"რეზონანსი "
# 38
სამშაბათი, 12 თებერვალი, 2008 წელი

გაზის გაძვირება გარდაუვალია?! აზერბაიჯანმა მეგობრობა დაივიწყა და ბუნებრივ აირს 190 დოლარამდე გვიძვირებს

ქეთი ბერიკაშვილი

გაზის სამომხმარებლო ტარიფმა, შესაძლოა, კიდევ მოიმატოს. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ აზერბაიჯანი - ამ დროისათვის ჩვენი ქვეყნის ძირითადი მომწოდებელი - აირს გაგვიძვირებს. ენერგოომბუდსმენის მტკიცებით, გაზგამანაწილებელი კომპანიებისათვის გაზის შესასყიდი ფასის ზრდის შემთხვევაში, სამომხმარებლო ტარიფიც არსებულ 51 თეთრს გადააჭარბებს. ბაქოელი ჩინოვნიკები ამბობენ, რომ 1000კბ-მ მეზობლურ-მეგობრული აირის ღირებულება, 120 დოლარის ნაცვლად, ახლა უკვე 180-190 დოლარის ფარგლებში იქნება.

აზერბაიჯანთან საგაზო მოლაპარაკებების ფონზე, ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკის მინისტრმა არაერთხელ განაცხადა, რომ ქვეყნისათვის შესასყიდი აირის საფასურის ზრდა სამომხმარებლო ტარიფზე არ აისახება. ამასთანვე, ქართული მხარე ამ ეტაპზე არ აკონკრეტებს, თუ რა ფასად მოხდება აზერბაიჯანული გაზის შესყიდვა. ნავთობისა და გაზის კორპორაციაში აცხადებენ, რომ საგაზო საკითხებთან დაკავშირებით აზერბაიჯანთან მოლაპარაკებები ჯერ კიდევ მიმდინარეობს.

"თუ ქვეყანას გაზის შესყიდვა გაუძვირდება, ეს ავტომატურად გამოიწვევს სამომხმარებლო ტარიფის მატებას", - ასეთი შემაშფოთებელი განცხადება "რეზონანსთან" საუბრისას ენერგოომბუდსმენმა მალხაზ ძიძიკაშვილმა გააკეთა. დღეისათვის, ბუნებრივი აირის შესყიდვას ნავთობისა და გაზის კორპორაცია ახორციელებს. გაზგამანაწილებელი კომპანიები აირს მისგან ყიდულობენ.

"თუ ნავთობისა და გაზის კორპორაციის მიერ გაზგამანაწილებელი კომპანიებისათვის მისაწოდებელმა ფასმა გადააჭარბა იმ ზღვრულ ოდენობას, რომელიც განსაზღვრულია "ბუნებრივი გაზის ტარიფების შესახებ" სემეკის 2005 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილებით, ეს ავტომატურად გამოიწვევს ტარიფების მატებას", - აცხადებს ენერგოომბუდსმენი.

ბუნებრივი გაზის ტარიფების შესახებ, ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის #30-ე დადგენილების მიხედვით, ნავთობისა და გაზის კორპორაციისაგან შესყიდული კომპანია "ყაზტრანგაზ-თბილისისათვის" გაზის ტარიფის ზედა ზღვარი 1000კბ-მ-ზე (დღგ-ს გარეშე) 28.575 ლარს შეადგენს.

"სხვადასხვა კომპანიებისათვის სხვადასხვა ტარიფებია. გამანაწილებელ კომპანიას განსაზღვრული აქვს განაწილების ტარიფები მიწოდების ყოველ წნევაზე ცალკეული მომხმარებლებისათვის. მაგალითად, "ყაზტრანსგაზ-თბილისის" მაღალი წნევით მომხმარებლისათვის განაწილების ტარიფი 1.711 ლარია, (დღგ-ს გარეშე), საშუალო წნევით მომხმარებელთათვის - 4.847 ლარი (დღგ-ს გარეშე), დაბალი წნევით მომხმარებელთათვის - 12.940 ლარი (დღგ-ს გარეშე). თუ შესასყიდმა ტარიფმა მოიმატა გაზგამანაწილებელი კომპანიისათვის, ეს თავისთავად მოითხოვს ტარიფის ცვლილებას. ამ შემთხვევაში გაზგამანაწილებელი კომპანია ენერგეტიკის მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში შესაბამისი განაცხადით შევა.

მაგალითად, "ყაზტრანსგაზ-თბილისი" გაზს ყიდულობს 28.575 ლარად დღგ-ს გარეშე, ამას ემატება განაწილების ტარიფი 12.940. და სამომხმარებლო ტარიფი 1000კბ-მ-ზე 42.898 ლარი გამოდის. ამას ემატება დღგ და ვიღებთ საბოლოო სამომხმარებლო ტარიფს", - აღნიშნავს ძიძიკაშვილი.

ექსპერტთა გარკვეული ნაწილი კი თვლის, რომ ქვეყნისათვის შესასყიდი გაზის გაძვირების შემთხვევაში სამომხმარებლო ტარიფი არ მოიმატებს. მათი თქმით, ჯერჯერობით ბუნებრივი გაზის ტარიფის მატებასთან დაკავშირებით საქართველოში პანიკის საფუძველი არ არსებობს, რადგანაც აზერბაიჯანთან მოლაპარაკებები არ დასრულებულა და ქვეყნის მთავრობა საპარლამენტო არჩევნების წინ, აირზე სამომხმარებლო ტარიფის მატებას არ დაუშვებს.

გაძვირებული აზერბაიჯანული გაზის გარშემო ბაქოურ-თბილისური შეხვედრები 2007 წლიდან დაიწყო. მართალია, დღემდე შეთანხმება ვერ შედგა, მაგრამ ფაქტია, რომ საქართველოს გაზით მომარაგებასთან დაკავშირებით პრობლემები ჯერ არ შექმნია. ჩვენი ქვეყნის მთავრობა აცხადებს, რომ გაზის მიწოდებასთან დაკავშირებით მოსახლეობას პრობლემები არც მომავალში შეექმნება.

აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრის, ნატიკ ალიევის განცხადებით, საქართველოს სურვილი აქვს, რომ აზერბაიჯანიდან 1.5 მილიარდი კბ-მ შეისყიდოს, თუმცა 2008 წელს, ბაქოს მხოლოდ 500 მილიონი კბ-მ-ის მოწოდების შესაძლებლობა აქვს. ალიევისვე მტკიცებით, ქართული მხარე მზადაა, რომ 1000კბ-მ აირში 180-190 დოლარი გადაიხადოს.

საინფორმაციო სააგენტო "ტრენდის" ცნობით, აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრმა ნატიკ ალიევმა ისიც აღნიშნა, რომ გაზის მიწოდება საქართველოსთვის, აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე მოხდება და "აზერიგაზიდან" აირს მხოლოდ ამ ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ მივიღებთ.

"აზერიგაზმა" საქართველოს გაზის მიწოდება 6 იანვარს შეუწყვიტა. მიზეზად, მსოფლიო საბაზრო ფასებთან შედარებით საქართველოსთვის მიწოდებული აზერბაიჯანული ბუნებრივი აირის დაბალი ფასი დაასახელა. 2007 წლის განმავლობაში "აზერიგაზიდან" დღე-ღამეში 1.3-1.5 მილიონ კბ-მ აირს ვღებულობდით. 1000კბ-მ აირში 120 დოლარს ვიხდიდით. ტარიფის მომატებათან დაკავშირებით აზერბაიჯანულმა მხარემ შარშან განაცხადა და აღნიშნულზე ქართულ-აზერბაიჯანული მოლაპარაკებებიც დაიწყო.

დღეისათვის ჩვენი ქვეყანა გაზს იღებს "შაჰდენიზიდან", რომლის რაოდენობა დღე-ღამეში 1 მილიონ კბ-მ-ს შეადგენს. ამას ემატება სომხეთის ტრანზიტიდან დარჩენილი 10% და აზერბაიჯანული კომპანიების მიერ მოწოდებული გაზი, რომელთა ვინაობაც ისევ გასაიდუმლოებულია.

აზერბაიჯანული სააგენტოების ცნობით, შარშან საქართველოსა და აზერბაჯიანს შორის გაზის მოწოდებასთან დაკავშირებით გაფორმებული ძირითადი კონტრაქტი, მხოლოდ წლის პრიველ კვარტალს მოიცავდა. ამის გამო, წლის მომდევნო პერიოდში, აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიამ გაზის მიწოდება რამდენჯერმე შეწყვიტა და შემდეგ, ქართული მხარის თხოვნით ისევ აღადგინა.



(c) გაზეთი " რეზონანსი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი



2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com