|
|
"რეზონანსი "
ამ კვირაში, შეიძლება, ახალი სამოქალაქო დაპირისპირება დაიწყოს
გაერთიანებულმა ოპოზიციამ შესაძლოა, ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების გაგრძელებაზე უარი თქვას. ამის თაობაზე განცხადება პარასკევს გაკეთდა. თუკი ორშაბათამდე პოლიტპატიმრებს არ გაათავისუფლებენ, ცესკოს თავჯდომარეს არ გადააყენებენ და თამარ კინწურაშვილი არ წავა "საზოგადოებრივი არხიდან", ოპოზიცია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან 11 თებერვლისთვის დაგეგმილ შეხვედრაზე მისვლის აზრს ეჭვქვეშ აყენებს. ოპოზიციის ლიდერების განცხადებით, ხელისუფლება "ერთიანი ეროვნული საბჭოს" 17 მოთხოვნის შეუსრულებას არ აპირებს და მათი მხრიდან მოლაპარაკებები მხოლოდ დროის გაწელვის მიზანს ემსახურება. "თუკი დიალოგი შეწყდება, შესაძლოა, ქვეყანაში არასტაბილური მდგომარეობა შეიქმნას, რაზეც პასუხისმგებელი ოპოზიცია იქნება," - აცხადებს უმრავლესობის წევრი ნინო ნაკაშიძე. დიალოგის შეწყვეტის სურვილს "ახლები" და "მრეწველები" არ უერთდებიან. ისინი მიიჩნევენ, რომ ოპოზიცია უნდა დაელოდოს 11 თებერვალს დაგეგმილ შეხვედრას, რადგან ამ დღეს ცნობილი გახდება ხელისუფლების ოფიციალური პოზიცია ოპოზიციის მემორანდუმში გათვალისწინებულ მოთხოვნებთან დაკავშირებით. პარასკევს განაწყენებული ოპოზიციის ლიდერები დაელოდებიან თუ არა ორშაბათის შეხვედრას. თუ ხელისუფლებას მიეცემა იმის საბაბი, საზოგადოებას მომავალში შეახსენოს, როგორ ჩაშალა მათ მიერ მონდომებული და წარმატებით მიმდინარე დიალოგი ოპოზიციამ. ეს ყველაფერი ორშაბათს გამოჩნდება, მანამდე კი... "რა არის ეს მოთხოვნები. დიალოგისა და შეთანხმების სურვილი თუ პოლიტიკური კუნთების თამაში." - "პრაიმ-ტაიმში" რამდენჯერმე იკითხა ნიკა გვარამიამ და როგორც არაერთ უმრავლესობის წევს არაერთგზის განუცხადებია: თუკი მოლაპარაკებები ულტიმატუმების ენით საუბარს დაემსგავსება, არ მიიღებენ. პარლამენტის თავჯდომარე საუბრობს, რომ მოთხოვნების თითქმის ყველა ნაწილში შეთანხმება მიღწეულია, ამდენად ოპოზიციის გაჯიუტება უცნაურად მიაჩნია. "შეთანხმებების არც ერთი ნაწილი არ შესრულებულა, შესაბამისად დიალოგის გაგრძელებას აზრი არა აქვს," - საპირისპიროს აცხადებს კობა დავითაშვილი. ასეთი ურთიერთბრალდებები იყო თითქმის ყველა საკითხში. სრულდება თუ არა მოთხოვნები. - ამას მალე საზოგადოება თავად ნახავს და შესაბამისად თავად გადაწყვეტს ამ ორ პოლიტიკურ მხარეს შორის ვინ არის გულწრფელი, და ვინ - არა. ამის გარკვევამდე ერთი რამ საბოლოოდ გაირკვა. გაერთიანებული ოპოზიცია შეწყვეტს თუ არა დიალოგს, ამის მიუხედავად პარლამენტის წინ გრანდიოზულ საპროტესტიო აქცია მაინც გაიმართება. როგორც "ხალხის პარტიის" ლიდერმა კობა დავითაშვილმა აღნიშნა, 15 თებერვლიდან აქციები დაიწყება და იმ დრომდე გაგრძელდება, ვიდრე ხელისუფლება მემორანდუმში ჩამოყალიბებულ მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს. ოპოზიციის წარმომადგენლებმა თბილისის მერის, გიგი უგულავას სახელზე 15-დან 25 თებერვლამდე საპროტესტო აქციების გამართვის მოთხოვნით მერიაში განაცხადი უკვე შეიტანეს. "ჩვენ აღარ ვაპირებთ წამოვეგოთ ხელისუფლების მხრიდან მოლაპარაკებებით დროის გაწელვის პოლიტიკას. აღარ მივიღებთ მონაწილობას მოლაპარაკებებში, ვიდრე ხელისუფლება მოთხოვნების შერსულებისთვის მზაყოფნას არ დააფიქსირებს. "ჩვენ აღარ გამოვცხადდებით არც ერთ შეხვედრაზე, ვინაიდან ხელისუფლება იმ მოთხოვნებსაც კი არ ასრულებს, რაც მარტივად შესასრულებელია. თუ უმრავლესობა არ გაათავისუფლებს პოლიტპატიმრებს, თანამდებობებს არ დაატოვებინებს ცესკოს თავმჯდომარეს ლევან თარხნიშვილსა და "საზოგადოებრივი მაუწყებლის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს თამარ კინწურაშვილს, ოპოზიცია პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძესთან მოლაპარაკებებზე არ წავა," - აცხადებს დავითაშვილი. "თუ ხელისუფლება უახლოეს დღეებში არ დააკმაყოფილებს ჩვენს ამ მოთხოვნებს, რომლებსაც საკანონმდებლო ცვლილებები არ სჭირდება, მოლაპარაკების გაგრძელებას აზრი ეკარგება, რადგან ჩვენი მხრიდან ეს უბრალოდ დროის დაკარგვა იქნება," - განმარტავს დავით ზურაბიშვილი. პარლამენტის თავმჯდომარის, ნინო ბურჯანაძის თქმით, გაუგებარია გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებები ხელისუფლებასთან დიალოგის შეწყვეტის შესახებ, რადგან მხარეებს შორის პარლამენტში მიმდინარე კონსულტაციები კონსტრუქციულად მიმდინარეობდა და ურთიერთშეთანხმების მიღწევისთვის გარკვეული ნაბიჯები გადაიდგა. პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, სამუშაო ჯგუფი უკვე შეუდგა პატიმართა შესაძლო გათავისუფლების საქმის შესწავლას. პარალელურად, დაიწყო საზოგადოებრივი მაუწყებელის სამეთვალყურეო საბჭოს დაჩქარებული წესით დაკომპლექტების პროცესი. რაც შეეხება ცენტრალური საარჩევნო კომისიის დაკომპლექტებას, ბურჯანაძის თქმით, ხელისუფლება მზად იყო ოპოზიციასთან ერთად ცესკო საზოგადოებისთვის მისაღები ადამიანებით დაეკომპლექტებინა. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, შუა სამუშაო პროცესში ოპოზიციის წარმომადგენლის ზემოხსენებული განცხადებები უცნაურია და ხელისუფლებისთვის ულტიმატუმების ენით საუბარი მიუღებელია. "ნინო ბურჯანაძესთან გამართულ შეხვედრებზე შევთანხმდით, რომ თამარ კინწურაშვილს და ლევან თარხნიშვილს დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლებდნენ, ასევე გაათავისუფლებდნენ პოლიტ-პატიმრებს. მოლაპარაკებების მაგიდას მხოლოდ მათი დაკმაყოფილების შემდეგ დავუბრუნდებით," - განმარტა ძიძიგურმა და დასძინა, რომ "თუ ხელისუფლება დათმობაზე არ წავა, ოპოზიცია მას ხალხის სასარგელოდ გადაწყვეტილებების მიღებას საპროტესტო აქციებით აიძულებს". იგივე პოზიციას აფიქსირებს "რესპუბლიკელი" ლევან ბერძენიშვილი: "ერთიანმა ეროვნულმა საბჭომ გადაწყვეტილება მიიღო, თუ ეს სამი მოთხოვნა ორშაბათამდე არ შესრულდება, მოლაპარაკებებს ჩაშლილად ვაცხადებთ." კახა კუკავა: "პარლამენტის თავმჯდომარისთვის არ უნდა იყოს გაუგებარი ოპოზიციის ქმედება დიალოგის შეწყვეტის თაობაზე, ვინაიდან მოლაპარაკებას, რომელიც ამ დრომდე მიმდინარეობდა, არავითარი რეალური შედეგი არ გამოუღია. "იმ შემთხვევაში, თუ დასახელებული მოთხოვნებიდან ხელისუფლება ერთ-ერთს მაინც შეასრულებს, ოპოზიცია მზად არის, დიალოგი განაახლოს. "ჩვენ ნებისმიერ დროს მზად ვართ დიალოგის განახლებისთვის. თუმცა, ამჟამად დილოგი მხოლოდ ფორმალურად მიმდინარეობდა. საპროტესტო აქციებიც მანამდე გაგრძელდება, ვიდრე მემორანდუმით მოთხოვნილი პუნქტების ძირითადი ნაწილი არ დაკმაყოფილდება". მოლაპარაკებების შესაძლო ჩაშლის შესახებ განცხადება ოპოზიციის ლიდერებმა სწორედ კუკავასა და პარლამენტის იურიდიულ კომიტეტის თავჯდომარის ლევან ბეჟაშვილის არაოფიციალური მოლაპარკებების შემდეგ გააკეთეს. ამ შეხვედრაზე ოპოზიცია ხელისუფლებისგან ნოემბრის მოვლენების დროს დაკავებული ადამიანების გათავისუფლებას ითხოვდა, ხელისუფლების წევრთა მტკიცებით, წარმოდგენილ სიაში არა მხოლოდ ის ადამიანები არიან, რომლებიც ნოემბრის ცნობილი მოვლენების დროს დააკავეს. თანაც, თითოეული საქმე გადახედვას და დეტალურ შესწავლას საჭიროებს. ნინო ნაკაშიძე, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი: "თუკი დიალოგი არ გინდა, მისი ჩაშლის საბაბს ყოველთვის მოძებნი. ოპოზიციის სიაში წარმოდგენილია ხალხი, რომელიც სხვადასხვა დროს სხვადასხვა ბრალდებებით არის დაკავებული, ამდენად ეს საქმეები ცალკეულ იურიდიულ გადახედვას საჭიროებს, რაზეც სპეციალური ჯგუფი მუშაობს კახა კუკავას, ლევან ბეჟაშვილის და გენერალური პროკურატურის წარმომადგენლის შემადგენლობით. თუკი დიალოგი შეწყდება, შესაძლოა, ქვეყანაში არასტაბილური მდგომარეობა შეიქმნას, რაზეც პასუხისმგებელი ოპოზიცია იქნება". თუკი ორშაბათისთვის თარხნიშვილმა და კინწურაშვილმა თანამდებობები შეინარჩუნეს, ან არ გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები, პარასკევიდან აქციები მეტი სიმწვავით განახლდება და კიდევ ერთხელ დავრწმუნდებით, რომ ჩვენს ქვეყანაში ხელისუფალთ პოლიტიკურ დიალოგზე მეტად აქციების ყვირილი უფრო ესმით. და, მომავალი გვიჩვენებს, შეძლებს თუ არა ოპოზიცია წაგებული მოლაპარაკებების შემდეგ ხელისუფლებასთან მეორე რაუნდის აქციებით მოგებას.! თუკი ნოემბრის აქციების შედეგად მიღწეულ დათმობებს გავითვალისწინებთ, ალბათ - შეძლებს.
(c) გაზეთი " რეზონანსი "
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |