|
|
"რეზონანსი "
ორი ახალი ეროვნული პარკი შეიქმნა ნინო საბაშვილი
2007 წელს ყაზბეგისა და ალგეთის ნაკრძალებს სტატუსი შეეცვალა და ეროვნულ პარკებად ჩამოყალიბდა. მომავალში ალგეთის ეროვნული პარკის გაფართოება უნდა მოხდეს წალკის, კასპისა და თეთრიწყაროს რაიონის ტერიტორიების ხარჯზე. პარკი დაახლოებით 20 ათას ჰექტარამდე გაიზრდება. ზაფხულში ალგეთის ეროვნულ პარკში სადემონსტრაციო საიტის მოწყობა იგეგმება. ყაზბეგის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე გაფართოების პერსპექტივაში შედის: ყაზბეგის რაიონის თრუსოს ხეობა - 33470 ჰა, დარიალი-ხდე-სნოს ხეობა - 15421 ჰა, ახალგორის რაიონის ტერიტორიიდან ყელის ტბა და მისი მიმდებარე ტერიტორია, დაახლოებით 2425 ჰა, გველეთის და გერგეთის მთის მიმდებარე ტერიტორიები, დაახლოებით 6500 ჰა, სულ 57816 ჰა. როგორც გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტოს დაცული ტერიტორიების დეპარტამენტში გვითხრეს, 2009 წლისთვის ყაზბეგის ეროვნულ პარკში იგეგმება ტურისტული ბილიკებისა და მცირე ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა. გაკეთდება საცეცხელე, საპიკნიკე, საკემპინგე, საინტერპრეტაციო, საორიენტაციო დაფები, სან-კვანძი და სხვ. ყაზბეგის რაიონი საინტერესოა, როგორც ეკო-ტურების (ე.წ. ბირდუოჩინგი, ანუ ფრინველებზე დაკვირვება, ალპინიზმი), აგრეთვე ისტორიულ-კულტურული ტურების მოყვარული ვიზიტორებისათვის. როგორც დაცული ტერიტორიების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე ლაშა მოისწრაფიშვილი ამბობს, ყაზბეგის ეროვნულ პარკში, ბილიკების დაგეგმვისა და ინფრასტრუქტურით აღჭურვის შემდეგ, ვიზიტორებს საშუალება ექნებათ საცხენოსნო და საფეხმავლო ტურების მოწყობისა სნოს, თრუსოს, ხდის, გველეთისა და დევდორაკის ხეობებში, ბურსაჭირისა და საძელეს უღელტეხილებზე. საინტერესო მარშრუტებია მთასვლელებისთვისაც აბანოს, შავანას, მაილისა და წითიხოხის მყინვარებზე, ორწვერზე, მყინვარწვერსა და ჭაუხის მწვერვალებზე. ყაზბეგი დღესდღეობით უკვე ცნობილია ბირდუოჩინგით დაინტერესებული ტურისტებისთვის და შესაბამისად ეროვნულ პარკშიც მოეწყობა გადასახედები და საჭირო აღჭურვილობა ფრინველებზე დაკვირვებისათვის. ბილიკებზე, აგრეთვე, განთავსდება საინტერპრეტაციო დაფები. "რეზონანსი": ისტორიული ძეგლების დათვალიერებაც შედის. ლ.მ: იგეგმება ეროვნულ პარკებში მოწყობილ ბილიკებზე არსებული ყველა ისტორიული ძეგლის მონახულება: ხურთისის ტაძარი და კოშკი, ფხელშის წმ. გიორგის ეკლესია (\ ს), გერგეთის სამების \|| საუკუნის მოქმედი გუმბათიანი ეკლესია. ამას გარდა, ყაზბეგის ეროვნული პარკი კავკასიონის სწორედ იმ ნაწილშია მოქცეული, რომელიც ენდემური სახეობების სიმდიდრით გამოირჩევა, გავრცელებულია 1347 სახეობის მცენარე, მათი 26% ენდემურია. ფაუნაც მრავალფეროვანია: აღმოსავლეთ კავკასიური ჯიხვი, არჩვი, მგელი და სხვ. მტაცებელი ფრინველებიდან ვხვდებით: მთის არწივს, ორბს, ბატკანძერს. ყურადღებას იქცევს, აგრეთვე, კავკასიური როჭო და კავკასიური შურთხი. "რ": ალგეთის ეროვნულ პარკსაც ეს სტატუსი 2007 წელს მიენიჭა, კონკრეტულად სად მდებარეობს და რითი გამოირჩევა იგი. ლ.მ: ალგეთის ეროვნული პარკი მდებარეობს თეთრიწყაროს რაიონში, თრიალეთის ქედის აღმოსავლეთ ნაწილის სამხრეთ ფერდობებზე, მდ. ალგეთის ხეობაში, თბილისიდან 60 კმ-ის მოშორებით და წარმოდგენილია ნაძვისა და სოჭის უკიდურესი აღმოსავლეთის გავრცელების არით. ადრე, როდესაც იგი ნაკრძალი იყო, ტერიტორიის მონახულება მხოლოდ საგანმანათლებლო მიზნით იყო შესაძლებელი. ალგეთის პარკი წარმოადგენს სამეცნიერო კვლევების მნიშვნელოვან ბაზას. მას გააჩნია რეკრეაციულ-კურორტოლოგიური, წყალშემნახავი და ნიადაგდაცვითი მნიშვნელობა. ალგეთის ეროვნული პარკის ტერიტორია გამოირჩევა ლანდშაფტური მრავალფეროვნებით. პარკი 1664 სახეობის მცენარეებითაა წარმოდგენილი, რომელთა უმრავლესობა წითელ წიგნშია შეტანილი: დათვის თხილი, კავკასიის სოჭი, გარეული ბალი, აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთის მეზოფილური ფლორის წარმომადგენლები, თელები, რომლებიც საქართველოს წითელ წიგნშია შეტანილი. იშვიათი და უნიკალური ფლორის გარდა წარმოდგენილია ფაუნა, რომლის წარმომადგენლებიდან გვხვდება: მგელი, დათვი, მელა, ფოცხვერი, შველი, გარეული ღორი, კურდღელი, კავკასიური როჭი, ბექობის არწივი, გნოლი და სხვ. ვიზიტორებს, აგრეთვე, ექნებათ შესაძლებლობა, მოინახულონ ისტორიულ-კულტურული ძეგლები: არსენას გამოქვაბული, მანგლისის სიონის მოქმედი ეკლესია, წმ. გიორგის მოქმედი ეკლესია. "რ": შესაძლებელია თუ არა ეროვნული პარკის რაღაც ნაწილის გაქირავება ან იჯარით გაცემა. ლ.მ: ეროვნული პარკის ტერიტორიის გარკვეული ნაწილის იჯარით გაცემა შესაძლებელია რეკრეაციული მიზნებისათვის, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. "რ": ხომ არ იგეგმება ახალი პარკის შექმნა. ლ.მ: 2007 წელს შეიქმნა თბილისის ეროვნული პარკი საგურამოს ნაკრძალის ბაზაზე. ის მდებარეობს თბილისის ჩრდილო-აღმოსავლეთით. მოიცავს ღულელების, ცხვარიჭამიას, გლდანის, მამკოდას, ავჭალის, მარტყოფის, თბილისის ზღვის, დენდროპარკის, თიანეთის, მცხეთის, საგარეჯოს, წიწამურის სასელექციო საცდელი უბნის და საგურამოს ნაკრძალის სატყეო ფართობებს. პარკის საერთო ფართობია 24 024 ჰა. აგრეთვე, მიმდინარეობს რაჭა-ლეჩხუმის, სვანეთისა და ჯავახეთის დაცული ტერიტორიების დაგეგმვა და შესაბამისად, 2008 წელს დაარსდება რაჭა-ლეჩხუმის- სვანეთისა და ჯავახეთის ეროვნული პარკები. "რ": გაერთიანებული არის თუ არა საქართველოს დაცული ტერიტორიები ევროპის რომელიმე კავშირში. ლ.მ: 2007 წლის 1 თებერვალს ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი გაწევრიანდა ევროპის დაცული ტერიტორიების პან-პარკების ქსელში, რაც დაცული ტერიტორიის უმაღლეს დონეზე დაცვისა და მდგრადი ტურიზმის განვითარების გარანტია.
(c) გაზეთი " რეზონანსი "
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |