"რეზონანსი "
# 37
ორშაბათი, 11 თებერვალი, 2008 წელი

რატომ მოკლეს პარტია "თავისუფლებას" მხარდამჭერი: "ექსპერტიზამაც ვერ დამალა, რომ თავში სამი საკონტროლო ტყვია აქვს მოხვედრილი"

ნინო მიქიაშვილი

თბილისი-სენაკი-თბილისი

სენაკში სპეცოპერაციის დროს დაღუპული ზვიად გამსახურდიასდროინდელი ეროვნული გვარდიის წევრი თენგიზ გოგია გასულ შაბათს მშობლიურ სოფელ ხორშში დაკრძალეს. მისი ოჯახის წევრები, თანამებრძოლები და სპეცოპერაციის თვითმხილველები ტელევიზიით გავრცელებულ თვითმკვლელობის ვერსიას კატეგორიულად არ იზიარებენ და ამბობენ, რომ თენგიზ გოგიას მკვლელობა მის პოლიტიკურ აქტივობას უკავშირდება; ასევე კატეგორიულად უარყოფენ იმას, რომ თენგიზ გოგია იყო მკვლელობაში ეჭვმიტანილი, ძებნილი და რომ სპეცოპერაციის ჩატარებამდე ტყეში იმალებოდა. მათი განმარტებით, ბოლო 7-8 წლის განმავლობაში თენგიზ გოგია სენაკში ჩვეულებრივად ცხოვრობდა, ქუჩებსა და სოფლებში თავისუფლად გადაადგილდებოდა და ხშირად დადიოდა პოლიტიკური პარტია "თავისუფლებას" შტაბში; მას სამეგრელოში განვლილი ცხოვრების, ვაჟკაცობისა და რაინდული ბუნების გამო უდიდეს პატივს სცემდნენ.

სენაკში თენგიზ გოგიას დაკრძალვამდე ერთი საათით ადრე ჩავედით. იგი საკუთარ სახლში - ლეონ შამათავას #3-ში გახლდათ დასვენებული. 1 თებერვალს დაახლოებით 12 საათზე სპეცოპერაცია სწორედ აქ ჩატარდა. შამათავას ქუჩაზე სახლები ერთმანეთთან ახლო-ახლოს დგას. მაგალითად, თენგიზ გოგიას პატარა ხის სახლი მეზობლისას დაახლოებით მეტრანახევრითაა დაშორებული; სახლს, რომელსაც მწვანედ შეღებილი თხელი ფიცრის კედლები აქვს, სამი მხრიდან (წინიდან და გვერდებიდან) უამრავი ნატყვიარი ამჩნევია. ოთახში ფანჯარასთან ახლოს, იქ, სადაც ხელყუმბარა აფეთქდა, ხის იატაკი დაახლოებით ნახევარი მეტრის რადიუსზე ჩაგლეჯილია; კუთხეში საოჯახო ფერადი ხელთათმანები ყრია (როგორც გვითხრეს, ხელთათმანები კრიმინალისტებს დარჩათ); იატაკზე, კედლებსა და ჭერზე ადამიანის ტვინისა და ცხიმის ლაქების კვალი აშკარად ჩანს.

თენგიზ გოგიას ძმისცოლი ნატო გოგია 1 თებერვალს მომხდარს ასე იხსენებს: "დაახლოებით დღის 12 საათზე ჩემი ქმრის მეგობარმა მაცნობა, თენგო ალყაშიაო. ტაქსი ავიყვანე და სასწრაფოდ წამოვედი. რამდენიმე ქუჩის თავი პოლიციელებს გადაკეტილი ჰქონდათ და ჩვენს სახლთან ახლოს არ მიშვებდნენ, ღონისძიებააო, - მეუბნებოდნენ. ახლობლის ეზოდან მოვუარე და სახლს მივუახლოვდი. იქ ნიღბიანები იდგნენ, დაახლოებით 50-მდე იქნებოდნენ. ჩემს მისვლას არ ელოდნენ. ყველაფერი დამთავრებული იყო. კაცი მოკალით და აწი მაინც შეუშვით დედა, სანამ თბილია, შვილს ჩაეხუტოს-მეთქი, - ვუთხარი; თენგოს დედაც იბრძოდა შიგნით შესაღწევად, მაგრამ ამაოდ - სპეცნაზელებს ცოცხალი ჯაჭვი ჰქონდათ გაკეთებული და შიგნით არავის უშვებდნენ. ორგანოს ადგილობრივი თანამშრომლები ნიღბებით იყვნენ, ჩამოყვანილი "სტუმრების" ნაწილი - უნიღბოდ. სპეციალურად ამ სპეცოპრაციისთვის შეიარაღებული ხალხი თბილისიდან ჩამოაფრინეს. ეს ფაქტია, ამის შესახებ სენაკში ყველამ იცის".

როგორც თენგიზ გოგიას დედამ - 77 წლის ფენია შამათავამ გვითხრა, სპეცოპერაციის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე სახლიდან წყლის მოსატანად გამოვიდა. ამ დროს მის შვილს სახლში ეძინა. წყალი თავის სახლთან ახლოს, ეზოს გადაღმა, ჭიდან უნდა ამოეღო. სროლის ხმა უკან მობრუნებისას გაიგო, სახლისკენ წამოვიდა და, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, სახლში შესვლის ნება სპეცნაზელებმა არ დართეს.

ნატო გოგიას თქმით, რამდენიმეწუთიანი სპეცოპერაცია 12 საათზე უკვე დასრულებული იყო, მაგრამ შიგნით ხუთის ნახევრამდე მუშაობდნენ და იქ არავის უშვებდნენ.

"თენგო გამოშიგნული იყო - ნაწლავები და ხორცის ნაფლეთები ერთმანეთში აზელილი გარეთ ეყარა, რასაც თავი მოუყარეს, პოლიეთილენის პარკში ჩადეს, ცხედარი შეახვიეს და მანქანით წაასვენეს. სპეცოპერაციის ერთ-ერთ მონაწილეს - სენაკის პოლიციის უფროსს გავეკიდე და ვუთხარი: კაცი მოკალით და ჭირისუფალი იმის ღირსიც არ არის, რომ უთხრათ, სად მიასვენებთ-მეთქი.!", - ამბობს ნატო გოგია.

ჭირისუფლებს და თანამებრძოლებს თენგიზ გოგიას დაცხრილული ცხედარი ქუთაისის პროზექტურიდან გვიან ღამით გამოატანეს და თან უთხრეს: სენაკში იკითხეთ, რა მოუვიდა, ჩვენ არაფერი ვიცითო.

"თენგოს უთვალავი ტყვია აქვს მოხვედრილი. სროლის შემდეგ კვალის დასაფარად, ფანჯრიდან ოთახში ხელყუმბარა შეუგდეს - თავი აიფეთქაო, მაგრამ ზუსტად ვერ იმუშავეს და კვალი მაინც დატოვეს - თავის არეში, შუბლის მარჯვენა მხარეს სამი საკონტროლო ტყვია აქვს მოხვედრილი. ეს სახელმწიფო ექსპერტმაც ვერ დამალა და გვითხრა: აშკარად ჩანს, რომ თავში სამი საკონტროლო ტყვია მოხვდაო. თავში რა მანძილიდან ესროლეს, ამას საბოლოოდ ექსპერტიზა დაადგენს, მაგრამ ნატყვიარებს აშკარად ეტყობოდა, რომ ახლო მანძილიდან ნასროლი იყო", - გვითხრა ნატო გოგიამ, რომელიც კატეგორიულად არ ეთანხმება ტელევიზიით გავრცელებულ ვერსიას თენგიზ გოგიას მკვლელობაში ეჭვმიტანილობისა და ძებნილობის შესახებ:

"როგორ გგონიათ, ადამიანი, რომელსაც ასეთი დიდი დანაშაული ჰქონდა ჩადენილი და იმალებოდა, დღის 11 საათზე სახლში იქნებოდა წამოწოლილი.! თენგო იყო ოპოზიციაში. ამ მხარეში ძალიან ძლიერი, ანგარიშსგასაწევი ფიგურა გახლდათ; კოკო გამსახურდიას "თავისუფლებას" უჭერდა მხარს. ხელისუფლებიდან რამდენჯერმე შემოუთვალეს, გაჩერდიო. ჩვენი რეგიონიდან თბილისში საპროტესტო აქციებზე ჩასული ხალხის თავი და ლიდერი თენგო გახლდათ. ხედავდნენ, რომ გამჩერებელი არ იყო და მოკლეს. და თან იმის თქმაც იკადრეს, ორი კაცის მკვლელობის გამო იძებნებოდა, აფხაზეთში იყო და ელიავას დაბადების დღისთვის იქიდან გადმოვიდაო. აფხაზეთის ომის დროს თენგო ფრონტის წინა ხაზზე იბრძოდა და როგორ ფიქრობთ, ასეთ ადამიანს აფხაზები შეიფარებდნენ.! ეს ხომ აბსურდია.! ნებისმიერ სენაკელს ჰკითხეთ, სად იყო თენგო და გეტყვით, რომ ბოლო 7-8 წელი სენაკში ჩვეულებრივად ცხოვრობდა და დადიოდა".

ანდრო კანკავა თენგიზ გოგიას თანასოფლელია და მას ბავშვობიდან იცნობდა. ამასთან, გარკვეული პერიოდი კანკავა საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას დაცვის უფროსი გახლდათ. აი, რას ამბობს თენგიზ გოგიას შესახებ ანდრო კანკავა:

"ხელისუფლების სათავეში ეროვნული მთავრობა რომ მოვიდა და გვარდიის ჩამოყალიბება დაიწყო, თენგიზი გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში, საბჭოთა ჯარში მსახურობდა. რომ გაიგო, ეროვნული ხელისუფლება მოვიდა და ეროვნული გვარდია იქმნებაო, საბჭოთა არმიის რიგები დატოვა და გერმანიიდან სენაკში ისე ჩამოვიდა, რომ გზაში არ დაუჭერიათ. აი, ასეთი იშვიათი ვაჟკაცი იყო. კოტე კურდღელიას თაოსნობით სენაკში ეროვნული გვარდიის დანაყოფი ჩამოაყალიბეს კაკო ელიავამ, სოსო გოგილავამ, რევაზ დარსალიამ და თენგიზ გოგიამ. 1991 წლის სექტემბრიდან არეულობა რომ დაიწყო, თენგიზი სენაკის ბატალიონთან და კოტე კურდღელიასთან ერთად უზენაესი საბჭოს შენობას და კოლხურ კოშკს იცავდა. სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ ორი დღით გროზნოშიც იყო ჩამოსული. შემდეგ ხუნტა დასდევდა და ტყეში იმალებოდა კაკო ელიავასთან და გოჩა გვილავასთან ერთად.

ეროვნული იდეალების, რაინდული სულის მატარებელი, ზვიად გამსახურდიას ერთგული კაცი იყო. თენგიზს ძალიან დიდ პატივს სცემდა ჩვეულებრივი მშრომელი ხალხი. სენაკში გაერთიანებული ოპოზიცია რომ ჩამოვიდა, მიტინგზე 2 000 კაცი გამოვიდა. რაიონის ხელმძღვანელობა, სამართალდამცავები თვლიდნენ, რომ ეს თენგოს დამსახურება იყო და ეს სიმართლეა - ხალხი აქციაზე თენგომ გამოიყვანა. მტკნარი სიცრუეა ის ამბავი, რომ თენგიზი აფხაზეთში იმალებოდა. ბოლო 7-8 წლის განმავლობაში თავის სახლში იყო. ხორშში მამამისის საფლავზე ხშირად ერთად გავდიოდით. ჩვენი პარტიის - "თავისუფლებას" ოფისშიც ხშირად მოდიოდა. თბილისში გამართულ საპროტესტო აქციებზე სამეგრელოდან ხალხის დიდი ნაკადის წამოსვლა თენგიზის დამსახურება იყო. ჩვენ გვერდით რომ იდგა და ხალხის გვერდით რომ იდგა, ამიტომ გამოუტანა მთავრობამ ასეთი განაჩენი. მკვლელობაში ეჭვმიტანილი იყოო და ამ დროს არც ერთხელ არ დაუკითხავთ. ამაზე მოკვლევაც არ ჩატარებულა. არანაირი ძებნილი არ ყოფილა, ნებისმიერი სენაკელი დაგემოწმებათ, რომ აქ ჩვეულებრივად, როგორც ყველა, ისე დადიოდა და ცხოვრობდა".

ანდრო კანკავაც ამბობს, რომ თენგიზ გოგიას ხელისუფლებიდან გარკვეული წინადადება შესთავაზეს: "უთხრეს, ჩვენს მხარეს გადმოდი და მატერიალურად და ყველანაირად უზრუნველყოფილი იქნებიო. ამის შესახებ თვითონ თენგიზმა მითხრა. ეს მისი სიტყვებია: ეს რა მაკადრეს, მე ჩემს სამშობლოს და ჩემს ხალხს ფულის გულისთვის გავყიდიო.! თენგიზმა ძალიან მკაცრი ტონით შეუთვალა: მოღალატეებო, მე სამშობლოს თქვენსავით არ ვყიდი; პასუხს აგებთ ღმერთის და ქართველი ხალხის წინაშეო".

თენგიზ გოგიას თანამებრძოლი, ეროვნული გვარდიის თადარიგის პოლკოვნიკი რეზო ასმავა ამბობს, რომ 1998 წლის 20 ოქტომბრიდან 2000 წლის მარტის თვემდე ტყეში იყო კაკო ელიავასთან, გოჩა გვილავასთან და თენგიზ გოგიასთან ერთად. რეზო ასმავა, ისევე, როგორც ანდრო კანკავა და სხვა სენაკელები, ამბობს, რომ თენგიზ გოგია ბოლო 7-8 წლის განმავლობაში სენაკში ჩვეულებრივად ცხოვრობდა.

"როცა სენაკში კონსტანტინე გამსახურდია ჩამოვიდა და აქ რაიონული ორგანიზაციის შექმნა დაიწყო, თენგიზი, როგორც ზვიად გამსახურდიას მომხრე, როგორც ეროვნული კაცი და გვარდიის წარმომადგენელი, დიდი კონსტანტინეს შვილიშვილს და ზვიად გამსახურდიას შვილს მხარში ედგა. თენგიზი სამეგრელოს რეგიონში პარტია "თავისუფლებას" ფაქტობრივი ლიდერი იყო. პარტიაში იმიტომ ვერ გაერთიანდა, რომ ამის გაკეთება გვარდიის წევრებს გვეკრძალება. პარტიის ოფისში ყოველ დღე არ დადიოდა, მაგრამ კვირაში ორ-სამჯერ იქ იყო. რამდენიმეჯერ ჩემთან ერთადაც ყოფილა პარტიის შტაბში", - ამბობს რეზო ასმავა.

მისივე აზრით, თენგიზ გოგია მოკლეს მეგობრების, ეროვნული გვარდიის წევრებისა და ოპოზიციური პარტიების ლიდერების დასაშინებლად.

თენგიზ გოგია, მეტსახელად "კუალდა" სენაკში დიდი პატივით დაკრძალეს - სამგლოვიარო პროცესიას წინ ცხენი მიუძღვოდა; სასახლეს, რომელშიც მიცვალებული ესვენა, გამსახურდიასდროინდელი სამფეროვანი დროშა ჰქონდა გადაფარებული. ცხედარი სახლიდან ქალაქის ცენტრამდე ხელით მიასვენეს, იქ ცოტა ხანს გააჩერეს და შემდეგ მის მშობლიურ სოფელ ხორშში გადაიყვანეს და დაკრძალეს.

თენგიზ გოგიას ცხედარს ექსპერტიზა 8 თებერვალს ჩაუტარდა. როგორც მისმა ოჯახის წევრებმა და თანამებრძოლებმა გვითხრეს, სახელმწიფო ექსპერტიზის პასუხი დაახლოებით ოც დღეში გახდება ცნობილი. უფრო ადრე თავიანთ დასკვნას დადებენ ოჯახის მოწვევით თბილისიდან ჩამოყვანილი ექსპერტები.

ჩვენ ხელთ გვაქვს გარდაცვლილის ფოტოები, სადაც ჩანს ყველა ის დაზიანება, რაზეც სტატიაშია საუბარი, მაგრამ ფოტოების ტრაგიკულობის გამო თავს ვიკათებთ მისი გამოქვეყნებისაგან.



(c) გაზეთი " რეზონანსი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი



2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com