|
|
"რეზონანსი "
"დიახ, შეთქმულების მონაწილე ვარ" როგორ მივედით ნოემბრამდე - გია ხუხაშვილის წიგნი-აღიარება ირმა ჩაფიძე
ორშაბათიდან თბილისის წიგნის მაღაზიებში გამოჩნდება ექსპერტ გია ხუხაშვილის წიგნი "ნოემბრიდან ნოემბრამდე - რა ღირს საქართველო." წიგნში თავმოყრილია ყველა ის სვეტი, რომელიც 2003 წლის ნოემბრიდან 2007 ნოემბრამდე გაზეთ "რეზონანსში" გამოქვეყნდა. მართალია, ყველა სვეტი "რეზონანსის" მკითხველისათვის ცნობილია, მაგრამ მათმა ერთად თავმოყრამ აჩვენა, მოვლენების დინამიკაში განვითარების პარალელურად როგორ ცდილობს გია ხუხაშვილი, საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე, გაუკეთოს ანალიზი მომხდარს, წინ აღუდგეს ქვეყნის გაყიდვის მცდელობას. წიგნის დასასრულს კი მაინც რჩება იმედი, რომ მიუხედავად ამ პროცესისა, საქართველო ჯერ არ გაყიდულა და არსებობენ ადამიანები, რომელთათვისაც საქართველოს ფასი არ აქვს და არ იყიდება. ამასთან დაკავშირებით გთავაზობთ ინტერვიუს გია ხუხაშვილთან. "მთელი კვირა": ბატონო გია, რატომ გადაწყვიტეთ ამ წიგნის გამოცემა და რატომ ჰქვია მას "ნოემბრიდან-ნოემბრამდე." გია ხუხაშვილი: მინდოდა, მომეხდინა ჩემი ნააზრევის გარკვეული შეჯამება. ჩემი აზრით, აქ ერთი ადამიანის მიერ დანახული საქართველოს უახლესი ისტორიაა: როგორ ვითარდებოდა მოვლენები, დიდი იმედები როგორ დასრულდა, სამწუხაროდ, დიდი იმედგაცრუებით. აქ არის ქვეყნის ოთხი წლის ისტორიის ჩემეული ხედვა. გარკვეულწილად ჩანს ის მიზეზები, რამ მიგვიყვანა 2003 წლის ნოემბრიდან 2007 წლის ნოემბრამდე. ამ წიგნის წერის დროს მე გავიარე სამი ეტაპი. პირველი ეტაპი იყო დიდი იმედების ეტაპი, მაგრამ მქონდა კრიტიკული ხედვა ხელისუფლების შეცდომებისადმი. თუმცა ეს იყო მაქსიმალურად კეთილგანწყობილი კრიტიკა, გარკვეული სიტუაციის ანალიზი და რჩევები. მკითხველი დაინახავს, რომ ტონი ნელ-ნელა იცვლებოდა. პირველ ნაწილში მქონდა იმედები, რომ რაღაც გამოსწორდებოდა. მერე კიდევ ვცდილობდი, ჩემი რეკომენდაციები მიმეწოდებინა ხელისუფლებისათვის, ბოლოს დადგა ეტაპი, როცა დარჩა მხოლოდ კრიტიკა, დაიკარგა იმის შეგრძნება, რომ შეიძლებოდა, ვიღაცას რაღაცა გაეგონა და ავსახავდი იმ რეალობას, რაშიც ვცხოვრობდი. ამ წიგნში, ფაქტობრივად, ჩემი, ერთი ადამიანის ხედვაა ასახული. ალბათ, დაახლოებით ეს ეტაპები გაიარა საქართველოს მოსახლეობამაც. როდესაც ჩვენ გვეუბნებიან და ფილმებს გვაჩვენებენ, როგორ მივედით "ნოემბრიდან-ნოემბრამდე", გვიყვებიან შეთქმულების თეორიას, მე მინდა, ამ მოვლენების ჩემეული ხედვა მივაწოდო მკითხველს. სინამდვილეში ნოემბრიდან-ნოემბრამდე ასე მივედით ჩვენ, ყველანი. ეს არის ერთი ადამიანის ხედვა და დაახლოებით იგივე გზა გაიარა იმ 200 000-მა ადამიანმა, რომელიც ნოემბრის დღეებში პარლამენტის წინ თუ შემდგომ იპოდრომზე იდგა. ვეცადე, ამესახა ის განწყობები, რაც საზოგადოებაში იყო და ამისთვის ანალიტიკური სახე მიმეცა. იქ მრავლად არის გაფრთხილებები 2004 წელს, 2005 წელს. მე ჩემს მეგობრებს ხელისუფლებაში ყოველთვის ვაფრთხილებდი, ასე თუ გააგრძელებთ, ცუდად დამთავრდება ეს პროცესები-მეთქი. სამწუხაროდ, მოხდა ის, რაც მოხდა. "მ. კ": ბატონო გია, გარდა იმისა, რომ თქვენ ამ წიგნში გაქვთ პუბლიცისტური სტატიები, აქ არის ძალიან ბევრი ეკონომიკური ხასიათის პროგნოზი და ასევე ინფორმაციაც, რომელიც, ალბათ, ისტორიისთვის ძალიან საინტერესო იქნება. "ნოემბრიდან ნოემბრამდე" რას დაარქმევდით იმ პროცესს, რომელიც ეკონომიკური თვალსაზრისით მიმდინარეობდა საქართველოში. გ.ხ: ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტია პრივატიზაციის პროცესი. მე თვალს ვადევნებდი, როგორ ვითარდებოდა პროცესები ამ სფეროში, რუსეთთან საომარი რიტორიკის ფონზე რეალურად როგორ გადადიოდა რუსეთის ხელში ქართული ეკონომიკა და რა როლს თამაშობდნენ ამაში ქართველი ჩინოვნიკები. აქ ბევრი ისეთი მასალაა, რომელიც, ალბათ, ქვეყანაში თუ რაიმე შეიცვლება, პირდაპირ პროკურატურას უნდა გადაეცეს, მაგრამ ეს არის ცალკე თემა. აქ მე სიღრმეში არსად მივდივარ და, ალბათ, დამეთანხმებით, რომ ის პროგნოზები, რასაც მე ვაკეთებდი და ის გაფრთხილებები, რომლებიც მქონდა 2004-2005 წლებში, რეალობად იქცა 2007-2008 წლებში. სამწუხაროდ და მე ეს ნამდვილად არ მიხარია, ბევრი რამე წინასწარმეტყველური აღმოჩნდა და ჩვენ დავდექით საკმაოდ არასასურველი პოლიტიკური რისკების წინაშე. "მ. კ": ვიცი, რომ თქვენ გინდოდათ, ეს წიგნი ბატონი ზურაბ ჟვანიას ხსოვნისათვის მიგეძღვნათ... გ. ხ: დიახ. ჩათვალეთ, რომ ეს წიგნი ზურაბ ჟვანიას მივუძღვენი, რადგან მისი სიკვდილი იყო უდიდესი დანაკარგი. ზურა რომ ცოცხალი ყოფილიყო, შეიძლებოდა, ეს წიგნი არ დამეწერა. შეიძლება, ამის საჭიროება არ ყოფილიყო. პირველ რიგში, მინდა, მადლობა გადავუხადო გაზეთ "რეზონანსის" რედაქციას, რადგან ეს იყო ჩემთვის ტრიბუნა, სადაც ეს ყველაფერი იქმნებოდა ჩემი და თქვენი თანამშრომლობით. "მ. კ": იმედი გვაქვს, ეს თანამშრომლობა გაგრძელდება... გ. ხ: მეც ამისი იმედი მაქვს. არც ვფიქრობდი, თავი მომეყარა ამ ყველაფრისთვის, მაგრამ ეს წიგნი რომ აუცილებელი იყო, ამას მივხვდი მაშინ, როდესაც ხელისუფლებამ დაიწყო ნოემბრის მოვლენების მიღმა რაღაც შეთქმულების თეორიაზე საუბარი და გვაჩვენეს ფილმიც "ნოემბრიდან-ნოემბრამდე". "მ. კ": თქვენც შეთქმულების ერთ-ერთ მონაწილედ წარმოგაჩენთ ხოლმე ხელისუფლება.... გ. ხ: ამ გაგებით, რა თქმა უნდა, მე შეთქმულების მონაწილე ვარ, რადგან ამ საზოგადოების ყველა წევრი გახდა შეთქმულების მონაწილე. მაგრამ საინტერესოა, ამ შეთქმულების ავტორი საზოგადოება იყო თუ თავად ხელისუფლების შიგნით იგეგმებოდა ეს ყველაფერი. შეთქმულება შედგა, მაგრამ მე მაინც ვფიქრობ, რომ შეთქმულება შედგა ხელისუფლების შიგნით. ხელისუფლებამ მიიყვანა საზოგადოება იქამდე, რომ ქუჩის გარდა გზა, უბრალოდ, არ დაუტოვა. "მ. კ": ბატონო გია, თქვენი ბევრი წინასწარმეტყველება, როგორც ამ წიგნიდან ჩანს, შესრულდა ეკონომიკურ-პოლიტიკურ პროცესებში. დღეს როგორი იქნება თქვენი წინასწარმეტყველება - რა იქნება შემდეგ ნოემბრამდე. გ. ხ: სამწუხაროდ, ისევ გრძელდება ძალიან უცნაური დიალოგი ორმხრივი მონოლოგის რეჟიმში. მხარეები რეალურ შემხვედრ ნაბიჯებს არ დგამენ. საუბრები საუბრებისთვის რჩება. ხელისუფლება არ არის განწყობილი, რომ აღიაროს რეალურად შეცდომები და რაღაც შეცვალოს. ის ისევ ელოდება ინიციატივის თავის ხელში დაბრუნებას, რის შემდეგაც, ალბათ, იმავე სტილში გააგრძელებს ქვეყნის მართვას. ჩემი აზრით, თუ თვითკრიტიკულობის, სულ მცირე, 5% მაინც აქვთ ხელისუფლების წარმომადგენლებს, ცალი თვალით თუ მაინც ჩაიხედავენ ამ წიგნში, ბევრ რაიმეს კარგად დაინახავენ. დაინახავენ, როგორ მზადდებოდა 2007 წლის ნოემბერი, რატომ გამოვიდა ქუჩაში 200 ათასი გაწამებული, ღირსებააყრილი, შეურაცხყოფილი ადამიანი, რომელსაც მეორედ მიაყენეს შეურაცხყოფა იმით, რომ დააბრალეს, თითქოს საიდანღაც იმართებოდნენ. თუმცა ამის შემდეგ ხელისუფლებამ სიტყვიერად დაიწყო რაღაც შეცდომების აღიარება. დიდი სურვილი მაქვს, ეს შეცდომები ახლა მაინც რეალურად გამოსწორდეს. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ რაღაცის გასწორებაზე ან მემორანდუმის პირობების შესრულებაზე, ხელისუფლებამ უნდა გააცნობიეროს, რომ 17-პუნქტიანი მემორანდუმის შესრულება ოპოზიციისთვის დათმობას კი არ ნიშნავს, ეს ნიშნავს საზოგადოებისთვის დათმობას, რადგან რეალურად ეს საზოგადოების მოთხოვნებია. ხელისუფლებამ უნდა დაიწყოს ამის შესრულება საზოგადოებისთვის და არა ოპოზიციისთვის. ამ ულტიმატუმს ოპოზიცია კი არ აყენებს, აყენებს საზოგადოება, რომელსაც უნდა სამართლიანობის აღდგენა ქვეყანაში, რომელსაც შია, რომელსაც სწყურია და რომელიც ღირსებააყრილია და უნდა, რომ ეს ყველაფერი ჰქონდეს. ეს 17 პუნქტიც აქედან გაჩნდა, ოპოზიციას კი არ მოუგონია. ხელისუფლებამ ეს უნდა გააცნობიეროს. "მ. კ": ბატონო გია, თქვენც ხომ არ აპირებთ პოლიტიკური მოღვაწეობის გაგრძელებას. გ. ხ: არა. გამორიცხულია, თუმცა მე საკმაოდ ახლოს ვარ პოლიტიკასთან, მით უმეტეს, ისეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, სადაც ყველას ბანაკებად ყოფენ. თან, სამწუხაროდ, არის მცდელობა, ბარიერის რომელიღაც მხარეზე განმათავსონ. განსაკუთრებით ხელისუფლება ცდილობს, რაღაც იარლიყი დამკიდოს, თუმცა მე ამას საკმაოდ მშვიდად ვუყურებ, რადგან ვიცი, რეალურად სად არის სიმართლე.
(c) გაზეთი " რეზონანსი "
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |