|
|
"რეზონანსი "
ვახტანგ ხმალაძე: პოლიტიკური კრიზისი გარდაუვალია"თუ საზოგადოებაში არსებულ განწყობას გავითვალისწინებთ, ხალხის დიდი პროტესტია მოსალოდნელი" ეკა ბასილაია
საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში პოლიტოლოგი ვახტანგ ხმალაძე ქვეყანაში კონსტიტუციური დაპირისპირებების საშიშროებას არ გამორიცხავს. "ოპოზიციის ერთსულოვნებისა და პარლამენტის ორმესამედიანი ხმის უფლების მოპოვების შემთხვევაში, მიხეილ სააკაშვილს მოუწევს ოპოზიციასთან ნებისმიერ დათმობაზე წასვლა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ოპოზიცია საკმაოდ სწრაფი ტემპით შეცვლის კონსტიტუციას, როგორც ეს თავის დროზე ნაციონალურმა მოძრაობამ გააკეთა და სააკაშვილს თავისი გაფართოებული უფლებების სრულიად კანონიერად დათმობა მოუწევს," - აცხადებს ხმალაძე და საუბრობს იმაზე, რომ ქვეყანაში პოლიტიკურ კრიზისამდე მისვლის დიდი ალბათობა არსებობს. რას უნდა ველოდოთ მომავალი საპარლამენტო არჩევნებიდან. მოვა თუ არა ოპოზიცია დიდი უმრავლესობით და რამდენად შესაძლებელია კონსტიტუციური ცვლილებების განხორციელება. ამ თემაზე პროგნოზებს პოლიტოლოგი ვახტანგ ხმალაძე აკეთებს. ვახტანგ ხმალაძე: რას უნდა ველოდოთ, ეს ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მიღწეული შეთანხმების შემდეგ გაირკვევა. შესაძლო შედეგებს განსაზღვრავ ისიც, თუ როგორი ფორმატით მიიღებენ ოპოზიციური პარტიები არჩევნებში მონაწილეობას. "ბასტა": როგორ ფიქრობთ, თუკი "ერთიანი ეროვნული საბჭო" ერთიანობას ვერ შეინარჩუნებს, ოპოზიციას უმრავლესობაში მოსვლის რა შანსები აქვს. ვ.ხ: ამ წუთს ისიც კი არ ჩანს ნათლად, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ერთ სუბიექტად გამოვა თუ, ვთქვათ, ორ სუბიეტად გაიყოფა - ასეთი ალბათობაც არსებობს. რაც შეეხება ოპოზიციას, აქ უპირველეს ყოვლისა საკითხი ასე დგას: ერთიანი ეროვნულ საბჭოში შემავალი პარტიები ერთი ბლოკით გამოვლენ თუ არა არჩევნებში.! შესაძლებელია, რომ საპარლამენტო არჩევნების დროს სხვადასხვა ტიპის სუბიექტთა გაერთიანებამ უკუეფექტი გამოიწვიოს, რადგან მხედველობაში მისაღებია იდეოლოგიურ სხვადასხვა პოზიციებზე დგომა და ამასთანავე პერსონალური შემადგენლობაც. ბევრი რამ დამოკიდებული ხდება იმაზეც, რა არის მიზანი. მიზანია, ვინმეს წინააღმდეგ ერთიანი ფორმატით გამოსვლა და იმ ვინმეს დამარცხება, თუ მიზანი - გარკვეული იდეოლოგიისთვის მხადრდაჭერა და მისი გატარებაა. ამიტომ, სპეციალური სოციოლოგიური გამოკვლევების გარეშე ძალიან ძნელი იქნება იმის თქმა, თუ რომელ შემთხვევაში მიიღებს ოპოზიცია მეტ ხმას - ცალ-ცალკე თუ ერთად. "ბ": საუბარია, რომ თუკი ოპოზიცია პარლამენტში ურავლესობით შევა, კონსტიტუციური ცვლილებები იქნება... ვ.ხ: კონსტიტუციური ცვლილებების მიღწევა ოპოზიციისთვის აბსოლუტურად რეალურია იმ შემთხვევაში, თუ მანდატების ორ მესამედს მიიღებს. თუ ორი მესამედი ვერ მიიღო, მაშინ დანარჩენი ნაწილი მთლიანად "ნაციონალური მოძრაობის" იქნება და მათთან შეთანხმების ან ამ ნაწილის გახლეჩის გარეშე, კონსტიტუციაში არსებითი ცვლილებების შეტანა ვერ მოხერხდება. "ბ": აცხადებდით, რომ სააკაშვილს ოპოზიციასთან ნებისმიერ დათმობაზე წასვლა მოუწევს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ოპოზიცია საკმაოდ სწრაფი ტემპით შეცვლის კონსტიტუციას. რა უნდა დათმოს სააკაშვილმა, რომ კოსტიტუციუირი ცვლილება აიცილოს თავიდან. ან, არის შანსი, რომ ეს ცვლილება აიცილოს. ვ.ხ: ორმესამედიანი უმრავლესობის მიღწევის შემთხვევაში კონსტიტუციური ცვლილებები გარდაუვალია. მე საუბარი მქონდა იმ პერიოდზე, რომელიც არჩევნებიდან კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანამდე იქნება. ეს პერიოდი კი შეიძლება წავიდეს მშვიდად და შეიძლება წავიდეს ძალიან დაძაბულ პოლიტიკურ ვითარებაში: ეს დამოკიდებული იქნება პარლამენტისა და პრეზიდენტის ურთიერთობაზე. შეიძლება განხილული იქნეს მთელი რიგი ისეთი საკითხები, რომელიც მისაღები არ იქნება პრეზიდენტისთვის და მისი გუნდისთვის. ასეთ შემთხვევაში პრეზიდენტი შეძლებს ვეტოს გამოყენებას და თუ ორმესამედიანი იქნა ოპოზიცია, ვეტოს დაძლევა პრობლემა არ იქნება. თუმცა ასეთი ურთიერთობა დაძაბულობას შექმნის. თანაც, ორი მესამედით მოსვლის შემთხვევაში, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ოპოზიცია არ დაუშვებს ისეთ შეცდომებს, რაც "ნაციონალურმა მოძრაობამ" ამ ოთხი წლის განმავლობაში დაუშვა. სხვანაირად, პოლიტიკური კრიზისი გარაუვალი იქნება. "ბ": რა შეცდომები არ უნდა დაუშვან. ვ.ხ: რაც არაერთხელ განუცხადებიათ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებს: დღეს ჩვენ ვართ უმრავლესობაში და რასაც გვინდა იმას ვაკეთებთ... ანუ, სრული უგულვებელყოფა უმცირესობაში მყოფი ჯგუფის პოზიციისა. "ბ": თუკი ოპოზიციამ უბრალო უმრავლესობა მოიპოვა და არა ორი მესამედი, რა შეიძლება მოხდეს. ვ.ხ: რადიკულურად განსხვავებული ვითარება შეიქმნება. კონსტიტუციური რეფორმა - უპ. ყოვლისა მმართველობის არსებული მოდელის შეცვლა - ძალიან გართულდება. შეიძლება ოპოზიცია და პრეზიდენტი არ წავიდნენ თანამშრომლობაზე, ან ვერ მიაღწიონ შეთანხმებებს და გამუდმებით შეიქმნება სიტუაცია, როდესაც პარლამენტი მიიღებს რაღაც კანონს (კანონის მიღებას შეძლებს, რადგან უმრავლესობა ექნება), რომელსაც პრეზიდენტი დაადებს ვეტოს და შეიძლება ასეთი ვითარება მივიღოთ: პარლამენტი იღებს კანონს, პრეზიდენტი ადებს ვეტოს, პარლამენტი ვერ სძლევს ვეტოს და კანონი მიუღებელი რჩება. "ბ": და, რა იქნება შემდეგში. ვ.ხ: პარლამენტი უნდობლობას გამოუცხადებს მთავრობას, პრეზიდენტი მთავრობას არ გადააყენებს და დაითხოვს პარლამენტს და ა.შ. ასეთ ვითარებაში, როცა ორმესამედიანი უმრავლესობა არა აქვს ოპოზიციას, ხოლო პრეზიდენტსა და პარლამენტს შორის არ იქნება თანამშრომლობა, დიდი ალბათობაა ამას პარლამენტის დათხოვნა და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა მოჰყვეს. თავისთავად, ეს უბედურება არ იქნებოდა, რომ არა იმის შანსი, რომ არჩეული პარლამენტი კვლავ ოპოზიციური აღმოჩნდება და კვლავ იგივე სცენარი განმეორდება. "ბ": სანამ შეიძლება ასე გაგრძელდეს. ვ.ხ: თუ ამასობაში ის კონსტიტუციური ცვლილება შევიდა ძალაში, რომ პარლამენტის ორჯერ დათხოვნის შემდეგ პრეზიდენტის არჩევნებიც უნდა გაიმართოს, უკვე მეორედ დათხოვნის შემდეგ პრეზიდენტის არჩევაც მოგვიწევს. ეს იქნება ხანგრძლივი პოლიტიკური კრიზისის პერიოდი, რაც ქვეყნის განვითარებას არ წაადგება. ამ კრიზისიდან თავის არიდების ერთადერთი საშუალება იქნება ის, რომ პრეზიდენტმა და პარლამენტმა თანამშრომლობა შეძლონ. "ბ": არჩევნებამდე შევძლებთ მშვიდობიანად მისვლას თუ რევოლუციას უნდა ველოდოთ. ვ.ხ: არაფერი არ არის გამორიცხული. თუკი ოპოზიციამ და ხელისუფლებამ პრინციპულ საკითხებზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს და თან, თუ საზოგადოებაში არსებულ დღევანდელ განწყობას გავითვალისწინებთ, მაშინ მოსალოდნელია ამას ხალხის დიდი პროტესტი მოჰყვეს, რამაც ისევ პოლიტიკურ კრიზისამდე შეიძლება მიგვიყვანოს. მაშინ შეიძლება რევოლუციაც მივიღოთ.
(c) გაზეთი " რეზონანსი "
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |