|
|
"რეზონანსი "
"ავერსის" ხელმძღვანელი ავთანდილ ჯორბენაძესთან კავშირს უარყოფს
(მედიანიუსი) ფარმაცევტული კომპანია "ავერსის" გენერალური დირექტორი პაატა კურტანიძე უარყოფს ოპოზიციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ამ კომპანიის საქმიანობა ჯანმრთელობის დაცვის ყოფილი მინისტრის, ავთანდილ ჯორბენაძის სახელს უკავშირდება და მას კომპანიაში "თავისი წილი აქვს". როგორც პაატა კურტანიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა ამას წინათ "ავერსის" სახელწოდებაც ჯორბენაძის სახელს დაუკავშირა, რადგან სახელს "ავთანდილს" და "ავერსს" ერთნაირი დასაწყისი აქვს, "ავერსის" შემადგენლობაში არსებული ასო ნიშანი "რ" კი ჯორბენაძის სიმამრის - "რეზოს" სახელის სიმბოლოა. პაატა კურტანიძის განმარტებით, სიტყვა "ავერსი" ლათინური წარმოშობისაა და "სპირალური გზით წინსვლას" ნიშნავს და მას კავშირი არ აქვს არც ჯორბენაძის სახელთან და არც მის ფინანსურ ინტერესებთან. როგორც პაატა კურტანიძე აცხადებს, "ავერსი" არსებობის 14 წლის მანძილზე სახელწოდებას ნამდვილად ამართლებს, რადგან მას უეცარი წინსვლა და მოგება არ ჰქონია და "სპირალური წინსვლით" გამოირჩევა. "ავთანდილ ჯორბენაძის, როგორც სახელმწიფო მოღვაწის დამსახურება "ავერსის" და სხვა ფარმაცევტული კომპანიების წინაშე ის არის, რომ მან ფარმაცევტული სფეროს განკერძოება მოახდინა. თავის დროზე აფთიაქებში ყველა წამლის დეფიციტი იყო და ყველაფერი არაოფიციალურად, სამმაგ და ოთხმაგ ფასად იყიდებოდა. ჯორბენაძემ სააფთიაქო სამმართველოები გააუქმა და ყველა სახელმწიფო აფთიაქი სამართავად კერძო კოლექტივებს გადასცა. ამით კი ფარმაცევტული სფეროს განვითარებისთვის მნიშვნელოვანი პირობები შეიქმნა", - განაცხადა პაატა კურტანიძემ.
(c) გაზეთი " რეზონანსი "
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |