"რეზონანსი "
# 36
კვირა, 10 თებერვალი, 2008 წელი

კინწურაშვილმა შესაძლოა კენჭი ხელმეორედ იყაროს

(პირველი) თამარ კინწურაშვილმა შესაძლოა, "საზოგადოებრივი მაუწყებლის" გენერალური დირექტორის თანამდებობაზე კენჭი მეორედ იყაროს. ამის შესახებ თავად კინწურაშვილმა განაცხადა.

"საზოგადოებრივი მაუწყებლის" დირექტორად 6 წლის ვადით ამირჩიეს და დღემდე აღნიშნულ თანამდებობაზე ვრჩები. განცხადებას თანამდებობიდან წასვლის შესახებ მხოლოდ მაშინ დავწერ, როდესაც პარლამენტი "საზოგადოებრივი მაუწყებლის" სამეურვეო საბჭოს დაამტკიცებს", - განაცხადა კინწურაშვილმა და დასძინა, რომ "საზოგადოებრივი მაუწყებლის" გენერალური დირექტორის თანამდებობაზე კენჭი შესაძლოა, მეორედაც იყაროს.

გავრცელებული ინფორმაციით, ხელისუფლებამ შესაძლოა, თამარ კინწურაშვილს სხვა თანამდებობაც შესთავაზოს.

როგორც ცნობილია, ამ დროისთვის "საზოგადოებრივი მაუწყებლის" სამეურვეო საბჭოს წევრობის დაახლოებით 60 კანდიდატი არსებობს. მათ შორის არიან საზოგადოებისათვის ცნობილი სახეები ლალი მოროშკინა, ირმა სოხაძე, მიხო ბორაშვილი, ჰენრი კუპრაშვილი და თაკო ჩარკვიანი.



(c) გაზეთი " რეზონანსი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი



2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com