|
|
"რეზონანსი "
ოთხი შვილის დედა პრეზიდენტს დახმარებას სთხოვს
რედაქციისაგან: საქართველოს ხელისუფლების მთავარი ამოცანა "საქართველო სიღარიბის გარეშე" გახდა. ამიტომაც იმედი გვაქვს, რომ ვინმე გამოეხმაურება ოთხი შვილის დედის, პედაგოგ მარინე კვაჭაძის გულისტკივილით აღსავსე წერილს. ჩვენი მხრიდან მზად ვართ, დაინტერესებულ პირებს გადავცეთ ქალბატონის კოორდინატები, ასევე დავინტერესდებით, რა სახის დახმარებას შესთავაზებს ახლადდანიშნული ჯანდაცვის მინისტრი მსგავს მდგომარეობაში მყოფ ადამიანებს, რომელთა გაჭირვება არა მათი, არამედ ქვეყნის ისტორიული პრობლემებითაა გამოწვეული და მოგითხრობთ ამის შესახებ.
ბატონო მიხეილ, მოგმართავთ კიდევ ერთხელ თხოვნით. იმედია, ეს წერილი, ბოლოს და ბოლოს, მოვა თქვენამდე. მთელი ჩემი ოჯახი, ჩემი ოთხი ვაჟიშვილი, ჩემი დედ-მამა, ჩემი ძმა თავისი ოჯახით ყოველთვის თქვენს გვერდით ვიდექით იმ დროიდან, როცა ნაციონალური პარტია პირველ ნაბიჯებს დგამდა. მე პირადად ვმონაწილეობდი "კარდაკარის" პროგრამაში. მამაჩემი სულ თან დაგყვებოდათ, საკრებულოს თავმჯდომარე იყავით თუ პრეზიდენტობის კანდიდატი. ახლაც თქვენს მზეს ფიცულობს და, არა მგონია, ასეთი ერთგული დამცველი და მხარდამჭერი გყავდეთ. მთელი ოჯახი ნოემბრის ცივ დღეებში, "ვარდების რევოლუციის" დროს პარლამენტის წინ ვიდექით და იმედი გვქონდა, რომ თქვენი მოსვლით ეშველებოდა, პირველ რიგში, ქვეყანას და მერე ჩვენ - ხალხს. ბ-ნო მიხეილ, არ ვიცი, გახსოვთ თუ არა, როცა საკრებულოს თავმჯდომარე ბრძანდებოდით, სტუმრად იყავით დიღმის მასივში 130-ე სკოლაში. მაშინ ამ სკოლის დირექტორმა, პედაგოგებმა, მშობლებმა და მოსახლეობამ თხოვნით მოგმართათ, დახმარებოდით ერთი მასწავლებლის ოჯახს, რომელიც მრავალშვილიანი იყო და უსახლკაროდ დარჩა. გაეცანით რა ამ ოჯახის მდგომარეობას, თქვენ გულთან მიიტანეთ მათი მძიმე მდგომარეობა და დაპირდით: "პირველი ბინა, რომელიც გამოჩნდება, თქვენ მოგეცემათ. თქვენც დამეხმარეთ და ეძებეთ თავისუფალი ფართი და მეორე დღესვე დაგიმტკიცებთ". ამის მომსწრე ბევრი ადამიანი იყო. თქვენ პირადად დაავალეთ თემურ ჭეიშვილს ეს საქმე. ყოველივე ეს ჩემს ოჯახს ეხებოდა. თემურ ჭეიშვილი თავიდან თითქოს ეცადა ჩვენს დახმარებას. დეპუტატად როცა ირჩევდნენ, წინა დღეებში ისეთი ხმები დაყარეს, თითქოს თქვენი დავალებით ბინის გასაღებს გვაძლევდნენ. ყველას უხაროდა და გვილოცავდნენ. ჩაიარა არჩევნებმა და ეს ამბავიც დაივიწყეს. თემურ ჭეიშვილმა მასთან მისულ მასწავლებლებს ასე უთხრა: მე მაგ ოჯახს ბინა მივეცი და დაიწუნეს, ბოდიში, ავეჯი რომ ვერ გადავუტანეო. მასხრად აგვიგდო. ბ-ნო მიხეილ, თქვენ რომ გენახათ, რაზე იყო საუბარი, რაღაც სარდაფზე, სადაც 11 სულს გვიშვებდა, შეკითხვაც კი არ გაგიჩნდებოდათ. ჩვენ ამაზეც თანახმა ვიყავით, მაგრამ იქ როცა მივედით სანახავად, იმ სარდაფის პატრონი რკინის ჯოხით გამოეკიდა თვითონ გამგეობის წარმომადგენელ,ს ჯონი გურგენიშვილს. საქმე ისაა, რომ ის ფართი არასაცხოვრებლად იყო მიჩნეული და პრივატიზებული ჰქონდათ პატრონებს. დღესაც რომ ნახოთ, ის თავისუფალია, რადგან მას პატრონი ჰყავს. აი, ასეთი "ბინა" დავიწუნეთ თურმე ჩვენ. ბ-ნო მიხეილ, ასეთი გულგრილი ადამიანები გიფუჭებენ საქმეს, რომლებიც მარტო პირად კეთილდღეობაზე ზრუნავენ. ყველა მირჩევდა, პირადად დაგკავშირებოდით, რადგან ყველას სჯერა, რომ თქვენ თქვენს დანაპირებს ყოველთვის ასრულებთ ხოლმე. მთელი ოჯახი იმედით შემოგცქეროდით, არა ერთხელ მოგმართეთ, მაგრამ... ახლაც მჯერა, თქვენამდე რომ მოსულიყო ჩვენი ამბავი, დაგვეხმარებოდით. ბ-ნო მიხეილ, მე ჩემი ოთხი ვაჟიშვილითა და დედ-მამით ახლა დროებით ვცხოვრობ ნათესავის ბინაში. 14 წელზე მეტია, შვილებს მეუღლის გარეშე ვზრდი, რომელმაც მიგვატოვა. მაშინ ჩემი უფროსი შვილი 8 წლის იყო, პატარა - 2 წლის. თქვენ ვერ წარმოიდგენთ, ამ ხნის მანძილზე ვის არ მივმართე თხოვნით, დამხმარებოდნენ. იცით, რას მეუბნებოდნენ: თუ პატრონობა არ შეგეძლო, რას აჩენდი შვილებსო. ბ-ნო მიხეილ, ხმამაღლა კი ყველა ქვეყნის გამრავლებაზე და მძიმე დემოგრაფიულ სიტუაციაზე დარდობდა თითქოს. მავანს და მავანს ქველმოქმედება ესმით ისე, რომ დაეხმარონ ისეთ პიროვნებებს (მსახიობებს, სპორტსმენებს და ა.შ.), რომელთა დახმარების ისტორია გაშუქდება ტელევიზიით, პრესით. ვისაც მართლა უჭირს, მათ დახმარებაზე მკვახე უარით გამოისტუმრებენ. ჩემმა შვილებმა მძიმე ბავშვობა გამოიარეს, რადგან ძალიან მიჭირდა. დღემდე ქირით ვცხოვრობდით, რაც მებადა, ყველაფერი გავყიდე და ასე მოვაღწიეთ აქამდე. ბოლოს ისე გამიჭირდა, რომ ლამის ქუჩაში აღმოვჩნდით. მონიჭებული გვქონდა 62000 ქულა სიღარიბის ზღვარს მიღმა ოჯახთა სიაში, მაგრამ ახლა დროებით ნათესავმა შეგვიფარა ბინაში. ეს რომ განვაცხადეთ გამგეობაში, ახალი შემოწმება ჩაატარეს და 10000 ქულით "გაგვამდიდრეს". მობრძანდეს თქვენი წარმომადგენელი ჩვენთან და ნახოს ჩვენი "სიმდიდრე". სკამი არ გვაქვს ოჯახში, ტექნიკაზე საუბარი ზედმეტია, ჩვენნაირი ტელევიზორი, არა მგონია, ვინმეს ედგას, პურს 30 თეთრად ვყიდულობთ (ორი დღის წინანდელს), რადგან გაძვირების შემდეგ ვეღარ ვყიდულობდით, ბიჭები იატაკზე წვანან, საწოლები არ გვაქვს, მოხუცი მშობლებისთვის, რომლებიც ავადმყოფები არიან (დედა ორჯერ ნაინფარქტარი, მამა მძიმე დიაბეტიკი) შეღავათები, რომლებიც სამედიცინო დახმარებით და მგზავრობის საფასურით განისაზღვრებოდა, გაგვიუქმეს. შვილები, რომლებიც სტუდენტები არიან, ალბათ, წესიერად ვეღარც ივლიან სასწავლებელში, რადგან ყოველდღე გზის ფულს ნამდვილად ვერ მივცემ. ბ-ნო მიხეილ, ჩემს შვილებს ძალიან მძიმე ცხოვრება აქვთ, ყველაფერი აკლიათ. ასეთ ყოფას არავის არ ვუსურვებ. ღვთის წყალობით ჭკვიანი ბიჭები არიან, კარგად სწავლობენ. წელსაც ერთ-ერთმა თავისი ცოდნით, ისე, რომ არავინ მიხმარებია, ჩააბარა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და 70%-იანი დაფინანსება მოიპოვა ეკონომიკის ფაკულტეტზე. ვაპირებდი, არ გამეშვა სასწავლებლად, რადგან იმ 30%-საც ვერ გადავიხდიდი, ვიცი, მაგრამ ყველამ მირჩია, ეს არ გამეკეთებინა, რადგან ისედაც ტრავმირებულ ბავშვს კიდევ უფრო დიდ ტკივილს მივაყენებდი. ავიღეთ ერთწლიანი სტუდენტური სესხი და სულ ბოლო დღეებში გაიარა აღრიცხვა. ამ ვალს როგორ გადავიხდი, არ ვიცი. უფროსმა შარშან დაამთავრა უნივერსიტეტი. მე ვერაფრით ვეხმარებოდი - უნდოდა უცხო ენის, კომპიუტერის სწავლა, ცოდნის გაღრმავება. სამსახურში არსად მიიღეს. ფიზიკურად დატვირთვა ექიმმა სასტიკად აუკრძალა (18 წლის იყო, კუჭის წყლული და წყლულოვანი კოლიტი დაემართა. ექიმებს უკვირდათ, ასეთი დაავადება არ უნდა დამართნოდაო, მაგრამ არასრულფასოვანი კვების შედეგიაო). ორი სტუდენტი მყავს და ერთი სკოლის მოსწავლე. ბ-ნო მიხეილ, ძალიან ბედნიერი და კარგი ოჯახი მქონდა, დაფასებული, შეძლებული. 1992 წლიდან აირია ყველაფერი, ბინას ვიშენებდით, დავკარგეთ, (შეტანილი ფულიც) ანაბრებზე რაც გვქონდა, ისიც დავკარგეთ. ამის გამო წავიდა ჩემი მეუღლე რუსეთში სამუშაოდ. წავიდა და წავიდა... მე მასწავლებელი ვარ. ჩემს ტკივილს სახლში ვტოვებ და ისე მივდივარ სკოლაში. არავის ვახვევ თავზე ჩემს გასაჭირს. ჩემი თავმოყვარეობა მაქვს და არ მინდა, შემელახოს, მით უმეტეს - მოსწავლეების წინაშე. ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის, რომ ჩემს შვილებს ოჯახი ჰქონდეთ და ქუჩაში არ აღმოჩნდნენ, ჩამოყალიბდნენ ნორმალურ ადამიანებად. ვისაც მივმართე თხოვნით, დამხმარებოდნენ, გრძელვადიანი სესხი მოეცათ, რომ ბინა შემეძინა და მათთვის მეხადა ის წვალებით და ტკივილით ნაშოვნი ფული, რომელსაც ამდენი წელი ჰაერში ვყრიდი, ყველა უარს მეუბნებოდა. ბინის დამტკიცებასაც არ ვითხოვ, სანამ სესხს სულ არ დავფარავ. ის ხომ მაინც მეცოდინებოდა, რომ ბოლოს და ბოლოს ჩვენი იქნებოდა. არა, ეს არ შედის მათ პროგრამაში. აბა, რას ეძახიან დახმარებას. ამდენი ბინა შენდება და არავინ ფიქრობს ჩემნაირ ოჯახებზე. არ შეიძლება მერიამ ან თუნდაც განათლების სამინისტრომ წელიწადში ერთ-ორ და თუნდაც სამ ოჯახს რაღაც შეღავათიანი საშუალება მისცენ, რომ ბინით დაკმაყოფილდნენ. ბ-ნო მიხეილ, წერილი გრძელი გამომივიდა და დიდ ბოდიშს გიხდით. მე თქვენ ვერ შეგხვდებით, ჩემი გულისტკივილი რომ მეთქვა თქვენთვის. მე თქვენ იმედით შემოგყურებთ. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოსთვის, ჩვენთვის იღვწით. 42 წლის ვარ და გეფიცებით, ჩემი გამოუვალი მდგომარეობის გამო სიცოცხლე მობეზრებული მაქვს. ისევ ჩემი შვილების გამო ვარსებობ, რომ საბოლოოდ არ დამეღუპონ, კიდევ რაღაც იმედს ვუსახავ გულებში. ასე არიან, 14 წელია. ჩემგან სულ ეს ესმით: ხვალ, მომავალ წელს, მალევე გვეშველება-მეთქი... ერთი შვილი უკვე წავიდა ოჯახიდან და ცდილობს, საზღვარგარეთ ეძიოს ბედი. არ მინდა, დანარჩენებიც დავკარგო. იმისთვის არ ვწვალობდი ეს წლები, რომ ჩემი შვილები საზღვარგარეთ წავიდნენ... მინდა, ადამიანურად იცხოვრონ თავიანთ სამშობლოში. მჯერა, რომ საქართველო თქვენი ძალისხმევით გამთლიანდება, რომ ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის იბრძვით, რომლის პაწაწინა ნაწილიც ჩემი შვილები არიან. ჩვენ გვჯერა თქვენი გამარჯვების! გთხოვთ, ბ-ნო მიხეილ, ნუ დაუკარგავთ ჩემს შვილებს მომავლის იმედს და დაგვეხმაროთ.
პატივისცემით მარინე კვაჭაძე
(c) გაზეთი " რეზონანსი "
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |