"რეზონანსი "
# 37
ორშაბათი, 11 თებერვალი, 2008 წელი

შვილმკვდარი დედა პრეზიდენტს ღია წერილით მიმართავს

რედაქციისაგან: "რეზონანსი" უკვე რამდენიმე წელია, წერს უდანაშაულო თემურ მიქიას მკვლელობის შესახებ, რომელიც ფოთის პოლიციის განყოფილებაში აწამეს და მოკლეს. დედა, ქალბატონი ლამზირა მიქია ოთარანაანთ ქვრივივით რკინის ქალამნებასხული დადის, წლებია და ბოლოს და ბოლოს, მიაღწია შვილის მკვლელობაში ბრალდებული პოლიციის მაღალჩინოსანთა ნაწილის დასჯას. ამ დღეებში ქალბატონმა ლამზირამ შეიტყო, რომ მისი შვილის უკანონო დაპატიმრებასა და გარდაცვალებაში ბრალდებული პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნის შეწყალებას აპირებენ. ის ჩვენი გაზეთის მეშვეობით წერილით მიმართავს პრეზიდენტს.

საქართველოს პრეზიდენტს ბატონ მიხეილ სააკაშვილს

მოქ. ლამზირა მიქიას განცხადება

ბატონო მიხეილ!

ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ თქვენ აპირებთ, შეიწყალოთ მსჯავრდებული თორნიკე საჯაია. თ. საჯაია არის ჩემი შვილის მკვლელი. ის არის კახა თარგამაძის დროინდელი პოლიციელი, რომელიც იყო ქ. ფოთის სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე და ცემასა და წამებაში მომიკლა ჩემი უდანაშაულო (სასამართლო გადაწყვეტილებით) 24 წლის შვილი თემურ მიქია და მათთვის ჩვეული წესით გაათამაშა ფანჯრიდან გადმოხტომის იმიტაცია.

თ. საჯაია შევარდნაძის ხელისუფლების პერიოდში ყოველგვარი ხრიკებით ახერხებდა სასჯელისაგან თავის დაღწევას. მისი დასჯა მოხერხდა დანაშაულის ჩადენიდან მეექვსე წელს ამჟამინდელი ხელისუფლების დახმარებით. თ. საჯაიას ბრალი ედებოდა თ. მიქიას უკანონო დაკავებასა და მტკიცებულების ფალსიფიკაციაში, რაც დადგენილად იყო მიჩნეული პირველი ინსტანციის და სააპელაციო სასამართლოს განაჩენით.

თ. საჯაიას ხელშემწყობი მაჟორიტარი დეპუტუტები ცაავა და იზორია ყოველგვარი ძალებით ცდილობდნენ თ. საჯაიას გათავისუფლებას, რაც, რასაკვირველია, ვერ შეძლეს ვერც პროკურატურაში და ვერც ქ. ფოთისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოებში. მათ გამოიყენეს საქართველოში არსებული სიტუაცია და 2008 წლის 12 იანვარს უზენაეს სასამართლოში მოახერხეს განაჩენის შეცვლა. თ. საჯაიას შეუცვალეს ქმედების კვალიფიკაციაც და გაუნახევრეს სასჯელიც, რასაც, რასაკვირველია, გავასაჩივრებ სტრასბურგში.

უმორჩილესად გთხოვთ, არ გამოგრჩეთ მხედველობიდან და არ მოხდეს თ. საჯაიას შეწყალება. არ მინდა, საქართველოს ისტორიაში შეხვიდეთ, როგორც მკვლელების შემწყალებელი პრეზიდენტი.

ჩემი შვილის მკვლელის თ. საჯაიას შეწყალება თუ მოხდება და იგი გათავისუფლდება ციხიდან, იძულებული ვიქნები, მთელი ოჯახით უარი ვთქვა საქართველოში ცხოვრებაზე. ვარ აფხაზეთიდან დევნილი და გთხოვთ, ნუ გამხდით სხვა ქვეყანაში დევნილს

პატივისცემით შვილმკვდარი და უსამართლობით გამწარებული

დედა ლ. მიქია.



(c) გაზეთი " რეზონანსი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი



2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com