"რეზონანსი "
# 36
კვირა, 10 თებერვალი, 2008 წელი

საქართველოში სინჯარაში ჩასახული 500 ბავშვი ცხოვრობს

ნინო ფრანგიშვილი

"სახელმწიფო აპირებს ჩვენი დაწესებულების კერძო პირზე მიყიდვას, რაც, ეჭვგარეშეა, რომ ჩვენი საქმის ლიკვიდაციას გამოიწვევს," - აცხადებს ჟორდანიას სახ. ინსტიტუტის დირექტორი არჩილ ხომასურიძე და დასძენს, რომ ჩვენი დემოგრაფიული სიტუაციის მქონე ქვეყანაში უშვილობის სამკურნალო დაწესებულების ფუნქციონირების შეწყვეტა, რომელიც დღეში უშვილო ოჯახებისთვის ორ ახალ სიცოცხლეს ქმნის, დაუშვებელია: "ალბათ, პარადოქსების ქვეყანა ვართ, სადაც ყველაფერი შესაძლებელია."

გასულ კვირას თსუ-ში მედიკოსთა პირველი ქართულ-შვეიცარული სამეცნიერო კონფერენცია თემით "ადამიანის რეპროდუქტოლოგიის თანამედროვე საკითხები და პრენატალური მედიცინა" გაიმართა. ღონისძიებაზე საქართველოს და შვეიცარიის მსოფლიოში აღიარებული წამყვანი კლინიკის სპეციალისტები მოხსენებებით გამოვიდნენ. საქართველოში რეპროდუქციულ მედიცინაში მიმდინარე პროცესების შესახებ მოხსენებით ი. ჟორდანიას სახ. ადამიანის რეპროდუქციის ს-კ ინსტიტუტის გენერალური დირექტორი არჩილ ხომასურიძე გამოვიდა.

როგორც ხომასურიძე ამბობს, კონფერენციას საინფორმაციო-საგანმანათლებლო და მცირედ სამეცნიერო ხასიათი ჰქონდა: "საინფორმაციო იმიტომ, რომ ჩვენს საზოგადოებას მუდმივად შეხსენება სჭირდება. თანაც მას სპეციფიკური ტერმინოლოგიით არ უნდა ესაუბრო. საზოგადოებას თავისთვის გასაგებ, მარტივ ენაზე უნდა ელაპარაკო, მით უმეტეს მაშინ, როცა საქმე მედიცინას ეხება," - აცხადებს "რეზონანსთან" ხომასურიძემ და დასძენს, რომ საქართველოში რეპროდუქციის სფეროში გადადგმული ნაბიჯების მიუხედავად, კიდევ ბევრი სამუშაოა.

"ბასტა": რეპდროდუქციის თვალსაზრისით, როგორი მდგომარეობაა საქართველოს მოსახლეობაში.

არჩილ ხომასურიძე: ამ მხრივ ძალიან მძიმე მდგომარეობაა, მაგრამ გარკვეული ნაბიჯებიც გადაიდგა წინ. თუნდაც სინჯარაში განაყოფიერებული 500 ბავშვი.

ეს საკმაოდ ბევრია. მათ შორის ყველაზე უფროსი უკვე 8 წლისაა. 20 წლის განმავლობაში საქართველოში აბორტების რაოდენობა 300 ათასიდან 15 ათასამდე დავიდა. არც ესაა ცუდი მაჩვენებელი. მართალია, ამის საპასუხოდ შეიძლება ვინმემ თქვას, რომ რეპროდუქტიული აქტივობა, ანუ მშობიარობის რაოდენობა, შემცირდა. 1987 წელს მშობიარობის რაოდენობა 100 ათასი იყო, ახლა 50 ათასია, ანუ ორჯერ ნაკლები. მაგრამ, მაინც მნიშვნელოვანია, რომ აბორტების რიცხვიც 20-ჯერ შემცირდა. სპეციალური კვლევა ჩატარდა და აღმოჩნდა, რომ კონტრაცეპციის მოხმარების სიხშირემ ქვეყანაში 50%-ს, ხოლო თბილისში 65%-ს მიაღწია. ანუ, თბილისში მცხოვრები ქალების 65% კონტრაცეპტივებით სარგებლობს. მახსოვს, 1987 წელს კონტრაცეპტივების მოხმარების მაჩვენებელი 0% იყო. მაშინ მხოლოდ აბორტს მიმართავდნენ.

"ბ": თქვენ ახსენეთ ხელოვნური განაყოფიერება, რამდენად ამართლებს ის სამედიცინო თვალსაზრისით და რაში მდგომარეობს მისი სირთულე.

ა.ხ: როდესაც ქალებს უშვილობის მკურნალობის არცერთი მეთოდი არ შველით, მაშინ ამ ურთულეს მეთოდს მივმართავთ. ეს ტექნიკურად ძალიან ფაქიზი და რთულია. წარმოიდგინეთ კვერცხუჯრედი, რომელიც მიკრონების დონეზეა, მიკროსკოპის ქვეშ უნდა მონახო, დაიჭირო, არ დააზიანო და გადაიტანო "პეტრის ფინჯანში". შემდეგ სპერმატოზოიდით უნდა გაანაყოფიერო. ეს თითქოს შედარებით ადვილია, მაგრამ სპერმატოზოიდები ყოველთვის ვარგისნი არ არიან. ალკოჰოლიზმის, ნარკომანიისა და ეკოლოგიურად დაბინძურებული გარემოს გამო, საღი სპერმატოზოიდის პოვნაც ძნელია.

რა თქმა უნდა საამისოდ დონორების სპერმა გვაქვს და სპეციალური ბანკიც არსებობს, მაგრამ ზოგი დონორის სპერმაზე უარს ამბობს და ან პარტნიორის, ან ქმრის სპერმით უნდა ხელოვნური განაყოფიერება. მათი სპერმა კი ხშირ შემთხვევაში არ ვარგა. იმდენს კი ვახერხებთ ხოლმე, რომ იმ სპერმატოზოიდებს "ქეჩოში" ხელს ვკიდებთ და კვერცხუჯრედს ვამაგრებთ. შემდეგ უკვე ნაყოფის საშვილოსნოს კედელზე მიმაგრება ჭირს. ქალი, რომელიც 15 წელი უშვილოა, მისი საშვილოსნო ატროფირებულია და მას თავისი ფუნქცია დავიწყებული აქვს. ასეთ მდგომარეობაში ნაყოფი მის კედელზე უნდა მიამაგრო. შემდეგ შეიძლება ჰიპერსტიმულაცია მოხდეს და ორგანიზმმა განდევნოს ნაყოფი. ამიტომ, ხელოვნური განაყოფიერების ეფექტურობა რომ გაგვეზარდა, რამოდენიმე კვერცხუჯრედს ვანაყოფიერებდით. ახლა ამ მეთოდს აღარ მივმართავთ.

"ბ": რატომ.

ა.ხ: იმიტომ, რომ ზოგჯერ ტყუპები ჩნდებიან და არა ორი, არამედ სამიც და ოთხიც. ოთხი ტყუპი სამ შემთხვევაში გაჩნდა. დედები კი ვერ ინახავენ ამდენ ბავშვს.

"ბ": ხელოვნური განაყოფიერება რამდენ პროცენტში ამართლებს.

ა.ხ: ეს მეთოდი 25%-დან 40%-მდე ამართლებს. ერთი მცდელობა, გარანტიის გარეშე, პაციენტს 3 ათასი დოლარი უჯდება. ეს მსოფლიოში ყველაზე იაფია. ეფექტურობის გარანტია კი 40%-მდეა, ანუ ორი ქალიდან ერთი შეიძლება დაორსულდეს. ამ შემთხვევაშიც საფრთხე იქმნება, იმიტომ, რომ ქალის ორგანიზმმა ორსულობა ბოლომდე უნდა მიიტანოს. საბოლოოდ, ეს მაჩვენებელი 25%-მდე ჩამოდის. დანარჩენში ორსულობა წყდება. ასევეა მსოფლიოს წამყვან კლინიკებში.

"ბ": ხელმეორედ თუ მოგმართავენ.

ა.ხ: მოგვმართავენ, ოღონდ ისინი, ვისაც ფული აქვს. ევროპის ზოგიერთ ქვეყნებში, ახლა მათ რიგებს უნგრეთიც დაემატა, ხელოვნური განაყოფიერების სამი მცდელობის საფასურს სახელმწიფო იხდის. ჩვენ დღეში ორ ბავშვს ვსახავთ. 18 წლის მანძილზე კი ჟორდანიას ინსტიტუტს სახელმწიფოსგან კაპიკი არ მიუღია. ახლა იმდენად მძიმე მდგომარეობაა შექმნილი, რომ დეპოპულაცია, ანუ ერის გადაგვარება ხდება. ამ დროს უშვილობის მკურნალ საავადმყოფოს ფუნქციონირებას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ. საქმე ისაა, რომ სახელმწიფო აპირებს ჩვენი დაწესებულების კერძო პირზე მიყიდვას, რაც, ეჭვგარეშეა, რომ ჩვენი საქმის ლიკვიდაციას გამოიწვევს. თავად დაუფიქრდით, ჩვენი დემოგრაფიული სიტუაციის მქონე ქვეყანაში ისეთი უშვილობის სამკურნალო დაწესებულების ფუნქციონირების (თუნდაც ორი კვირით ან ორი თვით) შეწყვეტა, რომელიც დღეში უშვილო ოჯახებისთვის ორ ახალ სიცოცხლეს ქმნის. ალბათ, პარადოქსების ქვეყანა ვართ, სადაც ყველაფერი შესაძლებელია.

"ბ": უშვილობისას ქალებში ძალიან პრობლემატურია ანოვულაცია, ანუ კვერცხუჯრედის მომწიფება. რა იწვევს ასე მასშტაბურად ამ პათოლოგიას.

ა.ხ: ეს ძირითადად ენდოკრინული ტიპის უშვილობაა, რომლის მკურნალობაც საკმაოდ რთულია. საქართველოში ეს პრობლემა ბევრ ქალს აწუხებს, იმიტომ რომ ჩვენს ქალებში ძალიან გავრცელებულია პოლიკისტოზი. ამ დაავადების მაჩვენებელი ჩვენთან სამჯერ უფრო მაღალია, ვიდრე საშუალოდ მსოფლიოში. ამის მიზეზი არავინ იცის და ეს ანოვულაციაში, უშვილობაში და ჭარბთმიანობაში მჟღავნდება. მისი მკურნალობა საკმაოდ ეფექტურია. მაგრამ, გამომწვევი მიზეზები არავინ იცის. დროულად თუ ჩაერევით, 90% განიკურნება და ორსულობაც შედგება.

"ბ": ცნობილია, რომ არანაკლები პრობლემების წინაშე დგანან ქართველი მამაკაცები...

ა.ხ: ნამდვილად ასეა. უფრო მეტიც, ქალებს სპეციალური სამსახური და ექიმები ემსახურებიან. მამაკაცები კი სრულიად უპატრონოები არიან. მამაკაცების რეპროდუქციული ფუნქცია სრულიად მიუხედავია. მთელს ქვეყანაში ანდროლოგიური განყოფილება, ანუ მამაკაცებისთვის სპეციალური განყოფილება მარტო ჟორდანიას ინსტიტუტშია. მსოფლიოშიც ასეა, მამაკაცები საერთოდ უპატრონოები არიან. სპეციალური ანდროლოგიური საავადმყოფოები ან კონსულტაციები არაა. ევროპაშიც ასეთი დაწესებულება თითო-ოროლაა. ასე რომ, მამაკაცები, როგორც საქართველოში, ასევე მთელს მსოფლიოში, ძალიან დაჩაგრულები არიან.

"ბ": რომელი დაავადებებია ჩვენს მამაკაცებში უფრო გავრცელებული.

ა.ხ: ჩვენი სამუშაო ძირითადად სპერმატოგენეზის დარღვევასა და იმპოტენციას ეხება. ამ მხრივ კი ცუდად გვაქვს საქმე. მიზეზი ეკოლოგია, ალკოჰოლიზმი და ნარკომანიაა. ყველაზე ცუდ გავლენას დაბინძურებული ეკოლოგია ახდენს. სპერმაზე ძალიან ცუდად მოქმედებენ ანტიბიოტიკები. მნიშვნელობა არ აქვს, ისინი რომელ ჯგუფს განეკუთვნებიან. ყველა ერთნაირად აზიანებს სპერმატოზოიდებს. ასევე მნიშვნელოვან და ცუდ გავლენას ახდენს სიმსუქნე. ეს მამაკაცებისთვის საშინელი დაავადებაა.

"ბ": თანამედროვე მსოფლიო მედიცინა ისეთი რთული ამოცანის წინაშე დგას, როგორიც ვირუსებია. როგორ აისახება ის ქართველი ქალების რეპროდუქციულ ფუნქციაზე.

ა.ხ: სამამულო ომის დროს, სანამ პენიცილინს აღმოაჩენდნენ, შავი ჭირი, ბრუცელოზი, ქოლერა და ათასი სხვა ინფექციური დაავადება იყო მოდებული. ანტიბიოტიკის შექმნის შემდეგ მილიონობით ადამიანი გადარჩა. მაგრამ ბაქტერიების ეპოქა დამთავრდა და ახლა ვირუსების სირთულის წინაშე ვდგავართ. ვირუსზე არავითარი ანტიბიოტიკი და არც სხვა რამ არ მოქმედებს. ჩვენ აივ-ინფექციის წინააღმდეგ ვიბრძვით. ვირუსთა შორის განსაკუთრებით საშიშია პაპილომის ვირუსი, რომელიც ინფიცირებული ქალების 70%-ში საშვილოსნოს ყელის კიბოს იწვევს, ხოლო მამაკაცების 100%-ში - პენისის კიბოს. ჰერპესის ვირუსით მოსახლეობის 99%-ია ინფიცირებული, ხოლო ციტომეგალოვირუსიც დაახლოებით ამავე მასშტაბებს მოიცავს. ის ქალებში ორსულობას წყვეტს. დანარჩენი ვირუსები სხვებთან შედარებით ნაკლებად საშიშია.



(c) გაზეთი " რეზონანსი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი



2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com