|
|
"რეზონანსი "
8 წელი მობილურის ქურდობისათვის, რომელიც არ მოუპარავს: დაზარალებულმა ორჯერ მისცა განსასჯელის გამამართლებელი ჩვენება მაკა ქობალია
8 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლოს სს კოლეგიის მოსამართლე ნინო სანდოძემ მობილურის ქურდობისათვის 27 წლის მიხეილ ლეჟავას 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ლეჟავა წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს. პროცესზე თავად დაზარალებულმა გელა ქვარიანმაც წინასწარ გამოძიებაში მიცემული ჩვენება (სადაც დამნაშავედ ლეჟავას უთითებს) ორჯერ უარყო და განაცხადა: "მთვრალი ვიყავი, ნახევრად მძინარე და პატრულმა რა დაწერა, არ ვიცი. მე ეს პიროვნება პირველად ვნახე პროცესზე". ჩვენების შეცვლისათვის გელა ქვარიანი პასუხისგებაში მისცეს. სასამართლოზე პირველი ჩვენების მიცემის შემდეგ იგი პოლიციამ დააპატიმრა. თუმცა, ე. წ. დაზარალებულმა დაკავების შემდგომაც არ გადათქვა სასამართლოზე პირველად მიცემული ჩვენება. საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ 2007 წლის პირველ ივნისს, დაახლოებით 10 საათზე გელა ქვარიანი შევიდა "დეზერტირების" ბაზართან არსებულ ერთ-ერთ სასადილოში. შეიძინა ერთი ბოთლი არაყი და მარტო სვამდა. მოგვიანებით იგი შეუერთდა გვერდით მაგიდასთან მჯდომ სამ თუ ოთხ პიროვნებას, რომლებიც აგრეთვე სვამდნენ არაყს და ქეიფობდნენ გამთენიამდე. 2 ივნისს, დაახლოებით დილის 5 საათზე ისინი გამოდიან სასადილოდან, და მისი მითითებით აკავებენ მიხეილ ლეჟავას. პროკურორ დავით ახვლედიანის თქმით, მიხეილ ლეჟავამ გელა ქვარიანს გასტაცა მობილური ტელეფონი. ქვარიანმა ჯერ სთხოვა ლეჟავას, დაებრუნებინა კუთვნილი მობილური - ლეჟავამ არ დააბრუნა, რის შემდეგაც ქვარიანმა დახმარებისავის პატრულს მიმართა. მობილურის გატაცებაში ბრალდებულის ადვოკატის, მაია ტალახაძის განცხადებით, სასამართლოს არ გააჩნია არანაირი მტკიცებულება ბრალდებულ მიხეილ ლეჟავას მიმართ, რომელიც დაადასტურებდა ბრალეულობას ამ დანაშაულის ჩადენაში. "ერთადერთი მტკიცებულებ,ა რაც ბრალდებას გააჩნდა, ეს იყო დაზარალებულის წინასწარ გამოძიებაში მიცემული ჩვენება. თუმცა, მან ეს ჩვენება უარყო. ლეჟავას უდანაშაულობა მტკიცდება თვით დაზარალებულ გელა ქვარიანის ჩვენებით, რომელიც სასამართლო სხდომის დროს 2007 წლის 26 ნოემბერს მისცა. იგი კატეგორიულად გამორიცხავს მიხეილ ლეჟავასათვის ტელეფონის თხოვების ფაქტს და აცხადებს, რომ სუფრაზე მჯდომ პიროვნებათაგან ერთ-ერთს ათხოვა ტელეფონი, მაგრამ იგი არ ყოფილა მიხეილ ლეჟავა. ასევე, იგი კატეგორიულად უარყოფს იმ ფაქტს, რომ მისი მითითებით დააკავეს მიხეილ ლეჟავა. "ქვარიანმა პროცესზე განმარტა, რომ იყო ძალიან მთვრალი, იჯდა პატრულის მანქანაში, ნახევრად ეძინა, საერთოდ არ გადმოსულა მანქანიდან და რომ პატრულის თანამშრომლებს მისთვის არც უჩვენებიათ დაკავებული პირები. ტელეფონის პოვნის ფაქტის შესახებ შეიტყო სატელევიზიო რეპორტაჟიდან და ძალიან გაუკვირდა, როცა იხილა ლეჟავა. მან ასევე აღნიშნა, ისეთი მთვრალი ვიყავი, არ მახსოვს, გამომძიებელი რას მეკითხებოდა და რაზე მოვაწერე ხელიო", - აცხადებს ლეჟავას ადვოკატი მაია ტალახაძე. ის, რომ გელა ქვარიანი ნასვამ მდგომარეობაში იყო, სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა პატრულის თანამშრომლებმაც დაადასტურეს. საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ინჯიამ და დავით გაგნიძემ დაადასტურეს, რომ ქვარიანი ნასვამი იყო. "ამის შემდეგ პროკურორმა რამდენჯერმე მოითხოვა სასამართლო სხდომის გადადება დაუსაბუთებელი მიზეზებით. პროკურატურა არ არის საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენით დაინტერესებული. 21 იანვარს გელა ქვარიანი მე-8 საპყრობილიდან მეორედ მოიყვანეს სასამართლო პროცესზე. მან სასამართლოს განუცხადა, რომ არაფერი არ აქვს დასამატებელი და ეთანხმება 2007 წლის 26 ნოემბერს სასამართლო სხდომაზე მიცემულ ჩვენებას, რითაც კიდევ ერთხელ დაადასტურა მიხეილ ლეჟავას უდანაშაულობა", - აცხადებს მაია ტალახაძე. ყოველივე ზემოხსენებულის შემდგომ პროკურორი დავით ახვლედიანი ლეჟავას საპროცესო შეთანხმებას სთავაზობს, სამწლიან რეალურ სასჯელზე. თუმცა, ლეჟავა ამ გარიგებაზე არ წავიდა. შემდეგ პროკურორი თანახმაა, პირობითად გათავისუფლებული ლეჟავა (იგი ჯართის ქურდობისთვის იყო დაკავებული და ხონის რაიონულმა სასამართლომ პირობით გაათავისუფლა) კვლავ პირობითი სასჯელით გაათავისუფლოს. თუმცა, როგორც ახვლედიანმა "რეზონანსს" განუცხადა, გენერალური პროკურატურისგან უარი მიიღო. დავით ახვლედიანი 4 თებერვალს დანიშნულ სასამართლო პროცესზე კვლავ არ გამოცხადდა, რის გამოც იგი მოსამართლე ნინო სანდოძემ ასი ლარით დააჯარიმა. 8 თებერვალს კი სასამართლოს გელა ქვარიანის განაჩენი წარუდგინა. ახვლედიანის განმარტებით, გელა ქვარიანმა აღიარა დანაშაული. მან უარყო სასამართლოზე ლეჟავას სასარგებლოდ მიცემული ჩვენება და წინასწარ გამოძიებაში მიცემული ჩვენება დაადასტურა. გელა ქვარიანი საპრცესო შეთანხმების საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სს კოლეგიის მოსამართლე შორენა გუნცაძემ დარბაზიდან გაათავისუფლა. "ეს იყო სასწრაფოდ ჩატარებული სასამართლო პროცესი, რომ ლეჟავას დანაშაული დაემტკიცებინათ. ქვარიანს ყველასათვის გასაგები და ნაცნობი ხერხებით აღიარებინეს დანაშაული. ერთ-ერთ პროცესზე მან თქვა კიდეც, რომ მაგრად სცემეს. ამ განაჩენს აუცილებლად გავასაჩივრებთ, რადგან უდანაშაულო ახალგაზრდას, რომელსაც მძიმედ ავადმყოფი შვილი ჰყავს და პატიოსნად შრომობდა, 8 წელი არ ეკუთვნის", - ამბობს მაია ტალახაძე. 8 თებერვალს მოსამართლე ნინო სანდოძემ პროკურორის მოთხოვნა დააკმაყოფილა და მიხეილ ლეჟავას 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. "ხუთი წლის გოგო და შვიდი წლის ბიჭი გვყავს. ძალიან რთულ მდგომარეობაში ვართ. ჩვენს ბიჭს თირკმლის ოპერაცია გაუკეთეს და ერთი ამოაჭრეს, მეორეც უარგისი აქვს. ამჟამად ისევ მძიმედაა, გულის ოპერაცია სჭირდება სასწრაფოდ. სოფლიდან ჩამოვიდა და ურიკაზე გადამტანად დაიწყო მუშაობა იმისათვის, რომ ავადმყოფი შვილისათვის პატიოსანი შრომით ეშოვა ფული. ამ მოსამართლეებს შვილი ჰყავთ. ოდესღაც ყველას მიუზღავს ღმერთი სამაგიეროს თითოეული ადამიანის ასე გამწარებისათვის. 8 წელი მობილურის ქურდობისათვის, რომელიც არ მოუპარავს. ეს უსამართლობაა. ჩვენ კიდევ ვიბრძოლებთ და, იმედია, ვიპოვით სამართალს", - აცხადებს ლეჟავას მეუღლე ლიკა კიკნაძე.
(c) გაზეთი " რეზონანსი "
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |