუფლება გრძნობს, რომ ქვეყანას ძლიერი სტატისტიკური სამსახური სჭირდება. ამ თემის წინ წამოწევა, სწორედ, ამ საჭიროებამ განაპირობა. დეპარტამენტის სისუსტე უფრო და უფრო მეტად შესამჩნევი და მოუთმენელი ხდება. ამ სამსახურს თავისი წონა უნდა ჰქონდეს. მის სათავეში უნდა მოვიდეს ადამიანი, რომელიც თანამდებობით კი არ უნდა იქმნიდეს ავტორიტეტს, არამედ თვითონ უნდა იყოს ავტორიტეტი და მოახდინოს ამ ავტორიტეტის კაპიტალიზაცია სტატისტიკის სამსახურში", - ამბობს სოსო არჩვაძე.
(c) გაზეთი " რეზონანსი "
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |