|
|
"რეზონანსი "
ფრანგული საჩუქარი კახელებს ნინო მიქიაშვილი
გურჯაანში ახალი სამედიცინო ცენტრი კახეთი - იონი გაიხსნა, სადაც კახელებს (და არა მარტო მათ) საჭიროების შემთხვევაში სამედიცინო გამოკვლევის ჩატარება ხელმისაწვდომ ფასებში შეეძლებათ. სამედიცინო ცენტრი ააშენა და ცნობილი ევროპული ფირმების დანადგარებით აღჭურვა საფრანგეთში, ბურგუნდიის რეგიონში შემავალი დეპარტამენტებიდან ერთ-ერთმა - იონის დეპარტამენტმა (ჩვენებურად დიდი რაიონი). სამედიცინო ცენტრის საზეიმო გახსნის ცერემონიაზე იონის გენერალური საბჭოს პრეზიდენტმა ანრი დე რენკურმა აღნიშნა, რომ მათ ცენტრის აშენება-აღჭურვისთვის მილიონ ევროზე ცოტა მეტი გაიღეს. იმაზე, თუ რა ღირს სამედიცინო გამოკვლევები ახლადგახსნილ ცენტრში, "რეზონანსი" "კახეთი - იონის" დირექტორს, ხათუნა ჭონიაშვილს ესაუბრა. "რეზონანსი": როგორი ფასებია თქვენთან თბილისთან შედარებით, კახელი გლეხები შეძლებენ გამოკვლევების ჩატარებას. ფრანგული მხარე აღნიშნავს, რომ აქ ხელმისაწვდომი ფასები იქნება. ხათუნა ჭონიაშვილი: ნებისმიერ კახელს გლეხს შეუძლია, ჩვენთან მობრძანდეს და სამედიცინო გამოკვლევა ჩაიტაროს. ექოსკოპიური კვლევა ჩვენთან 20-დან 30 ლარამდე მერყეობს. იგივე გამოკვლევა თბილისში 40-50 ლარი ღირს. კუჭ-ნაწლავის გამოკვლევა ჩვენს ცენტრში ოლიმპუსის აპარატზე ტარდება და 35 ლარი ღირს; თბილისში გასულ ზაფხულს 50 ლარი ღირდა და მას შემდეგ ფასმა გაცილებით აიწია. აქ რენტგენოლოგიური გამოკვლევები 10-12-15 და ყველაზე დიდი 20 ლარი ღირს. სისხლს საერთო ანალიზი ჩვენს ცენტრში 12 ლარი ღირს და თბილისში ამის მინიმალური ფასი 20 ლარია. "რ": რაც შეეხება მედ-პერსონალს. ხ.ჭ: შაბათობით თბილისიდან მოწვეული ექიმები გვეყოლება, რომლებიც ავადმყოფებს კონსულტაციას გაუწევენ. ამასთან, ჩვენი ექიმების გადამზადება სისტემატურად მოხდება საფრანგეთის წამყვან კლინიკებში. "რ": რამდენ ხანს იქნება ფასები ხელმისაწვდომი. ხ.ჭ: ფასები დასტაბილურდება და, ალბათ, არ შეიცვლება. იონის დეპარტამენტის გენერალური საბჭო ჩვენს დახმარებას აგრძელებს; აპარატურის დამატება მოხდება - უროლოგიური აპარატურა დაგვემატება, ასევე გინეკოლოგიური, სტომატოლოგიური და ოფთალმოლოგიური კაბინეტის მოწყობაა დაგეგმილი.
(c) გაზეთი " რეზონანსი "
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |