|
|
"რეზონანსი "
ლიბანიზაციისა და სინგაპურიზაციის "პერსპექტივები" თამაზ იმნაიშვილი
თავისუფალი ეკონომიკური ზონების თემა საქართველოში დროდადრო ძალიან აქტიური პოლიტიკური პოლემიკის საგანი ხდება. მიმდინარე საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიის ლაიტმოტივად სააკაშვილის და პატარკაციშვილის პროგრამას ისევ მიჰყვებოდა ფოთის თავისუფალი ეკონომიკური ზონის შექმნის იდეა. ამ თითქოსდა ძალიან მიმზიდველი იდეის უკან ერთობ სერიოზული პროცესები დგას. მინდა, მკითხველს ამ თემის შესახებ ერთი ვერსია შევთავაზო. საქართველოში პირველად თავისუფალი ეკონომიკური ზონის შექმნის შესახებ ასლან აბაშიძემ განაცხადა. პოლიტიკაში მეტნაკლებად ჩახედულებს კარგად ახსოვთ, თუ როგორი დაჟინებით ცდილობდა აბაშიძე ამის მიღწევას აჭარაში. შევარდნაძესა და აბაშიძეს შორის დაპირისპირების მთავარი მიზეზი სინამდვილეში სწორედ ეს იყო. აბაშიძემ ამის გაკეთება იმის გამო ვერ შეძლო, რომ ამის მთავარი მოწინააღმდეგე აშშ იყო (პირველი წინააღმდეგობა ამერიკის ელჩისგან, მაილსისგან მოდიოდა.) ეს მომენტი პოლიტიკაში ჩახედულ ხალხს კარგად უნდა ახსოვდეს. მას შემდეგ, რაც ვარდების რევოლუციამ გაიმარჯვა, აწ განსვენებული ზურაბ ჟვანია იყო ის პიროვნება, რომელმაც განაცხადა ფოთში თავისუფალი ეკონომიკური ზონის შექმნის პერსპექტივის შესახებ. ამის მთავარ ლობისტად ჟვანიამ კახა ბენდუქიძე ჩამოიყვანა, რომელიც რუსულ ბიზნეს-წრეებში ინგუშეთის თავისუფალი სავაჭრო ზონის შექმნის ერთ-ერთ ინიციატორად არის ცნობილი. განმარტებისთვის: 1990-იანი წლების შუა პერიოდში ინგუშეთის ტერიტორია ორი წლით გამოცხადდა თავისუფალ ეკონომიკურ ზონად. ამ ორ წლის განმავლობაში აქ გათეთრდა რუსული ოლიგარქიული ფულის 100 მლრდ-იანი წილი. ორი წლის მერე ეს ზონა გაუქმდა, რადგან აქედან წასული ფული ამერიკის "ბენქ ოფ ნიუ-იორკში" გაიყინა. გაყინულ ანგარიშებში ელცინის ოჯახის ანგარიშებიც მოხვდა. იმ პერიოდში ეს საქვეყნოდ ცნობილი სკანდალი იყო. იმ პერიოდს ეკუთვნის (1998 წელი) ელცინის შვილის, ტატიანა დიაჩენკოს მიერ გერმანიის საკურორტო ქალაქ გარმიშში 5 ჰექტარიანი უდიდესი ვილის შესყიდვა ფანტასტიკურ ფასად (წერილის ავტორმა თვითონ ნახა და დარწმუნდა ვილისა და ტერიტორიის სიდიადეში.) თუ ვინმე ქრონოლოგიას გადახედავს, დარწმუნდება, რომ აბაშიძის მხრიდან დაინტერესება ამ ზონებით სწორედ ინგუშეთის ზონის დახურვისა და ნიუ იორკის ბანკის სკანდალის მერე მოხდა. მაშინ აბაშიძის გვერდით ამ ინიციატივაში იდგნენ მოსკოვის მერი ლუჟკოვი, ბრიტანელი ლორდი ფერფაქსი, ბადრი პატარკაციშვილი და კიდევ სხვა ნაცნობ-უცნობი ფიგურები. აბაშიძის ინიციატივის მთავარი მოწინააღმდეგე ჟვანია მთავარ არგუმენტად იშველიებდა საქართველოს გეოპოლიტიკური მდგომარეობის გამო ამის უპერსპექტივობას (იგი აბსოლუტურად სწორად აზროვნებდა) და, რაც მთავარია, წინააღმდეგი იყო აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი. ვარდების რევოლუციის შემდეგ ეს პერსპექტივა ისევ გაჟღერდა, ამჯერად ზურაბ ჟვანიას მხრიდან, მხოლოდ ერთი განსხვავებით. ზონა უნდა იყოს ფოთში და არა აჭარაში. (ალბათ, ვერ ენდობოდნენ ავტონომიას.) აწ განსვენებულ ზურაბ ჟვანიას არ დასცალდა ამის ასრულება. საპრეზიდენტო წინასაარჩევნო პერიოდში ამ თავისუფალი ეკონომიკური ზონის შესახებ ერთდროულად ორმა გუნდმა გააკეთა განცხადება და თანაც ორივე აპელირებას ჟვანიას შეუსრულებელ ოცნებაზე აკეთებდა - მიშა სააკაშვილი და ბადრი პატარკაციშვილი. არავისთვის აღარაა დასამალი, რადგან პოლიტიკაში ყველაზე ნაკლებად გათვითცნობიერებული კაციც კი ხვდება, რომ ბადრის და მიშას შორის საარჩევნო კამპანია კი არ მიმდინარეობდა, არამედ პირადი ურთიერთობის გარჩევა იყო და ამ გარჩევაში ორივე მხარე, ერთსა და იმავე აპელირებას სასხვათაშორისოდ, მაგრამ მაინც დაჟინებით აკეთებდა - "ფოთი გახდება თავისუფალი ეკონომიკური ზონა." მკითხველის უკეთესად გასარკვევად მინდა, ავხსნა ორი სიტყვით თავისუფალი ეკონომიკური ზონების ისტორიის "მთავარი" მონაპოვრის არსი. გეოპოლიტიკურად აქტიურ ზონაში შექმნილი თავისუფალი ეკონომიკური ზონა ყოველთვის და ყველა დროში იყო შავი ფულის გათეთრების საშუალება. ამის კლასიკური მაგალითი წინა საუკუნის 70-იან წლებში იყო ლიბანი. 1973 წელს ლიბანში შეიქმნა თავისუფალი ეკონომიკური ზონა. ამ სქემის მთავარი იდეა იყო შემდეგი: (ეს ჩემი მოსაზრება კი არა, უკვე მსოფლიოსთვის მიღებული და დადასტურებული ფაქტია). საბჭოთა კავშირში, სოციალისტურ სამყაროში, არაბულ სახელმწიფოებსა და ირანში, ასევე რიგ დასავლურ ნავთობმაგნატებში დაგროვილი იყო იმ დროისათვის ფანტასტიკური შავი ფულის ოდენობა. 200 მლრდ დოლარის ნაღდი შავი ბიზნესის ფული, რომლის გათეთრება და გარეცხვა იყო საჭირო. ლიბანში ამ პროცესის დაწყებამ გამოიწვია არა ინტერესთა თანხვედრა, არამედ კონფლიქტი. ამან საფუძველი მისცა იმას, რომ ბიზნესჯგუფების დაპირისპირება გადაზრდილიყო საბრძოლო მოქმედებებში, რომელიც საბოლოოდ ლიბანის 25-წლიან სამოქალაქო ომში გადაიზარდა და მხოლოდ 1999 წელს დასრულდა, როცა ქვეყნისგან პრაქტიკულად აღარაფერი დარჩა. წააგეს საბჭოებმა, წააგეს ამერიკელმა ნავთობმაგნატებმა როტშილდმა და მორგანმა. სამაგიეროდ, მოიგო ამერიკელმა ბარტონმა და საუდის არაბეთის მეფემ. ამ მოვლენას დღეს პოლიტიკაში "ლიბანიზაციის" პროცესით იცნობენ. და იგი პირდაპირ არის დაკავშირებული თავისუფალ ეკონომიკურ ზონებთან. ეს ისტორიაა. რაც შეეხება დღევანდელ სიტუაციას, ამ სფეროს სერიოზული ექსპერტები ასკვნიან, რომ პოსტსაბჭოურ და პოსტსოციალისტურ სივრცეში, აგრეთვე ახლო აღმოსავლეთის ენერგეტიკულ, ნარკოტიკების, იარაღის, ტრანსპლანტანტებისა და თრეფიკინგის ბიზნესში 600-700 მლრდ დოლარის ოდენობის ნაღდი ფული ტრიალებს და ძნელად მოიპოვება ადგილი, სადაც ამის გათეთრება შეიძლება ამ რაოდენობით. ასეთი ზონის არსებობის შემთხვევაში, თუნდაც ამ ფულის 15-20%-ის გათეთრებისას, ადგილზე დაილექება 15-20%. ეს კი დაახლოებით 20-25 მლრდ დოლარია. თუ მკითხველს აქვს წარმოდგენილი, რა რაოდენობის ფულის გაკეთება შეიძლება მცირე დროში, უნდა მიხვდეს, რომ ვინც ამას ლობირებს, რისი გამკეთებელია და რაზე შეიძლება წავიდეს. არ შემიძლია, დავადასტურო, მაგრამ არსებობს სერიოზული ეჭვები იმისა, რომ ამ პიროვნებების უკან ძალიან დიდი და ძლიერი ტრანსკონტინენტური ინტერეს-ჯგუფები დგანან. ორი ბანაკის პირადი ინტერესების შეჯახება შეიძლება დიდ დაპირისპირებაში გადაიზარდოს და დიდი ალბათობაა იმისა, რომ ე.წ. "ლიბანიზაციის" პროცესი განმეორდეს საქართველოში. მეორე კლასიკური ვარიანტი სინგაპურის მაგალითია. სინგაპური გეოპოლიტიკური აქტიურობის მესამე სარტყელში მდებარეობს. თავის დროზე აქ გათეთრებული შავი ფული ისევ ამ ქვეყნის განვითარებაში ჩაიდო და დღეს პრაქტიკულად შეიძლება ითქვას, რომ ქვეყანას აწ უკვე "გაკეთილშობილებული" იმ პერიოდის ინტერესჯგუფები მართავენ. სინგაპური არადემოკრატიული მმართველობის, მაგრამ ძალიან განვითარებული ქვეყანაა და მასაში საძოვარზე მიშვებული ნახირის მენტალიტეტი დომინირებს. პრეზიდენტის პროგრამა "საქართველო სიღარიბის გარეშე" ძალიან წააგავს იმ გეგმას, რომელსაც სიმბოლურად შეიძლება "სინგაპურიზაციის" გზა დავარქვათ. 5 წელიწადში 10-15 მლრდ დოლარის ინვესტიციების მოზიდვა და 200 000 სამუშაო ადგილის შექმნა ძალიან წააგავს სინგაპურის ისტორიას. არსებობს ერთი ბრძნული გამონათქვამი. "ის, რაც ზნეობრივად მცდარია, ვერასდროს იქნება პოლიტიკურად მართებული," - აბრაამ ლინკოლნი. ვინც ამ ჭეშმარიტების მიღმა აპირებს ქვეყნის მართვას, მას ყოველთვის ექნება ხალხის აჯანყების საშიშროება და ვერასდროს შექმნის ნორმალურ სახელმწიფოს.
თამაზ იმნაიშვილი, ექსპერტი სამხედრო-პოლიტიკურ საკითხებში
(c) გაზეთი " რეზონანსი "
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |