"რეზონანსი "
# 36
კვირა, 10 თებერვალი, 2008 წელი

ხუხაშვილი: "გრინოუქმა" საქართველო პოლიტიკური რისკების გამო დატოვა

ეკა ბასილაია

დანიურმა "გრინოუქ ჯგუფმა" და მისმა პარტნიორებმა "ბათუმის ნავთობის ტერმინალი" და "ბათუმის საზღვაო ნავსადგური" ყაზახეთის სახელმწიფო კომპანია "ყაზმუნაიგაზს" მიჰყიდეს.

დანიელი ბიზნესმენიდან ქართული სტრატეგიული ტერმინალი და ნავსადგური ბიზნესმფლობელობაში "თბილგაზის" მესაკუთრე ყაზახებმა გადაიბარეს.

ეკონომიკის ექსპერტი გია ხუხაშვილი აცხადებს, რომ დანიელი ბიზნესმენის, იან ბოდე ნილსენის საქართველოდან წასვლა ქვეყნისთვის სასიკეთოა. მისი თქმით, ერთმა საეჭვო რეპუტაციის მქონე ბიზნესკომპანიამ საქართველო დატოვა და ეს ქვეყანაში არსებული გაურკვეველი პოლიტიკური სიტუაციის და ხელისუფლების ცვლის შიშის გამო მოხდა.

მონოპოლიური მდგომარეობის შექმნა, სხვადასხვა მაქინაციებით სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე დიდი რაოდენობით საგადასახადო ვალების დაგროვება და ასეულობით მილიონების შოვნა - ამ ბრალდებას უყენებს ექსპერტი დანიელ ბიზნესმენს.

"ნილსენს ბევრი პრობლემა ჰქონდა დაგროვილი. ერთ-ერთი პრობლემა დიდი რაოდენობის გადასახადებია, რომელიც წლების მანძილზე სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე წარმოიშვა. ბოლოს და ბოლოს, ამ გადასახადებს ვიღაც მოითხოვდა. საერთოდ, ნილსენის წასვლაში ცუდი არაფერია, უფრო მეტიც, ეს დადებითი მოვლენაა," - ამბობს ხუხაშვილი.

გია ხუხაშვილი: ბათუმის ნავთობის ტერმინალი დიდი ხანია "გრინოუქ ჯგუფის" მფლობელობაშია. ამ კომპანიამ მუშაობა, ძირითადად, ასლან აბაშიძის დროს დაიწყო. მაშინ შეისყიდა ეს ტერმინალი და იმ პერიოდიდან არსებობდა ძალიან ბევრი კითხვა, პრივატიზაციიდან დაწყებული დიდი ოდენობით საგადასახადო დავალიანებით დამთავრებული.

"ნილსენის საქართველოდან წასვლა, თავისთავად, ცუდი არ არის. მას ყაზახი ნამდვილად სჯობს, მაგრამ ქვეყნის სტრატეგიულ ობიექტებში უცხო ქვეყნის სახელმწიფო კომპანიების, მათ შორის - ყაზახურის, შემოსვლას ვეწინააღმდეგები. "ყაზმუნაიგაზი", მოგეხსენებათ, 100%-ით სახელმწიფო საკუთრებაა და, ბუნებრივია, სტრატეგიული კარიბჭის უცხო ქვეყნის სახელმწიფო კომპანიის ხელში არავისთვის არ არის სასიამოვნო. თუმცა, ისიც გასათვალისწინებულია, რომ საინვესტიციო გარემო ქვეყანაში მაინცდამაინც სახარბიელო არ არის და ჩვენ არჩევანში შეზღუდული ვართ, აქედან გამომდინარე, ორი უბედურებიდან ცოტა უკეთესის არჩევა, თავისთავად ნეგატიური არ არის.

"ჯერ კიდევ შარშან, ყაზახებმა დანიელი ბიზნესმენისგან გარკვეული პაკეტი შეიძინეს, ახლა, როგორც ჩანს - მთლიანად. გამომდინარე იქიდან, რომ ნილსენს კარგად ესმოდა, ადრე თუ გვიან სერიოზული პრობლემები შეექმნებოდა, გადაწყვიტა ბიზნესი მთლიანად ყაზახებისთვის მიეყიდა."

ხუხაშვილის მოსაზრებით, ნილსენის ბიზნესმოღვაწეობასთან დაკავშირებული შეკითხვები დღესაც პასუხგაუცემელია და ვინაიდან არსებობდა რისკი, რომ მალე შესაძლოა ვიღაც მოსთხოვდა მისი საქმიანობის ანგარიშს, მან წასვლა არჩია.

"ნილსენს, ტერმინალის გაყიდვის მცდელობა ადრეც ჰქონდა. მას შემდეგ, რაც "ვარდების ხელისუფლება" მოვიდა, თუმცა მან შეძლო პრობლემა მოეგვარებინა.

"ადრე, დანიელი ბიზნესმენის პარტნიორი ასლან აბაშიძე იყო. როგორც ამბობენ, ძალიან საეჭვო რეპუტაციის მქონე რუსი ბიზნესმენებიც მოიაზრებოდნენ ამ სისტემაში. რევოლუციის შემდეგ გამიჭირდება დადასტურებულად გითხრათ, კონკრეტულად ვინ ლობირებდა, რაღაც ინფორმაციაც მაქვს, მაგრამ დოკუმენტურად ხელში არაფერი მიჭირავს და ვერ ვიტყვი. თუმცა, ნათლად ჩანს, რომ მან ყველა სიტუაციის დალაგება, თუნდაც დროებით, მოახერხა.

"საბოლოო ჯამში შეუცვლელი არაფერი არ არის, არც ხელისუფლება. ახლა მაღალი პოლიტიკური რისკები გაჩნდა, ხვალ შეიძლება ხელისუფლება შეიცვალოს და ბიზნესმენმა გათვალა, რომ ერთხელაც ისეთი ხელისუფლება მოვა, რომელიც პრინციპულად მოითხოვს ამ შეკითხვებზე პასუხის გაცემას და ეს სერიოზული რისკი იყო.

"სამწუხარო ის არის, რომ ამ ადამიანმა ისე დატოვა საქართველო, მის ბიზნესსაქმიანობაზე გაჩენილ არც ერთ შეკითხვაზე დღემდე პასუხი გაცემული არ არის," - აცხადებს ექსპერტი.

როგორც ექსპერტი მიიჩნევს, ყულევის ამუშავების შემდეგ ბათუმის ტერმინალი ვერ იქნება ისეთი მომგებიანი, როგორიც წლების განმავლობაში იყო და დანიელი ბიზნესმენის წასვლის მეორე მიზეზი ესეც გახდა:

"მალე ყულევის ტერმინალიც იხსნება და მონოპოლური მდგომარეობა, რომელიც ბათუმის ტერმინალს დღემდე ეჭირა, იმსხვრევა. შესაბამისად, შემოსავლებიც მკვეთრად შემცირდებოდა. ის ნავთობპროდუქტები, რომლებიც ფოთიდან პირდაპირ ბათუმში გადაიტვირთებოდა, ამის გაყოფა მოხდება - ყულევსა და ბათუმს შორის გადანაწილდება. ამიტომაც არჩია ბიზნესი გაეყიდა. ამდენად, ყაზახებისთვის ბათუმის ტერმინალი ვერ იქნება ისეთი მომგებიანი, როგორიც ნილსენისთვის იყო."

ხუხაშვილის განცხადებით, "დანიელი ბიზნესმენი საქართველოში რკინიგზაზე ნავთობისა და ნავთობპროდუქტების გადაზიდვას აკონტროლებდა. აჭარაში, ასლან აბაშიძის მმართველობიდან მოყოლებული, იგი სანაოსნოს მენეჯმენტსაც ახორციელებდა და ბათუმის ნავთობტერმინალსაც აკონტროლებდა. გარდა ამისა, აჭარის რეგიონში სამკერვალო ფაბრიკასა და ერთ ენერგობლოკსაც ფლობდა.

"ალბათ ეს ყველაფერი იგივე ყაზახების ხელში გადანაწილდებოდა. არ ვიცი, მათ შორის რა ტიპის კონტრაქტი დაიდო. იგივე, რა საგადასახადო ბმები იყო მანამდე და იქნებიან თუ არა ყაზახები ამის სამართალმემკვიდრეები. არც ის ვიცი, რა ფასად გაიყიდა. ეს ინფორმაციები გახსნილი არ არის."



(c) გაზეთი " რეზონანსი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი



2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com