"რეზონანსი "
# 36
კვირა, 10 თებერვალი, 2008 წელი

წელიწადნახევარში ინტერნეტ-მომხმარებელთა რიცხვი 2,5-ჯერ გაიზარდა

ინტერნეტის მომხმარებელთა რაოდენობა საქართველოში წარმოუდგენელი ტემპით იზრდება. თუ წელიწადნახევრის წინ ქვეყანაში ინტერნეტს, დაახლოებით, 200 ათასი ადამიანი იყენებდა, დღეს მათი რაოდენობა უკვე ნახევარ მილიონს აღწევს.

გარდა ამისა, როგორც ინტერნეტ-პროვაიდერი კომპანიების წარმომადგენლები აცხადებენ, ბოლო ერთი წლის განმავლობაში ქვეყანაში ინტერნეტის აბონენტთა რიცხვიც ერთი-ორად გაიზარდა.

მათივე განმარტებით, ინტერნეტ-მომხმარებლის ზრდის ტენდენცია რამდენიმე ფაქტორითაა განპირობებული. პირველ რიგში კი იმით, რომ ახალგაზრდა თაობაში ინტერნეტის ცნობადობა გაიზრდა, ყველამ გაიგო, რა არის ინტერნეტი და ისწავლა მისი გამოყენება. ამასთანავე, ინტერნეტი 21-ე საუკუნეში სწრაფი და ოპერატიული კომუნიკაციის საუკეთესო საშუალებაა. და ბოლოს, ინტერნეტის სწრაფ განვითარებას დიდად შეუწყო ხელი სახელმწიფო პროგრამა "ირმის ნახტომმა," რომელიც ქვეყნის ყველა სკოლის კომპიუტერიზაციას ისახავდა მიზნად.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი ტენდენცია გამოკვეთილია რეგიონებშიც.

"ბასტა" შეეცადა ინტერნეტის განვითარების ტემპებისა და ტენდენციების შესახებ სხვადასხვა პროვაიდერების პოზიციები დაეფიქსირებინა. "კავკასუს ონლაინიდან", რომელიც ყველაზე დიდი პროვაიდერია, მოუცლელობის გამო ვერავინ დაგვეკონტაქტა, "ახალ ქსელებთან" კი ჩვენ თავად ვერ შევძელით დაკავშირება. ერთადერთი, ვისთანაც მოხერხდა ინტერვიუს ჩაწერა, "გაერთიანებული ტელეკომის" გენერალური დირექტორის მოადგილე ივა მარტიაშვილია.

ივა მარტიაშვილი: "ბოლო წლების განმავლობაში ინტერნეტის მომხმარებლის დიდი ზრდა შეინიშნება. მაგალითისთვის რომ ავიღოთ, თუ 2007 წლის დასაწყისში ჩვენ აბონენტთა რაოდენობა დაახლოებით 20 ათასი იყო, დღეს 50 ათასს აღწევს. თანაც ეს მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი აბონენტების რიცხვია. ზოგადად ინტერეტის მომხმარებელი დღეს საქართველოში გაცილებით მეტია და დაახლოებით ნახევარ მილიონს აღწევს. ეს მაშინ, როცა წელიწადნახევრის წინ მათი საერთო რიცხი 200 ათასს არ აღემატებოდა. მოთხოვნა ყოველდღიურად იზრდება, უამრავი ადამიანი მოგვმართავს ქსელში ჩართვის თხოვნით. უნდა აღინიშნოს, რომ ამ საქმეში ძალიან წარმატებული პროგრამა იყო "ირმის ნახტომი", რომლის საშუალებით ძალიან ბევრმა არასრულწლოვანმა ისწავლა ინტერნეტის გამოყენება. შესაბამისად, შემდეგ უკვე კომპიუტერიც იყიდეს და ქსელშიც ჩაერთვნენ. ძალიან მნიშვნელოვანია ისიც, რომ ეს პროექტი არა მართო დედაქალაქში, არამედ რეგიონებშიც განხორციელდა, რაც მის მნიშვნელობას კიდევ უფრო ზრდის.

ჩვენს კომპანიას ყოველთვიურად დაახლოებით 2 ათასი ადამიანი მიმართავს ინტერნეტის დაყენების თხოვნით. წინა წლებში ეს რიცხვიც შედარებით დაბალი იყო და დაახლოებით 500-700 კაცს შეადგენდა. მოთხოვნა ხშირ შემთხვევაში უფრო დიდიცაა ვიდრე 2 ათასი, მაგრამ ჩვენ უბრალოდ ფიზიკურად ვერ ვაკმაყოფილებთ ამაზე მეტს.

"ბ": თქვენი აზრით, რა ფაქტორები განაპირობებს ინტერნეტის მომხმარებელთა რაოდენობის ასეთ ზრდას.

ი.მ.: ინტერნეტმომხმარებლის რაოდენობის ასეთ ზრდას პირველ რიგში ის განაპირობებს, რომ ქვეყნის ეკონომიკა ვითარდება. ეკონომიკის განვითარება თავისთავად ნიშნავს სხვადასხვა ბიზნესის განვითარებას, ახალი ორგანიზაციების, კომპანიების დაარსებას. თანამედროვე ბიზნესის წარმოება კი მჭიდროდაა დაკავშირებული ინტერნეტთან. ასე რომ, ამ კუთხითაც გაიზარდა მოთხოვნა.

ამას გარდა, ადრე თუ ფოსტით ცვლიდნენ წერილებს, ახლა ამას უკვე ინტერნეტის და კომპიუტერის დახმარებით აკეთებენ. ანუ, ის მარტივი და ოპერატიული კომუნიკაციის საშუალებაა...

მოთხოვნის ზრდა ახალგაზრდა თაობაში ინტერნეტის ცნობადობის გაზრდამაც განაპირობა. ყველამ გაიგო რა არის ინტერნეტი და ისწავლა მისი გამოყენება, გამომდინარე იქიდან, რომ ის არის ერთგვარი გართობის საშუალება. ახალგაზრდებს შეუძლიათ ინტერნეტის გამოყენებით გადმოწერონ სხვადასხვა სიმღერები, ითამაშონ, სურათები დაათვალიერონ და ა.შ. თუმცა, ამავე დროს იღებენ ბევრ ისეთ ინფორმაციას, რომელსაც წიგნში ვერ წაიკითხავენ და ტელევიზორში ვერ ნახავენ. აქ შესაძლებელია მონახო ნებისმიერი სახის ინფორმაცია და გაეცნო მას. ასე რომ, ახალი თაობა ძალიანაა დაკავშირებული ინტერნეტთან და ის მათ ყოველდღიურობასაც კი წარმოადგენს.

"ბ": რამდენად მისაღებია ასეთი ტენდენცია. საზოგადოებაში იმასაც ამბობენ, ინტერნეტის სწრაფი განვითარება ახალგაზრდა თაობაზე ცუდად მოქმედებს, მათ წიგნთან აშორებსო...

ი.მ: ძალიან კარგია, რომ ინტერნეტი ასე სწრაფად ვითარდება. ის ურთიერთობებს აიოლებს და ამავე დროს ქვეყნის, მისი ეკონომიკის და ახალგაზრდა თაობის განვითარებას უწყობს ხელს.

მართალია, ხშირად ამბობენ, რომ ინტერნეტი და საერთოდ კომპიუტერი ახალგაზრდა თაობას წიგნთან აშორებსო, მაგრამ ჩემი აზრით დღეს ახალგაზრდას ინტერნეტი უფრო სჭირდება, ვიდრე წიგნი. გამომდინარე იქიდან, რომ ინტერნეტი უფრო პრაქტიკულია და თანაც მისი მეშვეობით ნებისმიერი წიგნის, ნაწარმოების, თუ ინფორმაციი მოძიებაა შესაძლებელი. არა, იმას კი არ ვამბობ, რომ წიგნს ინტერნეტი უნდა ჩაენაცვლოს... ყველაფერს თავისი ადგილი უნდა ჰქონდეს. საბოლოო ჯამში მაინც მშობლებზეა დამოკიდებული როგორ გაზრდიან შვილს, რას ასწავლიან მას.

"ბ": როგორი სიტუაციაა ინტერნეტის განვითარების მხრივ რეგიონებში.

ი.მ: დღეს საქართველოს რეგიონების 90%-ში ინტერნეტს მომხმარებლები ჰყავს. ამ საქმეში, როგორც უკვე აღვნიშნე, დიდი წვლილი შეიტანა "ირმის ნახტომმა", რომლის განხორციელების შემდეგ თითქმის ყველა სკოლას აქვს ინტერნეტი. გარდა ამისა, პროექტი ნელ-ნელა უფრო მასშტაბურ ხასიათს იძენს და რეგიონებში მეტი და მეტი მოსწავლე სწავლობს ინტერნეტის მოხმაებას.

ჩვენნაირ კომპანიებს დღესდღეობით არ შეუძლიათ რეგიონის მოსახლეობას ინტერნეტ-სერვისი ფართოდ შესთავაზონ, თუმცა მომდევნო წლებში ძალიან ბევრი რამის გაკეთებას ვგეგმავთ. ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ რეგიონალური ფილიალების დახმერებით ინტერნეტში ჩართვა ყველასთვის შესაძლებელი იყოს. დღესდღეობით რეგიონებში 52 ფილიალი გვაქვს და 2008 წელს ამ სფეროში დიდი ინვესტიციის განხორციელებასაც ვგეგმავთ.

ინტერნეტში ჩართვის მოთხოვნის ზრდა რასაკვირველია რეგიონებშიც შეინიშნება. პირველ რიგში იმ მიზეზით, რომ სხვადასხვა კომპანიები სულ უფრო და უფრო ხშირად ხსნიან ფილიალებს რეგიონებში და შესაბამისად აქვთ საჭიროება ოფისები ინტერნეტის ქსელში ჩართონ. ამას გარდა, ინტერნეტზე მოთხოვნა ჩვეულებრივ მოსახლეობაშიც დიდია. ძალიან ბევრი ადამიანი ყიდულობს კომპიუტერს და ერთვება ინტერნეტში. შედარებისთვის რომ ვთქვათ, დაახლოებით 2 წლის წინ რეგიონებში წარმოდგენაც კი არ ჰქონდათ რა იყო ინტერნეტი, თუ რა თქმა უნდა ისეთ დიდ ქალაქებს არ ჩავთვლით, როგორიც ქუთაისი, ბათუმი და სხვებია. დღეს ჩვენი ყველა რეგიონალური ფილიალის მმართველი გვეუბნება, რომ ადგილობრივ მოსახლეობას აქვს ძალიან დიდი მოთხოვნა ინტერნეტზე და გვთხოვენ ეს მომსახურება იქაც შევიტანოთ.

"ბ": საზოგადოების რა ფენები იყენებენ ინტერნეტს. რამდენიმე წლის წინ ის ერთგვარ ფუფუნების საგნადაც კი ითვლებოდა... დღესდღეობით რა სიტუაციაა ამ მხრივ.

ი.მ: ჩვენი მთავარი მიზანია ინტერნეტი გავხადოთ ხელმისაწვდომი ყველა ქართული ოჯახისთვის. ამისთვის კონკრეტულ ნაბიჯები უკვე გადავდგით. მაგალითად, თბილისის 5 უბანში ინტერნეტის ფასი დავწიეთ 20 ლარამდე მაშინ, როცა ბევრგან დღესაც 40-50 ლარი ღირს სხვადასხვა ოპერატორების მომსახურება. ამას გარდა, ხარისხიც გავაუმჯობესეთ. მოკლედ, ვცდილობთ ინტერნეტი ყველა ფენისთვის ხელმისაწვდომი იყოს და ფუფუნების საგანს აღარ წარმოადგენდეს და ვიმედოვნებთ, რომ მალე ასეც იქნება.



(c) გაზეთი " რეზონანსი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი



2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com