"რეზონანსი "
# 37
ორშაბათი, 11 თებერვალი, 2008 წელი

როგორი იქნება არჩევნების შემდგომი მთავრობა? კაციტაძე: "პირველ რიგში უნდა მოხდეს მთავრობის სტრუქტურის სერიოზული დახვეწა"

რუსიკო მაჩაიძე

ერთ-ერთი პირველი შეთანხმება, რაც მემორანდუმის საკითხებიდან ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შედგა, იყო საკონსტიტუციო ცვლილება, რომლის თანახმადაც ახალი პარლამენტი მთავრობას ნდობას თავიდან გამოუცხადებს. მაჭავარიანის თქმით, სათანადო ცვლილების ასახვისთვის საკითხის მსვლელობა ხვალინდელ სესიაზე უნდა დაწყებულიყო. თუმცა, ოპოზიციის მიერ დაყენებული ახალი ულტიმატუმის შემდეგ ამ საკითხის შესრულებაც კითხვის ნიშნის ქვეშ დგება. არადა, შესაძლო იყო, ამ ცვლილების გამო პოლიტიკური რეალობა მართლაც შეცვლილიყო.

მემორანდუმის შემუშავებისას ოპოზიცია აცხადებდა, რომ დასახელებული 17 საკითხის შესრულება მნიშვნელოვანი იყო ქვეყნისთვის და არა რომელიმე პოლიტიკური ძალისთვის. აღსანიშნავია, რომ სწორედ ამ არგუმენტით, რომ ცვლილებები ესაჭიროება პოლიტიკური რეალობას დახვეწას, ხელისუფლებამ გარკვეული საკითხების შესრულებაზე თანხმობა განაცხადა.

"ის საქმიანობა, რასაც ჩვენ ვეწევით ამ დიალოგის სახით, ემსახურება სწორედ იმას, რომ უკეთესი გარემო შეიქმნას თავისუფალი არჩევნების ჩასატარებლად. ამას გარკვეულწილად უზრუნველყოფს საერთაშორისო საზოგადოების საკმარისად კრიტიკული მიდგომები, ის კანონმდებლობა, რაზეც ახლა ჩვენ ვმუშაობთ და ის პოლიტიკური გარემო და განწყობები ხელისუფლების მისამართით, რაც დაფიქსირდა უკანასკნელ პერიოდში, რომ მომავალი პარლამენტი აღარ იქნება ერთპარტიული და აღარ იქნება ერთი კონკრეტული პოლიტიკური ძალის თუ პირის ნებაზე დამოკიდებული. ეს არის ფაქტი და ვნახოთ, როგორ აუღებს ალღოს ქართული პოლიტიკური სპექტრი იმ პროცესებს, რაც არის ყველაზე სასურველი და აუცილებელი პოლიტიკისათვის. ამას ჰქვია დალაპარაკება, მოლაპარაკება და შეთანხმება. ჩვენ საქართველოში, ფაქტობრივად, ამ ცხოვრებით არასოდეს არ გვიცხოვრია, მაგრამ ეს უსათუოდ დასრულდება, რადგან პოლიტიკური ლოგიკა ასეთ რამეებს ვერ იტანს. კარგი იქნება, თუ 2008 წლის საპარლამენტო არჩევნებში ჩვენ მივიღებთ ისეთ პოლიტიკურ გარემოს, სადაც იქნება აუცილებელი პირობა დიალოგი, თანამშრომლობა და ის, რაც პოლიტიკისთვის არის თანმდევი, ანუ გარიგება კარგი გაგებით", - აცხადებს "ახლების" წარმომადგენელი მამუკა კაციტაძე.

ამ კვირის დასაწყისში პარლამენტის თავმჯდომარესთან დიალოგის მესამე რაუნდი უნდა გაიმართოს, თუკი გაერთიანებულმა ოპოზიციამ წინა კვირის ბოლოს მოულოდნელად დაყენებული ახალი ულტიმატუმი შეცვალა და, თუკი კიდევ რაიმე ხელისშემშლელი ფაქტორები არ აღმოჩნდა. მეორე რაუნდის დასრულების შემდეგ კი, როგორც ორივე მხარე აცხადებდა, საუბარი ყველა საკითხზე მიმდინარეობდა და, ამასთან, მათი უმეტესობის შესრულებაზე ხელისუფლება თანახმა იყო.

"მინდა, პირდაპირ ვთქვა, რომ ბევრ საკითხთან დაკავშირებით არის პოზიციათა დაახლოვების შანსი და აქედან გამომდინარე, პერსპექტივა იმისა, რომ შეჯერება მოხდეს კონკრეტულ პრობლემებთან დაკავშირებით. თუმცა, თითქმის ყველა საკითხში არის რაღაც ღია თემები დარჩენილი, რომელიც ამ საკითხებთან დაკავშირებით ჯერ-ჯერობით წერტილის დასმის საშუალებას არ იძლევა", - აცხადებდა მამუკა კაციტაძე.

ასეთი საკითხები კი, მისი თქმით, რამდენიმეა და მათ შორის ახალი პარლამენტის მიერ მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი.

"ეს არის ის საკითხი, რომელიც შეთანხმებულია. 12 თებერვალს არის სესია და ჩვენ დავიწყებთ შესაბამის პროცედურას. ანუ, მივიღებთ დადგენილებას, რომ მოხდეს საკითხის ინიცირება და დაიწყოს ერთთვიანი განხილვა. როგორც იცით, საკონსტიტუციო ცვლილებისთვის საჭიროა ერთთვიანი საზოგადოებრივი განხილვა და მერე პარლამენტში სათანადო პროცედურის გავლა, რათა აისახოს კონსტიტუციაში", - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, მიხეილ მაჭავარიანმა "მთელ კვირასთან" საუბრისას.

მას შემდეგ, რაც ოპოზიციამ უმრავლესობასთან დიალოგი შეწყვიტა, ძნელი სათქმელია, ხელისუფლება ამ საკითხის შესრულებაზე რა პოზიციას დაიკავებს. თუმცა, როგორც ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, ხელისუფლება იმ საკითხებს, რაც ქვეყნისთვის არის საჭირო, მაინც მიიღებს. მისი მნიშვნელობიდან გამომდინარე კი, წესით, ამ საკითხის მიღება უნდა მოხდეს. თუმცა, გარკვეული პრობლემები, შესაძლოა, შეიქმნას. თუნდაც იმიტომ, რომ დღევანდელი ხელისუფლების ინტერესში არანაირად არ არის ამ ცვლილების გატარება.

ახალი პარლამენტის მიერ მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი არ არის მხოლოდ ის, რომ მოხდეს ახალი პარლამენტის უფლებების დემონსტრირება. ამაზე იქნება დამოკიდებულ თავად პრეზიდენტისა და, საერთოდ, აღმასრულებელი ხელისუფლების შემდგომი ბედი.

საქმე ისაა, რომ პარლამენტს პრეზიდენტმა უნდა წარუდგინის მათთვის სასურველი მთავრობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, პარლამენტი ჩააგდებს მთავრობას. პრეზიდენტს ასეთ შემთხვევაში აქვს პარლამენტის დათხოვის უფლება, მაგრამ ახლადარჩეულ პარლამენტს ექვსი თვის განმავლობაში ვერ დაითხოვს. ექვსი თვის შემდეგ კი თუკი ჩატარდა ხელახალი არჩევნები, რა ძალები იქნებიან პარლამენტში, ეს უკვე სხვა საკითხია. ამასობაში, შესაძლოა, კონსტიტუციაში შესული იყოს ის ცვლილებაც, რომლის თანახმად, თუკი პრეზიდენტი ერთი ვადის განმავლობაში ორჯერ დაითხოვს პარლამენტს, მაშინ თვითონაც უნდა გადადგეს და დაინიშნოს საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები.

ამიტომაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, როგორ მთავრობას წარუდგენს პრეზიდენტი პარლამენტს დასამტკიცებლად. სწორედ ამის გამო, დღეს ორივე მხარეს კონკრეტული საუბარი უჭირს.

"პრინციპი მას შემდეგ გამოიკვეთება, რაც საპარლამენტო არჩევნების შედეგად პარლამენტში წარმოდგენილი იქნებიან გარკვეული პოლიტიკური ძალები. ჩვენ ხომ არ ვიცით, ვინ მოვა უმრავლესობაში, ვინ იქნება უმცირესობაში, ვინ იქნება მესამე ძალა. ამიტომ, ვისთან იქნება შესაძლებელი უმრავლესობის გაკეთება, ამის თაობაზე ჯერჯერობით პოზიციები ვერ იქნება გაცხადებული. ჩვენ ვთავაზობთ, რომ პრეზიდენტმა წარმოადგინოს ან ძველი მთავრობა, ან ახალი პარლამენტთან შეთანხმებით. ოპოზიცია კი ითხოვს ამ უკანასკნელს. ეს კი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორი ძალები იქნებიან პარლამენტში წარმოდგენილნი", - აცხადებს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ლევან ბეჟაშვილი.

ოპოზიციას კი უფრო მეტად აქვს დაზუსტებული ეს პროცედურა.

"აქ ჩვენ გვაქვს განსხვავებული მოსაზრება რაღაც დეტალში. ოპოზიცია ამბობს, რომ როგორც კი აირჩევა ახალი პარლამენტი, ეს მთავრობა გადადგეს ზუსტად ისე, როგორც გადადგა ახალი პრეზიდენტის არჩევის დროს. ანუ გახდეს მოვალეობის დროებითი შემსრულებელი. პრეზიდენტმა წარმოადგინოს ახალი მთავრობა. ახალი მთავრობა შეიძლება იყოს ძველი შემადგენლობით, შეიძლება შერეული, ან იყოს ახალი მთავრობა. გამომდინარე იქიდან, ძალთა რა თანაფარდობა შეიქმნება მომავალ პარლამენტში, მთავრობის კაბინეტი ამის მიხედვით შეიქმნება", - აცხადებს მამუკა კაციტაძე.

მისი თქმით, სწორედ ამ ცვლილებით იქნება პრეზიდენტი იძულებული, მისთვის და მისი პოლიტიკური ძალისთვის მისაღები კი არა, პარლამენტისთვის მისაღები მთავრობა დააკომპლექტოს.

"როგორ წარმოგიდგენიათ, პარლამენტი იყოს სააკაშვილისთვის მიუღებელი, მან წარმოადგინოს პარლამენტისთვის მიუღებელი მთავრობის კაბინეტი. ცხადია, პარლამენტი ასეთ მთავრობას ჩააგდებს და ექვსი თვის განმავლობაში პრეზიდენტი პარლამენტს ვერ დაითხოვს. დეკრეტით რომ დანიშნოს მინისტრები, მათი გაკეთებული ნებისმიერი საქმე იქნება პარლამენტის მიერ ჩაგდებული. ამას გარდა, პარლამენტი დაიწყებს მთელი რიგი საკანონმდებლო ცვილებების განხორციელებას, რომელიც არა მხოლოდ მთავრობას შეუქმნის პრობლემას, არამედ - პრეზიდენტსაც. ეს არის პოლიტიკური კრიზისი, რასაც ისევ უნდა მოჰყვეს არჩევნები. ჩათვალეთ, რომ კრიზისის შედეგად ჩატარებული არჩევნები იქნება კიდევ უფრო მეტად კრიზისული ხელისუფლებისთვის, რასაც შემდეგ ყველა ვარიანტში მოჰყვება პრეზიდენტის წასვლა. ამიტომ პოლიტიკური ლოგიკა და პრაქტიკა გვკარნახობს, რომ ასეთ შემთხვევაში ხდება მუშაობა კოალიციური მთავრობის შექმნაზე", - აცხადებს მამუკა კაციტაძე.

კოალიციური მთავრობის შექმნა კი, ცხადია, დამოკიდებული იქნება პარლამენტში მოხვედრილ პოლიტიკურ ძალებზე. რაც მთავარია, ამ შემთხვევაში მოხდება პასუხისმგებლობის გადანაწილებაც, რაც თავისთავად გავლენას იქონიებს საერთოდ მთავრობის სტრუქტურაზე.

მთავრობის სტრუქტურის გადახალისების საჭიროებაზე ოპოზიციაც საუბრობს და მთავრობაც. თუმცა, ხელისუფლება ამას უფრო სამომავლო პერსპექტივად მიიჩნევს.

"ახალი პარლამენტი რომ იქნება, მერე ვილაპარაკოთ. ახლა ამაზე საუბარი არ მიმდინარეობს იმიტომ, რომ მთავრობის საქმიანობის წესისა და უფლებამოსილების შესახებ კანონი არის ერთ-ერთი, რომელზეც მთავრობას შეუძლია, ნდობის საკითხი დააყენოს, ამიტომ ახალი კონფიგურაციის პარლამენტში ვილაპარაკოთ ამ საკითხებზე. ახლა აზრი არა აქვს, რადგან ეს არის ცალმხრივად მთავრობის უფლება", - აცხადებს მიხეილ მაჭავარიანი.

ოპოზიციის განცხადებით კი, ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი.

"მიმაჩნია, რომ ეს არის უმთავრესი საკითხი და, სამწუხაროდ, ამაზე არავინ საუბრობს. ყველა მეკითხება, ეს მინისტრი როგორია და ის როგორი. მე რომ მკითხოთ, ცვლილებებს დავიწყებდი სტრუქტურიდან. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ვიღაცამ ღამე სიზმარი ნახა და მერე გაახმოვანა, იყოს სახელმწიფო მინისტრი რაღაც საკითხებში. ხომ არ შეიძლება ასე ჰაიჰარად სახელმწიფოს მშენებლობა. პირველ რიგში, ეს არის აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურის დალაგება და დალაგება იმიტომ კი არა, რომ ვიღაც იქ თავის თავს მინისტრად ხედავს, არამედ იმიტომ, ქვეყანას როგორ გამოადგება. ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობა, მთავრობის სტრუქტურა, საპარლამენტო სტრუქტურა, ერთმანეთს შორის ბალანსი და ამ შემთხვევაში პრეზიდენტის როლი, - ეს არის უმთავრესი საკითხები და ამ ყველაფრის კონსტიტუციაში მოქცევა. შემდეგ, როდესაც ეს სისტემა აწყობილია, ვინც არ უნდა დასვა, თუ ის ოდნავ უნარიანია, მოტორი აამუშავებს. სისტემა არ იქნება პირებზე დამოკიდებული. ეს არის უმნიშვნელოვანესი საკითხები, რომლებზეც, სამწუხაროდ, არავინ საუბრობს", - აცხადებს მამუკა კაციტაძე.

მისი თქმით, მომავალ პარლამენტში ეს უნდა იყოს პირველ რიგში გასაკეთებელი საქმე.

"პირველივე დღეს ამის თქმა იმას ნიშნავს, რომ პარლამენტმა უნდა თქვას, მე ოთხი თუ ხუთი წლის განმავლობაში ამ კითხვებს პასუხი უნდა გავცეო. ეს იქნება ისტორიული მისია. ექვსმა პარლამენტმა ამ კუთხით ვერაფერი ვერ გააკეთა. ქვეყნის მშენებლობის თვალსაზრისით ექვსი მოწვევის პარლამენტმა გააკეთა ნული და მიმაჩნია, თუკი ეს გაკეთდება, ეს იქნება უმნიშვნელოვანესი. საერთოდ, მიმაჩნია, რომ საქართველის სჭირდება ახალი კონსტიტუცია ან ძველი კონსტიტუციის უსერიოზულესი გადახალისება ბევრი ფაქტორის გათვალისწინებით", - აცხადებს მამუკა კაციტაძე.



(c) გაზეთი " რეზონანსი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი



2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com