|
|
"რეზონანსი "
გაერთიანებული ოპოზიციის ახალგაზრდული ფრთა ზაზა გაბუნიას ადანაშაულებს
(ინტერპრესნიუსი) გაერთიანებული ოპოზიციის ახალგაზრდული ფრთა სრულიად ეთანხმება "თავისუფლების" მიერ გაკეთებულ განცხადებას ზაზა გაბუნიასთან დაკავშირებით. ამის შესახებ პარასკევს გამართულ პრესკონფერენციაზე ახალგაზრდული მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა სოსო გიორგაძემ განაცხადა. მისი თქმით, "თავისუფლების" ახალგაზრუდლი ორგანიზაციის ყოფილმა ლიდერმა, ზაზა გაბუნიამ, სამწუხაროდ, თავი უკვე დაიმკვიდრა ქართულ პოლიტიკაში, როგორც არასაიმედო პარტნიორმა და ადამიანმა, რომლის ნდობაც არ შეიძლება. "გვინდა დავადასტუროთ, რომ გაბუნიამ ისაუბრა იმ თანხასთან დაკავშირებითაც, რომელსაც მას "ქრისტიან-დემოკრატიულ მოძრაობაში" გადასვლის სანაცვლოდ გადაუხდიდნენ, აგრეთვე, მან კონკრეტულად დაასახელა კომპანია, ვინც მას დააფინანსებდა. ჩვენი აზრით, გაბუნიას პოლიტიკური არჩევანის მოტივაცია არის ცალსახა - ეს არის ფული, ხოლო ქრისტიანული და დემოკრატიული პრინციპები პოლიტიკური სპეკულაციებია," - აღნიშნა სოსო გიორგაძემ. მან უარყო ინფორმაცია, რომ გიორგი თარგამაძის ქრისტიანულ-დემოკრატიულ მოძრაობაში გაერთიანებული ოპოზიციის ახალგაზრდული ორგანიზაციის 50-მდე წევრი გადავიდა. მისი თქმით, "თავისუფლებიდან", ზაზა გაბუნიასთან ერთად, კიდევ ოთხი ახალგაზრდა წავიდა, ხოლო, მთლიანობაში, გაერთიანებული ოპოზიციის მხარდამჭერებიდან - ცხრა. გიორგაძის თქმით, გაბუნიას ჰქონდა მისი გადაბირების მცდელობაც. "ზაზა, ჩვენ არ ვიყიდებით", - დასძინა სოსო გიორგაძემ. გაბუნიას პარტიიდან წასვლის შესახებ განცხადება გუშინ პარტია "თავისუფლების" ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლებმაც გააკეთეს და აღნიშნეს, რომ ამის მიზეზი მისთვის თვეში 100 ათასი ლარის შეთავაზება გახდა. თავად გაბუნია ამ ბრალდებას აბსურდულს უწოდებს.
(c) გაზეთი " რეზონანსი "
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |