|
|
"რეზონანსი "
რასაც მთელი ცხოვრება ვატარებთ, ბოლოს მაინც უნდა ითქვას: ჩვეულებრივში, რასაც შეიძლება სხვა არავითარ ყურადღებას არ აქცევდეს, ვეძებ არაჩვეულებრივს ლელა ოჩიაური
მისი ნამუშევრები ყოველთვის გულწრფელი და ცოცხალი შეგრძნებებითაა შექმნილი და ასეთივე შთაბეჭდილებას ახდენს; მისი გამოფენები გულგრილს არავის ტოვებს და არ გავიწყდება; იგი სამყაროს პირველქმნილი უშუალობით აღიქვამს და ეს აღმოჩენები უხარია; იგი პოეტია, რომელიც ფერითა და ფორმით აზროვნებს და რომელიც "ზედაპირს" მიღმა ხშირად ხედავს იმას, რისი დანახვაც სხვას არ შეუძლია. მზია ხალვაში "მთელ კვირას" საკუთარი შემოქმედებისა და ზოგადად ხელოვნების შესახებ ესაუბრება. "მთელი კვირა": რა გიზიდავთ ყველაზე მეტად მხატვრობაში. მზია ხალვაში: მიყვარს ნატურმორტები, პორტრეტები, პეიზაჟები; ასევე მიყვარს ქალაქის ხედების კეთება, მაქვს ბათუმის, ძველი თბილისის თემები და რა თქმა უნდა, მიყვარს ზღვა. ჩემი შვილები, შვილიშვილები თბილისში არიან და ახლა მეც უფრო ხშირად აქეთ ვარ. როდესაც ბათუმი მენატრება, უპირველესად, მენატრება ზღვა, სანაპირო, შორს გემები, სეინერები. ზღვა მაგიჟებს. ეს თემა ჩემია და ასე მგონია, თითქოს სხვამ არც უნდა ხატოს. საერთოდ, ბათუმელ მხატვრებში ზღვის თემას იშვიათად ნახავთ. მხოლოდ ერთი იყო - შოთა ზამთარაძე, რომელიც მას დიდ ყურადღებას უთმობდა და კარგად მუშაობდა. დღეს სალონებში რომ შეხვალ, თითქოს არის ზღვის თემები, მაგრამ მშრალია, ხმელი, ზედაპირული. უფრო "სილამაზისთვის", კომერციული თვალსაზრისით გაკეთებული სურათებია. "სუვენირული". ახალგაზრდობიდან დაწყებული, ძალიან მიყვარს ჩანახატების კეთება. მაშინ მანქანას ვატარებდი, ბავშვებს ჩავისვამდი ხოლმე, მივდიოდით, ვთქვათ, ზემო აჭარაში, გზაში ვიხატავდი და შემდეგ სახელოსნოში ვმუშაობდი. ახლაც ასეა. რომ მივდივარ, ან ბათუმში ან, სადმე სხვაგან, ხშირად, იქვე ვიხატავ ხოლმე შთაბეჭდილებებს, პატარა ესკიზებს ვაკეთებ და შემდეგ ვახორციელებ. ამას იმიტომ ვაკეთებ, რომ მეშინია, რასაც ვგრძნობ, ის წამიერი, რასაც უცებ დავინახავ, ის პირველი შთაბეჭილება არ გამექცეს და იქვე, რასაც ვასწრებ, იმას "ვინიშნავ" და შემდეგ, ჩემი გაგებით, ვამთავრებ. "ჩემი გაგებით"-ს იმიტომ ვამბობ, რომ იმის იქით, მერე სხვა რაიმეს ვეღარ ვხედავ. მთავარი ის პირველი შთაბეჭდილებაა, რომელსაც ვიღებ და რაც მინდა, რომ მაშინვე დავაფიქსირო. ვჩქარობ. სხვათა შორის, ბევრ დროს არც ვანდომებ. ნამუშევრები, რომლებიც მე თვითონ მომწონს და მიყვარს, მოკლე დროში მაქვს გაკეთებული, უცებ, პირველი შთაბეჭლილებით, ერთ თუ ორ სეანსში. შემიძლა ვთქვა, რომ "დამთავრებული" თითქოს არც ერთი სურათი არა მაქვს. არ მიყვარს ჩაწიკწიკებული, ჩაკეტილი და ბოლომდე მიყვანილი სურათები. ზოგჯერ ესკიზიც და ჩანახატიც სურათად მესახება ხოლმე. ძალიან ბევრი ჩანახატი მიგროვდება. მინდა, ყველა განვახორციელო და ვგიჟდები, რომ ვერ ვახერხებ. დრო და საშუალება არაა. მრჩება ასე და მენანება. მხატვრის ტექნიკა უბრალო ჩანახატს, მონახაზს, ეტიუდსაც, ცხადია, სურათსაც უნდა ეტყობოდეს. დიდი "ფილოსოფიები" და დიდი აღმოჩენები არაა საჭირო. მხატვრობას დიდი აღმოჩენები არ სჭირდება, არც მწერლობას და თუ გნებავთ, არც მუსიკას. შენს თავში უნდა აღმოაჩინო რაღაც შენი და თუ აღმოაჩენ, თუ შეძლებ ტილოზე, ქაღალდზე გადაიტანო, გამოამჟღავნო და თუ შეძლებ, სხვისთვისაც მისაწვდომი გახდეს - აი, ეგაა ნამდვილი მხატვრობა, ეგაა ნამდვილი შემოქმედება და ეგაა მაშინ ნამდვილი სურათი. ერთი მხატვარი ამასწინათ მეუბნებოდა, შენში ის მომწონს, რომ ნაწვალები არააო. მართლა არ ვწვალობ, იმიტომ, რომ გულწრფელი ვარ იმ დამოკიდებულებაში, რომ ვაკეთებ იმას, რაც მომწონს და მხიბლავს და რაც შეიძლება სხვისთვის არაფერი იყოს, მაგრამ ჩემთვის არის არაჩვეულებრივი. თუნდაც ძალიან უბრალო რაღაც, ვთქვათ, ჩვეულებრივი მოვლენა ბუნებაში, ის, რაც ჩემს გარშემო ხდება, რასაც ვხედავ. ჩვეულებრივში, რასაც შეიძლება სხვა არავითარ ყურადღებას არ აქცევდეს, ვეძებ არაჩვეულებრივს. კი არ ვეძებ, ჩემთვის ვპოულობ. მე თვითონ, ვხედავ, აღვიქვამ, რაც მინდება, შემდეგ წარმოვაჩინო; რასაც მინდა შევეხო ფუნჯით, საღებავით და ჩემი გრძნობები გადმოვცე. "მ.კ.": როგორ ხდება პორტრეტების შემთხვევაში. მ.ხ.: პორტრეტებშიც იგივე პროცესია. ვეძებ ჩემსას, ისევე, როგორც ბუნებას, პეიზაჟს ვუყურებ და ვხატავ, რაც შეიძლება სხვამ ვერც კი შეამჩნიოს და ხანდახან კიდეც ვპოულობ. გააჩნია, ვის ვხატავ და რას ვხატავ. პიროვნულობას, პორტრეტზე მუშაობის დროს, ჩემთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. აუცილებელია არაა, ის დიდი, ცნობილი პიროვნება იყოს. შეიძლება "ჩვეულებრივი" მოქალაქეა, ახლობელია, მაგრამ მასში რაღაცას ვხედავ, რაღაც ისეთ შინაგანს, რაც ჩემთვის ახლობელია, საინტერესოა და თუ ამას დაიჭერ, მაშინ პორტრეტიც გამოდის. ლამაზი პორტრეტების კეთებას არ ვცდილობ. არ გამომივა. არც გამომსვლია. აი, დედაჩემის პორტრეტი წუთებშია მოსწრებული. არ მიჩერდებოდა. უცებ გვერდზე გაიხედა და მეც უცებ დავიჭირე ეს პოზა. ჩემთვის ასე დანახული დარჩა. შემდეგ ტექნიკური ამბებია, დამუშავებისას, რაც შეიძლება ნატურის გარეშეც მოამთავრო. ანა კალანდაძე ჩვენთან მამაჩემმა მოიყვანა. ისინი ლაპარაკობდნენ და მე ვიხატავდი. ანამ პორტრეტს ერთი შეხედვა შეხედა, მერე კიდევ წავიმუშავე და მეორედ - მორჩა, აი, აქ გაჩერდიო, თვითონვე მითხრა. თითქოს მსგავსებაცაა, მაგრამ, მაინც მთავარია ის, რაც მე დავინახე ანაში - მეოცნებე, უჭკვიანესი თვალები. თითქოს ეს მომენტი დავიჭირე. თან სიმპატიური ქალია, შინაგანადაც, მთელი სულით, მთელი უდიდესი ნიჭით მშვენიერი, უბრწყინვალესი ქალბატონი. არიან ულამაზესი გოგოები, ვისაც უნდათ, რომ დამეხატა ან დავხატო, მაგრამ ვიცი, რომ არ გამომივა. რასაკვირველია, დახატვა შეიძლება, მაგრამ ის არ იქნება, რაც მე მინდა. საინტერესო ისაა, რომ ბევრ სურათს, ბევრ პორტრეტს ჩემთვის თავისი ბიოგრაფია აქვს. როდის, რა განწყობით გამიკეთებია. ისიც კი მიფიქრია, როგორ შევქმენი თითოეული სურათი, ამაზე დამეწერა. "მ.კ.": როგორ უყურებთ თქვენ კომერციას მხატვრობაში. მ.ხ.: კომერციის მიზნით, მე სურათები არასოდეს მიკეთებია. არიან მხატვრები, რომლებიც საგანგებოდ გასაყიდად ხატავენ. მე ჩემი მხატვრობის მიმართ უფრო სხვა დამოკიდებულება მაქვს. ვფიქრობ ხოლმე, რომ მონოტონური, მოსაწყენი ხომ არაა-მეთქი, იმიტომ რომ მე ყოველთვის განწყობილებით ვწერ, ჩემი ახლობელი ვითარებით ვიფარგლები, იმით, რაც ჩემს გარშემოა - ზემო აჭარა, ზღვა, ბათუმი, ჩემი ახლობლების პორტრეტები (თუმცა, სხვა, ცნობილი ადამიანების პორტრეტებიც მაქვს), სოფლები, ფიცრული, ზემოაჭარული, ძველი ოდა-სახლები, გარედან აივანმიშენებული; ბუხრები; დაბლა საბძელი; ნალიები; ჩემი სახლის აივნიდან გაშლილი ხედები, შორს, გაღმა სოფელი, რასთანაც მე შეხება მქონდა მთელი ჩემი ბავშვობა და სიყმაწვილე. ეს ადგილები დღესაც მაოცებს, მაოგნებს. ნახატი გაცილებით უფრო მეტის მთქმელი უნდა იყოს, ვიდრე ჩვენ გვგონია. მას უფრო მეტი დატვირთვა უნდა ჰქონდეს. მაშინაა კონცეპტუალური, მიზანდასახული და შემოქმედებითი. ხატვით ალბათ ყველა ხატავს, მაგრამ ნახატი, რომელიც რაღაცას ამბობს, უკვე შემოქმედებაა. ეს მამოძრავებს ყოველთვის, ყოველთვის ამისი ჟინი მქონდა, სულ ვფიქრობდი, მარტო სილამაზისთვის არ მეკეთებინა. ვეძებდი, ვპოულობდი, თითქოს. არა, თითქოს კი არა, მართლა ვპოულობდი. მართლა მაქვს ისეთი სურათები, რომლებიც ნამდვილად ნაპოვნია. შემდეგ, რაღაც გარკვეულ პერიოდში ეს მეკარგებოდა, რაღაც პერიოდებში ჩავარდნები მაქვს, ვერ ვმუშაობ. თუ არ მუშაობ, არაფერი მოდის. ყველაფერს, ყველანაირ ხელოვნებას, ყველანაირ შემოქმედებას მუშაობა უნდა. როგორც ფორტეპიანოზე დაკვრას უნდა ტექნიკა, ისე სჭირდება ტექნიკა მხატვრობას. იმისთვის, რომ რაც გულისნადები გაქვს, გინდა ქაღალდზე გადაიტანო, რომ აამოძრავო გულის სიმები, ტექნიკაა საჭირო. სხვანაირად გამოდის ბუტაფორია და ზედაპირული სილამაზე, რასაც ხელოვნებასთან კავშირი არა აქვს. მე მგონი, ყველა მხატვარი შემოქმედი არ არის. შემოქმედება უფრო ბევრს გულისხმობს, ბევრად დიდი დატვირთვა აქვს. მწერალი, მხატვარი, საზოგადო მოღვაწე თავის შემოქმედებაში მთელი თავის ნამოქმედარს, ნამოღვაწარს, ნაფიქრალსაც კი უნდა დებდეს. ამაღლებული უნდა იყოს. როდესაც რაღაცას აკეთებ, არამარტო შენთვის უნდა კეთდებოდეს, არამედ საზოგადოებისთვის. შემოქმედება მარტო მე კი არა, ადამიანებსაც უნდა ეკუთვნოდეს. მაშინაა შემოქმედება, როდესაც სხვასაც ეკუთვნის. როდესაც ის გამოფენაზე გამოვა საასპარეზოდ და სხვა ადამიანი მიიღებს, წაიკითხავს, შეიყვარებს, დადგება სურათთან და ის დააფიქრებს - მაშინ არის შემოქმედება და არა, მხოლოდ ლამაზად დახატული სურათი, კარგი ფერებით, კარგი ტექნიკით. სიმართლე გითხრათ, მე ამას ვერ "ჩავავლე", ვერ მივაგენი, თუმცა, რაღაც ძიებები მქონდა, რადგან, ვიფიქრე, იქნებ ის, რასაც ვაკეთებ, მოსაწყენია, იქნებ სხვისთვის ისეთი არაა, როგორც მე ვფიქრობ და ტყუილად ვირჯები, ტყუილად ვშრომობ ამდენს-მეთქი. ხანდახან მეფიქრება ხოლმე ასეთი რამ, მაგრამ როდესაც სხვა ვინმე შეხედავს ჩემს ნამუშევრებს და მეტყვის, რომ ვცდები, სტიმული მეძლევა. ამიტომაა საჭირო გამოფენა, ამისთვის არსებობს, ვთქვათ, მწერლისთვის წიგნი და სწორედ ამიტომ მინდა, კიდევ ერთი გამოფენა გავაკეთო და დავრწმუნდე - ცხოვრებაში რაღაც მიკეთებია. და ვნახო - ღირს გავაგრძელო მუშაობა, თუ არა. ფორმაში ყოფნას ვუწოდებ, როდესაც ფიქრის, აზროვნების, მუშაობის ხასიათზე ვარ, შინაგანად. მაგრამ მაინცდამაინც მაშინ გამომეჩხირება ოჯახური ამბები, რომლებიც ამომადგდებს ხოლმე კალაპოტიდან რამდენიმე ხნით და მერე ვიდრე ჩავჯდები, საშინელ მდგომარეობაში ვარ, ტყუილუბრალოდ ვიღლები იმის გამო, რომ ხელი შემეშალა და რაღაც ვერ გავაკეთე, თითქოს რაღაც ჩამეშალა და ამიტომ ვცდილობ, რომ ისევ ჩანახატებთან, ეტიუდებთან, ჩანაწერებთან დავბრუნდე, რომ მთლიანად არ მოვწყდე ჩემს საქმეს, ჩემს საყვარელ საქმეს. მე ამის გარეშე ცხოვრება არ შემიძლია. ვფიქრობ, საერთოდ, ამან გამაძლებინა. ცხოვრებას აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები. ბედნიერი ოჯახი მაქვს. მყავს მეუღლე, შვილები, შვილიშვილები, ყველაფერი ნორმალურადაა, მაგრამ არის ცხოვრებაში მოვლენები, რაც ხელს გიშლის. ბევრი რამ სანერვიულოა, არა.! ეს ცუდ მდგომარეობაში მაგდებს. შემდეგ მანერვიულებს ისიც, რომ ხელი მეშლება მუშაობაში. მაგრამ მაინც ვასწრებ, ყოველთვის ასე იყო. ჩემი ქალიშვილი გიჟდება, დედა, როგორ, როდის ასწრებდი, როდის აკეთებდიო.! ჩვენ ყოველთვის მრავალსტუმრიანი, მრავალრიცხოვანი ოჯახი ვიყავით. მაგრამ არასდროს არ ჩამოვრჩენივარ, საქმე არასდროს გვერდზე არ გადამიდია, თუმცა, პირველი ყოველთვის ოჯახი იყო. მაგრამ მაინც ვიპოვიდი და ვპოულობ რაღაც დროს, გამოვტყუებ ჩემთვის ყოველდღიურობას და აუცილებლად უნდა ვიმუშავო. აუცილებლად, რაღაც უნდა გავაკეთო, ისე ვერ გავაგრძელებდი ალბათ ცხოვრებას. "მ.კ.": რა არის, რაც გაწუხებთ. მ.ხ.: დაუდევარი მორიდებულობა, უპატივცემულობა საკუთარი თავის მიმართ ბევრჯერ გამომიჩენია. ვერ აგიწერთ, ისე ვნანობ, ასაკში რომ შევდივარ და მოვლენებს უკან ვერ დააბრუნებ, უკან ვეღარ დაბრუნდები. ვერ გამოასწორებ. ბევრი მოვლენა გახმაურების გარეშე დამიტოვებია. წესიერი ალბომი არ გამიკეთებია, როდესაც ირგვლივმყოფნი სულ მეუბნებოდნენ, მაძალებდნენ. ფოტოები მაქვს, მაგრამ, ალბომისთვის მათ თავმოყრას, როგორღაც ვერ მოვაბი თავი. ძალიან ვწუხვარ, რომ გამომრჩენია ადამიანები, ვთქვათ, გამოფენებზე. არ ვიცი, ასე რატომ მემართება. ჩემს ერთ-ერთ გამოფენას, რომელიც მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში ჩატარდა, ქეთი დოლიძემ "საჩუქარის საჩუქარი" უწოდა, მე კი, იმდენმა ვინმემ მისაყვედურა, როგორ არ დაგვიკავშირდი და არ გვითხარი, გამოფენა თუ გქონდაო. ახლა კი ვფიქრობ, ეს ყველაფერი გამოვასწორო და დანაკლისი აღვიდგინო, მაგრამ ალბათ მაინც გამომრჩება ვინმე. ძალიან მესიამოვნა, რომ მითხარი, დაბლა არ ჩამოსულხარო. ამ გამოფენით უნდა დავრწმუნდე, რომ ასაკი კი მემატება, მაგრამ გამოცდილებაც უნდა მემატებოდეს, ტექნიკაც... "მ.კ.": ფრიდონ ხალვაშის ლექსების ილუსტრაცია ხომ არ გაგიკეთებიათ ან რაიმე იმპულსი თუ მიგიღიათ მათგან. პოეტურობა თქვენი ნამუშევარების თვისებაა. მ.ხ.: ილუსტრაცია არ გამიკეთებია, მაგრამ ლექსიდან იმპულსი მოდის. სულ მინდოდა და დღესაც მინდა, რომ ჩემს გამოფენაზე კარგად ჩანდეს და ჟღერდეს, რომ, მართალია, ვცხოვრობ და ვმოღვაწეობ თბილისში, მაგრამ ვარ აჭარიდან, რომ ჩემი ცხოვრების მშვენიერი ადგილები არის იქ, აჭარაში და მინდა ეს ძალუმად წარმოვაჩინო, წარმოვაჩინო აჭარა თავისი ლამაზი ადამიანებით, ლამაზი ხედებით, ლამაზი ბუნებით და პეიზაჟებით. ჩემი ბავშვობის ადგილებია ის ოდები, ის ბილიკები, ის ეზოები, სადაც მამაჩემი ცხოვრობდა და რომლებიც გაიარა, რომლებიც მისი ცხოვრების ნაწილია, რომლებსაც უმღერის და ადიდებს თავის ლექსებში, საიდანაც იწყება მისი პოეზია - იმ ბილიკიდან, რომელიც ზემო აჭარაში ლამაზ გორაკზე დევს; იქ გავჩნდი მეც, იქიდან წამოვედი მეც და იმ ფესვებიდან აღმოცენდა ალბათ ჩემი მხატვრობაც. რასაც მამაჩემი ეფერება, მეც იმას ვეფერები. ფრიდონს ბევრი ისეთი ლექსი აქვს, რომლის შინაარსიც ჩემთვის ძალიან ახლობელია. მისი პოეზიის მკითხველი, მოყვარული ლექსებს სულ სხვა შინაარსით უყურებს, ჩემთვის კი, ეს პოეზია მთელი ცხოვრებაა. ჩემი ტკივილიც, სწრაფვაც, სურვილიც ის იყო, რომ ამ ყველაფრისთვის ჩემს სურათებში მიმეღწია და თუ არ მიმიღწევია, ახლა მაინც მინდა მოვასწრო. კავშირი მერე გავაცნობიერე და რაც დრო გადის, მით უფრო ვაცნობიერებ და ვავლებ პარალელებს. ესაა მამაჩემის მთელი პოეზიაც, მთელი ცხოვრებაც და ამავე დროს, ტკივილიც, იმისა გამო, რომ აჭარა საქართველოს იყო მოწყვეტილი იყო საუკუნეების განმავლობაში, რომ აჭარა საქართველოა, რომ ჩვენ უპირველესი ქართველები ვართ... ამ პოეტურობას სიყმაწვილეში ვერ ვითავისებდი, ვერ ვაცნობიერებდი. ეს ჩემგან ბუნებრივად მოდიოდა, ალბათ, მართლა გენეტიკურად, იმ გენიდან, იმ პარალელიდან, რომელიც მამაჩემის პოეზიას, შემოქმედებასა და ჩემს ხელოვნებას შორის დევს. ლექსებიც მაქვს, მაგრამ გაუხმაურებელი, უფრო სწორად, არაგასახმაურებელი. ჩემთვის დაწერილი, დღიურების სახით. მაშინ, როდესაც, ვთქვათ, ვერ ვხატავ, შთაბეჭდილებებს ვიწერ. ასეთ შემთხვევაში, იმ განწყობილებას, რომელიც ხატვისას ქაღალდზე გადამაქვს ხოლმე, ეს ჩანაწერები იტევს. მე მინდა, ჩემი გამოფენით საკუთარ თავს ვპასუხობდე, გამოვაჩინო ჩემი აჭარა, ჩემი კუთხე, მისი ლამაზი ბუნება, რამდენად ვახერხებ ამას, სხვისი გადასაწყვეტია, მაგრამ სურვილი დიდია. მინდა, რომ გამოფენა ჩემს გულისწადილს პასუხობდეს. მინდა, რომ, რაც გაკეთებული მაქვს, როგორღაც შევაჯამო, სხვადასხვა თემა, სხვადასხვა ფორმა და მაინტერესებს, თუ ჩაჯდება ეს ყველაფერი ერთ სივრცეში, ერთმანეთის გვერდით. მაწუხებს, თუ რამდენად კონცეპტუალურია, რამდენად მრავალისმთქმელია ჩემი სურათები, ჩემი მხატვრობა. გამოფენის მოწყობა შემდეგ ალბათ კიდევ ერთხელ მომიხდება, რომ ეს იდეა ჩავდო და თან უფრო მოცულობითი იყოს, უფრო მეტად დატვირთული იყოს თემატურად, სიუჟეტურად და ყველასთვის ნათლად წარმოაჩინოს ჩემი შემოქმედება. საერთოდ, ესაა მთავარი ამოცანა შემოქმედისა, ეს მამოძრავებს, უკვე მუშაობს ჩემში ეს კოდი ასაკთან ერთად. დიდი რაღაცის, მნიშვნელოვანის თქმის სურვილი მოდის, იბადება, თითქოს დაიბადა უკვე. რასაკვირველია, ვიცი გზები, მაგრამ არ ვიცი, რამდენად განხორციელებადია. ეს დიდი ტვირთია. თითქოს მთელი ცხოვრება რაღაც ტვირთს ვატარებ და ბოლო წლებია, უფრო მეტს ვფიქრობ, ტყუილად ხომ არ ვიშრომე, ტყუილად ხომ არ გავრჯილვარ, მარტო ლამაზ-ლამაზი სურათები ხომ არ ვაკეთე.! ახლა, ბოლო ხანებში მაქვს სურვილი, ბოლომდე ვთქვა ჩემი სათქმელი. რასაკვირველია, ბოლომდე ვერ ვიტყვი, ბოლომდე ვერავინ ვერასდროს ვერ იტყვის, მაგრამ რაღაც მნიშვნელოვანი, ის, რასაც მთელი ცხოვრება ვატარებთ, ბოლოს მაინც უნდა ითქვას, უფრო შეგნებულად, უფრო გააზრებულად და უფრო კონცეპტუალურად.
(c) გაზეთი " რეზონანსი "
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |