|
|
"რეზონანსი "
"ვინც მოიგებს მარნეულს, ის მოიგებს დანარჩენ საქართველოსაც": ოპოზიცია სამხრეთ საქართველოში ხმების დასაცავად ემზადება სოფო ქვლივიძე
ოპოზიცია იმ მექანიზმებზე მუშაობს, რაც საპრლამენტო არჩევნებზე ხმების გაყალბებას გამორიცხავს. ყოველ შემთხვევაში, იმის გარანტი გახდება, რომ, მათი თქმით, მთელ საქართველოში დაფიქსირებული დისბალანსი ეროვნული უმცირესობებით დასახლებული ორი რეგიონის მონაცემებით არ ბალანსირდებოდეს. ეს, პირველ რიგში, ამ რეგიონებში კარგად მომზადებული დამკვირვებლების გაგზავნას, კომისიების პარიტეტული პრინციპით დაკომპლექტებასა და ყველა უბნის ვიდეოთვალით აღჭურვას ითვალისწინებს. ცალსახაა, რომ ოპოზიციას თბილისში და ცალკეულ რეგიონებში საკმაოდ ბევრი მხარდამჭერი ჰყავს. თუმცა, დედაქალაქსა და რამდენიმე სხვა რეგიონში მოპოვებული ხმები ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთში ხელისუფლების მიერ მიღებულმა ხმებმა გადაწონა. ის, რომ ამ რეგიონებში არჩევნები სუფთად და გამჭვირვალედ არ ჩატარებულა, ამას ცესკოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული შემაჯამებელი ოქმებიც ადასტურებს. გარდა ამისა, ოპოზიციას და ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს მრავლად მოეპოვებათ ინფორმაცია ამ რეგიონებში დაფიქსირებული დარღვევების შესახებ. თუ ოპოზიციამ რაღაც არ შეცვალა, საპარლამენტო არჩევნების დროსაც იგივე სურათს მივიღებთ, რაც 5 იანვარს მოხდა. ამ შემთხვევაში მმართველი პარტიის ოპონენტები ხმების საჭირო რაოდენობის მიღებას ვერ მოახერხებენ და პარლამენტში უმცირესობაში აღმოჩნდებიან. ამას კვლავ საპროტესტო აქციები შეიძლება მოჰყვეს, რომელიც, შესაძლოა, არაკონსტიტუციურ ქმედებებშიც გადაიზარდოს. ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ ამ შემთხვევაში ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი საარჩევნო კომისიების პარიტეტული პრინციპით დაკომპლექტებაა. საპრეზიდენტო არჩევნების დროს ოპოზიციამ მხოლოდ იმის მიღწევა მოახერხა, რომ ცესკოსა და საუბნო კომისიებში ოპოზიციონერი წევრები შეაყვანინა ხელისუფლებას. თუმცა, ამან საერთო ვითარება მნიშვნელოვნად ვერ შეცვალა. პირველ რიგში, იმიტომ, რომ ისინი უმცირესობაში აღმოჩნდნენ და სასურველი გადაწყვეტილებების მიღებას მმართველი პარტია მაინც ახერხებდა. გარდა ამისა, ოპოზიციონერი წევრები არ იყვნენ საოლქო კომისიებში. დამკვირვებლების მტკიცებით კი სწორედ საოლქო კომისიებში ხდებოდა ოქმების შეცვლა. იმ შემთხვევაში თუ ოპოზიცია მოახერხებს ხელისუფლება ყველა დონის კომისიის პარიტეტული პრინციპით დაკომპლექტებაზე დაითანხმოს, ეს სამართლიანი არჩევნების ჩატარების ერთ-ერთი გარანტი იქნება. ამ საკითხზე ხელისუფლებასთან კონსულტაციები უკვე დაიწყო. თუმცა, კონკრეტული კანონპროექტი ჯერ არ ჩანს. კონსერვატორ კახა კუკავას თქმით, საპარლამენტო არჩევნების დროს ეროვნულ საბჭოში გაერთიანებული პარტიები მთავარ ყურადღებას ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებს მიაქცევენ. გაერთიანებული პარტიები ამ რეგიონებში უკეთესად მომზადებული დამკვირვებლების გაგზავნას გეგმავენ. კუკავას აზრით, "სამხრეთ საქართველოს ხმების გაკონტროლება" აუცილებლად უნდა მოხდეს. "ამას სჭირდება როგორც საკანონმდებლო ცვლილებები, ასევე, მნიშვნელოვანია, რომ ამ რეგიონებში ჩვენს მიერ უკეთ მომზადებული დამკვირვებლების გაიგზავნოს. სხვა რეგიონები პრაქტიკულად მოგებული გვაქვს. შეიძლება ითქვას, რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდება არა მთელს საქართველოში, არამედ მარნეულში. ვინც მოიგებს მარნეულს, ის მოიგებს დანარჩენ საქართველოსაც. გარდა ამისა, რომ არ მოხდეს დამკვირვებლებზე ზეწოლა, ამის გამო ვითხოვთ მერაბიშვილის, კოდუას, ახალაიას და სხვა იმ ადამიანების გადაყენებას, ვინც ზეწოლას ახორციელებდნენ," - აღნიშნავს კუკავა. ამასთან, მნიშვნელოვანია იმ მონიტორინგის კომისიის ჩამოყალიბებაც, რომელსაც ეროვნული საბჭოს წევრები სხვა პარტიებთან ერთად გაფორმებულ მემორანდუმში ითხოვენ. საპარლამენტო საგამოძიებო კომისიამ საარჩევნო პროცესის დროს ძალოვან სტრუქტურებზე მონიტორინგის განხორციელება უნდა უზრუნველყოს, რათა შსს-მ და პროკურატურამ ძალისმიერი მეთოდებით არ მოახდინონ ზეგავლენა არჩევნების შედეგებზე. ოპოზიციის მოთხოვნაა, რომ ჯგუფი აუცილებლად საპარლამენტო ფორმატში ახორციელებდეს ძალოვნების მონიტორინგს. მათი აზრით, ეს იქნება იმის გარანტი, რომ ხელისუფლება მათი დახმარებით გაყალბებას ვეღარ შეძლებს. გარდა ამისა, არ მოხდება რეგიონებში ოპოზიციონერი კომისიის წევრებისა და დამკვირვებლების დაშინება და დატერორება. ხელისუფლებას ამ საკითხზე კონკრეტული პოზიცია არ დაუფიქსირებია, თუმცა, კულუარული ინფორმაციით, ისინი უფრო უწყებათაშორისი კომისიის შექმნისაკენ იხრებიან. "საარჩევნო კომისიებში რეალურად მოხდეს ჩვენი წევრებისა და წარმომადგენლებისაგან კანონის დაცვა. ანუ, არ მოხდეს ხმების ჩაყრა, კარუსელები და 100%-იანი მოსწრებები, რაც ბუნებრივია, ჩვენი კომისიის წევრებზე და წარმომადგენლებზეა დამოკიდებული და მეორეს მხრივ, სამართალდამცველი ორგანოებზე, რომლებიც ძირითადად გვევლინებიან ამ სამართალგადაცდომების შემსრულებლებად. სწორედ ამიტომ გვსურს შეიქმნას მონიტორინგის კომისია, რომ ეს არ მოხდეს. ეს არის გასაკეთებელი და მეორეს მხრივ, იმ თავისუფალი და დემოკრატიული ფონის შექმნა, რომელიც აღარ შეაშინებს ამ ხალხს," - მიაჩნია "მემარჯვენე" მამუკა კაციტაძეს. ხმების დაცვისათვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია ყველა საარჩევნო უბანზე ვიდეოთვალის დამონტაჟება. ეს მოთხოვნა ოპოზიციამ მემორანდუმში ასახა, თუმცა ხელისუფლებაში მიაჩნიათ, რომ ეს საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა. კაციტაძე აღნიშნავს, რომ გარდა ამისა, უნდა არსებობდეს ვიდეოთვალის გახსნის კონკრეტული მექანიზმიც. ოპოზიციამ დღემდე ვერ მიაღწია იმას, რომ 5 იანვრის არჩევნებზე დიდ ქალაქებში დამონტაჟებული ვიდეოკამერების მიერ გადაღებულ კადრებს გაეცნოს. ოპოზიციონერები მიიჩნევენ, რომ ანალოგიური რამ საპარლამენტო არჩევნებზე არ უნდა განმეორდეს. "ხმები იმიტომ არ გაბათილდა, რომ ვიდეოთვალის გახსნა ვერ მოხერხდა. ერთ-ერთი მექანიზმი ესეცაა - უნდა არსებობდეს ვიდეოთვალი ყველა უბანზე და მათი გამოყენების საშუალება უნდა შეექმნას მომთხოვნ პოლიტიკურ სუბიექტს. თუ ყურადღებით გადაიკითხავთ მემორანდუმის 17-ივე პუნქტს, ისინი ერთმანეთს ავსებენ და ეს მიმართული ზოგადი საარჩევნო ფონის გასაუმჯობესებლად. თუ ეს მოხდა, აბსოლუტურად, განსხვავებული პოლიტიკური რეზულტატები იქნება საპარლამენტო არჩევნების შემდეგ," - მიაჩნია კაციტაძეს. ერთია, რა მექანიზმები იარსებებს კანონმდებლობაში და მეორეა, აღსრულდება თუ არა ისინი. მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო კოდექსის მიხედვით, არასწორად შევსებული ოქმები უნდა გაბათილებულიყო, ცესკოს წევრებმა ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში დარღვევით შევსებული ოქმები საერთო შედეგებს ისე მიათვალეს, ხელები არ აკანკალებიათ. ეს ოქმები დღესაც გამოქვეყნებულია ცესკოს ვებ-გვერდზე. უამრავი საჩივრის მიუხედავად, საპრეზიდენტო კანდიდატებმა და სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა ვერ მიაღწიეს ამ ოქმების გაბათილებას. თუმცა, საპარლამენტო არჩევნებზე, კანონში შეტანილი ცვლილებებიდან გამომდინარე, გაბათილებული ბიულეტენების რაოდენობა საერთო რაოდენობაში აღარ ჩაითვლება და ოქმების ბათილად არ ცნობა შედეგზე გავლენას ვეღარ მოახდენს.
(c) გაზეთი " რეზონანსი "
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |