"რეზონანსი "
# 37
ორშაბათი, 11 თებერვალი, 2008 წელი

ბოლო მიჯნა: პატრიარქსაც ვემდურით?

რაც უფრო მკვეთრ ნაბიჯებს დგამს საქართველო ჭეშმარიტი სახელწიფოებრიობისა და თავისუფლებისკენ, მით მეტია და მით უფრო გაასპიტებული მასზე შემოტევა და ამ მისწრფების ჩახშობის მცდელობა. ეს გასაგებიცაა და მოსალოდნელიც. აკი გვიწინასწარმეტყველებდნენ ჩვენი "მოყვარენი", 2008 წლის დამდეგისათვის საქართველოში დიდი არეულობა იქნებაო.

სამწუხაროა მხოლოდ, რომ ჩვენ ვერ ვაგებებთ გასაჭირს ერთიან ქმედებას და ერთიან ნებას. რამდენიმე წელია, ყველაფერი გაუთავებელი, ხშირად უსაფუძვლო და უმართებულო პოლიტიკური აურზაურის საბაბი ხდება, რამაც, საბოლოდ, შეიძლება კვლავ სამოქალაქო ომის მიჯნაზე მიგვიყვანოს.

აღარაფერი და არავინ დავიტოვეთ საერო სანდო და ეჭვმიუტანელი, შინ თუ გარეთ. და, აი, ახლა განქიქებისა და ძვირადხსენების სამიზნე ჩვენთვის ყველაზე წმინდა და მნიშვნელოვანი აქციეს - საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია და თვით მისი საჭეთმპყრობელი.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ჩვენი დაცვა არ სჭირდება - იგი თვით გვიცავს ყოველგვარი განსაცდელისაგან. მართლაც, რა დაცვა და გამოქომაგება სჭირდება მას, ვისი ლოცვა გვიფარავს ამდენი წელია, ვისითაც ვსულდგმულობთ, ვის ხელსაც ვუპყრივართ, რათა აბობოქრებულ ქაოსში არ შთავინთქათ. მაგრამ საზოგადოება, რომელიც პოლიტიკურ თამაშებში გართულ-გახლართული და ამბოხების ჟინით შეპყრობილი, მის სახელსაც კი აუგად მოიხსენებს და საცაა 1990-იანი წლების მსგავსად, მის გადახაზულ ფოტოებსაც ააფრიალებს, ნამდვილად სამკურნალო და დასაცავია დაშლა-დანაწევრების საშინელი სენისაგან, რომელიც, ეკლესიის სწავლებით, ბოროტი სულისაგან - სატანისაგან მოდის.

მძიმეა პატრიარქობის ჯვარი, ჩვენს დროში, იქნებ, კიდევ უფრო მძიმე, ვიდრე ოდესმე. ჩვენ, ურჩები და უმადურები, ხშირად ვერც კი ვაცნობიერებთ, მართლაც რა წარმოუდგენელ სასწაულთან გვაქვს საქმე, სასწაულთან, რომელსაც ხშირად თვალს ვერ ვუსწორებთ მისი სიდიადის გამო.

შარშან, მარიამობის დღესასწაულეზე სიონის ტაძარში საქართველოს პრეზიდენტმა, ულოცავდა რა მის უწმინდესობას ამ დიდ დღესასწაულს, ხალხს მიმართა: ხშირად ამბობენ, ჩვენს დროში სასწაულები აღარ ხდებაო, მისი უწმინდესობა რომ მოგვივლინა უფალმა მფარველად, განა ეს უდიდესი სასწაული არ არისო, რადგან მხოლოდ მისი ლოცვა და მეოხება იფარავს საქართველოსო.

მაგრამ დაპირისპირების ჟინით შეპყრობილნი ამაზე საფიქრებლად ვერ ვიცლით; არც იმის გასააზრებლად, ჩვენი უადგილო ცილობით მარტოოდენ იმათ რომ ვახარებთ, ვისაც არც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სიკეთე სურს და არც, მით უმეტეს, ქართული სახელმწიფოს წარმატება. ძლივს მომძლავრებულ ქვეყანას კვლავ განუკითხაობისა და უპასუხისმგებლობის უფსკრულიკენ ვექაჩებით, რათა ფულის გამთეთრებელთა, ღვინის გამყალბებელთა, "კეთილშობილ ქურდთა და ყაჩაღთა" სათარეშო "ტერიტორიად" იქცეს და არასდროს გახდეს "სახელმწიფო".

ჩვენი ქვეყნის ისტორიის ბოლო 30 წელი სწორედ ილია ||-ის პიროვნებით არის აღნიშნული. გაუთავებელ პოლიტიკურ კატაკლიზმებში იგი გვევლინებოდა და გვევლინება მყარ დასაყრდენად და იმედად, გამაერთიანებლად, სიყვარულის მთესველად, მომდგარი ბოროტების - განცალკავებისა და ქიშპის - წინაღმდგომად. ის იყო და არის ჩვენი სამშობლოს და ჩვენი ერის დედა-ბოძი. არც თუ ძნელი გასაგებია, ვის და რისთვის ესაჭიროება ამ ბოძის მორყევა, დასუსტება, მოშლა, ან ის რა ძნელი მისახვედრია, რა გველის, ეს თუ მოხდა. მუდმივ განხეთქილებაში მყოფი, უნდობლობით და ურთიერთზიზღით შეპყრობილი ხალხი ხომ აღარც ერია და ვეღარც სახელმწიფოს შექმნის.

რაოდენ ნიშანდობლივია, რომ საქართველოს ძირძველ მხარეებს უკანონოდ დაუფლებული სეპარატისტებიც სწორედ ჩვენს პატრიარქს ლანძღავენ და სწამებენ ცილს - რადგან საქართველოს პატრიარქი და მთლიანად საქართველოს ეკლესია მისი მღვდელმთავრებითა და ბერ-მონაზნობით ქვეყნის, ერის, სახელმწიფოებრიობის, მთლიანობისა და ურთიერთსიყვარულის საწინდარია.

ჩვენ კი კადნიერად და თავხედურად, რამდენჯერ უარვყავით მისი მოწოდება, შეგონება, რჩევა. და დღესაც, ეტყობა, არად ვაგდებთ მის სიტყვასა და გადაწყვეტილებას. ზოგჯერ კი ფარისევლურად, ვითომდაც ეკლესიის "უფლებების დასაცავად", ათასგვარ ბინძურ ჭორს ვავრცელებთ, ვინძლო განხეთქილება შევიტანოთ ეკლესიისა და ხელისუფლების ერთობაში და ამით უფრო დავასუსტოთ ქვეყანა.

და თუ ვინმე ვერ ხედავს (ან პირიქით, მეტისმეტად კარგად ხედავს!), თუ რა საიმქვეყნო და საამსოფლო სიბრძნეა დაუნჯებული მისი უწმნინდესობის ყოველ სიტყვაში, ყოველ ქმედებაში, როგორ ზრუნავს იგი თავისი სამწყსო ქვეყნის სულიერ და მიწიერ მყოფობაზე, ეს მისი უბედურებაა.

პატრიარქი კი, როგორც ყოველთვის, მთელ ამ ბოროტებას მიტევებით უპასუხებს და სიყვარულით დაამარცხებს.

დიმიტრი თუმანიშვილი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი

მარიამ დიდებულიძე, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი



(c) გაზეთი " რეზონანსი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი



2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com