|
|
"რეზონანსი "
რუმინეთიც ძლეულია - 22:7 - ტიმ ლეინი: "განვითარების გზაზე წინ კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგით" გიორგი ჭანიშვილი
საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ახალი მთავარი მწვრთნელის - ავსტრალიელი ტიმ ლეინის ხელში გამარჯვებათა სერიას აგრძელებს. 2 თებერვალს პორტუგალიის ძლევას, "ბორჯღალოსნებმა" 9 თებერვალს გაცილებით ძლიერი რუმინეთის ნაკრების დამარცხებაც მოაყოლეს - 22:7 და ერთა თასზე პირველი ადგილის გამტკიცებასთან ერთად, მსოფლიო რეიტინგში კარგა გვარიანი კოეფიციენტებიც შეიძინეს, ანთიმოზ ივერიელის თასი კი ისევ თბილისში დატოვეს. რაგბის საერთაშორისო საბჭო - "ირბ" ახალ რეტინგს ორშაბათს გამოაქვეყნებს, სავარაუდოდ, ქართველი "ბორჯღალოსნები" წინ ორი საფეხურით წაიწევენ და მე-14 ადგილზე გადავლენ, რაც მორაგბეთა ნაკრებისათვის სარეკორდო მაჩვენებელი იქნება არსებობის 19 წლის მანძილზე. რეიტინგი რეიტინგად და ალბათ ამაზე მთავარი უფრო ისაა, რომ საქართველოს ნაკრები სწორი განვითარების გზას ადგას და თაობათა ცვლისა და ახალი მორაგბეების გამოჩენისა და დამკვიდრების პროცესი წარმატებულად მიმდინარეობს. ანალოგიური პროცესი საქართველოს ნაკრებმა 2003 წლის მსოფლიო თასის შემდეგაც გაიარა და მაშინდელ პერიოდთან შედარებით, დღეს პროგრესი აშკარაა და ჩანს, რომ გუნდი განვითარების გზაზე კიდევ ერთი ნაბიჯით წინაა. მნიშვნელოვანი მომენტია, რომ თაობათა ცვლის პროცესში ნაკრების ახალბედები კარგად შეეწყვნენ ძირითად ბირთვს და კონკურენცია აშკარად გაზარდეს, რაც კლასის მომატებას კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს. რუმინეთთან შეხვედრაში მოულოდნელად კარგად ითამაშა 10 ნომრის პოზიციაზე ახალგაზრდა ლაშა მალაღურაძემ, ვინაც სუსტი უკრაინის ჩემპიონატის კლუბის "კრედო-63"-ის წევრია და ნამდვილად იმსახურებს უკეთესი სარაგბო ქვეყნის ჩემპიონატში თამაშს. მალაღურაძეს თამაშიც კარგად მიყავდა, ბურთსაც დროულად ანაწილებდა და რაც მთავარია, ფეხით თამაშით გამოირჩეოდა და ფიზიკურ ორთაბრძოლებში ჩართვასაც არ გაურბოდა, რაც ტიმ ლეინმაც აღნიშნა მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე. ამასთან, მალაღურაძემ მეორე ტაიმში არეკნიც შეაგდო, რითაც ქომაგს კიდევ ერთხელ მოწყვიტა ოვაციები. აღსანიშნავია, რომ ეს იყო მალაღურაძის პირველი მატჩი ძირითად 10 ნომრად და შეიძლება ითქვას, რომ მერაბ კვირიკაშვილს ნაკრებში ძალიან სერიოზული კონკურენტი გამოუჩნდა. ასევე გაბედულად და დამაჯერებლად ირაგბეს ლეინის მიერ გამოძახებულმა სხვა ახალბედებმაც, რომლებიც ნაკრებში პირველ ნაბიჯებს დგამენ. ლეინის ნაკრებში სიახლედ მოჩანს ის, რომ გუნდი ახლა ხელით თამაშზე თითქოს უფრო მეტად აკეთებს აქცენტს და რაც ასევე გამოსარჩევია, უწინდელისაგან განსხვავებით, ნაკრები თითქმის საერთოდ აღარ თამაშობს "აიღე და მიეძალეს" ყაიდის რაგბის, ახლა უფრო მეტადაა გამოყენებული ფართო შეტევის ტაქტიკა და რაც მთავარია, დაცვიდან შეტევაში გუნდი ახლა უფრო სწრაფად გადასვლას ცდილობს, ხოლო შერკინებას და აუტებში სულ უფრო ნაკლებ შეცდომას უშვებს. რუმინეთთან მოგროვილ ქულებს რაც შეეხება, "ბორჯღალოსნებმა" მხოლოდ ერთი ლელოს გატანა მოახერხეს, რომელიც საფრანგეთში მოთამაშე ლეგიონერის - მამუკა გორგოძის ანგარიშზეა, ვინაც საგანგებოდ ამ მატჩისათვის შეუერთდა ნაკრებს. ლელო "ბორჯღალოსნებმა" პირველი ტაიმის დასაწყისში დაუდეს მეტოქეს, ყველა დანარჩენი ქულა და გარდასახვა-საჯარმი-არეკნით მოაქუჩეს. ლელო რუმინელებმაც ერთხელ გაგვიტანეს, როდესაც პირველი ტაიმის მიწურულს შერკინებით მოგვაწვნენ და ლელო ფრანგულ "პერპინიანში" მოთამაშე მარიუს ტინკუს გაატანინეს. ლელო ვლაიკუმ გარდასახა და პირველი ტაიმი მასპინძელთა მინიმალური უპირატესობით დასრულდა - 10:7, მეორე ნახევარში კი ქულები მხოლოდ ქართველებს მოჰქონდათ. მატჩის საუკეთესო მორაგბედ "ბორჯღალოსანი" ირაკლი აბუსერიძე დასახელდა, რომელმაც რუმინეთთან მატჩში 50-ე სანაკრებო კეპი მოიხვეჭა. აბუმ კომპანია "რომპეტროლისაგან" ჯილდოდ 1500 დოლარი მიიღო, ანალოგიური პრიზი ერგო რუმინელთა შორის საუკეთესოდ დასახელებულ იონუც დიმოფტესაც. ორ საშინაო მატჩში წარმატების შემდეგ, "ბორჯღალოსნებს" აწი გასვლითი ბრძოლები ელით, პორტუგალიის, ჩეხეთისა და რუსეთის წინააღმდეგ. მატჩის შემდეგ ტიმ ლეინი (საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი): "გუნდის თამაშით კმაყოფილი ვარ, საქართველოს ნაკრებმა თავდაჯერებულად ითამაშა, რაც განსაკუთრებით მე-2 ტაიმში გამოჩნდა და შედეგად ლოგიკური გამარჯვებაც მოვიპოვეთ. რუმინეთმა ძალისმიერი რაგბი ითამაშა, ისინი კარგად მომზადებულნი ჩამოვიდნენ თბილისში, თუმცა ჩვენმა ექსპერიმენტებმა გაამართლა - მორაგბეებმა დავალებები შეასრულეს და ეს ანგარიშშიც აისახა. რუმინელთა მიერ გატანილი ლელო იმის ბრალი იყო, რომ პირველი ტაიმის ბოლოს, ჩვენმა შერკინებამ კონცენტრაცია დაკარგა, თუმცა მთლიანობაში ყველაფერი კარგად დასრულდა. მთლიანობაში, გუნდმა რუმინეთთან უფრო უკეთ ითამაშა, ვიდრე პორტუგალიასთან ერთი კვირის წინ. გუნდის თამაშს დადებით შეფასებას ვაძლევ. კარგად ითამაშეს იმ მორაგბეებმა, რომლებიც დღეს ძირითად შემადგენლობაში დებიუტანტები იყვნენ, თავი გამოიჩინეს გორგოძემ და აბუსერიძემ, თუმცა აბუსერიძემ პორტუგალიასთან უფრო კარგად ითამაშა. ალბათ, ეს იმის ბრალი იყო, რომ ნაკრებში 50-ე შეხვედრას ატარებდა და ცოტას ნერვიულობდა. 10 ნომრის პოზიციაზე ლაშა მალაღურაძემ როგორც ნახეთ გაამართლა, მალაღურაძე ფიზიკურად ძლიერია, ორთაბრძოლებში შესვლის არ ეშინია, კარგად თამაშობს როგორც ფეხით, ასევე ხელით. ამ ორ თამაშში გამოჩნდა, რომ ჩვენი გუნდისთვის ის ამ ეტპზე საუკეთესო 10 ნომერია. მთლიანობაში, განვითარების თვალსაზრისით, წინ დიდი ნაბიჯი გადავდგით. იმედია, მოთამაშეები მომავალშიც ასე გააგრძელებენ განვითარებას, მაგრამ ჯერ სამუშაო კიდევ ბევრი გვაქვს. რაც შეეხება მსაჯობას, რეფერიზე ბევრს ვერაფერს ვიტყვი. შესაძლოა, მსაჯმა გარკვეული შეცდომები დაუშვა, მაგრამ ამას, შეხვედრის შედეგზე გავლენა არ მოუხდენია." ელის მიჩენი (რუმინეთის ნაკრების ტექნიკური დირექტორი) " "ვფიქრობ, თამაში კარგად დავიწყეთ, მაგრამ განსაკუთრებით მეორე ტაიმში მორაგბეებმა დავალებები აღარ შეასრულეს, ექსპერიმენტების ჩატარება დაიწყეს, რამაც სათამაშო დისციპლინა მოშალა. ამასთან, ქართველებმა საკმაოდ ეშმაკურად ითამაშეს. მეტოქის ზურგს უკან ბურთის ჩაკიდებებებს ორივე გუნდი მიმართავდა, თუმცა ჩვენ ამით მიზანს ვერ მივაღწიეთ, საქართველომ კი, ეს სათამაშო ელემენტი კარგად გამოიყენა. მე-2 ტაიმში ჩვენ ელემენტარული შეცდომები დავუშვით, ბურთი წინ გვივარდებოდა, აუტიდან ბურთი წესიერად ვერ შემოგვქონდა. ფმ ეტაპზე, რუმინეთის ნაკრებში თაობათა ცვლის პროცესი მიმდინარეობს. მიუხედავად, ზედიზედ ამდენი მარცხისა, მომავალ შეხვედრებშიც ადგილობრივ მორაგბეებს დავეყრდნობი, მათი განვითარებისთვის, ასეთი დონის თამაშები აუცილებელია, თუმცა შიგადაშიგ, საფრანგეთში მოთამაშე ლეგიონერებსაც დავუძახებ. და ერთიც, დღევანდელ მატჩში უკმაყოფილო ვარ მსაჯობით და არბიტრის მოქმედებებს გადასარევს ვერ ვუწოდებ. ხშირ შემთხვეაში, ის არასწორ გადაწყვეტილებებს იღებდა"
(c) გაზეთი " რეზონანსი "
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |