|
|
"რეზონანსი "
საზოგადოებრივი მაუწყებლის ვანდალური ქმედება ტელეფილმების წინააღმდეგ
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ქალბატონ ნინო ბურჯანაძეს
საზოგადოებრივი მაუწყებლის ვანდალური ქმედება ტელეფილმების წინააღმდეგ
მოგახსენებთ, რომ კომპანია "ქართულ ტელეფილმს" რამდენიმე ათეული წლის ისტორია აქვს. სტუდიის აქტივშია 1500-მდე მხატვრული, დოკუმენტური და მუსიკალური ფილმი. სატელევიზიო ფილმების სტუდიას ქართული კინოხელოვნების განვითარებაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ადგილი უკავია. სტუდიაში შეიქმნა ისეთი ფილმები, რომლებიც ტოლს არ უდებდნენ დიდი, განვითარებული კინოინდუსტრიით მძლავრი ქვეყნების კინონაწარმოებებს მრავალ საერთაშორისო კინოფესტივალზე. 2003 წელს ქვეყანაში მომხდარი პოლიტიკური ცვლილებების შემდეგ შეწყდა სახელმწიფოს მიერ სტუდიის დაფინანსება და, აქედან გამომდინარე, მისი ფუნქციონირება. სტუდიამ დახმარებისთვის საქართველოს მთავრობას მიმართა. საქართველოს მთავრობის 2005 წლის 12 იანვრის სხდომის #1 ოქმის თანახმად, პრემიერ-მინისტრის, ბატონ ზურაბ ჟვანიას ხელმოწერით, საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა, "საქართველოს ტელევიზიამ" მიიღო წერილი, რითაც მას ეთხოვა - კომპანია "ქართული ტელეფილმის" კონცეფციის შემუშავებამდე, ოპტიმალური დაფინანსებით, ტელეფილმების სტუდიის შენარჩუნების უზრუნველყოფა, რაც, სამწუხაროდ, არ განხორციელდა. 2005 წლის 25 თებერვალს კინოს სახლში ჩატარდა სტუდიის თანამშრომელთა კრება. კრებამ მიიღო გადაწყვეტილება (ოქმი #2\5), კომპანია "ქართული ტელეფილმის" სტატუსის, როგორც შპს "ქართული ტელეფილმი"-ს, განსაზღვრის შესახებ. არჩეულ იქნა საინიციატივო ჯგუფი, რომელმაც ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიმართა. სამინისტროს მოთხოვნის საფუძველზე, რომელსაც ხელს აწერს მინისტრის მოადგილე კახა დამენია (21.04.05 - 15\277\55), საინიციატივო ჯგუფმა შპს-ს დასაფუძნებლად ყველა საჭირო დოკუმენტაცია წარადგინდა, მაგრამ პროცესი საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავჯდომარის, ლევან თარხნიშვილის მიერ ეკონომიკის სამინისტროში გაგზავნილი წერილის საფუძველზე შეჩერდა. იგი ითხოვდა ჩვენს ბალანსზე არსებული უძრავ-მოძრავი ქონების გადაცემას (6 ივლისი, 2005 - 20052144\07), რის შემდეგაც საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, "ქართული ტელეფილმის" უძრავი ქონება საზოგადოებრივ მაუწყებელს გადაეცა. დაიწყო ტელეფილმების ოთახების გაქირავება სხვადასხვა ორგანიზაციაზე, რის შედეგადაც დაიწყო ტექნიკის დემონტაჟი, ინფრასტრუქტურის მოშლა და სტუდიის ეტაპობრივი დაშლა. ქალბატონო ნინო, აღმაშფოთებელია ის ფაქტიც, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ, თავჯდომარის განკარგულებით, გადაკეტა ტელეფილმების სტუდიაში შესასვლელი გზა, თვით ისეთი ღვაწლმოსილი და სახელოვანი რეჟისორებისთვის, როგორებიც არიან: ბატონები - მერაბ კოკოჩაშვილი, ზაალ კაკაბაძე, ლერი სიხარულიძე, ალეკო ნინუა, ირაკლი ონოფრიშვილი... საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მიითვისა ჩვენი ფილმები და არქივი, რითაც დაირღვა ჩვენი საავტორო უფლებები. გარდა ამისა, რეჟისორებს მთლიანად წაერთვათ თავიანთი ნამუშევრების საერთაშორისო კინოფესტივალებზე წარდგენის საშუალება. გთხოვთ, გამოიჩინოთ კეთილი ნება და სასწრაფოთ შეაჩეროთ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეს ვანდალური ქმედება სტუდიის მიმართ, რომელიც თავისი შემოქმედებით, ქართული სულითა და ცნობიერებით ყოველთვის წარმოადგენდა ეროვნული კულტურის გამორჩეულ ნაწილს. ჯერ კიდევ არ არის გვიან, ოპერატიული ძალისხმევით წინ აღუდგეთ მათ ანტისახელმწიფოებრივ და ანტიეროვნულ ქმედებას, ვინც საზოგადოებრივი ტელევიზიის პრესტიჟულ სახესამოფარებულები ცდილობენ, ფაქტობრივად, გააქრონ ქართული კულტურის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კერა - კომპანია "ქართული ტელეფილმი". დარწმუნებული ვართ, რომ სწორი მენეჯმენტის შემთხვევაში, შესაძლებელია შეიქმნას რეგიონული მნიშვნელობის მძლავრი კინოსაწარმოო ბაზა, რაც სტიმულირებას გაუწევს ქართული სატელევიზიო ინდუსტრიის აღორძინებას, რის შედეგადაც, უმოკლეს ვადებში მოხდება სახელმწიფოსაგან დამოუკიდებელი, მაგრამ სახელმწიფოსთვის მომგებიანი შემოქმედებითი სტუდიის ფორმირება. გთხოვთ, ენდოთ ჩვენი სტუდიის უდიდეს შემოქმედებით, სახელმწიფოებრივ და სარწმუნოებრივ გამოცდილებას. გთხოვთ, დაგვიბრუნოთ სტუდია!
პატივისცემით, კომპანია "ქართული ტელეფილმის" საინიციატივო ჯგუფი
(c) გაზეთი " რეზონანსი "
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |