|
|
"რეზონანსი "
როგორ უნდა აღდგეს ბაგრატის ტაძარი დავით ახვლედიანი
21 იანვარს, ქუთაისში თავის ინაუგურაციის დღეს მიხეილ სააკაშვილმა ბაგრატის ტაძრის საბოლოო რეკონსტრუქციის შესახებ განაცხადა. ამ განცხადების თანახმად ტაძარმა პირვანდელი სახე ხუთ წელიწადში, ანუ მისი პრეზიდენტობის ბოლომდე უნდა დაიბრუნოს. თუმცა გამორიცხული არაა, რომ სააკაშვილის ეს განცხადება განცხადებადვე დარჩეს, რადგან სპეციალისტებში ტაძრის აღდგენა-არაღდგენის შესახებ კამათი გრძელდება.
როგორც ცნობილია, ბაგრატის ტაძარი იუნესკოს მსოფლიო ისტორიის ძეგლთა ნუსხაშია შეტანილი. გაეროს ამ სტრუქტურის ეგიდით გაზაფხულზე საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო ტაძრის კვლევით, სარესტავრაციო და სარეკონსტრუქციო სამუშაოების მომდევნო ეტაპის დაწყებას გეგმავს. აღსანიშნავია, რომ ტაძრის აღდგენასთან დაკავშირებით საპატრიარქოს არქიტექტურულ საბჭოზე გამოტანილ გადაწყვეტილებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. მიუხედავად იმისა, რომ საბჭოს წევრთა უმეტესობა ბაგრატის ტაძრის რეკონსტრუქციის მომხრეა (მათ შორის არიან ისეთებიც, ვინც თვლის, რომ ძეგლის რეკონსტრუქციის შემთხვევაში მისი ისტორიული ღირებულება გაუფასურდება), საინტერესო ის გახლავთ, რომ მათი პოზიცია არა მარტო ტაძრის აღდგენის მიზანშეწონილობაზე, არამედ აღდგენის ტექნოლოგიაშიც კი განსხვავდება. კერძოდ, საბჭოს წევრთა უმრავლესობას მიაჩნია, რომ ტაძარი ტრადიციული - არსებულზე გაგრძელების პრინციპით, თანაც კირქვის და არა ცემენტის გამოყენების მეთოდით უნდა დასრულდეს; ნაწილი კი მიიჩნევს, რომ იმ მდგომარეობაში, რომელშიც ტაძარი ამჟამად იმყოფება, მისი აღდგენა ნოვატორული, თანამედროვე ტექნოლოგიების და მსუბუქი კონსტრუქციების გამოყენებით თუა შესაძლებელი. აღსანიშნავია, რომ ტაძრის მეცნიერულ საფუძველზე აღდგენითი სამუშაოები 1940 წლიდან დაიწყეს, როდესაც გიორგი ჩუბინიშვილისა და ნიკოლაი სევეროვის ხელმძღვანელობით ძეგლის შემოგარენის გაწმენდას და შესწავლას შეუდგნენ. ნიკოლაი სევეროვმა ტაძრის რეკონსტრუქციის ნახაზებიც შეიმუშავა, თუმცა ტაძრის გუმბათის სიმაღლე მაშინ სპეციალისტების კამათის საგანი გახდა. ჩუბინიშვილისა და სევეროვის შემდეგ ტაძრის სარესტავრაციო სამუშაოები არქიტექტორმა ვახტანგ ცინცაძემ განაგრძო, რომლის მიერ შესრულებული სამუშაოებითაც ტაძარი ამჟამინდელი სახით დგას. აღსანიშნავია, რომ ისტორიული ძეგლების რესტავრაცია-რეკონსტრუქციის პრაქტიკა ევროპაში ფართოდაა გავრცელებული. ხუთი წლის წინ სპეციალისტებმა იტალიაში 75 წელს აგებული რომის კოლიზეუმის, ასევე ქალაქ პიზასთან მდებარე შუა საუკუნეების დახრილი კოშკის რეკონსტრუქციის კონცეფციები შეიმუშავეს. ჯერ კიდევ 1821 წელს იტალიელი არქიტექტორის ჯუზეპე ვალადიეს მიერ შესანიშნავად არის რესტავრირებული იმპერატორ ტიტეს (ვესპასიანეს შვილი, ფლავიუსების დინასტიიდან) ანტიკური კარიბჭე რომში. გარდა ამისა, ამჟამად მოსკოვში მიმდინარეობს ეკატერინე მეორის მიერ დაარსებული ცარიცინოს სასახლის სარეკონსტრუქციო სამუშაოები, ასევე აღდგენილი და რესტავრირებულია გარნის ელინისტური კულტურის შესანიშნავი (წარმართული) ტაძარი სომხეთში და ა.შ. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ბაგრატის ტაძრისაგან 1940-იან წლებამდე ოთხი მზიდი კედლის გარდა (თანაც ისე რომ მათი გადაბმის ადგილებიც პრაქტიკულად გახსნილი იყო) აღარაფერი იყო დარჩენილი, საინტერესოა რომელი მეთოდით არის მისი აღდგენა მიზანშეწონილი. ამასთან დაკავშირებით "ბასტასთან" საუბარში საპატრიარქოს არქიტექტურული საბჭოს წევრი და ბაგრატის ტაძრის მსუბუქი კონსტრუქციებით აღდგენის პროექტის ავტორი არქიტექტორ-რესტავრატორი ვანო გრემელაშვილი აცხადებს, რომ აღნიშნული პროექტით ტაძრის აღდგენა მეტად გამართლებულია, რადგან ვახტანგ ცინცაძის მიერ წარმოებული რესტავრაციისას ტაძრის ბოლომდე აღდგენა გათვალისწინებული არ იყო. აქედან გამომდინარე, ტრადიციული მეთოდით მისი რეკონსტრუქცია ტაძრის "პერანგის" დაძაბუნებულობის გამო, შესაძლოა, გაუმართლებელი იყოს. "ბაგრატის ტაძრის რესტავრაციის პირველი ანაზომები შესრულდა 50-იანი წლების დასასრულს, ხოლო 1992 წელს დავასრულეთ დასავლეთის კარიბჭის რესტავრაცია. ამ დროის მანძილს ერთი კაცის - მისი რეკონსტრუქციის ხელმძღვანელის ვახტანგ ცინცაძის - სიცოცხლის წლები დასჭირდა. ფაქტობრივად ამ ღონისძიებებმა გადაარჩინა ტაძარი. არიან იმ აზრის მომხრეებიც, რომ არა თუ რესტავრაცია, არამედ ის ისე უნდა შეგვენარჩუნებინა, როგორადაც ის რესტავრაციამდე გამოიყურებოდა. ვთვლი, რომ ტაძრისთვის ეს ყოვლად შეუძლებელი იქნებოდა - თუნდაც თვალის აღსაქმელად. რაც აქამდე გაკეთდა, ყველაფერი ეს მეცნიერული კვლევების საფუძველზე მოხდა. როდესაც ეს სამუშაოები დასრულდა, იუნესკომ ტაძარი თავის ძეგლთა ნუსხაში შეიტანა. რომ არა ამ სამუშაოების ჩატარება, იუნესკო ამას არც იზამდა. ვახტანგ ცინცაძე ხშირად იძახდა - ვახტანგ ჩუბინაშვილი ხშირად მეუბნებოდა, რომ ეს არის განსაკუთრებული ძეგლი და მას განსაკუთრებული მოპყრობა სჭირდებაო. 1992 წლის ცნობილი მოვლენების შემდეგ თითქმის აღარაფერი გაკეთებულა, თუმცა ძეგლის მეცნიერული დაცვის შემუშავებისათვისა და 1000 წლის იუბილესათვის ვთხოვეთ იუნესკოს და ფული გამოიყო. ამ დროს გააქტიურდა საუბარი იმაზეც, შეიძლებოდა თუ არა მისი აღდგენა, გაუძლებდა თუ არა კედლები, რა მდგომარეობაში იყო ისინი და ა.შ. "ჩვენ შევქმენით მრავალდისციპლინარული ჯგუფი და ყველა მიმართულებით ვიკვლიეთ. მოკლედ, იქ ოთხასამდე ფრაგმენტია, რომლებიც საგულდაგულოდ ავზომეთ, დავაფიქსირეთ, მარკირება მოვახდინეთ და დავახარისხეთ ისე, რომ მათი სამომავლო ადგილსამყოფელი გარკვეული გვაქვს. გვაქვს გუმბათის ყელის დეტალებიც, გამოჩნდა ძალიან ფასეული ქვები. მას მერეც, რაც საბოლოო კვლევებმა საბოლოოდ დააზუსტა, როგორი იყო გუმბათი, ჩავატარეთ გეოლოგიური კვლევები. გაირკვა, რომ ის დგას თიხნარზე და არა კლდეზე. მაგრამ, იმდენად ოსტატურად და ზუსტად არის გათვლილი და დასმული, რომ საძირკველს არანაირი ზიანი არ მიყენებია. "შევისწავლეთ ასევე საშენი მასალების მდგომარეობა, თუ რა დღეშია საპერანგე ქვა და შემკვრელი მასალებიც. ამან ძალიან სავალალო სურათი მოგვცა იმ თვალსაზრისით, რომ ტაძრის სხეული დაძაბუნებულია და უამრავი ბზარი აქვს. ზედა ფენები დაშლის პირასაა მისული. ასევე დღევანდელი მისი მდგომარეობა ძალზე სავალალოა და ის გადაუდებელ ჩარევას მოითხოვს. ამის შესახებ კულტურის სამინისტრომ პატაკიც გაუგზავნა იუნესკოს და მათაც ასეთი პასუხი გამოაგზავნეს, რომ დროული ჩარევაა საჭიროო. "გარდა ამისა, კონსტრუქტორებმა ძალიან საინტერესო კვლევები ჩაატარეს. როდესაც ტაძარი აიგო, ის 7-ბალიან რხევებს გაუძლებდა. ჩვენ 150 წლის სეისმური მონაცემებიც შევისწავლეთ. საბედნიეროდ, 6 ბალზე მეტი არ ყოფილა. მართალია, 6 ბალი არ არის ისეთი სიმძლავრე, რომ მონოლითური შენობები დაანგრიოს, მაგრამ არავინ იცის, როდის რამხელა მიწისძვრაა მოსალოდნელი. ამის შემდეგ სამუშაო ორ ნაწილად გავყავით. ერთი ის, რომ ჯერ როგორც ამჟამად ტაძარი გამოიყურება ისე უნდა გამაგრდეს აუცილებლად, რადგან ის დაშლას თავისით განაგრძობს. მას უნდა გაუკეთდეს სეისმური სარტყელი. შემდგომ ძველი და ახალი ფენები უნდა გადაებას ერთმანეთს. ამის შემდეგ ის თავისით არ დაინგრევა. ადრე იყო დაკამარების სისტემა, გუმბათი იყო შეკრული და ტაძრის მდგრადობა იმიტომ იყო ასე უზრუნველყოფილი. "ჩვენი ეკლესიის ბუნებრივი მოთხოვნაა, რომ ტაძარი იყოს დასრულებული. ამის გაკეთება მსუბუქი კონსტრუქციებით არის შესაძლებელი. გუმბათის პროპორცია დადგენილია. უკანასკნელი წლების კვლევამ, აღმოჩენილმა მასალამ და პროპორციულმა ანალიზმა, (ტაო-კლარჯეთში ოშკი ბაგრატის ტაძრამდე იყო აგებული, ხოლო იშხანი - ბაგრატის შემდეგ, მათზე ჩატარებულმა კვლევებმა მოგვცა ძალიან საინტერესო ანალიზი.) მიგვაახლოვა რეალობასთან. დაზუსტდა გუმბათის ყელის პროპორციებიც. "დღევანდელი ტექნოლოგიები იმის საშუალებას იძლევა, რომ მსუბუქი კონსტრუქციებით მისი რესტავრაციის პირობებში ძეგლს ისეთივე სახე ექნება, როგორიც ის ადრე იყო. ეს მეთოდურად ბევრად უფრო გამართლებულია. დაისვა კიდევ ერთი საკითხი - ჩასატარებელია კონსტრუქციული კვლევები. არის აპარატურა, რომელიც გარდა იმ ბზარებისა, რომლებიც თვალით ჩანს, იკვლევს უხილავ ბზარებსაც, მათ მიმართულებასა და სიღრმეს. შესაბამისად ეს აპარატურა ძეგლის სრული დაზიანების რუკას მოგვცემს. ამის შემდეგ უფრო გაიოლდება გადაწყვეტილების მიღებაც. "ამჟამად არის კონცეპტუალური საუბრები და ვერსიები. ჩვენი კონსტრუქცია ითვალისწინებს, რომ ცენტრალურ ბურჯებს დაეყრდნოს დაძაბუნებული კედლები. იმიტომ, რომ მაშინ როდესაც ისინი ვახტანგ ცინცაძემ აღადგინა, არ იყო დატვირთვებზე გათვლილი. მაშინ არავინ ფიქრობდა ტაძრის მთლიანად აღდგენას, ამიტომ ახლა ისინი საგანგებოდ გამაგრდება, რათა დატვირთვები აიტანოს. ჩვენ გვაქვს ყველა საკვანძო ფრაგმენტი - როგორი იყო კაპიტელი, როგორი იყო თაღი, როგორი იყო ლილვები, რამდენი სარკმელი ჰქონდა გუმბათს. ასე რომ, ეს მეთოდი მართებულად მიმაჩნია და ამას გვირჩევს იუნესკოც," - აცხადებს არქიტექტორ-რესტავრატორი ვანო გრემელაშვილი. ძეგლთა საერთაშორისო დაცვის კომიტეტის მუშა ჯგუფის წევრი, ხელოვნებათმცოდნე ირინა ელიზბარაშვილის აზრით კი ბაგრატის ტაძრის რეკონსტრუქცია მიზანშეწონილი საერთოდ არ არის, რადგან ამით მასში ბევრი ახალი დეტალი შეიძლება გაჩნდეს, რაც მის ისტორიულ ღირებულებას ეჭვის ქვეშ დააყენებს. ამას კი იუნესკოს ძეგლთა დაცვის ნუსხიდან ამოღება შეიძლება მოჰყვეს. "არსებობს ვენეციის კონვენცია, რომლის მიხედვითაც თუ არსებობს ჰიპოტეზა, იქ მთავრდება რესტავრაცია. აუცილებლად უნდა არსებობდეს ზუსტი მასალა, რომ შესაძლებლობა იყოს აღდგეს მთლიანად ფორმა. თუმცა, არის შემთხვევები და გამონაკლისები როდესაც ეს კეთდება. ამ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს გენიალური ნაგებობის გრანდიოზული ნანგრევები. მიუხედავად ვახტანგ ცინცაძის თაოსნობით განხორციელებული რესტავრაციისა, მასში მაინც იყო შეტანილი ცვლილებები. ამიტომ, თუკი ბაგრატი სრულად აღდგება და შეიკვრება ფორმა, შეიქმნება იმდენი ახალი, რომ აბსოლუტურად დაჩრდილავს იმ ძველ ღირებულებას, რომლის გამოც იუნესკოს ის ჰყავს შეყვანილი მსოფლიო მნიშვნელობის ძეგლთა სიაში. თუ გაკეთდება რესტავრაცია, თქვენ თვითონ იქნებით იმის მოწმე, რომ იუნესკო ამოიღებს ბაგრატს თავის სიიდან, ხოლო გელათს დატოვებს ნუსხაში. რადგან იქ უკვე მე-11 საუკუნისა აღარაფერი იქნება. კატეგორიულად წინააღმდეგი ვარ ბაგრატის ტაძრის აღდგენისა, რადგან მისი ღირებულება ამ ნანგრევებშია," - აცხადებს ირინა ელიზბარაშვილი. "ვემხრობი ბაგრატის ტაძრის აღდგენის ტრადიციულ მეთოდს, რომელიც უფრო მრავალწლიანია, რადგან ის უფრო მყარი, სერიოზული, შესწავლილი და ბევრ გარემოებაზეა დაფუძნებული," - ასეთ პოზიციას საპატრიარქოს საბჭოს წევრი და ხელოვნებათმცოდნე ქეთი აბაშიძე აფიქსირებს. ანალოგიური პოზიცია აქვს საბჭოს წევრსა და საპატრიარქოს რესტავრაციის დეპარტამენტის უფროსს, სოსო ბანძელაძეს. მისი განცხადებით, ვანო გრემელაშვილის პროექტი ყურადღებას იმსახურებს, თუმცა საპატრიარქო ტაძრის ტრადიციული მეთოდით, ამასთან ტარდიციული ტექნოლოგიით აღდგენის მომხრეა, რადგან ცემენტისა და ხელოვნური მასალების გამოყენება მის პრინციპებს ეწინააღმდეგება. "თავისთავად ბაგრატის ტაძრის აღდგენის ივანე გრემელაშვილისეული მეთოდი მის საქმესთან პატიოსან დამოკიდებულებას წარმოაჩენს, რადგან ამით ის საშუალებას აძლევს მომავალ თაობებს, რომ თუკი რაიმე შეცდომა იქნება დაშვებული, ის იყოს გამოსწორებადი. მაგრამ საქმე ისაა, რომ ბაგრატის ტაძრის ანალიზი იძლევა იმის საფუძველს, რომ აქ გამოირიცხოს ყოველგვარი ჰიპოთეზა. მითუმეტეს თუ გვაქვს მონაცემები, როგორი იყო მისი პროპორციები, მისი ქვები, სიმაღლე და მოცულობა ამ მეთოდის გამოყენება არ იქნება სწორი. "გარდა ამისა, თავისთავად ეკლესია განიხილება, როგორც მაცხოვრის სხეული. სიმბოლურად ქრისტე და ეკლესია სინონიმებია და იმ ტრადიციას, რაც მდგომარეობს ქვისა და კირის ხსნარით ტრადიციული ტექნოლოგიით ტაძრის აგებაში, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ცემენტის გამოყენება არ შეიძლება მარილების გამო. თუმცა, კონსტრუქციულ ნაწილებში, სადაც რკინაბეტონია, სეისმური დაცვის მიზნით აუცილებელი იქნება ძვირადღირებული პორტლანდ-ცემენტის გამოყენება, რომელიც მარილს არ შეიცავს. ეს არის საპატრიარქოს და ჩემი პირადი პოზიცია," - აცხადებს სოსო ბანძელაძე.
(c) გაზეთი " რეზონანსი "
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |