|
|
"რეზონანსი "
"ვირტუალური რეალობა ისევ არსებობს. ხალხი კი მაინც რეალობაშია" ნათია ახალაია
"ჩვენს ფსიქიკაში არქეტიპებს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. ტკივილისა და დანაკარგის გამოცდილების მქონე ხალხს დევნის განცდა აქვს. დევნის განცდის მქონე ხალხს (გნებავთ, კონკრეტულ პიროვნებას) კი ყოველთვის აქვს სამართლიანობის აღდგენის მოთხოვნილება. იქ, სადაც წარსული იდეალიზებულია, ეს მოთხოვნა კონსტრუქციულია, შემოქმედებითია. ხოლო, სადაც წარსული იდეალიზებული არ არის, ადგილი აქვს რევოლუციას, ნგრევის იმპულსებს - ე.წ. სამართლიანობის აღდგენის მოტივაციით", - "მთელ კვირას" ფსიქოლოგი ნანა ჩაჩუა ესაუბრება.
თეორიული საკითხავი "ბავშვი" და "მშობელი" პოლიტიკოსებისთვის - საქართველოში პოლიტიკური კულტურა ბოლო დროს, ერთგვარად, აქტუალური თემა ხდება: ექსპერტთა ერთ ნაწილს მიაჩნია, რომ პოლიტიკური კულტურა მხოლოდ ჩვეულებრივ მოქალაქეებში გაიზარდა. ოპოზიციის წარმომადგენლები კი ამტკიცებენ, რომ იგი გამოკვეთილია პოლიტიკურ სპექტრშიც. როგორია თქვენი აზრი. - ფსიქოლოგიაში არის "მეს" როლები: ბავშვის, მშობლისა და მოზრდილის. ბავშვის როლში მყოფი პარტნიორთან ურთიერთობაზე პასუხისმგებლობას არ იღებს; არც - იმ საკითხზე, რომელსაც ეს ურთიერთობა ეხება. მისთვის, ასევე, დამახასიათებელია ინფანტილურობა, ზედაპირულობა და, მეტწილად, რომანტიულობა. ამ როლის მნიშვნელოვანი მახასიათებელია არაადეკვატურობა - საკითხის არსებითი მომენტიდან გაქცევა. თუმცა, ამას ბავშვის როლში მყოფი შეიძლება, ვერც ხვდებოდეს. მშობლის როლი - ეს არის: დირექტივები, გარკვეული სიმკაცრე, მითითება, ბრძანება, კატეგორიულობა. აქ სახეზეა ძალის, უფლებების დემონსტრირება. მოვლენებზე პასუხისმგებლობას ვერც "მშობელი" იღებს. რაც შეეხება მოზრდილის როლს, აქ გადამწყვეტი მნიშვნელობა ადეკვატურობას და თანაბარპარტნიორულ ურთიერთობას ენიჭება. თუკი "მოზრდილის" პარტნიორი ბავშვის ან მშობლის როლშია, მან მათში მოზრდილისავე როლი უნდა აღძრას. ეს მისი ფუნქციაა. - მაგრამ, "მოზრდილი" პარტნიორზე, გარკვეულწილად, დამოკიდებული არ არის. - "მოზრდილი" მხოლოდ ჭეშმარიტებაზე არის დამოკიდებული. ნამდვილი პოლიტიკური ენა კი სწორედ ის არის, რომელიც "ბავშვსა" და "მშობელში" მოზრდილის როლს აღძრავს. ბავშვის ან მოზრდილის როლი კი ნიშნავს: ან - მოძალადეობას, ან - საგანთან ინფანტილურ დამოკიდებულებას, დახუჭობანას თამაშს. პოლიტიკოსის მოღვაწეობის საგანი შესაძლოა, იყოს სამშობლო (ანუ საცხოვრისი, როგორც სახელმწიფოს საფუძველი), შესაძლოა - არ იყოს. თავისთავად, სამშობლო დედობრივი, ანუ უპირობო სიყვარულის საგანია, ხოლო სახელმწიფო გარკვეულ პირობებს ითხოვს. ის ვალდებულებაა. მიუხედავად იმისა, რომ ალუდა ქეთელაური თავისი საცხოვრისიდან გაძევებულია აქ - მის ადგილ-მამულში არსებული წესების გამო, მის მიმართ სიყვარული შეურყეველია. აქ საინტერესოა ისრაელიანების მაგალითიც: მათ ოცდაექვსი საუკუნის განმავლობაში სახელმწიფო არ ჰქონდათ, მაგრამ ჰქონდათ სამშობლო: ზნე-ჩვეულებაში, ტრადიციაში, კულტურაში. ებრაული კულტურა კი იქ იყო, სადაც იყო თითოეული ებრაელი. ებრაელის სამშობლო გათითოოჯახებული იყო. ისრაელი, სწორედ, იქ იყო! სახელმწიფო ვერ აიგება, თუკი სამშობლო არ არსებობს. სახელმწიფო სამშობლოს გარეშე - ძალაზე აგებული გარკვეული სისტემაა, რომელსაც მხოლოდ ნორმატიული კანონები მართავს. სრულყოფილი სახელმწიფო კი იქ არის, სადაც სამშობლოა. ასეთი სახელმწიფოს გულისგული სწორედ სამშობლოა! და, თუ პოლიტიკოსისთვის საგანი სამშობლოა, ასეთი პოლიტიკოსისათვის "მეს" როლებიდან აქტუალური აღმოჩნდება მოზრდილის როლი. ამ როლში ყოფნა კი კაცობრიულ, მარადიულ ღირებულებებთან შესაბამისობას გულისხმობს. - თქვენი დაკვირვებით, ახლა ქართულ პოლიტიკურ სივრცეში რომელი პოლიტიკური ენა არის დომინანტი. - ძალიან ხშირად, ბავშვის როლი ფიგურირებს, ხშირად კი - მშობლის. სამწუხაროდ, იშვიათად ჩნდება მოზრდილის როლი. მოვლენების მიზეზ-შედეგობრივ კავშირს თუ გავაანალიზებთ, შეგვიძლია ვთქვათ: 7 ნოემბერს ხელისუფლება ხალხში თუ გამოვიდოდა და მას დაელაპარაკებოდა (როგორი რთულიც უნდა ყოფილიყო ეს), საქმე გვექნებოდა მოზრდილის როლთან. საერთოდ კი, ოპონენტებთან კარიკატურებით ლაპარაკი ბავშვის როლს ნიშნავს, ძალის დემონსტრირება - მშობლის როლს, მოზრდილის როლი კი "ბავშვთანაც" და "მშობელთანაც" თანაბარპარტნიორულ ურთიერთობას გულისხმობს. თუ "მოზრდილი" ხარ, შენი პარტნიორი კი "ბავშვია" ან - "მშობელი", შენ მაინც მოზრდილის როლში რჩები და მათ, სწორედ, ამ როლიდან ესაუბრები. მნიშვნელოვანია ერთი გარემოებაც: მოზრდილი შეიძლება, ფორმით იყოს "ბავშვი" ან "მშობელი", მაგრამ შინაარსობრივი თვალსაზრისით, იგი ყოველთვის რჩება მოზრდილის როლში. და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი: მოზრდილის როლის პირდაპირი ფუნქციაა, პარტნიორ "ბავშვში" და პარტნიორ "მშობელში" "მოზრდილის" როლი აღძრას; "მოზრდილი" გამოიწვიოს. - თანამედროვე ქართულ პოლიტიკურ სივრცეში ასეთ მიდგომას ამჩნევთ. - ხელისუფლება ყოველთვის ამ როლში უნდა გამოდიოდეს, რადგან სწორედ ეს არის მაღალი პოლიტიკური კულტურის მაჩვენებელი, ანუ - კონსტრუქციული და უსათუოდ სასურველი შედეგის მომტანი. ოპოზიციას კი როლებში, ფორმის თვალსაზრისით, შეზღუდვა არ ეხება: მას შეუძლია, "მშობელიც" იყოს, "ბავშვიც" და "მოზრდილიც". მაგრამ ეს მხოლოდ ფორმას ეხება. ოპოზიციას შეუძლია, მოზრდილის როლში იყოს - ისე, როგორც ქრისტე მოიქცა ტაძარში, სადაც ვაჭრობა იყო: მან ვაჭრები ტაძრიდან გაყარა. ვიღაც იტყვის, - ეს ხომ ხელისუფლების როლიც არისო. ხელისუფლებას თავის ხელისუფლობაში აქვს ძალა. და, თუ მას ოპოზიცია, ბავშვის ან მშობლის როლიდან, პროვოცირებას უკეთებს და ხელისუფლებაში "ბავშვს" ან "მშობელს" გამოიწვევს, ეს ფსიქოლოგიურად ასე შეფასდება: ხელისუფლება, რომელიც ყოველთვის მოზრდილის როლში უნდა იყოს, მასში არსებულ "ბავშვსა" და "მშობელს" ააშკარავებს. ეს ნიღბის ჩამოხსნის პროცედურაა. - თქვენ აღნიშნეთ, რომ ქართულ პოლიტიკაში იშვიათად ჩანს მოზრდილის როლი. ის იშვიათი მაგალითები, კონკრეტულად, სად ჩანს. - გვარებზე არ შევჩერდები, მაგრამ შემიძლია, ვთქვა: ოპოზიცია თანდათან ახერხებს მოზრდილის როლზე გადასვლას. მეტიც: ის ცდილობს, ეს როლი ხელისუფლებისგანაც გამოიწვიოს.
არავერბალური ნიუანსები - როლების "გამოცნობის" ერთ-ერთი ხერხი - მკაცრი სიტყვები, ლაპარაკის ინტონაცია, თითქოს ვიღაცას ეჩხუბები, თითის დაქნევა და ა.შ. - ეს "მშობლებს" ახასიათებთ. მაგრამ საინტერესოა, რომ ამ მეთოდებს ხშირად მიმართავენ ბავშვის როლში მყოფნიც - იმიტომ, რომ თავიანთი - ბავშვის როლის - გარკვეული შენიღბვა მოახდინონ. თუმცა, ეს არ არის მთავარი. მთავარი ის არის, თუ როგორია მისი ჟესტ-მიმიკა: როგორ დგას, ხელებს როგორ ამოძრავებს, როგორ ჯდება. განსაკუთრებით საყურადღებოა თვალების, ხელების მოძრაობა... და სიტყვები.
სიტყვები - ბავშვებსა და მშობლებს სპეციფიური ლექსიკა აქვთ. "სულს ამოგხდი" - ეს ფრაზა პირდაპირ მშობლის როლზე მეტყველებს. "როგორც თქვენ დამელაპარაკებით, ისე დაგელაპარაკებით" - ეს კი ბავშვის როლია. ასეთმა ფრაზებმა რა უნდა გამოიწვიოს. "ხელის ბიჭის ნათქვამზე კომენტარს არ გავაკეთებ" - ეს კი... საერთოდ, გაბუტვა ბავშვის როლს ახასიათებს. ხელისუფლება კი, ყველას, ყველა შემთხვევაში, მხოლოდ მოზრდილის როლიდან უნდა ელაპარაკებოდეს. საქმესთან დაკავშირებული საუბარი მშობლისა და ბავშვის როლებიდან გამოსვლას მოითხოვს.
ჭორაობა - როგორც წლების წინ, ძველ თბილისურ ეზოში - ძველ თბილისში გავიზარდე. მრავალეროვან ეზოში დილა ყოველთვის ხმაურით იწყებოდა. საკითხი, რომელიც მეზობლის ქალებისთვის ერთგვარი კონფლიქტის საფუძველი ხდებოდა, ორი-სამი წინადადების შემდეგ ყველას ავიწყდებოდა. და იწყებოდა გარჩევა: ვის როგორი ქმარი ჰყავდა, ვის როგორი სახე ჰქონდა, როგორი - მძივები... ეს იყო სისტემატურად... დიდხანს მაწუხებდა განცდა, რომ კონფლიქტის საკითხი სადღაც, მიღმა რჩებოდა. ახლა ის ეზო ძალიან ხშირად მახსენდება.
მაგალითი ისტორიიდან - პოლიტიკური ოპონენტებისთვის - ჩემი ბავშვობის ეზოს ქალებისაგან განსხვავებით, დარიოსსა და ალექსანდრე მაკედონელს, პოლიტიკური დაპირისპირების მიუხედავად, კეთილგანწყობილი პიროვნული ურთიერთობა ჰქონდათ. როდესაც დარიოსმა გაიგო, თუ როგორი პატივი მიაგო მაკედონელმა მის ოჯახს, განგების ძალებს შესთხოვა, რომ, თუ მას სამეფო ტახტის დაკარგვა ელოდა, იგი მხოლოდ მაკედონელს დარჩენოდა. როგორც პლუტარქე წერს, სიკვდილის წინ დარიოსმა მსახურს ხელზე აკოცა და სთხოვა, ასე გადაეცათ მისგან მადლობა მაკედონელისთვის. მაკედონელმა კი, თავის მხრივ, გარდაცვლილ დარიოსს თავისი მოსასხამი გადააფარა და მის მოღალატე მკვლელს სასტიკად გაუსწორდა.
ვირტუალური რეალობა ისევ არსებობს. ხალხი კი მაინც რეალობაშია - პოლიტიკური კულტურის განვითარებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს მედია. მემატიანე წერს: "არა დიდ იყო აქილევსი, არამედ მიემთხვია დიდსა მაქებარსა ჰომეროსსაო". ეს ფენომენი სახიფათოა, რადგან იგი შავის თეთრად და თეთრის - შავად წარმოჩენის შესაძლებლობას მოიცავს. მედიას სწორედ ამ მოვლენით ეძლევა მიკერძოების შესაძლებლობა. ამ გზით იქმნება ვირტუალური რეალობა. დღეს კი ინფორმაციის სიჭარბე უფრო მეტ სირთულეს ქმნის: "აზრის პოლიციას" აზროვნების თავისუფლება მაინც დიდ წინააღმდეგობას უწევს. ეს ხალხის შინაგან დაძაბულობაში აისახება: ზოგჯერ გაცნობიერებულად და ზოგჯერ - გაუცნობიერებლად. ანუ, ფაქტი არ არის და იგი მაინც არის. არის ჩვენს ცნობიერებაში. მასმედია, განსაკუთრებით - ტელევიზია რეალობის შესაბამისი არ არის, ხალხი კი რეალობაშია და ყველაფერს ამ რეალობიდან გამომდინარე უყურებს. დაძაბულობა კი, სადაც სუსტ წერილს ნახავს, იქ ამოხეთქავს. - სად შეიძლება მან ამოხეთქოს. - ეს შეიძლება, შემოქმედებაშიც გამოვლინდეს. - თუნდაც, შემოქმედებაში, ეს გამოვლინება დესტრუქციული არ იქნება. - საერთო ჯამში, ის კონსტრუქციული იქნება, თუმცა, მოცემულ შემთხვევაში, შეიძლება ეს სახიფათო იყოს. - ზემოთ როლებზე საუბრობდით. რადგან მედიის თემას შევეხეთ, საინტერესოა თქვენი შეფასება - როგორ დაახასიათებთ ქართული მედიის პოლიტიკურ ენას. - ჟურნალისტების ენა, ხშირად, ცინიკურია. ცინიზმი კი, იუმორისგან განსხვავებით, აგრესიაა.
ექსპერტი... ლუარსაბ თათქარიძე. - არსებობს კომპეტენტურობის კრიტერიუმები. ხშირად მიფიქრია: ტელედებატებში, ალბათ, სიამოვნებით მიიწვევდნენ ლუარსაბ თათქარიძეს. მას ხომ ყველაფერზე ჰქონდა საკუთარი შეხედულება: სწავლა-განათლებაზე, ადამიანის დანიშნულებაზე და, თქვენ წარმოიდგინეთ, თუკი ჯორდანო ბრუნო შეეწირა იმის მტკიცებას, რომ დედამიწა ბრუნავს, თათქარიძეს ჰქონდა პრეტენზია, ემტკიცებინა, - დედამიწა ხარის ზურგზე დგასო! მაგრამ ის ჟურნალისტებს ეტყოდა: "ეს ჩემი სუბიექტური აზრია". ჟურნალისტი კი, სწორედ იმ მოტივით, რომ ეს მხოლოდ თათქარიძის სუბიექტური აზრია, ამ შეხედულების ტირაჟირებას მოახდენდა - სიტყვის თავისუფლების პრეტენზიით! - ექსპერტი ლუარსაბ თათქარიძე რატომ ახსენეთ. ის ქართულ მედიაში ხომ არ შეგინიშნავთ. - ძალიან ხშირად! 777 - სხვათა შორის, არსებობს მოსაზრება, რომ კონკრეტულ სფეროში კომპეტენტური პირების - ექსპერტების აზრი საქართველოს ხელისუფლებას არ აინტერესებს; რომ მისთვის საყურადღებოა მხოლოდ მისი პოლიტიკური ოპონენტების აზრი. ამავე შეხედულების მიხედვით, ექსპერტების აზრი არც ქართველი საზოგადოებისთვის არის საინტერესო - იმიტომ, რომ იგი "მითებით" აზროვნებს და მისთვის ასეთი შეფასებები, უბრალოდ, გაუგებარია. - საერთოდ, ყველა ყველაფერს არ კითხულობს. განცდის ფუნქციონალური წრის თეორიის მიხედვით, ჩვენ ამ გარემოში ვამჩნევთ და მისგან გამოვარჩევთ იმას, რისი მოთხოვნილებაც გვაქვს: თუ ადამიანის გემოვნება ლუარსაბის ღირებულებებს შეესაბამება, მასზე იქნება ორიენტირებული; ხოლო, თუ ვინმეს ილია მოსწონს, მასზე გააკეთებს სწორებას. ეს ყოველთვის ასე იყო. - ეს თეორია ხელისუფლებაზეც ვრცელდება. - თეორია, სწორედ, ყველაზე ვრცელდება. მოზრდილის როლში მყოფ ხელისუფლებას კი ყველას აზრი აინტერესებს. "ასკაცნაკითხავი" აზრი ("ჰკითხე ასსა" - რუსთაველი) - სხვა ცნობიერებაა. გულისა და გონების საკვრელი კი, ყველა შემთხვევაში, სიყვარულია და ეს სიყვარული ისევ და ისევ სამშობლოს უკავშირდება. რაც შეეხება "მითებით" აზროვნებას: აქ დასაკონკრეტებელია, "მითებით" აზროვნებას რას ვუწოდებთ. თუ ვსაუბრობთ გარკვეულ მოდელზე, რომელიც ცნობიერებაში გაგვაჩნია, მაშინ შეიძლება ვთქვათ: ჩვენს ფსიქიკაში არქეტიპებს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. ეს ჩვენი სიღრმისეული ფსიქიკური მდგომარეობაა. ტკივილისა და დანაკარგის გამოცდილების მქონე ხალხს დევნის განცდა აქვს. დევნის განცდის მქონე ხალხს (გნებავთ, კონკრეტულ პიროვნებას) კი ყოველთვის აქვს სამართლიანობის აღდგენის მოთხოვნილება. იქ, სადაც წარსული იდეალიზებულია, ეს მოთხოვნა კონსტრუქციულია, შემოქმედებითია, კრეატიულია. ხოლო, სადაც წარსული იდეალიზებული არ არის, ადგილი აქვს რევოლუციას, ნგრევის იმპულსებს - ე.წ. სამართლიანობის აღდგენის მოტივაციით. ამიტომ, როცა საუბარია მითოლოგიზებაზე, არც მთლიანად წარსულში დარჩენაა სასურველი და არც - მთლიანად უარყოფა. აწმყო, რომელიც თავის თავში, ერთდროულად, ატარებს წარსულსა და მომავალს, ყოველთვის უსასრულობისკენ არის მიმართული. სხვაგვარი აწმყო არც არსებობს. საქართველო ამ თარგზე აჭრილი პოლიტიკური მოძრაობის მოლოდინშია. და არა მხოლოდ საქართველო.
(c) გაზეთი " რეზონანსი "
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |