"რეზონანსი "
# 36
კვირა, 10 თებერვალი, 2008 წელი

თევზმჭერები ბინებზე გადახდილი თანხის უკან დაბრუნებას ითხოვენ

(ინტერპრესნიუსი) ბათუმში, პუშკინის ქუჩის 335-ში თევზჭერის კოოპერატივის სამოცი თანამშრომელი ბინისათვის გადახდილი თანხის უკან დაბრუნებას ითხოვს. ამის შესახებ ა-ო "ადამიანის უფლებათა ცენტრში" განაცხადეს. მათი ინფორმაციით, ადგილზე, სადაც კოოპერატივის თანამშრომლებისთვის ბინა უნდა აშენებულიყო, სხვა კორპუსი შენდება.

როგორც "ადამიანის უფლებათა ცენტრი" იტყობინება, ტერიტორია ბათუმის მერიამ 2005 წელს აქუციონის წესით გაყიდა, ხოლო კოოპერატივის სამოცივე თანამშრომელი ბინისთვის გადახდილი თანხის უკან დაბრუნებას დღემდე ამაოდ ელოდება.

352 საბინაო-სამშენებლო კოოპერატივი 1987 წელს ჩამოყალიბდა. ხოლო ბინის მშენებლობა 1990 წელს დაიწყო. მშენებლობას შპს "ტრესტი" აწარმოებდა და სამუშაოების რაღაც ნაწილი ჩაატარა კიდეც. 1992 წლიდან, ქვეყანაში შექმნილი ვითარების შედეგად, მშენებლობა შეჩერდა, ხოლო 2005 წელს 352 საბინაო-სამშენებლო კოოპერატივის მიწის ნაკვეთი (2140 კვ. მ.) ბათუმის მერიამ მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობისთვის კონკურსით წესით გაასხვისა.

352 კოოპერატივის წევრთაგან ნაწილი დღემდე ნაქირავებში ცხოვრობს. პარლამენტის 2005 წლის 1 ივლისის დადგენილების თანახმად, ყველა საბინაო-სამშენებლო კოოპერატივი გაუქმებულია.

ხოლო ანაზღაურებასთან დაკავშირებით, ამავე დადგენილებით, მოსახლეობას კომპენსაცია 2005 წლის ბოლომდე უნდა მიეღო. თუმცა, ასე არ მომხდარა 352 საბინაო-სამშენებლო კოოპერატივის წევრებისთვის.

ამჟამად, 352 კოოპერატივის საქმე სასამართლო განხილვაშია. მოსახლეობა მოპასუხე მხარეს - ფინანსთა სამინისტროს - კანონით დადგენილი ვალდებულების შესრულებასა და მოსარჩელეთათვის ბინის სანაცვლოდ, კომპენსაციის სახით დავალიანების გადახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, დღეს არსებული საბაზრო ღირებულებით ერთ კვ.მ-ზე 450 დოლარის დაკისრებას თხოვს.

მოსახლეობამ რამდენიმე წერილი სააკაშვილსაც გაუგზავნა.



(c) გაზეთი " რეზონანსი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი



2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com