"რეზონანსი "
# 35
შაბათი, 9 თებერვალი, 2008 წელი

ადამიანი სიკვდილიდან 10 წლის შემდეგ შეიწყალეს: გარდაცვლილის მამა: "ჩემი შვილის ნაცვლად ცოცხალი ადამიანი შეეწყალებინათ, მადლი იქნებოდა"

ელზა წიკლაური

საქართველოში მკვდარი სულების ამომრჩეველთა სიაში შეყვანა რომ დიდ პრობლემას არ წარმოადგენს, ეს ჩვენთან ჩატარებულმა ყველა არჩევნებმა ნათლად ცხადყო, მაგრამ, თუ მიცვალებულებს ამნისტიაც ეხებოდათ, დღემდე არავინ იცოდა. თუმცა, როგორც ჩანს, საქართველოში ყველაფერი დასაშვებია, მათ შორის იმ პირების შეწყალებაც, რომლებმაც ამქვეყნიური ცხოვრება 10 წლის წინ დაასრულეს. კერძოდ, საუბარია გიორგი თვალაბეიშვილზე, რომელმაც სიცოცხლე 1998 წლის 22 იანვარს ტრაგიკულად დაასრულა. იმავე წლის ივლისში "დეზერტირობის" ბრალდებით სისხლის სამართლის საქმე აღიძრა და რომელიც უკვე 2008 წლის იანვარში პრეზიდენტმა შეიწყალა.

ერთის მხრივ, დაუჯერებელი ისტორიაა, მაგრამ ფაქტია, რომ 2008 წელს შეწყალებულთა სიაში გიორგი თვალაბეიშვილიც მოხვდა. შეწყალების შესახებ წერილი გიორგის მამამ, ერმალო თვალაბეიშვილმა მიმდინარე წლის 23 იანვარს მიიღო, საიდანაც ჩანს, რომ მიცვალებულის შეწყალება მიმდინარე წლის 5 იანვარს მოხდა. ოჯახში ახალგაზრდის სიკვდილით გამოწვეული ტრაგედია ათი წლის შემდეგ ამ ცნობის მიღების გამო ლამისაა განმეორდა. "რეზონანსი" უთანაგრძნობს გარდაცვლილის მშობლებს და გიამბობთ ამ უცნაური შეწყალების ისტორიას.

ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის წერილის სწორედ 23 იანვრით თარიღდება. წერილში, რომლის ავტორი ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის სტაჟიორი ალექსანდრე ხმალაძეა, ვკითხულობთ: "საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 398-ე მუხლის თანახმად გაცნობებთ, რომ სისხლის სამართლის #22298628 საქმეზე, გიორგი ერმალოს ძე თვალაბეიშვილის მიმართ, სავალდებულო სამხედრო სამსახურისგან თავის არიდების მიზნით სამხედრო ნაწილის დატოვების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის "ა" პუნქტით (სსკ-ის 1961 წლის რედაქცია) შეწყდა წინასწარი გამოძიება.

"ამასთან განგიმარტავთ, რომ თქვენ უფლება გაქვთ, გაეცნოთ საქმის მასალებს და დადგენილება სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის შესახებ გაასაჩივროთ ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიაში 15 დღე-ღამის განმავლობაში დადგენილების ასლის მიღებიდან", - აღნიშნულია წერილში, რომელსაც ხელს სტაჟიორი პროკურორი ალექსანდრე ხმალაძე აწერს.

ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის მასალებიდან ირკვევა, რომ გიორგი თვალაბეიშვილის მიმართ გამოძიება თბილისის რეგიონალურ სამხედრო პროკურატურაში 1998 წლის 4 ივნისს დაიწყო. უკვე იმავე წლის 5 ივლისს გიორგი თვალაბეიშვილის მიმართ დაუსწრებლად გამოტანილი იქნა დადგენილება. ამავე საქმის დეტალებიდან ცნობილი ხდება, რომ 1998 წლის 10 ივლისს თბილისის რეგიონის სამხედრო პროკურატურამ თვალაბეიშვილის "იძულებითი წესით წარმოდგენის შესახებ" ძებნა გამოაცხადა. იმავე წლის 6 აგვისტოს კი თბილისის მთაწმინდის რაიონის სასამართლოს მოსამართლის ს. ლომსაძის მიერ გამოტანილი ბრძანებით თვალაბეიშვილს პატიმრობა შეეფარდა.

აღსანიშნავია ისიც, გიორგი თვალაბეიშვილის მიმართ სამხედრო პროკურატურაში გამოძიება მისი გარდაცვალებიდან 5 თვის შემდეგ დაიწყო, პატიმრობა კი, უკვე 7 თვის შემდეგ შეეფარდა.

ის, რომ გიორგი თვალაბეიშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე იყო აღძრული, ოჯახის წევრებისთვის მხოლოდ ამნისტიის წერილის მიღების შემდეგ გახდა ცნობილი. გიორგის მამა, ერმალო თვალაბეიშვილი ამბობს, რომ მასთან ოჯახში მთელი ამ პერიოდის განმავლობაში არავინ მოსულა, არც არავინ დაინტერესებულა, სად იყო მისი შვილი.

"1995 წელს გიორგი სამხედრო სამსახურში თავისი ნებით წავიდა. მაშინ ძალიან ცუდი მდგომარეობა იყო ყველა საჯარისო ნაწილში, მაგრამ მან თავისი გაიტანა და წავიდა ჯარში. თავდაპირველად მოხვდა მე-8 პოლკში, შინაგანი ჯარების დანაყოფში, შემდეგ ის აფრიკის დასახლებაში დისლოცირებულ ასევე შინაგანი ჯარების ქვედანაყოფში გადაიყვანეს. ამ გადაყვანის პერიოდში დაიკარგა გიორგის საბუთები, რის გამოც მას დანაყოფში პრობლემა შეექმნა. ერთგან მიდიოდა და ეუბნეოდნენ, შენი საბუთები აქ არ არისო და მეორე ადგილას აგზავნიდნენ, იქიდანაც ასე. საბუთებს ვერ მიაგნეს და ამიტომ ძირითად დროს ის სახლში ატარებდა.

რამდენიმე თვეღა ჰქონდა დარჩენილი ჯარში, რომ 1998 წელს ცოლი მოიყვანა. იმავე წლის 22 იანვარს კი ტრაგიკულად დაიღუპა, ავტოფარეხში სახურავი დაეცა. ერთი თვის შემდეგ ჩვენთან უბნის ინსპექტორი და სამხედრო კომისარიატის წარმომადგენელი მოვიდნენ. მე მათ გარდაცვალების ცნობა გადავეცი. მას შემდეგ არავინ მოსულა. სისხლის სამართლის საქმეც კი ისე აღძრეს, რომ ჩემი შვილი სად იყო და როგორ, არავინ დაინტერესებულა. მეც არაფერი ვიცოდი, მხოლოდ შეწყალების წერილის მიღებისას გავიგე, რომ ჩემი შვილს პატიმრობა მაშინ შეუფარდეს, როდესაც უკვე რამდენიმე თვის გარდაცვლილი იყო", - უთხრა "რეზონასს" გიორგის მამამ, ერმალო თვალაბეიშვილმა.

ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის სტაჟიორი პროკურორი ალექსანდრე ხმალაძე დასკვნაში წერს, რომ "2007 წლის 29 ნოემბრის "ამნისტიის შესახებ" კანონის თანახმად სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან თავისუფლდებიან პირები, რომლებიც ეჭვმიტანილი, ბრალდებული, განსასჯელი ან მსჯავრდებული არიან საქართველოს სისხლის სამართლის 389-ე მუხლის | ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის.

"ვინაიდან გიორგი თვალაბეიშვილს ბრალი ედება დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის 389-ე მუხლის | ნაწილით, 2007 წლის 29 ნოემბრის "ამნისტიის შესახებ" მიღებული კანონის საფუძველზე მის მიმართ დაწყებული სისხლისსამართლებრივი დევნა და წინასწარი გამოძიება უნდა შეწყდეს", - წელს ხმალაძე თავის დასკვნაში.

"ჩემი შვილი ღმერთს ჰყავს შეწყალებული და ამ ხელისუფლებამ მისი შეწყალება სათვალავში ჩაიწერა. გიორგის ნაცვლად სხვა, ცოცხალი ადამიანი შეეწყალებინათ, უსამართლოდ ხომ ძალიან ბევრი ადამიანი ზის ციხეში", - ამბობს ერმალო თვალაბეიშვილი.



(c) გაზეთი " რეზონანსი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი



2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com