|
|
"რეზონანსი "
"თავისუფლების ინსტიტუტი" შეტევაზე გადადის: საზოგადოებრივი მაუწყებლის დათმობას არ აპირებენ ელზა წიკლაური
პოლიტიკური დებატების შემდეგ საზოგადოებრივი მაუწყებლის თემა არასამთავრობო ორგანიზაციის მსჯელობის საგანიც გახდა. კერძოდ, საუბარია ა-ო "თავისუფლების ინსტიტუტზე", რომელიც ხელისუფლებასა და ოპოზიციას ტელევიზიის საქმიანობაში ჩარევისგან თავის შეკავება ურჩევს. მეტიც, ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ "საზოგადოებრივი მაუწყებელი" "პოლიტიკურ ძალებს შორის გარიგების საგანი არ უნდა გახდეს". "თავისუფლების ინსტიტუტის" მიერ გაკეთებულ განცხადებას ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრი ჩვეულებრივ მოვლენად აფასებს და აცხადებს, რომ "თავისუფლების ინსტიტუტმა თავად უნდა შეწყვიტოს ტელევიზიის საქმიანობაში უხეში ჩარევა". თითქმის ანალოგიური პოზიცია აქვს უმრავლესობის წევრს, ელენე თევდორაძეს. მისი თქმით, "იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ თამარ კინწურაშვილი ტელევიზიაში ამ არასამთავრობო ორგანიზაციიდან მოვიდა, კარგი იქნებოდა, ასეთი განცხადების გაკეთებისგან "თავისუფლების ინსტიტუტს" თავი შეეკავებინა". საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს პარიტეტული პრინციპით დაკომპლექტებასა და გენერალური დირექტორის მხარეებს შორის შეთანხმების საფუძველზე დანიშვნასთან დაკავშირებით ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგი უკვე რამდენიმე დღეა, მიმდინარეობს. მეტიც, ეს მოთხოვნა ოპოზიციამ საკუთარ 17-პუნქტიან მემორანდუმშიც შეიტანა. აღნიშნულ მოთხოვნასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებმა შედეგი გამოიღო, ამ ეტაპზე გადასაწყვეტი მხოლოდ ფორმალური საკითხები დარჩა. საზოგადოებრივი მაუწყებლის თემა და, შესაბამისად, მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმება მიუღებელი აღმოჩნდა "თავისუფლების ინსტიტუტისთვის". ორგანიზაციამ გუშინ ამ საკითხთან დაკავშირებით განცხადებაც გაავრცელა, სადაც ორგანიზაციის ხელმძღვანელობა ხელისუფლებასა და ოპოზიციას "საზოგადოებრივი მაუწყებლის" საქმიანობაში ჩარევისგან თავის შეკავებას ურჩევს. ამასთან, "თავისუფლების ინსტიტუტი" საერთაშორისო ორგანიზაციებსაც მიმართავს და მოუწოდებს, ოპოზიციისა და ხელისუფლების მხრიდან მაუწყებელთან მიმართებაში განხორციელებული ქმედებების შესწავლისკენ და შეფასებისკენ. როგორც "თავისუფლების ინსტიტუტის" მიერ ხელისუფლებისა და ოპოზიციის მიმართ გაკეთებულ მიმართვაშია ნათქვამი, დემოკრატიულ ქვეყანაში არ შეიძლება "საზოგადოებრივი მაუწყებლის" გენერალური დირექტორის გათავისუფლების საკითხი ხელისუფლებისა და ოპოზიციის გარიგების საგანს წარმოადგენდეს. "იძულებული ვართ, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შევახსენოთ კანონი "მაუწყებლობის შესახებ" და ამ კანონის საფუძველზე შექმნილი "საზოგადოებრივი მაუწყებლის" არსი, ფუნქცია და დანიშნულება. შევახსენოთ, რომ "საზოგადოებრივი მაუწყებელი" არ არის სახელმწიფოსა და ხელისუფლების დაქვემდებარებული ტელევიზია. შევახსენოთ კანონის მთავარი მიზანი - "სახელმწიფოს ჩარევისაგან დამოუკიდებელი "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ფორმირება" და "საზოგადოებრივი მაუწყებლის" სამართლებრივი სტატუსი - პოლიტიკური და კომერციული გავლენისგან თავისუფალი, საზოგადოებრივი ინტერესების, ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი და საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც არ ექვემდებარება არც ერთ სახელმწიფო უწყებას", - ნათქვამია მიმართვაში და განმარტებულია, რომ ეს კანონი 2004 წლის 23 დეკემბერს იმ პარლამენტის მიერაა მიღებული, რომელიც დღეს უხეშად არღვევს მის მიერვე მიღებულ კანონს. ორგანიზაციაში განსაკუთრებული აღშფოთება კი გენდირექტორის გადაყენებასთან დაკავშირებით გაკეთებულმა განცხადებამ გამოიწვია: "გაკვირვებას იწვევს განცხადებები, რომ უკვე მიღწეულია შეთანხმება ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის "საზოგადოებრივი მაუწყებლის" გენერალური დირექტორის გადაყენებასთან დაკავშირებით. "ხომ არ განგვიმარტავდნენ ხელისუფლების პატივცემული წარმომადგენლები, რას ნიშნავს აღნიშნული შეთანხმება. როგორც ჩანს, "საზოგადოებრივი მაუწყებელი" ხელისუფლებას რომელიმე სამინისტროში ან მისდამი დაქვემდებარებულ უწყებაში ერევა, მაუწყებლის გენერალური დირექტორი კი, სახელმწიფო უწყების ხელმძღვანელში, რომლის მოხსნის და დანიშვნის უფლება უშუალოდ ხელისუფლების პრეროგატივაა. ასეთ ვითარებაში ხომ არ გვეტყვიან, "საზოგადოებრივი მაუწყებლის" რომელ ინსტიტუციურ დამოუკიდებლობაზეა საუბარი, როცა ყოველდღე ვხედავთ, როგორ ერევა ხელისუფლება და მისი ზოგიერთი წარმომადგენელი "საზოგადოებრივი მაუწყებლის" საქმიანობაში", - აღნიშნულია მიმართვაში. მიმართვის ავტორები ასკვნიან, რომ "ოპოზიციისთვისაც და ხელისუფლებისთვისაც, დემოკრატია არც ისეთი ადვილად გასაგები რამ ყოფილა". იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ტელევიზიის მოქმედი ხელმძღვანელი სწორედ "თავისუფლების ინსტიტუტიდან" მოვიდა, პოლიტიკოსებისთვის, მათ შორის უმრავლესობისთვის, აღნიშნული მიმართვა მიულოდნელი არ ყოფილა. "საზოგადოებრივმა მაუწყებლობამ კინწურაშვილის ხელში ის რეიტინგიც კი დაკარგა, რაც მას ზაზა შენგელიას დროს ჰქონდა. როგორც მაყურებელმა, შემიძლია დავადასტურო, რომ ამ არხის მიმართ ინტერესი აბსოლუტურად დავკარგე. არაფერი კეთდება და ყველაფერი გაუარესებისკენ მიდის. სამწუხაროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ შენგელიას დროინდელი ტელევიზია სჯობს იმას, რაც დღესაა", - აცხადებდა მაშინ უმრავლესობის წევრი ელენე თევდორაძე. დღეს კი, იგივე ელენე თევდორაძე "თავისუფლების ინსტიტუტის" განცხადების შეფასებისგან თავის იკავებს, თუმცა, აცხადებს, რომ "კინწურაშვილის ფაქტორის გამო, კარგი იქნებოდა, რომ "თავისუფლების ინსტიტუტის" ტელევიზიის შესახებ განცხადება საერთოდ არ გაეკეთებინა". "საზოგადოებრივი მაუწყებლის" შესახებ საკითხი პოლიტიკური სპექტრის მოლაპარაკებების ერთ-ერთი საკითხია და მიმაჩნია, რომ ის ბოლომდე უნდა მივიდეს. უბრალოდ ვთვლი, რომ სამეურვეო საბჭოს დაკომპლექტება პარიტეტულ საწყისებზე, ანუ ოპოზიცია და პოზიცია, არ უნდა მოხდეს, ეს ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია. საზოგადოებრივი ტელევიზიის სამეურვეო საბჭო პოლიტიკური ზეწოლის გარეშე უნდა დაკომპლექტდეს, რაც შემდგომ ამ არხის მუშაობას წაადგება. "რაც შეეხება "თავისუფლების ინსტიტუტის" განცხადებას, მათი პოზიცია გასაგებია, რადგან კინწურაშვილი თავის დროზე სწორედ ამ ორგანიზაციიდან მოვიდა. ამიტომ, ზეწოლა ტელევიზიაზე ზუსტად მათი მხრიდან მოდის და ისინი ამ განცხადებას არ უნდა აკეთებდნენ. თავის დროზე, სწორედ მათი ინტერესების გამო შეიქმნა პრობლემა, რომლის მოგვარებას დღეს საზოგადოება და პოლიტელიტა ერთიანად ცდილობს. კარგი იქნებოდა, ასეთი განცხადების გაკეთებისგან "თავისუფლების ინსტიტუტს" თავი შეეკავებინა", - განაცხადა "მთელ კვირასთან" საუბარში ელენე თევდორაძემ. "თავისუფლების ინსტიტუტის" განცხადება მოულოდნელი არც რესპუბლიკელი დავით ბერძენიშვილისთვის აღმოჩნდა: "საზოგადოებრივი მაუწყებლის" თემა არის მნიშვნელოვანი საკითხი, რომელზეც ხელისუფლებამაც თანხმობა განაცხდა. "თავისუფლების ინსტიტუტის" ეს განცხადება კი მცდელობაა იმისა, რომ არ წავიდნენ ამ პოლიტიკური ცხოვრებიდან. ისინი ტელევიზიის საქმიანობაში თავად ერეოდნენ და დღეს ამ ბერკეტის ხელიდან გაშვება არ სურთ. ჩვენ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში კარგად ვნახეთ, თუ როგორ ერეოდა ბოკერია-რამიშვილი სამეურვეო საბჭოს საქმიანობაში და ამიტომ დღეს მათი მხრიდან იმაზე საუბარი, თითქოს პოლიტიკური სპექტრი ერევა უხეშად, ცოტა არ იყოს, და არასერიოზულია". "თავისუფლების ინსტიტუტმა" ამ განცხადებით გაშიფრა, რომ ტელევიზიის საქმიანობაში უხეშად სწორედ ისინი ერეოდნენ და ერევიან. საკითხი გადაწყვეტილია, კინწურაშვილი უნდა წავიდეს და მის ადგილას ნორმალური ადამიანი მოვიდეს. "თავისუფლების ინსტიტუტს" კი ვეტყოდი, რომ თავად დაანებონ თავი არა მარტო ტელევიზიას, არამედ სახელმწიფობრივ საქმიანობაში ჩარევას", - განაცხადა "მთელ კვირასთან" საუბარში კონსერვატორმა ზვიად ძიძიგურმა.
(c) გაზეთი " რეზონანსი "
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |