|
|
"რეზონანსი "
რატომ და რაზე წერს გია ხუხაშვილი ელისო ჩაფიძე
ერთხელ ერთი ცნობილი პიროვნების ლექციას ვესწრებოდი, რომელმაც სტუდენტებს საკმაოდ საინტერესოდ აგვიხსნა, როგორ მოხდა კანონდარღვევებით 1993-94 წლებში პრივატიზაცია და როგორ მიიტაცეს ხალხის კუთვნილი ქონება თუ ანაბრები ხელისუფლებასთან დაახლოებულმა პირებმა. ეს მოვლენა 1999 წელს ხდებოდა, ამიტომაც ინფორმაცია, კიდევაც რომ გამომეძიებინა, უკან მიდევნებულ ლამპარს დაემსგავსებოდა, რადგან პრივატიზაციის ხანდაზმულობის ვადა, მოგეხსენებათ, ქართული კანონმდებლობით 3 წელია. საოცარი პროტესტის გრძნობა გამიჩნდა ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც იცის, როგორ ძარცვავენ მის ხალხს და ხმას არ იღებს. არადა, ძნელია, თითოეული ადამიანი იყოს ისეთი კომპეტენტური, რომ ხელისუფლებას რთულ ეკონომიკურ საკითხებზე მოედავოს. ამიტომაც პირადად მე, როცა ვხედავ, როგორ დასცინიან და ჩაგრავენ ადამიანს, ვინც, მეტაფორულად თუ ვიტყვით, "ინგლისური და კომპიუტერი არ იცის", ყოველთვის მინდა, ვიყო მათი ხმა და მათი წარმომადგენელი. რადგან ვთვლი, რომ ასეთი კონტროლის გარეშე ხელისუფლება ყოველთვის ისარგებლებს იმით, რომ ხელისუფლებაა და მას გარყვნის აბსოლუტური ძალაუფლება. თუმცა შეუძლებელია, ჟურნალისტი ყველა სფეროში კომპეტენტური იყოს. საერთოდ, საქართველოში ამა თუ იმ სფეროში კომპეტენტური და ამავე დროს, დამოუკიდებელი ადამიანის პოვნა ძალიან ძნელია, რადგან ამა თუ იმ სფეროში გარკვეული ადამიანები ყოველთვის ცდილობენ, არ გაიფუჭონ ურთიერთობა თავისივე წრის ადამიანებთან და შესაბამისად - არ დაკარგონ მომავალში მათთან თანამშრომლობისა თუ მოგების მიღების შანსი. ბატონი გია ხუხაშვილი იმ იშვიათ გამონაკლისებს მიეკუთვნება, რომელთაც საზოგადოებრივი ინტერესები საკუთარ, პირად ინტერესებზე მაღლა დაუყენებია თავისი ძალიან მწვავე სტატიებით, რომელთაც მკითხველი გაზეთ "რეზონანსის" ყოველკვირეულ დამატება "მთელ კვირაში" ეცნობოდა და იმედი გვაქვს, მომავალშიც გაეცნობა. რომ არა ბატონი გია ხუხაშვილი, საზოგადოება ბევრ რაიმეს ვერ შეიტყობდა და დარწმუნებული ვარ, მისმა საგაზეთო სტატიებმა თუ სატელევიზიო გამოსვლებმა დიდი გავლენა მოახდინა ხელისუფლების პოლიტიკაზეც, თუკი მთავრობა რაიმე საკითხებში წავიდა ადამიანთა სოციალურ-ეკონომიკური უფლებების დაცვის კუთხით. ჩვენი გაზეთის მკითხველებისა თუ უბრალო ადამიანებისაგან ხშირად შემიტყვია, რომ მათ სჯერათ გია ხუხაშვილის და ეს ნდობა მაშინაც გამოვლინდა, როცა მან დიდუბის რაიონში საკუთარი კანდიდატურა წარადგინა. მაშინ ბევრმა მითხრა, რომ სწორედ იმიტომ მისცეს ხმა, რომ მისი, როგორც დამოუკიდებელი ექსპერტის, მოსაზრებების სჯერათ. სჯერათ, რომ ბატონ გიას სააშკარაოზე გამოაქვს ბევრი რამ მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ მათი ინტერესები დაიცვას. და კიდევ ერთი - როდესაც გია ხუხაშვილს თავს დაესხნენ და სასიკვდილოდ სცემეს, ამბის შესატყობად დავურეკე. ბატონი გია ისეთ მდგომარეობაში იყო, რომ ვერც საუბრობდა და იმ წუთებში მისი გადარჩენის ასპროცენტიან გარანტიასაც ვერ იძლეოდნენ ექიმები. ტელეფონი მისმა მეუღლემ, ქალბატონმა მელანომ აიღო. როცა ბატონი გიას ჯანმრთელობის მდგომარეობა მოვიკითხე, შემდეგ ჩემი აზრი გამოვთქვი, ალბათ, თქვენ როგორ უშლით, ასე რომ უპირისპირდება ამდენ კორუმპირებულსა და მაფიოზს-მეთქი. ჩემთვის გასაოცარი პასუხი მივიღე - არა, მირჩევნია, ჩემი მეუღლე ასეთი იყოს, თუნდაც მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდეს, ვიდრე ჩემმა შვილმა მოგვიანებით მკითხოს, თქვენ ქვეყნისთვის რა გაგიკეთებიათო. მივხვდი, რომ შეუძლებელია, ბატონ გიას სხვაგვარი მეუღლე ჰყოლოდა. მოგვიანებით შევიტყვე, რომ მასაც ბევრი რამ აქვს გაკეთებული საქართველოს დამოუკიდებლობისათვის, არის 9 აპრილის მონაწილე, ასეთივე სულისკვეთებით ზრდიან შვილს. იშვიათად შემხვედრია ისეთი პუნქტუალური ადამიანი, როგორიც ბატონი გიაა. საერთოდ, ხშირად მიწევს ურთიერთობა ცნობილ პოლიტიკოსებსა და ექსპერტებთან და ბატონი გია მათგანაც იმით გამოირჩევა, რომ არასოდეს დააგვიანებს სტატიას, არასოდეს მოგატყუებს, არასოდეს ეტყვის უარს ჟურნალისტს, მოუთხროს ის, რაც თავად იცის. ვფიქრობ, დრო მის მოღვაწეობას უკეთ დააფასებს. მე კი უდიდეს პატივად ვთვლი, რომ ბატონ გია ხუხაშვილთან ინტელექტუალური ურთიერთობის საშუალება და პატივი მქონდა - ჩვენი დროის გამორჩეულ ადამიანთან, კაცთან, რომელსაც თავისი სამშობლოს, მისი ადამიანების ტკივილი და გაჭირვება აწუხებს. კაცთან, რომელიც იმ ადამიანების ნაცვლად იბრძვის, ვინც "ინგლისური და კომპიუტერი" არ იცის და მჯერა, სწორედ ასეთი ადამიანები ქმნიან ისტორიას, რომელიც ერთ მშვენიერ დღეს პიროვნებებს დააფასებს არა იმის მიხედვით, თუ ვინ რამდენი მილიონი იშოვა გაღატაკებულ საქართველოში, არამედ იმით, თუ ვინ იმაღლებდა ხმას საზოგადოებრივი ინტერესების დასაცავად.
(c) გაზეთი " რეზონანსი "
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |