|
|
"რეზონანსი "
შატბერაშვილი: "ან გაათავისუფლონ პოლიტპატიმრები ან ყველა დაგვიჭირონ" ია აბულაშვილი
ლეიბორისტული პარტიის ლიდერები 7 ნოემბერის მოვლენების დროს დაპატიმრებული მომიტინგეების გათავისუფლებას ითხოვენ და ხელისუფლებას 10-დღიან ვადას აძლევენ. წინააღმდეგ შემთხვევაში ფართომასშტაბიანი საპრტესტო აქციებით იმუქრებიან. როგორც ლეიბორისტული პარტიის გენერალურმა მდივანმა სოსო შატბერაშვილმა განაცხადა, ამ აქციის მთავარი ლოზუნგი იქნება "თავისუფლება პოლიტპატიმრებს". სოსო შატბერაშვილი: "საქართველოში თუ აქამდე 5-6 პოლიტიკური პატიმარი იყო, გასული წლის 7 ნოემბრის შემდეგ პოლიტპატიმართა ახალი ტალღა გაჩნდა. დღეს საპატიმროში იმყოფება 7 ნოემბერს სრულიად უდანაშაულოდ დაპატიმრებული 30-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის ექვსი ლეიბორისტული პარტიის წევრი. ისინი პატიმრობაში აღმოჩნდნენ სისხლის სამართლის 225-ე მუხლის საფუძველზე, რაც მასობრივ არეულობას, ძალადობას, ასაფეთქებელი მოწყობილობის გამოყენებას და ხელისუფლების მიმართ შეიარაღებული წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს, რაც 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. აქტიური მხარდამჭერების დაპატიმრების მიზნით, ჯერ კიდევ 2-7 ნოემბრის მიტინგებზე უშიშროების თანამშრომლები ფარულ ფოტოგადაღებებს აწარმოებდნენ. იმ ავბედით დღეს, როდესაც მშვიდობიან მომიტინგეებს კბილებამდე შეიარაღებული სპეცრაზმელები თავს ესხმოდნენ, ისინი მხოლოდ თავს იცავდნენ და არავითარ შეიარაღებულ წინააღმდეგობას ხელისუფლების მიმართ ადგილი არ ჰქონია, შემდეგ რაიონული პოლიციელების მეშვეობით, საკუთარი სახლებიდან მხეცურად აიყვანეს და დღემდე საპატიმროებში ამყოფებენ. თუ ერთი ადამიანი მაინც იტყვის, იმ დღეს ერთი ფანჯრის მინა მაინც გაიბზარა, პირველი მე ვიტყვი, რომ ისინი სამართლიანად დააპატიმრეს. რატომ აქამდე არ ამოვიღეთ ხმა და საკითხი ასე მწვავედ არ დავაყენეთ. მიზეზი იყო ის, რომ თავად პატიმრებმა და მათი ოჯახის წევრებმა გვთხოვეს თავი შეგვეკავებინა მკვეთრი განცხადებებისაგან, იმ მოსაზრებით, რომ მათი ოჯახის წევრებზე ხორციელდებოდა ზეწოლა და ისედაც ცუდ პირობებში მყოფი პატიმრები, რომლებიც ცალ-ცალკე საკნებში არიან, სრულ ინფორმაციულ ვაკუუმში, კიდევ უფრო გაუსაძლის მდგომარეობაში არ ჩაგვეგდო. ასევე ვფიქრობდით, რომ დე-ფაქტო ხელისუფლება და პრეზიდენტი ინაუგურაციის შემდეგ გამოიჩენდა კეთილ ნებას და მათ გაათავისუფლებდა. რა ხდება დღეს - ორთვიანი პატიმრობის ვადა რომელიც შეფარდებული ჰქონდათ, უკვე ამოიწურა, ხელისუფლება კი მათ გათავისუფლებას არ ჩქარობს. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, თუ პატიმრებს ერთი კვირის ან ათი დღის ვადაში არ გაათავისუფლებენ, მაშინ "ლეიბორისტული პარტია" დაასახელებს იმ პატიმართა ვინაობას, რომლებიც დღესაც საპატიმროებში არიან და ასევე იმ თანამდებობის პირებს, ვინც 7 ნოემბერს ხალხის დაპატიმრების ბრძანება გასცა. ასევე პირობას ვდებთ, რომ გავშლით ფართომასშტაბიან საპროტესტო აქციებს, რომლის მთავარი ლოზუნგი იქნება "თავისუფლება პოლიტპატიმრებს". თუ დაპატიმრებაა, მაშინ ის ასი და ორასი ათასი მომიტინგეც დააპატიმრონ, პირველ რიგში კი ჩვენ, პოლიტიკური ლიდერები."
(c) გაზეთი " რეზონანსი "
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |