"რეზონანსი "
# 36
კვირა, 10 თებერვალი, 2008 წელი

არჩილ შუბაშვილი: "კმაყოფილები უნდა ვიყოთ, რომ ბერლინალეზე წელს ქართულად რაღაცა მაინც იქნება ნაჩვენები"

მარი ოთარაშვილი

ბერლინის კინოფესტივალი 7 თებერვალს იწყება და, ჩვეულებრივად, 10 დღეს გაგრძელდება. ფესტივალის ერთ-ერთი სტუმარი ქართველი კინომცოდნე არჩილ შუბაშვილიც არის.

ქართული კინოპროდუქციიდან რომელი ფილმი გადის, რამდენად მნიშვნელოვანია სამამულო კინემატოგრაფიისთვის ბერლინალე და რას უნდა ველოდოთ წელს მისგან - ყოველივე ამის შესახებ "ბასტა" ბერლინში გამგზავრებამდე წინა დღით არჩილ შუბაშვილს ესაუბრა.

არჩილ შუბაშვილი: ბერლინალეზე კინოპროდუქციის წარდგენა უფრო არა, მაგრამ შერჩევა ხდება. შერჩევა კი საკმაოდ მკაცრად მიმდინარეობს ხოლმე. სწორედ, ამ პრინციპით წლევანდელი ბერლინალესთვის გერმანელი კოლეგების მიერ შერჩეულია თემურ ბუტიკაშვილის დოკუმენტური, მოკლემეტრაჟიანი ფილმი "ჩამოფასებულები", ერთ-ერთი საუკეთესო პროგრამის - მსოფლიო კინოპანორამის განხრით. ეს იქნება ერთადერთი ქართული ფილმი, რომელიც ბერლინალეზე მოკლემეტრაჟინი ფილმების სექციაში იქნება ნაჩვენები.

"ბასტა": რა პრინციპით არჩევენ გერმანელი კოლეგები ბერლინალესთვის კინოპროდუქციას.

ა.შ: ვინ არიან შემრჩევლები - მათი ვინაობა კონკრეტულად არ სახელდება და არც აქვს ამას არსებითი მნიშვნელობა. შემუშავებულია სპეციალური ორგანიზაცია, რომელსაც ჰყავს სხვადასხვა სპეციალისტები, ანუ ისინი კინომიმართულების შესაბამისად ოყოფიან: მხატვრულის, დოკუმენტურის, მოკლემეტრაჟიანის შემრჩევებად. ცალკე არიან ასევე კონკურსის ორგანიზატორები.

"ბ": რა არის მთავარი კრიტერიუმი.

ა.შ: შერჩევის მთავარი კრიტერიუმია ფილმის მხოლოდ მხატვრული ღირსება და თემის აქტუალობა. თუ ფილმი არ არის დოკუმენტური და ყოველდღიურ სოცილურ-პოლიტიკურ პრობლემატიკას არ ეხება, მაშინ ის შეფასდება მარტო მხატვრული ღირსების მიხედვით. ჩვენი ფილმი მხატვრულობის თვალსაზრისით საკმაოდ კარგი და საინტერესოა. იმედი მაქვს, ბერლინის მაყურებელს ძალიან მოეწონება. საერთოდ კი ბერლინალეზე ყველაზე მნიშვნელოვანია სრულმეტრაჟიანი ფილმები.

"ბ": ქართული კინოფილმი და ბერლინალე...

ა.შ: ქართული კინემატოგრაფიიდან ბერლინის ფესტივალზე უკვე 2 ფილმი დაჯილდოვდა: პირველად იყო გიორგი შენგელაიას "ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობა", რომელმაც საუკეთესო რეჟისურისთვის "ოქროს დათვი" დაიმსახურა, და შემდეგ იყო თემურ ბაბლუანის "უძინართა მზე", რომელმაც ასევე ჟიურის სპეციალური მოთხოვნით "ოქროს დათვი" დაიმსახურა.

2 წლის წინ ბერლინალეს კინოპანორამაზე წარმატებით იყო ნაჩვენები გიორგი ლოლაშვილის მოკლემეტრაჟიანი ფილმი "მღვდლის ცოლი". ამ უკანასკნელმა ნიუ-იორკის კინოაკადემიის პრიზიც დაიმსახურა.

"ბ": მერე რას მოუტანს ქართულ კინემატოგრაფიას ეს ერთადერთი ფილმი, რომელიც კონკურსგარეშე გადის.

ა.შ: ქართული კინემატოგრაფიისთვის ბერლინალეზე მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია. ის მიეკუთვნება მსოფლიოში ცნობილი კონიფესტივალების სამეულს: ყოველ წელს "კონოფესტივალების სეზონი" ბერლინალეთი იწყება, მაისში კანის ფესტივალი ტარდება, დეკემბრის ბოლოს კი - ვენეციის ფესტივალი.

სამივე მნიშვნელოვანი ფესტივალია და, შესაბამისად, მათში უბრალოდ მონაწილეობაც კი ამა თუ იმ ფილმისთვის პრესტიჟული და ფასეულია. განსაკუთრებით დიდად დასაფასებელია კონკურსში მონაწილეობა. ეს უკვე გამარჯვებას ნიშნავს. პრიზის დამსახურების შემთხვევაში კი უკვე საყოველთაო აღიარებაზე უნდა ვისაუბროთ. ჩვენ კმაყოფილები უნდა ვიყოთ, რომ ბერლინალეზე წელს ქართულად რაღაცა მაინც იქნება ნაჩვენები. ჯერჯერობით ქართულ კინემატოგრაფიას არ აქვს კონკურსში მონაწილეობის ამაზე მეტი შესაძლებლობა.

"ბ": ალბათ, იმიტომ, რომ ქართულ კინემატოგრაფიაში არაფერი შექმნილა ახალი.

ა.შ: დიახ, არ არის დიდი რაოდენობა. თუმცა მარტო რაოდენობას არ აქვს მნიშვნელობა, მთავარი ხარისხია. ჩვენთან არ არის იმის შესაძლებლობა, რომ მაღალი ხარისხის ფილმი გადავიღოთ. თუმცა ქართველ რეჟისორები, რომლებიც ძირითადად მოღვაწეობენ უცხოეთში, კარგ კინოპროდუქციას ქმნიან და სერიოზულ წარმატებებსაც აღწევენ.

შეგვიძლია დავასახელოთ ოთარ იოსელიანი, რომელიც ხან ბერლინის და ხან ვენეციის კინოფესტივალზე იმარჯვებს. ასევე შეგვიძლია დავასახელოთ გერმანიაში მოღვაწე დიტო ცინცაძე...

მართალია, ეს ქართველი კინემატოგრაფების დიდი აღიარებაა, მაგრამ გარკვეულწილად ხაზი უნდა გაესვას იმას, რომ თვითონ პროდუქცია არაქართულია, ძირითადად ან ფრანგული, ან გერმანული წარმოებისაა. შესაბამისად, მათი ფილმების კონკურსში მონაწილეობის შემთხვევაში წარმატება არა საქართველოს, არამედ იმ ქვეყნებს ეთვლებათ, სადაც ისინი მოღვაწეობენ.

"ბ": რას უნდა ელოდოს ქართული კინო წლევანდელი ბერლინალესგან.

ა.შ: სასიხარულო იქნება, თუ ბუტიკაშვილის ფილმი გაიმარჯვებს. კარგი იქნება თუ კონკურსგარეშე წარდგენილი ფილმი რამე წამახალისებელ ჯილდოს აიღებს."

ბერლინალესთვის საგანგებოდ მოემზადა ქართული კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი. ეს უკანასკნელი ქართულ კინოპროდუქციას კინობაზარზე წელს მეორეჯერ წარადგენს. კინოცენტრის მიერ ბერლინში დაქირავებულ ოფისში მყიდველს 2005, 2006, 2007 წლების კინოპროდუქციის ნახვის საშუალება ექნება. ბაზარზე წარმოდგენილი იქნება თბილისის საერთაშორისო და ფესტივალის და კინოცენტრის საინფორმაციო ბროშურები, ქართული ფილმების პლაკატები და დივიდი ვერსიები.

"ბერლინის ფესტივალის პარალელურ იმართება კინობაზარიც. საამისოდ უკანასკნელი 2 წლის მანძილზე გადაღებულ დოკუმენტურ, მოკლემეტრაჟიან და სრულეტრაჟიან ფილმებს ავარჩევთ. მთავარი მიზანია გაყიდვა და ფესტივალისთვის ახალი ფილმების შეთავაზება. სპეციალური სტენდი გვაქვს გამოყოფილი. ჩვენ დაინტერესებულებს ვაჩვენებთ ფილმებს და თუ მოეწონებათ, დაუკავშირდებიან ფილმის რეჟისორებს. სწორედ, მათგან მოხდება შესყიდვა. ანუ, ჩვენ მხოლოდ წარვადგენთ," - აღნიშნა "ბასტასთან" საუბრისას კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის წარმომადგენელმა, დავით ვაშაძემ.



(c) გაზეთი " რეზონანსი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი



2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com