"რეზონანსი "
# 36
კვირა, 10 თებერვალი, 2008 წელი

"20 თეთრზე მეტს მაინც არ მოვუმატებთ"

ანა ადუაშვილი

თბილისში "მარშ(რ)უტკით" მგზავრობის ფასი გაიზარდა. მოკლე მანძილზე მოძრავი მიკროავტობუსების ფასი, რომელიც რამდენიმე დღის წინ 20-30 თეთრს შეადგენდა, დღეს უკვე 30-40 თეთრია. (მაგალითად, ნომერი 42, 84, 5 და ა.შ.) როგორც ეკონომიკის ექსპერტები ვარაუდობენ, ეს პროცესი მომავალშიც აუცილებლად გაგრძელდება, სხვა სამარშრუტო მიკროავტობუსებსაც შეეხება და საბოლოო სახეს მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგ მიიღებს.

ექსპერტ გია ხუხაშვილის აზრით, დღეს საქართველოში არსებობს რამდენიმე ფაქტორი, რომელიც ფასების ზრდის პროცესს შეუქცევადს ხდის."მსოფლიო ბაზარზე არსებული სიტუაცია, საგადასახადო პოლიტიკა, ინფლაცია და კონკურენტუნარიანი გარემო არის ის ფაქტორები, რომლებიც სტიმულს აძლევს ფასების მატებას და მისი შეჩერება სამწუხაროდ ძალიან ძნელია. ეს ტენდენცია ალბათ დიდხანს გაგრძელდება თუ რაღაცა ძალიან რადიკალური ცვლილება არ მოხდა," - აცხადებს ხუხაშვილი "ბასტასთან" საუბრისას.

ხუხაშვილის თქმითვე, სამარშრუტო მიკროავტობუსებზე ფასის ზრდა არავითარ შემთხვევაში არ იქნება "შოკური". ფასები ნელ-ნელა, 10-10 თეთრით მოიმატებს.

თავად მიკროავტობუსების მძღოლები ექსპერტებს ამ საკითხში არ ეთანხმებიან და აცხადებენ, რომ თუ საწვავის ფასი არ მოიმატებს ისინი უახლოეს თვეებში მგზავრობის ღირებულების გაზრდას არ აპირებენ.

"ხალხს ფული არ აქვს და მგზავრობა რომ გავაძვიროთ კლიენტებს დავკარგავთ. 50 თეთრს ძლივს იხდიან და ორმაგს ვინ მოგვცემს," - ამბობენ ისინი.

სამარშრუტო მიკროავტობუსების მძღოლების გარკვეული ნაწილი მგზავრობის ფასის გაზრდას სექტემბრიდან ვარაუდობს, თუმცა მათივე თქმით, გაძვირება 20 თეთრზე მეტს არავითარ შემთხვევაში არ შეადგენს. მძღოლები იმასაც ამბობენ, რომ საპარლმენტო არჩევნების შემდეგ ხელისუფლება მათ გაუქმებას აპირებს.

"ჩვენ ფასს ჯერჯერობით არ ვზრდით, თუ საწვავი აღარ გაძვირდება... ხალხს 50 თეთრის გადახდაც უჭირს. ფასი რომ მოვუმატოთ, კლიენტს დავკარგავთ, ყველა ავტობუსით და მეტროთი დაიწყებს მგზავრობას და სამარშრუტო ტაქსების არსებობა აზრს დაკარგავს. უახლოეს თვეებში არ ვიცი, მაგრამ დიდი შანსია, რომ სექტემბრიდან მგზავრობა ჩვენც გავაძვიროთ, თუ ამ ხელისუფლებამ საერთოდ არ გაგვაუქმა.

"ყველაფერი გაძვირდა, პურიც, ზეთიც, მაგრამ ბენზინის ფასი თუ 1.6 ლარს არ გადასცილდება, ჩვენი ქმედებით ხალხს კიდევ უფრო მძიმე დღეში არ ჩავაყენებთ. ყოველ შემთხვევაში, 20 თეთრზე მეტს მაინც არ მოვუმატებთ. ახლა არჩევნები მოდის და თითქმის ერთი კვირაა საწვავის ფასი იკლებს. თითო-თითო თეთრით, მაგრამ მაინც. არჩევნების შემდეგ რა იქნება, არ ვიცით. თუ ნაციონალებმა გაიმარჯვეს "მარშრუტკებს" ალბათ საერთოდ გააუქმებენ," - აცხადებს 169 ნომრის მძღოლი ემზარ ლეთოდიანი.

ფრიდონ გოგოლაძე, 3108 სამარშრუტო ხაზის მძღოლი (ამ შემთხვევაში რესპონდენტის მოთხოვნით სახელი და გვარი შეცვლილია): "ფასის გაზრდას ჯერჯერობით არ ვაპირებთ, რადგან ხალხს ფული ისედაც არ აქვს და 50 თეთრსაც ვერ იხდის. ცარიელები ხომ არ ვივლით. კლიენტის დაკარგვას გვირჩევნია ფასი არ მოვუმატოთ, ყოველშემთხვევაში მანამ, სანამ საწვავის ფასი შენარჩუნებულია."

არგუმენტები იმ "მარშრუტკის" მძღოლებსაც აქვთ, რომლებმაც მგზავრობის ფასი 10 თეთრით უკვე გაზარდეს. მათი თქმით, ფასის მომატების მთავარი მიზეზი სასიცოცხლო მნიშვნელობის პროდუქტის გაძვირება გახლდათ.

გელა სალდაძე, 342 სამარშრუტო ხაზის მძღოლი: "ჩვენ მგზავრობის ფასი უკვე გავზარდეთ. ადრე დიდუბის მეტროდან დიდ დიღმამდე მისვლა 30 თეთრი ღირდა, ახლა კი 40 გავხადეთ. სხვა რა გზა გვქონდა. ამის მთავარი მიზეზი ის იყო, რომ საწვავი გაძვირდა. საწვავს ვინღა ჩივის, ელემენტარულად პურის, ზეთის და შაქრის ფასი გაორმაგდა. ჩვენც ხომ ადამიანები ვართ და ჭამა-სმა გვინდა. სასიცოცხლო მნიშვნელობის პროდუქტი ჩვენც გვჭირდება და სწორედ ამიტომ გავზარდეთ მგზავრობის ფასი. უახლოეს თვეებში ფასს იმის მიხედვით განვსაზღვრავთ თუ რას მოიმოქმედებს მთავრობა. ინფლაცია ხომ სწორედ მათგან მოდის. თუ საწვავის და პროდუქციის ფასი დაიკლებს, ჩვენ შეგვიძლია 20 თეთრიც კი დავაკლოთ მგზავრობის ღირებულებას. თუ გაძვირება გაგრძელდება, ჩვენც ანალოგიურს მოვიმოქმედებთ. აბა, რა ვქნათ. ახლაც იმდენი შემოსავალი გვაქვს, რომ მშივრები არ დავიხოცოთ..."

მძღოლების განცხადებით, ხელისუფლებას სამარშრუტო ხაზების ბიზნესი მხოლოდ და მხოლოდ არჩევნების დროს, ე.წ. "კარუსელების" დატრიალების საჭიროებისას ახსენდება.

"იმისთვის კი ვჭირდებით, რომ "კარუსელებს" ვემსახუროთ. ყველა ფირმას დაურეკეს და უთხრეს საწვავის ფულსაც მოგცემთ და ისეც გადაგიხდით, ოღონდ ხალხი კარუსელებზე ატარეთო. მარტო ჩვენი ფირმიდან 12 მიკროავტობუსი ჰყავდათ წაყვანილი. წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში ჩვენს უფროსებს დასჯით ემუქრებოდნენ. სხვა რა გზა გვქონდა. სულ არ გვინდოდა იმ 200 ათას კაცს დავპირისპირებოდით, რომელიც პროტესტს გამოთქვამდა, მაგრამ სამსახურის შოვნა დღეს საქრთველოში იოლი ნამდვილად არ არის და იძულებულები ვიყავით იმ უკანონობაში მონაწილეობა მიგვეღო," - აცხადებს მიკროავტობუსის მძღოლი, რომელიც ვინაობის დასახელებისგან თავს იკავებს.

მიუხედავად მძღოლთა განცხადებისა, მგზავრობის ფასს არ გავზრდითო, ექსპერტი გია ხუხაშვილი უახლოეს მომავალში ფასების "მდორე" მომატებს მაინც ელოდება.

გია ხუხაშვილი: "ვფქრობ, რომ მიკოავტობუსები მგზავრობის ფასს უახლოეს მომავალში გაზრდიან, რადგან არის რამდენიმე ფაქტორი, რაც ამ პროცესს შეუქცევადს ხდის. პირველ რიგში ის, რომ მსოფლიო ბაზარზე ხდება ფასების ზრდა. გარდა ამისა, თვითონ საგადასახადო პოლიტიკა აღარ არის შეღავათიანი და სოციალურად ორიენტირებული და მესამე, ამ ყველაფერს განსაზღვრავს კონკურენციაც. ავტობუსებზე, რომელიც ხელისუფლებამ შემოიყვანა, ყველასთვის ცნობილია, რომ ფასები საკმაოდ მაღალია, რაც სამარშრუტო ტაქსების მფლობელებს კონკურენტული გარემოდან გამომდინარე ფასების გაზრდის საშუალებას აძლევს.

"მიკროავტობუსის ფასების ზრდაზე აუცილებლად იმოქმედებს ის ფაქტორიც, რომ ქვეყანაში არის დიდი ინფლაცია და ყოველდღიურად ძვირდება პროდუქტი. რა თქმა უნდა, "მარშრუტკის" თვითღირებულებაში იდება მომსახურე პერსონალის გაზრდილი სოციალური და საოჯახო ხარჯები. იმიტომ, რომ ყველა ადამიანი მუშაობს იმისთვის, რომ ოჯახი უზრუნველყოფილი ჰქონდეს და თუ ხარჯები ეზრდება, ბუნებრივია, მისი პროდუქტის ფასწარმოქმნაში ეს ფაქტორი მონაწილეობს.

"ვფიქრობ, მატება იქნება მდორედ მიმდინარე - ნაბიჯ-ნებიჯ, 5-10 თეთრით მოხდება ფასის მატება. რამდენიმე წელში, ალბათ, მივიღებთ საბოლოო სახეს. ჩემი ვარაუდით, თავად მძღოლების ინტერესებიდან გამომდინარე შოკური მატება არ მოხდება."

"მარშრუტკებზე" ფასის ზრდამ უკვე შეუქმნა პრობლემები მოსახლეობა. მათი დიდი ნაწილი ამ ტენდენციას შიშითაც კი უყურებს.

გიორგი ქომეთიანი, თბილისის მცხოვრები: "მოსკოვის პროსპექტზე ვცხოვრობ და სახლში მეტროდან "მარშრუტკით" მიწევს მგზავრობა. ჩემთვის ყოვლად მიუღებელია ასეთი გაძვირება. რა ამბავია 30 თეთრი. მაგდენის გადახდის საშუალება რომ მქონდეს, სამსახურიდან სახლამდე 3 ტრანსპორტს კი არ გამოვიცვლიდი, ტაქსით ვიმგზავრებდი. ფეხით მოგვიწევს მეც და ჩემს ახლობლებსაც სიარული თუ ასეთი ტენდენცია გაგრძელდა."



(c) გაზეთი " რეზონანსი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი



2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com