"რეზონანსი "
# 37
ორშაბათი, 11 თებერვალი, 2008 წელი

სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს! ღია წერილი საქართველოს საპატრიარქოს

საყოველთაოდ ცნობილია, გამორჩეული დამსახურებისთვის ერის მამად რომ ნათლავენ რჩეულთა შორის რჩეულებს... იცის ისტორიამ მაგალითები. დიდი სულხანი, ილია მართალი ჭეშმარიტად ერის მამები იყვნენ და... აი, მესამეც უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია ||. დღესასწაულად აქცია მართლმადიდებელმა ქართველობამ მისი აღსაყდრების ოცდაათი წლისთავი.

სხვებთან ერთად ჩვენც, თბილისის 158-ე საჯარო სკოლის |\ კლასელები ვულოცავთ დიდ ქართველს, მამულისათვის თავგადაკლულ მოღვაწეს ამ შესანიშნავ თარიღს. ჭეშმარიტად ერის მამაა იგი, მისი ჭირისუფალი, დამრიგებელი, კარგი მთქმელი, კარგი ჩამგონებელი...

ჩვენში კეისარს კეისრისა რომ არ ეკარგება, ესეც მისი დამსახურებაა. განა მისი უდიდესი ძალისხმევით არ მიენიჭა ილია ჭავჭავაძეს წმინდანის სახელი.! მერე არც ცოტნე დადიანს დაუკარგა ღვაწლი. ისიც წმინდანად აღიარა ქართულმა ეკლესიამ წლეულს. როცა ნერსე ერისთავის პიროვნებას გავეცანით, გული დაგვწყდა, რომ ისტორია ვალში დარჩენილა ამ შესანიშნავი მოღვაწის წინაშე.

არაბების დაუძინებელმა მტერმა თითქმის მთელი სიცოცხლე დევნილობაში გაატარა. არც ბაღდადის დილეგები დაჰკლებია და არც ზედამდგომელთა რისხვა-მუქარა. სულით არ დაცემულა. პირადი მაგალითის ძალით ქართველს ქართველად დარჩენაში ეხმარებოდა. თითქოს ეს ცოტა ყოფილიყო, მან აღუზარდა საქართველოს ორი წმინდანი: აბო თბილელი და გრიგოლ ხანძთელი. რით არ არის ისიც წმინდანი.!

იმედს ვიტოვებთ, ნერსე ერისთავსაც სათანადო პატივს მიაგებს სრულიად საქართველოს საპატრიარქო, პირადად ღირსეულთა ჭეშმარიტად დამფასებელი უწმინდესი და უნეტარესი ილია ||. სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს!

158-ე საჯარო სკოლის |\ კლასის მოსწავლეები: სანდრო სალარიძე, ირაკლი კუპრეიშვილი, თინათინ კავთუაშვილი, თამარ ჩახნაშვილი, რაჟდენ ჭიღლაძე და მათი მასწავლებელი ეთერ სანებლიძე.



(c) გაზეთი " რეზონანსი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი



2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com