|
|
"რეზონანსი "
ბენდუქიძე: დეპუტატებმა ეკონომიკის საფუძვლები არ იციან
(პირველი) მთავრობის კანცელარიის ხელმძღვანელს კახა ბენდუქიძეს "გლობალური საფინანსო სექტორის კონკურენტუნარიანობის შესახებ" მთავრობის მიერ მომზადებული კანონპროექტის ზოგიერთ პუნქტთან დაკავშირებით პარლამენტის წევრთა შენიშვნების მიზეზი არ ესმის და აცხადებს, რომ "დეპუტატები გარკვეულ შენიშვნებს იმის გამო გამოთქვამენ, რომ აღნიშნული კანონი და მაკროეკონომიკის საფუძვლები წაკითხული არ აქვთ." როგორც ცნობილია, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე ამ კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვისას კომიტეტის წევრებს გარკვეული შენიშვნები იმ პუნქტთან დაკავშირებით გაუჩნდათ, რომელიც ინფლაციის ორნიშნა მაჩვენებლის დაფიქსირების შემთხვევაში ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თანამდებობიდან ავტომატურად გათავისუფლებას ითვალისწინებს. როგორც ამასთან დაკავშირებით ბენდუქიძემ აღნიშნა, პასუხისმგებლობა სწორედ ეროვნული ბანკის პრეზიდენტს უნდა დაეკისროს, ვინაიდან წარმოდგენილი კანონპროექტით, მას "ყველანაირი ინსტრუმენტი ეძლევა იმისა, რომ ინფლაცია ერთნიშნა მაჩვენებელზე იქნას შენარჩუნებნული." "რაც შეეხება იმ დეპუტატებს, რომლებიც იძახიან, რომ ეს არასწორია, მათ არც ეს კანონი აქვთ წაკითხული და არც მაკროეკონომიკის საფუძვლები," - განაცხადა ბენდუქიძემ და აქვე განმარტა, რომ მისი ეს განცხადება უმრავლესობის წევრებსაც ეხებათ. მისი თქმით, შესაძლებელია, წარმოდგენილ კანონპროექტთან დაკავშირებით რიგი შენიშვნები მართლაც იქნას გათვალისწინებული, მაგრამ "გათვალისწინებული იქნება მხოლოდ ისეთი შენიშვნები, რომელიც ამ კანონის შინაარსს არ შეცვლის." "მე ისეთი შენიშვნებიც გამიგია, რომელიც ამ კანონს უშინაარსოს და მავნებელს ხდის. ასეთი შენიშვნები ცხადია, გათვალისწინებული ვერ იქნება. არ გამოვრიცხავ, რომ გათვალისწინებულ იქნას შენიშვნა, რომელიც ეროვნული ბანკის პრეზიდენტობის პირად პასუხისმგებლობას ეხება, თუმცა ეს ძალიან ცუდი იქნება, ვინაიდან ამით აღნიშნული კანონი აზრს დაკარგავს," - განმარტა ბენდუქიძემ. ამასთან, მთავრობის კანცელარიის ხელმძღვანელმა უარყო ინფორმაცია, თითქოს მთავრობა პარლამენტიდან აღნიშნული საკანონმდებლო პაკეტის გამოთხოვას აპირებს.
(c) გაზეთი " რეზონანსი "
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |